თურქეთში ამჟამინდელი პოლიტიკური ვითარების შესახებ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს რალფ ფიუქსი თავის სამოგზაურო ჩანაწერებში. ეს დემოკრატიის გზიდან გადახვეული ქვეყნის შერყეულ მდგომარეობაზე გამოხმაურებაა.
სტამბული. ისინი სავალალო სურათს დაგიხატავენ, თუ დღეს სამოქალაქო უფლებების დამცველებს, ინტელექტუალებს, სამსახურიდან გათავისუფლებულ ჟურნალისტებს ან ოპოზიციაში მყოფ პარლამენტარებს დაელაპარაკებით. ეს კიდევ ერთი ქვეყანაა იმათ შორის, რომლებიც გაქანებით გადაეშვნენ არასრული დემოკრატიიდან სრულ ავტორიტარულ მმართველობაში. სამხედროთა ერთი ნაწილის მიერ წამოწყებული პუტჩი ერდოღანმა იმისთვის გამოიყენა, რომ ზევიდან დაემკვიდრებინა მისი რეჟიმის მოწინააღმდეგე ნებისმიერი ოპოზიციის გამომრიცხავი სახელმწიფო მმართველობა.
წმენდებისა და რეპრესიების მასშტაბი ფართოა და არ შემოიფარგლება გიულენის მოძრაობით. ქურთების მომხრე, მემარცხენე და ლიბერალური ძალებიცდარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ. საგანგებო მდგომარეობის შირმის ქვეშ კალმის ერთი მოსმით სამსახურიდან დაითხოვეს 3 500 მოსამართლე (მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს ორი წევრი) და 10 000 მასწავლებელი. დაიხურა 23 ტელე და რადიოსადგური, 120 ჟურნალისტი კი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. დევნის მსხვერპლი გახდამრავალი პროფესორი. ჩვენ ვესაუბრეთ სასამართლო მედიცინის პროფესორს, რომელიც ოცწლიანი პედაგოგიური საქმიანობის შემდეგ უნივერსიტეტიდან გააგდეს და პენსიის უფლებაც კი გაუუქმეს. მისი დანაშაული კი ისაა, რომ ის ერთ-ერთი იყო 2 200-დან, ვინც ქურთების საკითხის მშვიდობიანი გადაწყვეტის მოთხოვნით დაწერილ მოწოდებას ხელი მოაწერა. რამდენიმე ათასი სამეწარმეო ერთეული იძულებით სახელმწიფო მართვას დაუქვემდებარეს, რადგან ისინი, სავარაუდოდ,გიულენის ქსელს ეკუთვნოდნენ. ძალაუფლების შტოებს შორის დანაწილება ფაქტობრივად ძალადაკარგულია, მასობრივი მედია კი ერთიანად სახელმწიფო იდეოლოგიას დაქვემდებარებული. ეს ყველაფერი ფატალურად წააგავს პუტინის რუსეთს. თურქეთიც ერთ ლიდერს დაქვემდებარებული ავტორიტარული სახელმწიფოს გზას ადგას. საპრეზიდენტო მმართველობა უკვე გვაქვს, ერდოღანს კი სურს, ეს სინამდვილე კონსტიტუციურად გაამყაროს და პლებისციტით დაადასტუროს. პუტჩის ჩახშობის შემდეგ შიშისა და ძალადობის ატმოსფერომ დაისადგურა. Amnesty International და ჰელსინკის კომიტეტი დაკავებულების მიმართ სისტემატური არასათანადო მოპყრობის შესახებ იუწყებიან.
ამავე დროს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში კვლავ ომია გაჩაღებული. ხელისუფლებასა და ქურთისტანის მშრომელთა პარტიას შორის ცეცხლის შეწყვეტას სინათლის წლები გვაშორებს. ყოველდღეს ახალი მსხვერპლი მოაქვს ორივე მხარისთვის. ერთმანეთის გაძლიერებას ემსახურებიან, ერთი მხრივ,შიდათურქული კონფლიქტი და, მეორე მხრივ, სირიასა და ერაყში მიმდინარე შებრძოლებები. ერდოღანის ამოცანა კი იმაში მდგომარეობს, რომ ხელი შეუშალოს ისეთი ქურთული ავტონომიური რეგიონის განვითარებას, რომელიც მის საზღვრებშიც შეიჭრება.
