საზოგადოება და სახელმწიფო. ადგილობრივი დონე სომხეთსა და აზერბაიჯანში

როგორც სომხეთში, ისე აზერბაიჯანში საზოგადოებას და სახელმწიფოს შორის ურთიერთობები დისტანცირებულობით ხასიათდება. ადგილობრივი დონის (თვით)მმართველობის ინსტიტუტები მათ დაახლოებას ვერ ახერხებენ. ისინი მმართველ ელიტურ ჯგუფებს ემსახურებიან, როდესაც მათ თავ-თავიანთი ინტერესების განხორციელებაში ეხმარებიან. მოსახლეობას კი არ აძლევენ იმის შესაძლებლობას, ადგილობრივ საჭიროებებთან დაკავშირებული სახელმწიფო გადაწყვეტილებების პროცესზე რაიმე გავლენა მოახდინონ. მოქალაქეებს ისღა დარჩენიათ, რომ არსებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად თვითორგანიზებას მიმართონ ან პირადი კავშირების იმედად იყვნენ.

სომხეთსა და აზერბაიჯანში სახელმწიფოსა და საზოგადოების ურთიერთობები მედიის ყურადღების ცენტრში, როგორც წესი, მხოლოდ მაშინ ექცევა, როდესაც საქმე ღია კონფლიქტამდე მიდის. სამეცნიერო შრომების ავტორებს, ძირითადად, ავტოკრატული მმართველობის ანალიზი აინტერესებთ[1]. თუკი განვიხილავთ აზერბაიჯანს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა უკვე 20 წელია, რაც ავტორიტარულად იმართება - 1994-2003 წლებში ჰეიდარ ალიევის, 2003 წლიდან კი მისი ვაჟის, ილჰამ ალიევის მიერ. მმართველი რეჟიმის მთავარი ინსტრუმენტი რეპრესიებია. ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ მოხდა საზოგადოებრივი პროტესტის ძალადობრივი ჩახშობა. 2014 წლიდან მოყოლებული იზრდება სამოქალაქო საზოგადოებრივი ოპოზიციის წევრთა დაპატიმრებების რიცხვი. „არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ კანონში“ 2014 წელს შეტანილი ცვლილებით მთავრობამ არასამთავრობო ორგანიზაციებს აუკრძალა უცხოელი დონორებისგან დაფინანსების მიღება. ეს ყოველივე უაღრესად ართულებს სამოქალაქო საზოგადოებრივი მოთამაშეების საქმიანობას.

სომხეთში მმართველი ელიტური ჯგუფების ქმედებები ნაკლებად ატარებენ რეპრესიულ ხასიათს. თუმცა ნახევრადავტორიტარული რეჟიმი უახლოეს წარსულში აქაც მიმართავდა ძალადობრივ ქმედებებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. მაგალითისთვის, 2015 წელს პოლიციურმა ძალებმა ერევანში ძალადობრივად დაშალეს დემონსტრაციები, რომელთა მონაწილეებიც ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას აპროტესტებდნენ.

სახელმწიფოსა და საზოგადოების ურთიერთობის კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც კვლევებში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, არის მმართველი ელიტური ჯგუფების გადანაწილების პოლიტიკა და მისი გავლენა საზოგადოებაზე. განსაკუთრებულ ყურადღებას, ამ კუთხით, აზერბაიჯანი იპყრობს, სადაც 2000-იანი წლების პირველ ათწლეულში ნავთობის ექსპორტის წყალობით, ამ პროდუქტზე მსოფლიოში იმდროინდელი მაღალი საბაზრო ფასის პირობებში, ქვეყანამ უაღრესად სწრაფი ეკონომიკური აღმავლობა განიცადა. აზერბაიჯანის მთლიანი შიდა პროდუქტის 50% სწორედ ნავთობის სექტორზე მოდის, თუმცა მმარველი ელიტური ჯგუფები ნავთობის რეალიზაციით მიღებულ ჭარბ მოგებას საკუთარ ჯიბეში იდებენ[2]. მოსახლეობის უმეტესობის ცხოვრების პირობები ფაქტობრივად არ შეცვლილა[3]. მიუხედავად იმისა, რომ 2000-იან წლებში საჯარო ინფრასტრუქტურისა და სოციალური დაზღვევის სფეროებში სახელმწიფო ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა, ეკონომიკური ზრდის მოდელს მდგრადს ვერ ვუწოდებთ [4]. ნავთობის მოპოვების მასშტაბების შემცირებამ და ნავთობის ფასის კლებამ 2013 წლიდან მოყოლებული, სახელმწიფო ბიუჯეტის საგრძნობი შემცირება გამოიწვია. ეს კი ნეგატიურად სწორედ მოწყვლადი რეგიონებისა და სოციალური ჯგუფების ეკონომიკურ მდგომარეობაზე აისახება.

სომხეთს არ აქვს ნავთობის ექსპორტით მიღებული სარგებლის ფუფუნება, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაც უფრო მძიმეა. ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტიც აზერბაიჯანის მშპ-ს მხოლოდ ერთ მეშვიდედს შეადგენს. ბოლო ოფიციალური მონაცემების თანახმად, რომლებიც 2013 წელს მომზადდა, სომხეთის მოქალაქეთა 32 პროცენტი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ეს პირველ რიგში ეხება მცირე ქალაქების და სოფლების მოსახლეობას. 2015 წლის ბიუჯეტი წინა წლებისგან განსხვავდება იმდენად, რამდენადაც გაზრდილია სოციალური ხარჯების, პირველ რიგში კი, პენსიების წილი: ბიუჯეტის 30% სწორედ ამ მიმართულებაზე მოდის. თუმცა ჯერ კიდევ დაბალია სახელმწიფო ინვესტიციების წილი საჯარო ინფრასტრუქტურისა და ბინათმშენებლობის სფეროებში.

როგორც სომხეთში, ისე აზერბაიჯანში, მმართველი ელიტური ჯგუფები, მართალია, განსხვავებული პროპორციით, თუმცა მაინც რეპრესიებზე დებენ ფსონს და ეს იმ პირობებში, როდესაც ქვეყნების მდგომარეობა სოციალური და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით კრიტიკული რჩება. ის, თუ რამდენად აისახება ეს ყოველივე პოლიტიკური რეჟიმის წარმომადგენლებისა და მოსახლეობის ფართო მასების - არა მარტო სამოქალაქო აქტივისტების - ურთიერთობებზე, აქამდე, ფაქტობრივად, არავის გამოუკვლევია. არადა, პასუხი ამ კითხვაზე გასაგებს გახდიდა რეჟიმის პოლიტიკურ დინამიკას. ბევრი პოსტსაბჭოური სახელმწიფოს მსგავსად, სომხეთის და აზერბაიჯანის ერთ-ერთ მახასიათებელს ელიტური მმართველობა წარმოადგენს. იმის მიუხედავად, რომ ორივე ქვეყნის ელიტური ჯგუფების შემადგენლობა, მათი სახელისუფლო რესურსი, სამოქმედო სტრატეგიები თუ ავტორიტარული პრაქტიკები განსხვავებულია, ძალაუფლების ძირითადი ლოგიკა სომხეთსა და აზერბაიჯანში მაინც ერთმანეთის ანალოგიურია. როგორც მატერიალურ, ისე ინტელექტუალურ სახელისუფლო რესურსთან წვდომა პირად კავშირებზეა დამოკიდებული. პოლიტიკური სისტემის ფორმალური ინსტიტუტები არაფორმალური სახელისუფლო სტრუქტურების მიერ კონტროლდება. ადგილი აქვს შერჩევით სამართლებრივ პრაქტიკას, რასაც ელიტური ჯგუფები ხშირად მიმართავენ, რიგითი მოქალაქეების შემთხვევაში კი, ხსენებული გამონაკლისს უფრო წარმოადგენს[5]. მმართველი რეჟიმებისთვის ძალაუფლების შესანარჩუნებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხერხი სახელისუფლო რესურსთან წვდომის შეზღუდვაა[6]. ავტორიტარულ და ნახევრადავტორიტარულ სახელმწიფოებში პოლიტიკურ კონკურენტებს, რომლებიც იმის მიუხედავად, რომ არ მიეკუთვნებიან მმართველ ელიტას, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლაზე განაცხადებენ პრეტენზიას, სახელმწიფო აპარატი რეპრესიებს უპირისპირებს. თუმცა ამ შემთხვევაში არსებობს საზოგადოებაში მასობრივი უკმაყოფილების პროვოცირების საფრთხე. ჩნდება კითხვა: როგორ ახერხებენ ელიტური ჯგუფები ამ შეზღუდვის გადალახვას ისე, რომ, ამავდროულად, არ დაკარგონ საკუთარი რეჟიმის მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერა?

