2016 წელს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (SovLab) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან თანამშრომლობით განახორციელა პროექტი დავიწყებული ისტორია - მეხსიერება დაუმორჩილებლობასა და კოლაბორაციას შორის. პროექტის მიზანია, საბჭოთა ტოტალიტარულ რეჟიმთან დაპირისპირების, თანამშრომლობის და სამოქალაქო აქტივიზმის დავიწყებული ისტორიის შესწავლის და გავრცელების საშუალებით ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას და ხელი შეუწყოს ამ საკითხებზე აკადემიური საგანმანათლებლო რესურსების შექმნას.
პროექტი შეისწავლის თავდაპირველად ოფიციალური და გასაბჭოების შემდგომ ნახევრად ლეგალური წითელი ჯვრის საზოგადოების ისტორიას, რომელიც მოწოდებული იყო დახმარება გაეწია პოლიტიკური ტუსაღებისთვის ჯერ რუსეთის იმპერიის, შემდგომ კი საბჭოთა კავშირის პირობებში.
1917 წლის ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, რამაც რუსეთში და შემდგომში საბჭოთა კავშირში პოლიტიკური პატიმრების უზარმაზარი მასა შექმნა, იმის საჭიროება გააჩინა, რომ აღმოცენებულიყო ნახევრად ლეგალური ქსელი, რომელიც გასაჭირში მყოფ ადამიანებს დაეხმარებოდა. საქართველოში საბჭოთა რეჟიმის პირობებში მსგავსი ქსელის ფუნქციას წითელი ჯვრის საზოგადოება ატარებდა. სამწუხაროდ, ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი ამ ქსელის გამოცდილების შესახებ, რომელიც საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა დახმარების საქმეში საკმაოდ წარმატებულად მუშაობდა. მისი ისტორია დაიკარგა ორგანიზაციის ამ მიმართულებით საქმიანობის „კონსპირაციული“ ხასიათის გამო და ასევე 1937-1938 წწ რეპრესიების გამოისობით, რომლებმაც არალეგალური ორგანიზაციების და წინააღმდეგობის მოძრაობის წევრები, რომელთა შორისაც წითელი ჯვრის საზოგადოების წევრებიც იყვნენ, სრულიად გაანადგურეს. ამიტომაც ამ ორგანიზაციის ისტორიის კვლევა, მისი წევრების იდენტიფიცირება და დოკუმენტების ბაზის შექმნა მნიშვნელოვანია საბჭოთა წარსულის გააზრებისთვის დღევანდელ ქართულ საზოგადოებაში და საქართველოსი სამოქალაქო აქტივიზმის ისტორიის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის. აღნიშნული, ასევე ხელს უწყობს მეხსიერების კულტურის შექმნას და შესაბამისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის ამაღლებას, რაც საბოლოო ჯამში გავლენას საბჭოთა წარსულის გააზრებაზე იქონიებს. კვლევის შედეგად გამოიცემა წიგნი, რომელიც სივრცეს გაუხსნის დისკუსიებს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში - ბათუმი, ოზურგეთი და ზუგდიდი.
პროექტის ფარგლებში გამოიცა პუბლიკაცია "საქართველოს ისტორია: საქართველოს პოლიტიკური წითელი ჯვარი"