ერდოღანის მიერ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგგაჩაღებული ომი
დიიარბაკირი. მიმდინარე წლის დასაწყისში თურქულმა არმიამ მძიმე ტექნიკით შეუტია ამბოხებულ ახალგაზრდებს, რომლებმაც ძველი ქალაქის ნაწილი „გათავისუფლებულ ზონად“ გამოაცხადეს.
დიიარბაკირის ისტორიული ძველი ნაწილის აეროფოტოები*, გადაღებული 2015 წლის გაზაფხულს...
...და, აგრეთვე, 2016 წლის მაისში, მას შემდეგ რაც თურქულმა ჯარმა შეიარაღებულ ახალგაზრდათა ამბოხი ჩაახშო.
...ასევე 2016 წლის აგვისტო:
პირველი ფოტო გვიჩვენებს, როგორი იყო განაშენიანება იანვარი/თებერვლის შეტაკებებამდე, მეორე ფოტო იმ ნგრევას წარმოგვიდგენს, რომელიც საბრძოლო შეტაკებებმა მოიტანა, მესამე ფოტოზე კი ჩანს ბრძოლის ზონაში მდებარე მთელიგამზირი, რომელიც ჯარმა მიწასთან გაასწორა. ქალაქის საერთო სურათში ნაცრისფერი ველები დიდ მოტიტვლებულ ნაკვეთებს წარმოაჩენენ. როგორც ჩანს, ამოცანა ის იყო, რომ ჯარის მიერ ჩადენილი დაუნდობელი ქმედებების ყოველგვარი ნაკვალევი წაშლილიყო. ქალაქის მმართველობის მონაცემებით დაინგრა 1519 შენობა, 23 000 ადამიანმა კი საცხოვრებელი დაკარგა. 2015 წლის დასასრულსა და 2016 წლის დასაწყისში ჯარის მიერ ქურთული ქალაქებისთვის მასიურად გახსნილმა ცეცხლმა ჯამში 400 000-ამდე ადამიანი აქცია ლტოლვილად. ამას ემატება სირიის ახლო ტერიტორიებიდან წამოსული დიდი რაოდენობით იძულებით გადაადგილებული პირები, რომელთა შორისაც ჯერ მხოლოდ დაახლოებით 45 000 დიიარკაბირში შემოვიდა, სადაც მათ როგორმე უნდა გაიტანონ თავი.
ჯარმა სამოქალაქო პირების წინააღმდეგ სხვა ქურთულ ქალაქებშიც უპასუხისმგებლოდ გამოიყენა ტანკები, არტილერია და საბრძოლო ავიაცია, როცა შეიარაღებული ამბოხის მოგერიებას ცდილობდა. 28 ქურთული ქალაქი დაექვემდებარა იძულებით სახელმწიფო მმართველობას, ქალაქის მერები კი მოხსნეს. ბრაზი ძალიან დიდია.
25 ოქტომბერს [2016] დიიარბაკირის ორივე მერი დააპატიმრეს ქურთისტანის მშრომელთა პარტიასთან სავარაუდო კავშირების გამო. მანამდე სულ ცოტა ხნით ადრე კი ჩვენ ფირატანლის, დიიარბაკირის ერთ-ერთ მერს შევხვდით. ის ევრო კავშირს აკრიტიკებდა იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი ქურთებს ბედის ანაბარად ტოვებს, ერდოღანს კი ხელ-ფეხს უხსნის. მართალიცაა.