ამ კითხვაზე პასუხი შეგვიძლია ამოვიკითხოთ ადგილობრივ დონეზე სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობაში. სწორედ აქ მოდიან მოქალაქეები მათი ყოველდღიური პრობლემებით შეხებაში ადმინისტრაციული აპარატის საქმიანობასთან. სომხეთსა და აზერბაიჯანში საზოგადოებრივ სიკეთეებზე ყოველდღიური წვდომა  დღემდე კონფლიქტური მუხტის შემცველია. სტატისტიკის თანახმად, მოსახლეობის დიდი ნაწილი უზრუნველყოფილია წყლით, ბუნებრივი აირით და ელექტროენერგიით. თუმცა მოსახლეობიდან მიღებული ინფორმაცია განსხვავებულ სურათს გვიხატავს[7]. აზერბაიჯანში ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა სასმელი წყლის ხელმისაწვდომობაა. ქვეყნის დედაქალაქშიც კი ძალიან ბევრ რაიონს წყალი დღეში სულ რამდენიმე საათით მიეწოდება. პრობლემურია წყლის ხარისხიც. პატარა ქალაქებსა და სოფლებში სასმელი წყლის სისტემების და სუფთა წყლის ჭაბურღილების ნაკლებობაა. აზერბაიჯანისა და სომხეთის ბევრი მოქალაქე მოშლილ საკანალიზაციო სისტემებს უჩივის. გაუმართავი სარწყავი და საირიგაციო სისტემები განსაკუთრებულად პრობლემური სოფლის მეურნეობისთვისაა. სომხეთში ქალაქების რიგი უბნები და სოფლები გაზმომარაგების ერთიან ქსელში ჩართული არ არის. მოქალაქეთა ერთი ნაწილი ცუდ გზებსა და საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემის გაუმართაობაზე საუბრობს.

სახელმწიფოს მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებას განაპირობებს პოლიტიკური ერთეულებისა და მმართველი სტრუქტურების მხრიდან მათი ყოველდღიური პრობლემების მიმართ გამოჩენილი ყურადღების ხარისხი. ორივე სახელმწიფოში რეგიონული განვითარების პროგრამები მოსახლეობას ინფრასტრუქტურის განვითარებას ჰპირდება. თუმცა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ამგვარი გეგმები მხოლოდ იშვიათად თუ სრულდება. არსებული პრობლემების გადაჭრის ნაცვლად მმართველი ორგანოები როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე ქმნიან მექანიზმებს, რომელთა მიზანიც ადგილობრივად საჭირო ინვესტიციების თავიდან არიდებაა. ცენტრალური ხელისუფლება საკუთარ უწყებებს თვითონვე ართმევს ამ ტიპის ინვესტიციების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილებას. სახელმწიფო დაწესებულებები მოსახლეობას იმით ამშვიდებენ, რომ ცენტრალურ მთავრობას ხსენებული პრობლემების გადაჭრა გრძელვადიანი გეგმის ფარგლებში აქვს გათვალისწინებული[8]. შესაბამისად, მოსახლეობა მოკლებულია შესაძლებლობას, მოახდინოს რაიმე სახის გავლენა ადგილობრივი დონის სახელმწიფო და კომუნალურ უწყებებზე. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სახელმწიფოსთან კომუნიკაციის არასაკმარისი მოცულობის პირობებში მოსახლეობას მხოლოდ და მხოლოდ პროტესტის გამოხატვა შეუძლია, თუმცა ამ შემთხვევაში კვლავ რეპრესიების შიში იჩენს თავს.

ამ ყველაფრის მიუხედავად, საზოგადოების და სახელმწიფოს ურთიერთობების დაყვანა მხოლოდ პროტესტისა და რეპრესიების დიქოტომიამდე არ იქნებოდა სწორი. 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მოყოლებული, საზოგადოებრივ სიკეთეებთან წვდომის გარშემო საპროტესტო აქტივობები იშვიათია. თუმცა სომხეთში, განსაკუთრებით ბოლო წლებში, იმატა დემონსტრაციების რიცხვმა. დემონსტრანტები, ძირითადად, 30 წლამდე ახალგაზრდები არიან. ღია რეპრესიებსაც სომხეთის ხელისუფლება მხოლოდ იშვიათად მიმართავს. აზერბაიჯანის ცენტრალური ხელისუფლება  რეპრესიებს სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ განსაკუთრებით ხშირად ქალაქებში მიმართავს.  თუმცა მოსახლეობის ფართო მასები არ მიიჩნევენ, რომ ყოველივე ამას მათთან კავშირი აქვს და არ აღიქვამენ სახელმწიფოს როგორც რეპრესიულ, მოსარიდებელ მოთამაშეს.

გარდა ამისა, მოსახლეობის ქცევაზე გავლენას ადგილობრივი დონის ადმინისტრაციული უწყებებიც ახდენენ. ტრანსფორმაციის პროცესში აზერბაიჯანმა და სომხეთმა ქალაქებისა და თემების ადმინისტრირებისათვის მმართველობის განსხვავებული ორგანოები შექმნეს. თუმცა ორივე ქვეყნის საერთო მახასიათებელია ამბივალენტური ურთიერთმიმართება ცენტრალურ მმართველობასა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის. მმართველი რეჟიმის ლოგიკა მკაცრ ცენტრალურ მმართველობას ეფუძნება. ეს კი წინააღმდეგობაში მოდის კომუნალური თვითმმართველობის იდეასთან, თუ მას აღვიქვამთ ისე, როგორც ამას ევროსაბჭო მოითხოვს. 2001 წლიდან მოყოლებული, როდესაც სომხეთი და აზერბაიჯანი ევროსაბჭოში გაწევრიანდნენ, ორივე სახელმწიფომ შექმნა კომუნალური ინსტიტუტები, რომლებიც ევროპის კომუნალური თვითმმართველობის ინსტიტუტების მოდელზე არიან მორგებული. ხსენებული სტრუქტურები რეალური თვითმმართველობის განხორციელებისგან საკმაოდ შორს არიან, თუმცა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესებზე გარკვეულ გავლენას მაინც ახდენენ. ამიტომ, არ იქნებოდა აზრს მოკლებული, რომ ანალიზში ეს ინსტიტუტებიც ჩაგვერთო, იმის მიუხედავად, რომ მათ ხშირად დისფუნქციურად განიხილავენ და ამის გამო უყურადღებოდ ტოვებენ. აზრს მოკლებული არც იმის შესწავლა იქნებოდა, თუ რამდენადაა კომუნალური თვითმმართველობის ორგანოები ჩართული რეჟიმის პოლიტიკურ საქმიანობაში და როგორ აღიქვამს მათ მოსახლეობა.

ადგილობრივი (თვით)მმართველობის ფორმალური სისტემა

აზერბაიჯანს, ფორმალურად, ადგილობრივი მმართველობის ორი ერთეული აქვს. ესენია, ერთი მხრივ, მთავრობის ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოები და, მეორე მხრივ, მუნიციპალიტეტების გამგეობები. ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოები წარმოადგენენ ცენტრალურ ხელისუფლებას ქალაქებში, ქალაქების ცალკეულ უბნებსა და სოფლებში. ისინი შეიძლება ჩაითვალონ „პრეზიდენტის გრძელი ხელის ნაწილად“, რადგან ცენტრალური ხელისუფლება ისედაც მხოლოდ პრეზიდენტზეა დაყვანილი. ადგილობრივი დონის ამ აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელებს ნიშნავს და ათავისუფლებს პრეზიდენტი. პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე მათ აქვთ ფართო უფლებამოსილებები ქალაქების და თემების მართვის ყველა სფეროში, იქნება ეს ურბანული განვითარება, ბინათმშენებლობა, წყლით, ელექტროენერგიით და ბუნებრივი აირით მომარაგება, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა თუ სოციალური და სამედიცინო უზრუნველყოფა. ხსენებულ უწყებებს აქვთ საკუთარი ადმინისტრაცია და ფინანსდებიან სახელმწიფოს ცენტრალური ბიუჯეტიდან.

ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოებისგან განსხვავებით, მუნიციპალიტეტების საკრებულოები წარმოადგენენ კომუნალური თვითმმართველობის სუბიექტებს, რომლებიც კონსტიტუციაშიც არიან მოხსენიებული. 2000-იანი წლების დასაწყისში წარმოიშვა 1607 მუნიციპალიტეტი, რომლებიც ფარავს როგორც ქალაქების ცალკეულ უბნებს, ისე მცირე ქალაქებისა და სოფლების გაერთიანებებს. თითოეული საკრებულო პირდაპირი წესით იმართება ხუთი წლის ვადით არჩეული შტაბის მიერ, რომელშიც შედის ხუთიდან ცხრამეტ წევრამდე. შტაბი ხმათა უმრავლესობით ირჩევს საკრებულოს თავმჯდომარეს.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუჯეტი კომპლექტდება კომუნალური შემოსავლებითა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით. საკრებულოების ფუნქცია-მოვალეობათა და ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოების უფლებამოსილებათა სფეროები იკვეთება. კომპეტენციათა ბუნდოვანი გამიჯვნა კი მუდმივად ხდება ამ ორ უწყებას შორის უთანხმოების მიზეზი. ეს კი იმის მიუხედავად, რომ აზერბაიჯანის მთვრობის წარმომადგენლებს ევროსაბჭოს თემების და რეგიონების კონგრესის წინაშე არაერთხელ დაუდიათ კომუნალური თვითმმართველობების ხელშეწყობის პირობა[9]. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის მთავრობამ, პირველ რიგში, ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოები გააძლიერა და არა საკრებულოები.

