გიორგი ბარძიმაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა მწვანეების წევრი
2017 წლის 30 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, ქალაქ ლივერპულში, გლობალური მასშტაბის კონფერენციაზე შეკრებილ მწვანე პოლიტიკური ღირებულებების ქვეშ გაერთიანებულ 2000-მდე დელეგატს და 103 პარტიას საშუალება მიეცათ დისკუსიები გაეშალათ ისეთი საკითხების გარშემო, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, დემოკრატია, თავისუფლება და სამართლიანობა ჩვენს საზოგადოებაში.
პირადად მე, ერთ-ერთი დელეგატი საქართველოდან, აქტიურ მონაწილეობას ვიღებდი სესიებში, რომელიც მსოფლიოს ახალგაზრდა მწვანეების (GYG) ქსელის სტრუქტურულ ცვლილებებს განიხილავდა. აღნიშნული ქსელი დღესდღეობით მწვანე იდეოლოგიის მხარდამჭერ ახალგაზრდებს აერთიანებს მთელი მსოფლიოდან. სტრუქტურული ცვლილება კი ამ ქსელის ეფექტურად მუშაობისთვის საჭირო ფუნქციური დოკუმენტის შექმნას და საერთაშორისო ძალისხმევაში ყველა რეგიონის თანაბრად ჩართვას ისახავს მიზნად. როგორ იმუშავებს აღნიშნული დოკუმენტი და შევძლებთ თუ არა სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების წარმომადგენლები მსოფლიო ახალგაზრდული მწვანე მოძრაობის აქტიური წევრები გავხდეთ, ამას მომავალი გვიჩვენებს.
აღნიშნულ სესიებში მონაწილეობამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა თუ რამდენად მნიშვნელოვანია სხვა ახალგაზრდების გაცნობა, კონტაქტების გაცვლა, მოკავშირეების და თანამოაზრეების პოვნა, ვინაიდან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ორგანიზებულად სამუშაოდ, როგორებიცაა ეკოლოგიური სამართლიანობა, სოციალური უთანასწორობა და ქვემოდან წამოსული დემოკრატიის (grassroot democracy) მხარდაჭერა, რეგიონებს შორის ინფორმაციის გაცვლა და გამოცდილების გაზიარება აუცილებელია.
მწვანე ქსელში მუშაობისას საინტერესო იყო კამათი გენდერული თანასწორობის და მრავალფეროვნების დაცვის ირგვლივ. მიუხედავად იმისა, რომ გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ მონაწილეების უმრავლესობა ერთსა და იმავე აზრს იზიარებს და ყველა თანხმდება, რომ პატრიარქალური სისტემა საჯარო სივრცეში ქალს ვერ ხედავს, ხოლო მის შრომას არასათანადოდ აფასებს, ჯგუფის ერთი ნაწილი მიიჩნევდა, რომ მცდელობის მიუხედავად 50%-იანი ბალანსის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა; გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ახალგაზრდა მწვანეების საერთაშორისო ქსელშიც მამაკაცები უფრო აქტიურად ერთვებიან. ბოლოს, ხმათა უმრავლესობით მაინც გადაწყდა, რომ არსებული პრაქტიკის შეცვლა აუცილებელია და GYG-ის 50% ქალებით იქნება დაკომპლექტებული. ასევე, მწვანეები ვთვლით, რომ აუცილებელია, მიმდინარე პროცესებში უმცირესობაში მყოფი ჯგუფების აქტიურად ჩართვა, რადგან ეთნიკური, რელიგიური და სხვა ნიშნით ადამიანების ჩაგვრა და მათი უფლებების უკანა ფლანგზე დაყენება არც თუ ისე იშვიათად გვხვდება.
მსოფლიოს მწვანე ქსელის პლატფორმის ბაზაზე რამდენიმე სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. მე პირადად სოლიდარობის ჯგუფს შევუერთდი, რომლის წევრებმაც კონკრეტულ რეგიონში ან ქვეყანაში შექმნილ კრიზისსა და გამოწვევებზე რეაგირება და ჩვენს ქვეყნებში სოლიდარობის კამპანიების წარმოება უნდა შევეცადოთ.