კრიტიკოსებს სამსახურიდან გათავისუფლება ან პატიმრობა ემუქრებათ
საკმარისია, რომ ვინმემ სიტყვით ან სტატიებით ქურთული რაიონების ავტონომიური სტატუსი მოითხოვოს, ან კიდევ ხელისუფლების მოქმედების წესი გააკრიტიკოს, რომ სამსახურიდან მოხსნიან ან ციხეში ჩასვამენ. ჯერ მხოლოდ დიიარბაკირში 15 ივლისის წარუმატებელი პუტჩის შემდეგ 4500 სკოლის მასწავლებელი ქუჩაში გამოყარეს, მიუხედავად იმისა, რომ გიულენისმოძრაობასთან მათ არავითარი კავშირი არ ჰქონიათ. მათაც ქურთისტანის მშრომელთა პარტიის მხარდაჭერა დაბრალდათ. ნაცვლად იმისა, რომ ქურთულ პოლიტიკაში ქურთისტანის მშრომელთა პარტიის კრიტიკოს პოლიტიკურ ძალებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან სერიოზული დიალოგი გაიმართოს, რეპრესიები ანადგურებს დემოკრატიული ალტერნატივის ყოველგვარ საწყისს, ქურთისტანის მშრომელთა პარტიას კი ახალ წევრებს ჰმატებს. არსებობს ქურთისტანის მშრომელთა პარტიის წინააღმდეგ მიმართული მკაფიო კრიტიკა, კერძოდ კი ის, რომ მან ახალგაზრდები უპერსპექტივო ხათაბალაში გახვია, მოსახლეობა კი თურქული არმიის ძალადობის მსხვერპლად აქცია. ქურთისტანის მშრომელთა პარტია ერდოღანს იმისთვის სჭირდება, რომ თურქული ნაციონალიზმი კვებოს, საზოგადოება კი პერმანენტულ საგანგებო მდგომარეობაში ამყოფოს. ამავე დროს, სწორედ თურქული სახელმწიფოს საომარი პოლიტიკაა ის, რაც ქურთისტანის მშრომელთა პარტიას სიცოცხლისუნარიანს ხდის. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა თურქეთში თავიანთი ჯერ კიდევ შემორჩენილი პოლიტიკური სანდოობა მნიშვნელოვანწილად გაფლანგეს. რეგიონში მათმა სანახევრო და გადაუწყვეტელმა პოლიტიკამ, შინაგანმა კრიზისებმა და მონდომებულმა თვალის არიდებამ იმისთვის, თუ როგორ აუქმებს ერდოღანი და მისი მოძმეებიძირითად დემოკრატიულ უფლებებსა და თავისუფლებებს, მათი გავლენა მკვეთრად შეამცირა. მაშინ, როცა თურქეთის რკინის კაცი ლამის ყოველდღიურად და სრულიად საჯაროდ უტევს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას, ის მაშინვე უკან იხევდა, როცა რუსული რეაქტიული საჰაერო ხომალდის ჩამოგდების შემდეგ პუტინი გრძელვადიანი მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგებით დაემუქრა.
ერთმა დეპუტატმა, რომელიც BHP-ს, ანუ ქურთების მხარდამჭერი და მემარცხენე დემოკრატიული ძალებისგან შემდგარი ბლოკის წარმომადგენელია, სიმწრით აღნიშნა, რომ დასავლეთს თურქეთისთვის არც „წკეპლები“ აქვს მზად, და არც „თაფლკვერი“, არამედ უმწეოდ ირწევა ერდოღანთან თანამშრომლობასა და უგერგილო შეგონებებს შორის. უახლოეს მომავალში, თურქეთში პრო-ევროპელი, თავისუფალი სულისკვეთების მქონე ადამიანებისთვის მთავარი ამოცანა პოლიტიკური გადარჩენაა, ხშირ შემთხვევაში მათი ფიზიკურიარსებობაც კისაფრთხის ქვეშაა. მათ ჩვენი მხრიდან თანაგრძნობა და პრაქტიკულ-პოლიტიკური სოლიდარობა ესაჭიროებათ. რა უნდა გავაკეთოთ? სულ მცირე, ის მაინც, რომ ევროკავშირმა დუმილი დაარღვიოს სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში ადამიანის უფლებების მასობრივდარღვევებთან დაკავშირებით. დახმარება უკვე ის იქნება, თუ ევროპელი პარლამენტარები და ჟურნალისტები რეგიონის მონახულებას გაახშირებენ. ქურთი ხელოვანებისთვის, სტუდენტებისა და ინტელექტუალებისთვის სტიპენდიების გამოყოფაც გულთბილი ჟესტი იქნებოდა. ახლა იმისთვისაც კარგი დროა, რომ დიიარბაკირში გერმანული კულტურის ინსტიტუტი გაიხსნას. რეგიონში ვითარება უკვე საკმაოდ მძიმეა. მაგრამ ის მთლად უიმედო გახდება, თუ ხალხს იმის განცდა გაუჩნდება, რომ ევროპამ ისინი მიატოვა.
*აეროფოტოები დაპატიმრებამდე სულ ცოტა ხნით ადრე გვაჩვენა ქალაქის მერმა,ფირატანლიმ.