სომხეთში კონფლიქტი ცენტრალურ და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის ორ ადმინისტრაციულ დონეზეა გადანაწილებული. ცენტრალურ მოთამაშეებს, ერთი მხრივ, წარმოადგენენ იმ თერთმეტი რეგიონის ადმინისტრაციული ორგანოები, რომლებადაც ქვეყანაა დაყოფილი, მეორე მხრივ კი ქალაქების და სოფლების თვითმმართველობის ორგანოები. ერევანს, როგორც დედაქალაქს, რეგიონის სტატუსი აქვს და 12 საუბნო მუნიციპალიტეტადაა დაყოფილი.

რეგიონებს გამგებლები ხელმძღვანელობენ, რომლებსაც პარლამენტი ნიშნავს. ისინი ვალდებულები არიან რეგიონულ დონეზე გაატარონ მთავრობის პოლიტიკა განათლების, ურბანული განვითარების, ბუნებრივი აირით, ელექტროენერგიით და წყლით მომარაგების, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროებში. ეს ყოველივე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. გარდა ამისა, არსებობს კომუნალურ დონეზე განსახორციელებელი პროექტებისთვის განკუთვნილი სპეციალური ფონდი. აზერბაიჯანისგან განსხვავებით, ცენტრალური სახელისუფლებო ორგანოები სოფლების და ქალაქების საქმეებში პირდაპირ არ ერევიან. გამონაკლისია ერევანი, რომელიც როგორც რეგიონი, ცენტრალური მმართველობის ქვეშაა მოქცეული. ეს უკანასკნელი ნიშნავს დედაქალაქის მერს და წყვეტს ქალაქის მართვის ძირითად საკითხებს. ცენტრალურ ხელისუფლებას მუნიციპალურ დონეზეც შეუძლია გამგებლების დანიშვნაზე გავლენის მოხდენა. მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობის შეთხვევაში გამგებლებს აქვთ მუნიციპალიტეტების საკრებულოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვის უფლება. სომხეთში, სადაც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი ჯერ კიდევ სუსტადაა ფეხმოკიდებული და არსებობს შერჩევითი სამართლის პრაქტიკის შესაძლებლობა, გამგებლები ხსენებული უფლებამოსილებით სარგებლობენ გამგეობების იმ ეკონომიკურ და პოლიტიკურ საქმეებში ჩასარევად, რომლებიც მათი კომპეტენციის სფეროს სცილდება[10].

სომხეთში 915 მუნიციპალიტეტი შეიქმნა. მხოლოდ რამდენიმე მათგანი მოიცავს ერთ ქალაქზე ან სოფელზე მეტს. თუმცა ცენტრალურმა ხელისუფლებამ საერთაშორისო განვითარებისათვის თანამშრომლობის პროექტების მხარდაჭერით 2015 წელს პირველი ნაბიჯები გადადგა მცირე მუნიციპალიტეტების გაერთიანების მიმართულებით. საკრებულოს შტაბი შედგება თავმჯდომარისგან და საბჭოსგან, რომელშიც შედის ხუთიდან თხუთმეტ წევრამდე. აზერბაიჯანისგან განსხვავებით, თავმჯდომარე და საბჭო ირჩევა ხუთი წლით პირდაპირი წესით. საკრებულოების საქმიანობის დაფინანსების მხოლოდ 30% მოდის საკუთარ სახსრებზე, კომუნალურ გადასახადებსა და მომსახურების მოსაკრებლებზე. ამის მიღმა ხსენებული ინსტიტუტები დამოკიდებული არიან საბიუჯეტო შემოსავლების გადანაწილებიდან მიღებულ მწირ სახსრებსა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ სუბსიდიებზე[11]. მუნიციპალიტეტების სახელმწიფოზე ფინანსური დამოკიდებულების ხარისხი ძალიან მაღალია. ისინი პასუხისმგებელი არიან ურბანული განვითარების, განათლების, სოციალური უზრუნველყოფის, წყლით, ბუნებრივი აირითა და ელექტროენერგიით მომარაგების, ახლო მიმოსვლის საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის მიმდინარე, შედარებით უმნიშვნელო საკითხებზე. შესაბამისად, ცენტრალური მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქცია-მოვალეობები სომხეთის შემთხვევაშიც გადაიფარება, თუმცა აქ კომპეტენციები, აზერბაიჯანთან შედარებით, უფრო ნათლადაა განსაზღვრული. რეგიონების საბჭო ერთმანეთთან აკავშირებს ადგილობრივ და რეგიონულ დონეებს. სწორედ აქ ხვდებიან რეგიონის მუნიციპალიტეტების თავმჯდომარეები გამგებელს.

ადგილობრივი ადმინისტრაციული ინსტიტუტების როლი

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამოქმედო სივრცეს მნიშვნელოვანწილად  მმართველი ელიტური ჯგუფები განსაზღვრავენ. აზერბაიჯანის შემთხვევაში ისინი გავლენას უპირატესად ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოების საშუალებით ახორციელებენ. სწორედ ამ ინსტიტუტის დახმარებით, რომელიც, თავის მხრივ, საბჭოური პერიოდის გადმონაშთს წარმოადგენს, მართავენ მმართველი ელიტური ჯგუფები ადგილობრივ დონეზე ფინანსური სახსრებისა და ძალაუფლების სხვა რესურსების გადანაწილებას. გარდა ამისა, ცენტრალური ხელისუფლებისთვის ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოები კომუნალური თვითმმართველობების მაკონტროლებელ ინსტრუმენტს წარმოადგენენ.

ადგილობრივმა აღმასრულებელმა ორგანოებმა აზერბაიჯანის მმართველ რეჟიმში უკვე მყარად დაიმკვიდრა ადგილი როგორც ცენტრალური ხელისუფლების „გრძელი ხელის ნაწილმა“. ქვეყნის სამთავრობო აპარატში სწორედ ელიტური კავშირები და არა ფორმალური კომპეტენციაა განმსაზღვრელი ფაქტორი, როდესაც საქმე სახელისუფლებო რესურსთან წვდომას ეხება. ცენტრალური ხელისუფლება ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოების ისეთ გადამწყვეტ თანამდებობაზე, როგორიცაა თავმჯდომარე, რეჟიმთან დაახლოებულ პირებს ნიშნავს[12]. შესაბამისად, ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოები მმართველი ელიტის ფართო წრის შემადგენელი ნაწილია და მის ბირთვზე მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული. უწყებების წარმომადგენლების ფინანსური სახსრებით უზრუნველყოფა განსხვავებულია და განპირობებულია იმით, თუ რამდენად ახლოს დგანან ისინი ელიტური ქსელის ცენტრალურ ნაწილთან. გამოყოფილი ფინანსების მოცულობის ახსნა  ტერიტორიული ერთეულის ეკონომიკური მდგომარეობით ან ადმინისტრაციული ერთეულის პოლიტიკური მნიშვნელობით, როგორც წესი, შეუძლებელია. აშკარაა, რომ რესურსებთან წვდომას განსაზღვრავს, პირველ რიგში, ხელმძღვანელი პირების პოზიციონირება არაფორმალური მმართველობის სისტემაში.

ამგვარად, იკვეთება, რომ ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოები ხსენებული ტიპის ქსელურ კავშირებზე დაფუძნებული რეჟიმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს წარმოადგენენ. ისინი მმართველ ელიტას სახელისუფლებო რესურსის თავისსავე წრეებში შენარჩუნებაში ეხმარებიან[13]. 1990-იან წლებში ადგილობრივ აღმასრულებელ ორგანოებს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეეძლოთ საკუთარი არაფორმალური, მმართველი ელიტური ჯგუფების ინტერესებზე ორიენტირებული ამოცანების შესრულება. მხოლოდ 1999 წლიდან მოყოლებული, მუნიციპალიტეტების საკრებულოების შექმნით, მათი წინა წლების პრაქტიკას გარკვეული დაბრკოლებები შეექმნა.