კონფერენციაზე ცნობილმა მწვანე პოლიტიკოსებმა თავიანთი ქვეყნების მაგალითზე ისაუბრეს მსოფლიოში დამდგარ გამოწვევებზე, ბრძოლის მეთოდებსა და სტრატეგიებზე. კონფერენციის ცენტრალური თემები ფემინიზმი, მიგრაცია და კლიმატის ცვლილება გახლდათ. ჩემთვის, პროფესიით ეკოლოგისთვის, მნიშვნელოვანია, რომ კლიმატის ცვლილებაზე არა მხოლოდ ამ დარგის მეცნიერები, არამედ პოლიტიკოსებიც ხმამაღლა საუბრობენ. ადრე თუ კლიმატის ცვლილებას მწვანეების მოგონილ პრობლემად განიხილავდნენ, დღეს კლიმატის კრიზისზე და იმ გამოწვევებზე, რომელსაც ის ეკონომიკის ყველა სექტორს უყენებს, უკვე ფართო საზოგადოება აღარ კამათობს. კლიმატის ცვლილების შეჩერება სახეობების, მათ შორის ადამიანის, გადარჩენისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, ხოლო ეს გლობალური ძალისხმევის გარეშე ვერ მოხერხდება. სხვა ქვეყნების მსგავად, ამ მიმართულებით საქართველოსაც აქვს აღებული საერთაშორისო ვალდებულებები და საზოგადოების მხრიდან მათი ჯეროვნად შესრულების მონიტორინგი მნიშვნელოვანი ამოცანა მგონია.
ასევე, დასამახსოვრებელი იყო დისკუსია ბრექსიტზე. მონაწილეები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც დღეს ბრიტანეთში ცხოვრობენ, თავიანთ ისტორიებს გვიზიარებენ. მიუხედევად იმისა, რომ მათთვის ბრექსიტი მოულოდნელი იყო, დამოკიდებულება, რომ ისინი ამ ქვეყანაში უცხონი არიან, ხშირად უგრძვნიათ. საუბრისას ხაზს უსვამენ, რომ მათ დღეს სახელმწიფოსგან აუცილებელი სოციალური სარგებლის მიღება არ შეუძლიათ (მაგ., ბრიტანეთში მცხოვრებ ემიგრანტებს ჯანმრთელობის დაზღვევაზე ხელმისაწვდომობა არ აქვთ). დისკუსიის განმავლობაში ბევრ პარალელს ვავლებ საქართველოსთან, სადაც განსხვავებული (ეთნიკური ნიშნით, რელიგიური აღმსარებლობით, სექსუალური იდენტობით) ადამიანების მიმართ მსგავსი ან უარესი დამოკიდებულებაა. პრობლემის გადაჭრის გზად, კონგრესზე წარმოდგენილი ადამიანების უმეტესობის მსგავსად, მეც ჯანსაღი სახელმწიფო პოლიტიკა მესახება, რომელიც თავის მოქალაქეებს სრულყოფილ ინფორმაციას მიაწვდის, კონკრეტულ საკითხს განუმარტავს და არსებულ ფობიებს გაუფანტავს. ასევე, აუცილებელია სივრცეების შექმნა, სადაც გაჟღერდება ჩაგრულთა ხმა და განიხილება ის პრობლემები, რასაც მარგინალური ჯგუფების წარმომადგენლები განიცდიან. მიმაჩნია, რომ ეს კარგი გზაა, ადამიანებში სოლიდარობის გრძნობის გასაღვივებლად.
მინდა ერთ-ერთ საინტერესო სესიაზეც ვისაუბრო, რომელიც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ორგანიზებით გაიმართა და მწვანეების მთავრობაში ყოფნას ეხებოდა. განსაკუთრებით საინტერესო იყო მოხსენება გერმანიის პოლიტიკურ ცხოვრებაზე მწვანეების გავლენის შესახებ. დღეს გერმანიაში თითქმის ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მწვანეების აქტიური ჩართულობით და კონსენსუსით მიიღება. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ გარემოსდაცვით თემებთან ერთად, გენდერული დემოკრატიის და ეთნიკური უმცირესობის საკითხები გერმანიაში მაღალი პოლიტიკური ტრიბუნებიდან ისმის. მომხსენებელი ამაყად გვეუბნება, რომ გერმანელი მწვანეების მიზანია, შექმნან ისეთი პოლიტიკა, სადაც თითოეული ადამიანი, რა იდნეტობისაც არ უნდა იყოს ის, თანასწორია.
მსგავს ღონისძიებებზე დასწრება გიზრდის მოტივაციას და გარწმუნებს, რომ ერთად ბრძოლას, იმ ღირებულებებისთვის რაც მწვანეებს გვაქვს, ყოველთვის აქვს აზრი და ამას უკვე მიღწეული შედეგებიც მოწმობს. ნეოლიბერალურ პოლიტიკას დღეს დედამიწა განადგურებისკენ მიჰყავს და მისი ჩანაცვლება აუცილებელია. მიმაჩნია, რომ მწვანე იდეოლოგიას ყველაზე მეტი პოტენციალი აქვს, მოახდინოს სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური საკითხების იმგვარად ინტეგრირება, რაც უკეთესი მომავლის შექმნისთვის აუცილებელია.