ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი - EMC-ის მიერ განხორციელებული პროექტი მიზნად ისახავდა ურბანული განვითარების გარემოსდაცვით, კულტურულ და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული სოციალური მოძრაობების შესწავლის საშუალებით მდგრად განვითარებაში სამოქალაქო მონაწილეობის მხარდაჭერას.
პროექტის ფარგლებში საქართველოში უახლესი პერიოდის სოციალური მოძრაობების სიღრმისეული კვლევა ჩატარდა. კვლევა, რომელიც პუბლიკაციის წინააღმდეგობის პოლიტიკა: გამოცდილება და პერსპექტივები სახით გამოიცა, ფოკუსირებულია 2010-2016 წლების პროტესტსა და აქტივისტურ მოძრაობებზე, კერძოდ შრომით უფლებებზე, კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს დაცვაზე მიმართულ სამოქალაქო წინააღმდეგობებზე. კვლევა მიზნად ისახავდა აქტივიზმის და პროტესტის კონკრეტული შემთხვევების, მათი საფუძვლების, ინიციატივების, განვითარების (დღის წესრიგი და ძირითადი გზავნილები) და მიღწევების აღწერას. კვლევის ფარგლებში ასევე ყურადღება დაეთმო აღნიშნული პროცესის სახეების და განზომილებების ანალიზს.
პროექტის კიდევ ერთ ამოცანას მდგრადი ურბანული განვითარების მხარდაჭერისთვის შემდგომი სამოქალაქო მონაწილეობის წახალისება წარმოადგენდა. ზემოთ აღნიშნული კვლევის მიგნებები ფართო საზოგადოებისთვისაა ხელმისაწვდომი, მათ შორის იმათთვის ვისაც კვლევა უშუალოდ ეხება, მაგალითად მუშებისთვის, აქტივისტებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, მედიისთვის და სახელმწიფო ინსტიტუციებისთვის. კვლევის მიგნებების გაზიარება არამხოლოდ თეორიულ ხედვებს წარმოქმნის სოციალური მოძრაობების შესახებ, არამედ ხელს შეუწყობს ამ მოძრაობების უფრო ეფექტური სტრატეგიების შემუშავებას და მოძრაობის გაფართოვებას. გაზრდილი სოციალური მონაწილეობა, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს და წაახალისებს ურბანული განვითარების უფრო მდგრად პრაქტიკას, რომელიც სოციალურ, გარემოს დაცვით და კულტურულ განზომილებებს გულისხმობს.
პროექტი 2017 წლის იანვარ-ნოემბრის განმავლობაში განხორციელდა.