ამაში ორმა ასპექტმა ითამაშა როლი. საკრებულოებმა საკუთარი ბიუჯეტი მიიღეს. ამგვარად, ფინანსების გადანაწილების კუთხით ადგილობრივ აღმასრულებელ ორგანოებს კონკურენტები გამოუჩნდათ. გარდა ამისა, საკრებულოებში მუშაობენ არჩეული და არა დანიშნული წარმომადგენლები. ეს ორი გარემოება პოტენციურად ართულებს მატერიალური თუ ფინანსური რესურსის მორგებას კონკრეტულ ინდივიდებზე ან ჯგუფებზე. სახელმწიფო მოთამაშეები ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე ამ გამოწვევებს სხვადასხვაგვარად ხვდებიან. ერთი მხრივ, კანონმდებელი საკრებულოებთან დაკავშირებულ სამართლებრივ პრინციპებს ამბივალენტური სახით განმარტავს, რითიც მათ ქმედუნარიანობას ზღუდავს. მუნიციპალიტეტების სტრუქტურა და ამოცანები, თავისთავად, გამჭვირვალედაა გაწერილი. თუმცა ხარვეზებია აღსრულებასთან დაკავშირებული რეგულაციების კუთხით. შედეგად, ბევრი ამოცანის შესრულება შეუძლებელი ხდება. იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები საკუთარი შეხედულებისამებრ იმოქმედებენ, მათ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში დასდებენ ბრალს. ცალკეულ შემთხვევებში აღსრულებასთან დაკავშირებული პროცედურები ისეთ სპეციალურ კანონებშია გაწერილი, როგორიცაა, მაგალითად, კანონი დასუფთავების შესახებ, რომელშიც ნარჩენების უტილიზაციასთან დაკავშირებული საკითხებია დარეგულირებული. თუმცა, ხსენებული კანონები ორიენტირებულია არა საკრებულოებზე, არამედ ადგილობრივ აღმასრულებელ ორგანოებზე[14]. ამგვარად, კომპეტენციათა ძირითადი ნაწილი, დე ფაქტო, მხოლოდ ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოების ხელშია კონცენტრირებული. ერთპიროვნული უფლებამოსილება გამგეობებს მხოლოდ ნაკლებად მნიშვნელოვან სფეროებში აქვთ მინიჭებული, როგორიცაა, მაგალითად, სასაფლაოების მოვლა. უკვე მხოლოდ კანონის საფუძველზეც კი ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოები ადგილობრივ დონეზე მთავარ მოთამაშეებად რჩებიან.

მუნიციპალურ საკრებულოთა მარგინალურ როლს საბოლოოდ ამყარებს ფინანსური შეზღუდვები. საკრებულოები მხოლოდ მწირ სახსრებს განკარგავენ. ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კომუნალური საგადასახადო შემოსავლების მოცულობა უაღრესად შეზღუდულია[15], სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დოტაციები კი უმნიშვნელო. აქამდე არც პროექტებზე მიბმული სახელმწიფო სუბსიდიების საკითხი იყო სამართლებრივად დარეგულირებული, რითიც საკრებულოებისთვის პოტენციურად მნიშვნელოვანი დაფინანსების წყარო მიუწვდომელი რჩებოდა[16]. 2015 წლის გაზაფხულზე ძალაში შევიდა ცვლილებები კანონში მიზნობრივი სუბსიდირების შესახებ, რამაც ეს ხარვეზი აღმოფხვრა. თუმცა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ აღნიშნული კანონი სუბსიდიებთან წვდომას, ფაქტობრივად, არ აიოლებს. ისინი მიუთითებენ აზერბაიჯანში სუსტ დემოკრატიაზე, რაც სამართლის შერჩევითად გამოყენების საშუალებას იძლევა. ისიც კი, თუ რამდენად შეეძლებათ საკრებულოებს ამ კანონზე დაყრდნობით სუბსიდირების მოთხოვნა, სრულადაა დამოკიდებული ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნებაზე[17].

ამას ემატება არაფორმალური აქტივობები, რომელთა მიზანიცაა, ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოების მიერ საკრებულოებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო სახსრების თავისკენ გადაქაჩვა. რადგანაც ცენტრალური მთავრობა, როგორც წესი, წინასწარ ატყობინებს აღმასრულებელ ორგანოებს, თუ როდის და რა რაოდენობის თანხა უნდა გადაერიცხოს მუნიციპალურ საკრებულოებს. ამ ინფორმაციის წყალობით ადგილობრივ აღმასრულებელ ორგანოებს შეუძლიათ მიმართონ საკრებულოებს და მოითხოვონ გამოყოფილი სახსრების ინვესტირება მათ პროექტებში[18]. მუნიციპალიტეტებისთვის განკუთვნილი თანხების ამ ფორმით ამოღება დროდადრო კონფლიქტის ფონზე მიმდინარეობს. გადაწყვეტილების მიღებისათვის ისედაც მცირე სივრცის ფონზე, შეიძლება ითქვას, რომ ადგილი აქვს ერთი უწყების მიერ მეორის არაფორმალურ შთანთქმას.  თუმცა ეს ყოველივე დროდადრო კოოპტაციის და გარიგებების ხარჯზეც ხდება. საკუთარი გეგმების რეალიზაციის შესაძლებლობა მუნიციპალიტეტებს, ფაქტობრივად, არ გააჩნიათ.

მუნიციპალიტეტებში კოოპტაციის გასაიოლებლად და სახელისუფლო რესურსთან წვდომის მქონე პირთა წრის გაფართოებისთვის ხელის შესაშლელად ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოების და ცენტრალური სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ადგილობრივი არჩევნების წინ კულუარულ აქტივობებს მიმართავენ. ადგილობრივი მმართველობის გამოკითხულ ექსპერტთა დიდი ნაწილი აღიარებს, რომ კანდიდატთა სიებს ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოები განსაზღვრავენ. მათ გავლენას ისიც აიოლებს, რომ შეზღუდული უფლებამოსილებების გამო საკრებულოებში თანამდებობები ნაკლებად მიმზიდველია. მიმზიდველობას მათ მხოლოდ საპასუხო სარგებლის მიღების პერსპექტივა სძენს. აქედან გამომდინარე, საკრებულოში თანამდებობებს იკავებენ ადამიანები, რომლებსაც ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოების თანამშრომლებთან ან ნათესაობა აკავშირებთ ან მათზე რაიმე ფორმით დამოკიდებული არიან. ამასობაში, საარჩევნო პროცესის სათავისოდ წარმართვის მიზნით, სახელმწიფო დაწესებულებები საკუთარ თანამშრომლებს ხმის მისაცემად უბნებში  რამდენჯერმე მისვლას ან საარჩევნო ყუთში ერთზე მეტი ბიულეტენის ჩაგდებას აიძულებენ[19].

ეს ყოველივე საკრებულოებს ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოების წინაშე კონკურენტუუნაროს ხდის. თუმცა, ამავდროულად, როგორც ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოებისთვის, ისე სამინისტროებისთვის, სწორედ საკრებულოები ასრულებენ განტევების ვაცის როლს. მუდმივად ხდება აპელირება მათ ფორმალურად ფართო კომპეტენციებზე, რათა ადგილობრივ დონეზე არსებულ პრობლემებზე პასუხისმგებლობა  სწორედ მუნიციპალურ საკრებულოებს დაეკისროს[20]

სომხეთში სიტუაცია, ზოგადად, ანალოგიურია. კომუნალური მმართველობის სტრუქტურები ინსტრუმენტი უფროა ფორმალური და არაფორმალური ინსტიტუტების ხელში, ვიდრე ადგილობრივი მოსახლეობის თვითმმართველობის ორგანო. სომხეთში მუნიციპალური საკრებულოების კონტროლის მარწუხებში მოქცევა ან, საერთოდაც, არაფორმალური შთანთქმა იშვიათობას წარმოადგენს. თუმცა კანონი საკრებულოებს სამოქმედოდ აქაც ნაკლებ სივრცეს უტოვებს. ადგილობრივი მმართველობების კომპეტენციათა სფეროები, მთლიანობაში, აქაც, აზერბაიჯანის მსგავსად, ფართოდაა გაწერილი. კანონის თანახმად, საკრებულოების უშუალო ჩართულობით უნდა წყდებოდეს განათლების, სოციალური უზრუნველყოფის, ჯანდაცვის, ტრანსპორტის, წყლით უზრუნველყოფის, ურბანული განვითარების და გარემოს დაცვის საკითხები[21].

იმის მიუხედავად, რომ სომხეთში საკრებულოების უფლებამოსილებები უფრო ზუსტადაა გაწერილი, შეზღუდვები მაინც არსებობს. განათლებისა და სოციალურ სფეროებში მათი როლი მხოლოდ საბავშვო ბაღების კურატორობით შემოიფარგლება. საკრებულოები პასუხისმგებელი არიან პარკების და სასაფლაოების მოვლაზე, ქუჩების დასუფთავებასა და ნარჩენების გატანაზე. კომპეტენციის ფარგლებში ისინი პასუხს აგებენ ასევე წყალმომარაგების და კანალიზაციის, ელექტრომომარაგების და გზების მშენებლობის სფეროებზე. ყველაფერი, რაც ჩამოთვლილი მიმართულებების საზღვრებს სცდება, სახელმწიფოს უფლებამოსილებაა. მუნიციპალიტეტების მცირე ზომიდან გამომდინარე, საკრებულოების გავლენის არეალი მინიმალურია. მუნიციპალიტეტების უმეტესობა მხოლოდ თითო თემს ფარავს. თემთა ორი მესამედი კი 300 მოსახლეზე ნაკლებს ითვლის. ამგვარად, რეგიონის განვითარებისთვის რელევანტური ყველა გადაწყვეტილება მთავრობის უფლებამოსილებათა ნაწილად რჩება.

ფინანსური შეზღუდვები სომხეთის შემთხვევაშიც ამწვავებენ საკრებულოების ისედაც მარგინალურ მდგომარეობას. მათ არასაკმარის დაფინანსებას ქრონიკული ხასიათი აქვს. მათთვის ფინანსური სახსრების მიღების ერთადერთი საიმედო წყარო სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებიდან მიღებული წილია, რომელიც სახელმწიფო შემოსავლების დაახლოებით 4%-ს შეადგენს. 2000-იანი წლების შუა პერიოდიდან საკრებულოებს უფლება აქვთ, თვითონ ამოიღონ მიწის და უძრავი ქონების გადასახადი. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საგადასახადო შემოსავლების მოცულობა მოსახლეობის დაბალი გადახდისუნარიანობის გამო უაღრესად მწირია. კანონი აძლევს საკრებულოებს მათი მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მიღებული შემოსავლების წილობრივი მოთხოვნის უფლებას - მაგალითისთვის, მათ შეუძლიათ ამოიღონ საშემოსავლო და ტურიზმის გადასახადები. თუმცა აქამდე მსგავს ჩარიცხვებს ადგილი არ ჰქონია. მძიმე ფინანსური მდგომარეობა საკრებულოებს, ფაქტობრივად, არ აძლევს მათი უფლებამოსილებების აღსრულების საშუალებას, იმის მიუხედავადაც კი, რომ ხსენებული უფლებამოსილებები ძალზე შეზღუდულია[22].

თუ, ამის მიუხედავადაც, მოხდება ისე, რომ საკრებულოები გააქტიურდებიან, საქმეში დაუყოვნებლივ ჩაერთვებიან რეგიონების გამგებლები, რათა კონფრონტაციის, კოოპტაციის, იშვიათ შემთხვევებში კოოპერაციის გზითაც მართონ პროცესები. გამგებლებს, ფორმალურად მუნიციპალიტეტების გადაწყვეტილებების მართლზომიერების კონტროლი ევალებათ. მათ აქვთ გადაწყვეტილებების გაუქმების ძალაუფლება და, ამგვარად, ადგილობრივი დონის პოლიტიკაში ჩარევის უნარიც შესწევთ. უფრო მეტიც, გამგებლებს იმის უფლებამოსილებაც კი აქვთ, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შემთხვევაში თანამდებობებიდან დაითხოვონ მუნიციპალიტეტების წევრები. მუნიციპალიტეტებში კოოპტაციისთვის გამგებლების ერთ-ერთი ინსტრუმენტია თანხების გაცემა სპეციალური პროექტებისთვის. საკრებულოების არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობის პირობებში ხსენებულ სახსრებთან წვდომა მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რაც საკრებულოს თავმჯდომარეებს გამგებლებზე დამოკიდებულს ხდის. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ საკრებულოები საკადრო და დაფინანსების საკითხებში დიდწილად გუბერნატორებზე არიან დამოკიდებული, რაც ამ უკანასკნელთ საშუალებას აძლევს, ადგილობრივ პოლიტიკაზე მოახდინონ გავლენა იმ მიმართულებებით და მასშტაბებით, რომლებიც მნიშვნელოვნად სცდება გამგებლისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებს[23].  

პირადი კავშირები და გამგებლებთან ინდივიდუალური გარიგებები აუმჯობესებენ გამგეობის თავმჯდომარეების პოზიციებს მოლაპარაკებების პროცესში. გამგებლებზე დამოკიდებულების მაღალი ხარისხის გამო საკრებულოს თავმჯდომარეები, თავის მხრივ, გადაწყვეტილებების მიღებას საკრებულოს საბჭოსთან შეუთანხმებლად ცდილობენ. ეს აჩენს საკრებულოს საბჭოების გვერდის ავლის საშიშროებას. საბჭოს ამოცანაა თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი დადგენილების პროექტების განხილვა. რეალურად კი დადგენილებები ყოველგვარი განხილვის ან გადამოწმების გარეშე მიიღება[24]. ანუ საბჭო, რომელიც როგორც სათათბირო ორგანო, მუნიციპალიტეტში მოსახლეობას უნდა წარმოადგენდეს, კარგავს თავის მნიშვნელობას. ამგვარად, სომხეთსა და აზერბაიჯანში ადგილობრივი მმართველობის მოქმედების ლოგიკას ცენტრალური მთავრობა განსაზღვრავს.

რის გაკეთება შეუძლია მოსახლეობას

როგორც ვხედავთ, მმართველი ელიტური ჯგუფების პოზიციის თანახმად, ადგილობრივი (თვით)მმართველობის ორგანოების ქმედუნარიანობა ეჭვს არ უნდა იწვევდეს. თუმცა რიგითი მოქალაქეები გამოკითხვისას ადგილობრივი თვითმმართველობების უუნარობაზე საუბრობენ[25]. რესპონდენტთა უმეტესობის აზრით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები არასათანადოდ ასრულებენ მათ უშუალო ფუნქციას, რომელიც, პირველ რიგში, მუნიციპალურ დონეზე საჯარო სერვისების უზრუნველყოფას გულისხმობს. მრავალ ქალაქსა და სოფელში არ არსებობს გამართული წყალმომარაგების, კანალიზაციისა და დასუფთავების სისტემები. იგივე ეხება ბუნებრივი აირით მომარაგების, საგზაო ინფრასტრუქტურისა და საჯარო ტრანსპორტის სფეროებსაც. მოსახლეობის მოთხოვნებზე ცენტრალური და ადგილობრივი მმართველი ორგანოები, ფაქტობრივად, არ რეაგირებენ. ამგვარი პასიურობა განპირობებულია მოქმედების იმ შეზღუდული სივრცით, რომლის ჩარჩოებსაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ცენტრალური ხელისუფლება უწესებს.

გამომდინარე იქიდან, რომ სომხეთში მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე პირდაპირი წესით ირჩევა, მოქალაქეების ინტერესების გატარების კუთხით მისი აქტიურობა აზერბაიჯანთან შედარებით მაღალი, თუმცა მაინც არასაკმარისია. რას უპირისპირებს ადგილობრივი მოსახლეობა ჩამოთვლილ ხარვეზებს? როგორ ცდილობენ მოქალაქეები არსებული პრობლემების შემცირებას და უფლებამოსილი ინსტიტუტებისგან საჭირო თანადგომის მოპოვებას?

ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ აზერბაიჯანში რესპონდენტთა 60% არ ენდობა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს[26]. განსაკუთრებული უნდობლობის ობიექტია საკრებულოები. მოსახლეობის ინფორმირებულობა, როგორც მათი ფუნქცია-მოვალეობების, ისე შემადგენლობის შესახებ, დაბალია[27]. საკრებულოებს არაკომპეტენტურად მიიჩნევენ და მათ მიმართ ყურადღების ხარისხიც მცირეა. მოსახლეობა მუნიციპალურ არჩევნებს არ აღიქვამს ადგილობრივ საჭიროებებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობად. გარდა ამისა, პრობლემების წარმოშობის შემთხვევაში საკრებულოსთვის მიმართვა გამონაკლისი უფროა, ვიდრე კანონზომიერება. საკრებულოებს გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდაზეც კი უარს ეუბნებიან.

მოსახლეობა ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებსაც, როგორც წესი, პასიურად ხვდება. ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოები საკრებულოებზე უფრო ქმედუნარიანად აღიქმება. ამავდროულად, რესპონდენტთა უმეტესობისთვის მისაღებია, რომ ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოები მოსახლეობის პრობლემების მიმართ ყურადღებას არ იჩენენ, რადგანაც ისინი ცენტრალურ ხელისუფლებაზე არიან დამოკიდებული. თუმცა ხსენებული ორგანო მოსახლეობას ქმედუნარიან ინსტანციად მიაჩნია, იმის მიუხედავადაც კი, რომ ფორმალური გზით მისთვის ხმის მიწვდენა შეუძლებელია. ადგილობრივ აღმასრულებელ ორგანოებს პროტესტით ან საჩივრით იშვიათად მიმართავენ, რადგან გამოკითხულთა თქმით, ამას კონფრონტაციული რეაქცია მოჰყვება. ზუსტად ამავეს უფრთხიან რესპონდენტები, როდესაც საქმე ცენტრალური ხელისუფლების უფრო ზემდგომი ინსტანციებისთვის მიმართვას ეხება. ამ შემთხვევაში, მოსახლეობის აზრით, მიმართვა კვლავ ადგილობრივი დონის მმართველ ორგანოებს დაუბრუნდება, რაც რეპრესიების მიზეზი შეიძლება გახდეს.

ინტერვიუებში იკვეთება, რომ მხოლოდ პირადი კავშირებისა და ურთიერთობების ხარჯზეა შესაძლებელი ადგილობრივი მმართველი ორგანოებისთვის ხმის მიწვდენა და, შესაბამისად, საკუთარი პრობლემების გადასაჭრელად მხარდაჭერის მოპოვება. ეს მუნიციპალიტეტებზე მეტად ადგილობრივ აღმასრულებელ ორგანოებს ეხება. პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში, პირველი, რასაც მოქალაქეები აკეთებენ, ისაა, რომ სამეზობლოში ეძებენ ადამიანებს, ვისაც კარგი ურთიერთობები აკავშირებს ამა თუ იმ უწყების ხელმძღვანელთან. ეს ურთიერთობა შეიძლება იყოს როგორც ნათესაური, ისე პროფესიულ ავტორიტეტთან დაკავშირებული. გამოსადეგი არიან ისეთი შუამავლებიც, ვინც იმის ხარჯზე სარგებლობს ავტორიტეტით, რომ საბჭოთა პერიოდში ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში მუშაობდა. თუმცა, ყოველთვის არც მათ შეუძლიათ დახმარება. 

როგორც წესი, მოსახლეობაში გაბატონებულია აზრი, რომ მდგომარეობა უკეთესობისაკენ კარდინალურად მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიცვლება, თუ ვინმე მოახერხებს მმართველ ელიტურ წრეში შემავალი ცალკეული პირების ყურადღების მიქცევას. თუმცა ამ კუთხით მოსახლეობას ნაკლები შესაძლებლობები აქვს. ქალაქის „უკეთესი“ უბნების მაცხოვრებლებს აქვთ იმის მოლოდინი, მათ უბანში პარლამენტის რომელიმე დეპუტატის დასახლებას უმალ მოჰყვება ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. გაუმჯობესება შედარებით ღარიბი რეგიონების შემთხვევაში გამოიხატება პრეზიდენტის ან მისი მეუღლის ვიზიტის წინ გზის საფარის განახლებაში.

2015 წელს ჩატარებული გამოკითხვები აჩვენებს, რომ პირადი კავშირების დახმარებით გამგეობების ჩართვას ადგილობრივ საჭიროებებთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში აქვს აზრი. ამ დროს გადამწყვეტ როლს თამაშობს გამგეობის ცალკეული თანამშრომლების მზაობა, შევიდნენ კონფლიქტში სახელმწიფოს ცენტრალურ უწყებებთან. მაგალითად, იყო შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთმა თანამშრომელმა დაარწმუნა სამეზობლო, მიემართათ საკრებულოსთვის გზის გაყვანის პეტიციით, რათა შესაბამისი სამშენებლო პროექტის დასაჩქარებლად მყარი მანდატი მოეპოვებინა. ამის შემდეგ ის შეეცადა, კონკრეტული ქმედებების შესასრულებლად ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოებისთვის მიეცა ბიძგი. თუმცა ამ უკანასკნელთა რეაქცია კონფრონტაციული აღმოჩნდა: მას ნათლად განუმარტეს, რომ სახელმწიფო მოხელე ამგვარი ინიციატივით კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა საკრებულოში მის თანამდებობაზე ყოფნის ფაქტს.

გამომდინარე იქიდან, რომ მოქალაქეები ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს ხმას, როგორც წესი, ვერ აწვდენენ, ისინი იძულებული არიან, თვითონვე იზრუნონ საკუთარ თავზე: აგროვებენ ფულს ხელოსნების დასაქირავებლად და თვითონვე მიუთითებენ, თუ რა არის გასაკეთებელი. იმ შემთხვევებში, როდესაც დიდ თანხებზეა ლაპარაკი, ხდება სამშენებლო მასალის შეძენა, უშუალოდ მშენებლობას კი მოსახლეობა საკუთარი ძალებით ახორციელებს. ასე, მაგალითად, სამეზობლოს მსგავსი ინიციატივის წყალობით ბაქოს გარეუბანში მოხერხდა საკანალიზაციო სისტემის გამართვა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდა დასახლებიდან საკანალიზაციო წყლის 200 მეტრის მანძილზე გარიდება. თუმცა ამგვარ ინიციატივებს ვერ განვიხილავთ პრობლემის ადეკვატურ გადაწყვეტად. ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე, რომლებიც ისე მტკივნეულად არ აღიქმება, როგორც, მაგალითად, მოშლილი საკანალიზაციო სისტემა, მოსახლეობა ნაკლები აქტიურობით რეაგირებს. მაგალითად შეიძლება გამოდგეს ერთ-ერთი პატარა ქალაქის შემთხვევა, სადაც წყალმომარაგების სისტემის არარსებობის გამო რამდენიმე უბანს სასმელი წყალი საერთოდ არ მიეწოდება. წყალსადენის გაყვანის ნაცვლად, ხსენებულ უბნებში კონკრეტული გრაფიკის მიხედვით მოძრაობს ავტოცისტერნა, რომელსაც მოსახლეობასთან სასმელი წყალი მიაქვს. ხალხი ამ ყველაფერთან შეგუებულია. ერთადერთი, რისი ორგანიზებაც მოხერხდა, ისაა, რომ ადამიანები, ვისი სამუშაო განრიგიც წყლის განაწილების გრაფიკს ემთხვევა, სასმელი წყლის გარეშე არ დარჩნენ. კითხვას, თუ რატომ ურიგდებიან ამგვარ მდგომარეობას, მოქალაქეები პასუხობენ, რომ საბჭოთა კავშირის დროსაც ასე იყო.

სომხეთში მუნიციპალიტეტების აღქმადობა უფრო მაღალია, რადგან ცენტრალური ხელისუფლების ორგანოები, ფორმალურად მაინც, კომუნალურ დონეს არ ეხებიან. მოსახლეობა კი საკრებულოებთან, როგორც წესი, მათთვის ხელსაყრელი პასიურობით ურთიერთობს. საკრებულოები წინააღმდეგობრივი რეპუტაციით სარგებლობენ: წარმომადგენლობითმა კვლევებმა აჩვენა, რომ მოსახლეობა, ერთი მხრივ, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს გაცილებით მეტად ენდობა, ვიდრე ცენტრალურ ხელისუფლებას. განსხვავება განსაკუთრებით თვალში საცემი სოფლის რეგიონებშია, სადაც მოსახლეობის 55 პროცენტი ენდობა ადგილობრივ თვითმმართველობას, თუმცა მხოლოდ 15 პროცენტი - მთავრობას და პრეზიდენტს[28]. ამგვარი განწყობა იმით აიხსნება, რომ მოსახლეობის აზრით, საკრებულოებს მხოლოდ ნაწილობრივ ეკისრებათ ადგილობრივ საჭიროებებზე ზრუნვის ვალდებულება. მოყვანილი სურათი რეალურად არ ასახავს საკრებულოების პრაქტიკულ მნიშვნელობას მოქალაქეებისთვის. რესპონდენტთა უმეტესობა ადგილობრივ დონეზე არსებული პრობლემების მოუგვარებლობისთვის პასუხისმგებლობას სწორედ ცენტრალურ ხელისუფლებას აკისრებს. მათი აზრით, ადგილობრივ საჭიროებებზე ზრუნვა ცენტრალური მთავრობის პირად ინტერესებში არ შედის. იგივეს მოისმენთ ადგილობრივ თვითმმართველობებთან დაკავშირებითაც. განსაკუთრებით ქალაქებშია გავრცელებული პოზიცია, რომლის მიხედვითაც საკრებულოში თანამდებობაზე მოხვედრის ერთადერთ მოტივს რეპუტაციასთან დაკავშირებული სარგებლის მიღება და რესურსებთან წვდომის მოპოვებაა. ამასთან, უაღრესად მნიშვნელოვანია, თუ რომელი თანამდებობა უკავია ადამიანს - თავმჯდომარისა, თუ საბჭოს წევრისა, - ვინაიდან პრესტიჟულობის ხარიხსიც, შესაბამისად,  ძალზე განსხვავებულია. საბჭო ნაკლებად ხვდება ყურადღების ცენტრში, შესაბამისად, მოსახლეობაც თითქმის არასოდეს იყენებს კონსულტაციის მიზნით საბჭოს წევრისთვის მიმართვის შეთავაზებას.

ითვლება, რომ საკრებულოს თავმჯდომარე გავლენიანი ადამიანია. თუმცა ის თავის გავლენას ახორციელებს არა თანამდებობრივად, არამედ პიროვნულად. რეგიონულ და ცენტრალურ დონეზე თავმჯდომარის პიროვნული გავლენაა, სწორედ, გადამწყვეტი ფაქტორი, როდესაც საქმე საკრებულოს ქმედუნარიანობას ეხება. ეს კი განსაკუთრებით მცირე თემების მოსახლეებისთვისაა მოტივატორი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. ირჩევენ კანდიდატებს უახლოესი გარემოცვიდან, რომლებსაც რეგიონის გამგებელთან და სახელმწიფოს სხვა წარმომადგენლებთან რაიმე სახის ურთიერთობა აკავშირებთ[29]. თუ ისე მოხდა, რომ არსებული პრობლემების გამო საქმე მასობრივ საპროტესტო აქციებამდე მივიდა, პროტესტის ადრესატები - ეს კი, პირველ რიგში, სოფლებს ეხება, - მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში იქნებიან მუნიციპალიტეტების თავმჯდომარეები, რადგან სწორედ ისინი აკონტროლებენ მოსახლეობის ფართო წრეს.

ნაცნობთა წრე პრევენციის ინსტრუმენტადაც გამოიყენება, რათა მოსახლეობამ არ მიმართოს უშუალოდ ცენტრალური ხელისუფლების ინსტანციებს, მაგალითად რეგიონის გუბერნატორს, რადგანაც ამ ნაბიჯით, შესაძლოა, ჩრდილი მიადგეს თავმჯდომარის რეპუტაციას. მაშინ, როდესაც აზერბაიჯანის მოსახლეობისთვის უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ოფიციალურ უწყებებთან დაშვების არაფორმალური გზით მოპოვება, სომხეთის მოსახლეობა საკრებულოების ძალაუფლების გამყარებას პირადი კავშირებისა და სხვა არაფორმალური პრაქტიკების საშუალებით ცდილობს. ამის მიუხედავად საკრებულოს თავმჯდომარე, შესაძლოა, არ განიხილებოდეს მოსახლეობის წარმომადგენლად. მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანწილად მისაღებია, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს, ადგილობრივ დონეზე, პირველ რიგში, ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნების განხორციელება უწევს. ის, უკეთეს შემთხვევაში, განიხილება როგორც შუამავალი სახელმწიფოსა და მოსახლეობას შორის[30]. როდესაც საქმე პრობლემების მოგვარებას ეხება, საკრებულოს თავმჯდომარეს, უპირველესად, მისი გარემოცვის ან ნაცნობთა წრის წარმომადგენლები მიმართავენ. თუმცა ამ შემთხვევაშიც, მისი ცენტრალურ ხელისუფლებაზე დამოკიდებულების გამო, თავმჯდომარეს არ შეუძლია დახმარების გაწევის ცალსახა გარანტიების მიცემა.

ამის შედეგია ის, რომ მოსახლეობა იძულებულია თვითორგანიზების გზას მიმართოს. გამოკითხვისას მცირე ქალაქებში მცხოვრებმა ზოგიერთმა რესპონდენტმა ისიც კი აღნიშნა, რომ პრობლემების მოსაგვარებლად ოფიციალური უწყებების ჩართვას კერძო საზოგადოებრივ ინიციატივებს ამჯობინებენ. ამგვარი ინიციატივების ფარგლებში ხან ქალაქის საცხოვრებელი კორპუსების სახურავებს არემონტებენ, ხან მცირე ქალაქებსა და სოფლებში ბუნებრივი აირის და წყლის კომუნიკაციები მოჰყავთ წესრიგში, რისთვისაც სამეზობლოში ფულს აგროვებენ და მუშახელს თვითონვე ქირაობენ, ხანაც საკუთარი ხელით ასრულებენ ყველა საჭირო სამუშაოს. თუმცა ამგვარ კერძო ინიციატივებსაც აქვს საზღვარი. რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ ამგვარი აქტივობები შესაძლოა სამეზობლოში კონფლიქტების მიზეზადაც იქცეს, თუმცა, პირველ რიგში, ხაზს უსვამენ იმას, რომ პირადი ინიციატივით მოქმედების არეალი უაღრესად ვიწროა. მაგალითისთვის, პირადი სახსრებით და საზოგადოების ჩართულობით ერთ-ერთმა სოფლის თემმა მოახერხა წყალმომარაგების სისტემის საჭირო მოცულობით გაფართოება, თუმცა მათ წყლის მიწოდება შეუწყვიტეს. შედეგად, წყლის მილებიც ცარიელია.

ამგვარ პროექტებს წარმატების მეტი შანსი აქვთ, თუ მათი ინიცირება საკრებულოს თავმჯდომარეების მიერ ხდება. ამ უკანასკნელთ არა მარტო მოსახლეობის მობილიზება შეუძლიათ, არამედ, ამავე დროს გავლენა აქვთ მთავრობაზე. თავმჯდომარეების მიერ ინიცირებული მსგავსი პროექტების ფარგლებში ხდება საბჭოთა კავშირისთვის ტიპური „შაბათობების“ ტრადიციის გაგრძელება. ცენტრალური უწყების პირველი მოწოდებისთანავე მოქალაქეები ერთ გუნდად იწყებენ წყალმომარაგების არხების დასუფთავებას, ან გზების მცირე დეფექტების აღმოფხვრას[31]. ხსენებული ფენომენი, უპირატესად, მცირე სოფლებში იჩენს თავს. ხსენებული ტიპის აქტივობები დასაშვებადაა მიჩნეული, პირველ რიგში, საკრებულოების შეზღუდული ბიუჯეტიდან გამომდინარე. აზებაიჯანისგან განსხვავებით, სომეხი რესპონდენტებიდან არცერთს არ ჰქონია მცდელობა, გაემართლებინა ცენტრალური ხელისუფლების მიერ ადგილობრივი ინსფრასტრუქტურის გასაჯანსაღებლად გამოყოფილი თანხების სიმწირე.

შედეგები პოლიტიკური რეჟიმის სტაბილურობის თვალსაზრისით

დასავლეთევროპული მოდელის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შექმნას დღემდე არც სომხეთში და არც აზერბაიჯანში არ მოჰყოლია არავითარი პოზიტიური ასახვა მმართველი ელიტური ჯგუფებისა და მოსახლეობის ურთიერთდაახლოებაზე. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამოქმედო სივრცე სწორედ მმართველი რეჟიმების მიერ განისაზღვრება, რომლებიც სხვადასხვა დოზით ეფუძნებიან არაფორმალურ სახელისუფლებო ქსელებს, ზღუდავენ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს და რეპრესიების პრაქტიკას მიმართავენ.

თვითმმართველობის ორგანოები კარგავენ ადგილობრივ საჭიროებებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოსახლეობის ჩართვის პოტენციალს. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა აზერბაიჯანში, რადგან საკრებულოებს მმართველი ელიტა აქ უფრო მკაცრად აკონტროლებს, ნებისმიერი ფორმის ოპოზიციას უპირისპირდება და ხშირად რეპრესიებსაც მიმართავს. სახელმწიფოს ცენტრალური უწყებები ადგილობრივ დონეზე კონფრონტაციულად და რესტრიქციულად მოქმედებენ, ხელს უწყობენ რა საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის კომუნიკაციის პროცესის პარალიზებას. სომხეთში სახელმწიფო უწყებები მცირე ტერიტორიულ ერთეულებში თითქმის უხილავია, მათთვის ხმის მიწვდენაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. ეს, ბუნებრივია, აისახება მოსახლეობის მხრიდან მთავრობის მხარდაჭერაზე, მით უმეტეს, გაუმართავი ტექნიკური და სოციალური ინფრასტრუქტურით გამოწვეული უკმაყოფილების პირობებში.

გამოკითხვები აჩვენებს, რომ მოსახლეობა, მართალია, არსებულ პრობლემებზე პასუხისმგებლობას მმართველ ელიტას აკისრებს, თუმცა ხელისუფლების ან, საერთოდ, რეჟიმის ცვლილება მაინც არ გაინიხილება მდგომარეობის გაუმჯობესების პერსპექტივად. სომხეთში მმართველი ელიტა გარკვეული დოზით უშვებს მასობრივი პროტესტის აქციებს, რითიც უკმაყოფილო მოსახლეობას ორთქლის გამოშვების საშუალებას აძლევს. 2015 წლის ივნისის საპროტესტო გამოსვლებს ერევანში მოსახლეობის ფართო მხარდაჭერა მოჰყვა, თუმცა მანამ, ვიდრე ქვეყნის სტაბილურობას არ შეექმნა საფრთხე[32]. ამგარ დამოკიდებულებას ხშირად ამართლებენ მომარაგებასთან დაკავშირებული იმ მწარე გამოცდილებით, რომელიც ქვეყანამ მთიანი ყარაბაღის ომის დაწყების შემდეგ იწვნია. გამოკითხულთა თქმით, ამგვარი მძიმე მდგომარეობა აღარ უნდა იქნეს დაშვებული.

ორთქლის გამოშვების მსგავსი ალტერნატივა არ არსებობს აზერბაიჯანში, სადაც მმართველი რეჟიმი პროტესტის ნებისმიერ ღია ფორმას რეპრესიებს უპირისპირებს. დღესდღეობით მოსახლეობის დიდი ნაწილი ეთანხმება იდეას, რომელზეც მთავრობა მუდმივად აპელირებს, კერძოდ კი პოზიციას, რომლის მიხედვითაც ქვეყნის პოლიტიკის უზენაეს მიზანს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება წარმოადგენს[33]. გამოკითხვები ცხადყოფს, რომ ამ ფონზე მოსახლეობისთვის მისაღებია, რომ ადგილობრივი დონის საჭიროებები მთავრობის მიერ ნაკლებად პრიორიტეტულ ამოცანად აღიქმება. ის, თუ რამდენად დიდხანს იმუშავებს ხსენებული არგუმენტი, მომავალი გვიჩვენებს.


[1] Aytan Gahramanova: Internal and External Factors in the Democratization of Azerbaijan, in: Democratization, 4/2009, გვ. 777–803.        Anar Valiyev: Parliamentary Elections in Azerbaijan. A Failed Revolution, in: Problems of Post-Communist Studies, 3/2006, გვ.: 17–35. Christoph Stefes: Governance, the State, and Systemic Corruption, in: Caucasian Review of International Affairs, 2/2008, გვ. 73–83.

[2] Anja Franke, Andrea Gawrich, Gurban Alakbarov: Kazakhstan and Azerbaijan as Post-Soviet Rentier States: Resource Incomes and Autocracy as a „Double Curse“ in Post-Soviet Regimes, in: Europe-Asia Studies, 1/2009, გვ. 109–140, აქ გვ. 129.

[3] UNDP: Human Development Report 2014, Azerbaijan, http://hdr.undp.org/sites/all/themes/hdr_theme/country-notes/AZE.pdf

[4] Matthias Luecke, Natalia Trofimenko: Whither Oil Money? Redistribution of Oil Revenue in Azerbaijan, in: Boris Najman, Richard Pomfret, Gaël Raballand (Hg.): The Economics and Politics of Oil in the Caspian Basin. London 2008, გვ. 132–156, აქ გვ. 134. Ramil Maharramov: Petroleum-Fuelled Public Investment in Azerbaijan: Implications for Competitiveness and Employment, in: Indra Overland, Heidi Kjaernet, Andrea Kendel-Taylor (Hg.): Caspian Energy Politics. Azerbaijan, Kazakhstan and Turkmenistan. London 2010, გვ. 38–59, აქ გვ. 49.

[5] Farid Guliyev: Post-Soviet Azerbaijan: Transition to Sultanistic Semiauthoritarianism? An Attempt at Conceptualization, in: Demokratizatsiya, 3/2005, გვ. 393–435, აქ გვ. 419. Henry Hale: Patronal Politics. Eurasian Regime Dynamics in Comparative Perspective. Cambridge 2015, გვ. 31–34.

[6] Douglass North, John Wallis, Barry Weingast: Violence and Social Orders. A Conceptual Framework for Interpreting Recorded Human History. Cambridge 2009, გვ. 20.

[7] 2015 წელს ISSICEU-ს კვლევითი პროექტის ფარგლებში ჩატარებული ხარისხობრივი გამოკითხვა-ინტერვიუები სომხეთის და აზერბაიჯანის ქალაქებსა და სოფლებში.

[8] 2015 წელს ISSICEU-ს კვლევითი პროექტის ფარგლებში ჩატარებული გამოკითხვა-ინტერვიუები ადგილობრივი მმართველობის ექსპერტებთან და მოსახლეობის წარმომადგენლებთან სომხეთსა და აზერბაიჯანში.

[9] CoC Congress of Local and Regional Authorities includes Azerbaijan in list of countries suffering from separatism, in: APA, 16.10.2014, http://en.apa.az/xeber_coe_congress_of_local_and_regional_autho_217733.html .

[10] Samuel Coxon: Assessment of Armenian Local Government Corruption Potential, in: Public Administration and Development, 29/2009, გვ. 193–203, აქ გვ. 195. სომხეთში, 2015 წლის ზაფხულში ავტორის მიერ ჩატარებული ინტერვიუები ადგილობრივი თვითმმართველობის ექსპერტებთან და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ადასტურებს ამ ინფორმაციას.

[11] David Tumanyan: Local Self-Government in Armenia. Yerevan 2012, გვ. 113.

[12] ავტორის მიერ ჩატარებული ინტერვიუები  აზერბაიჯანის ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლებთან 2015 წლის გაზაფხულზე.

[13] North და სხვები, Violence [იხ. კომენტარი 7], გვ.35.

[14] Abil Bayramov, Rovshan Agayev, Rajab Imanov: Assessment of Conformity of Organizational and Operational Aspects of Municipalities in Azerbaijan with Principles and Requirements of European Charter. Baku 2011, გვ. 16; Rovshan Agayev, Gubad Ibadoglu, Ayding Aslanov: Strengthening Municipalities in Azerbaijan. Baku 2007, გვ. 34.

[15] Anar Valiyev: Local Governments in Azerbaijan: A Long Way to Go, in: Caucasus Analytical Digest, 74/2015, გვ. 7–9, აქ გვ. 8.

[16] Bayramov, Assessment of Conformity [იხ. კომენტარი 15], გვ. 17;  Gubad Ibadoglu: Problems of Fiscal Equalization and Decentralization of Local Governments in Azerbaijan. Baku 2006, გვ. 5–7.

[17] ავტორის მიერ ჩატარებული ინტერვიუები ადგილობრივი მმართველობის ექსპერტებთან და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან აზერბაიჯანში 2015 წლის გაზაფხულზე.

[18] Agayev და სხვები: Strengthening [იხ. კომენტარი 15], გვ. 15; Anar Valiyev: The Post-Communits Growth Machine: The Case of Baku, Azerbaijan, in: Cities, 41/2014, გვ. 45–53, აქ გვ. 46.

[19] ავტორის მიერ ჩატარებული ინტერვიუები ადგილობრივი მმართველობის ექსპერტებთან და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან აზერბაიჯანში 2015 წლის გაზაფხულზე.

[20] აზერბაიჯანში 2015 წელს ISSICEU-ს კვლევითი პროექტის ფარგლებში ჩატარებული  გამოკითხვა-ინტერვიუები.

[21] The Law of the Republic of Armenia on Local Self-Government, 7.5.2002, www.parliament.am/legislation.php?sel=show&ID=1305&lang=eng 

[22] David Tumanyan: Fiscal Equalization in Armenia. Yerevan 2005, გვ. 8;  Tatevik Margaryan: Phenomena of Informal Relations in the System of Local Governance in Armenia, in: Viktor Voronkov (Hg.): Changing Identities: Armenia, Azerbaijan, Georgia. Tbilisi 2011, გვ. 222–245, აქ გვ. 227.

[23] David Tumanyan: Local Government in Armenia, in: Igor Munteanu, Victor Popa (Hg.): Developing New Rules in the Old Environment. Budapest 2002, გვ. 323–370, აქ გვ. 356;  ავტორის მიერ ჩატარებული ინტერვიუები ადგილობრივი მმართველობის ექსპერტებთან სომხეთში, 2015 წლის გაზაფხულზე.

[24] Margaryan, Phenomena [იხ. კომენტარი 23], გვ. 228;  Tumanyan, Local Self-Government [იხ. კომენტარი 12], გვ. 199;  Babken Babajanian: Social Capital and Community Participation in Post-Soviet Armenia: Implications for Policy and Practice, in: Europe-Asia Studies, 8/2008, გვ. 1299– 1319, აქ გვ. 1313.

[25] 2015 წელს ISSICEU-ს კვლევითი პროექტის ფარგლებში ჩატარებული  ხარისხობრივი გამოკითხვა-ინტერვიუები სომხეთის და აზერბაიჯანის ქალაქებსა და სოფლებში.

[26] Caucasus Barometer 2013, Regional Dataset, http://caucasusbarometer.org/en/cb2013/TRULOCG-withoutdkra

[27] Fikret Elma: Local Governance and Municipality in Azerbaijan: Case of Baku and Its Surroundings, in: The Journal of Faculty of Economics and Administrative Sciences, Suleyman Demirel University, 2/2013, გვ. 163–186, აქ გვ. 171–174.

[28] Margaryan, Phenomena [იხ. კომენტარი 23], გვ. 229.

[29] Tumanyan, Local Government [იხ. კომენტარი 24], გვ. 354. Margaryan, Phenomena [იხ კომენტარი 23], გვ. 236.

[30] Tumanyan, Local Government [იხ. კომენტარი 24], გვ. 354; Margaryan, Phenomena [იხ. კომენტარი 23], გვ. 236.

[31] Babajanian, Social Capital [იხ. კომენტარი 25], გვ. 1309.

[32] Zhanna Adreasyan, Georgi Derlugian: Fuel Protests in Armenia, in: New Left Review, 95/2015, გვ. 29–48, აქ გვ. 39