არასტაბილური მშვიდობა - მთიანი ყარაბაღი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცოტა ხნის წინ მიღწეულ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამხრეთ კავკასიის ამ ორი სახელმწიფოსთვის გადამწყვეტი გეოპოლიტიკური და შიდა პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. შტეფან მაისტერი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელი 10 პუნქტად აყალიბებს აღნიშნული შეთანხმების შედეგებს.

Zerstörte Schule Nr. 10 in Stepanakert/Bergkarabach

2020 წლის 10 ნოემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც რუსეთის შუამავლობით გახდა შესაძლებელი, ძირეულად ცვლის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გარშემო არსებულ სიტუაციას. სომხეთს უმოკლეს ვადაში მოუწევს აზერბაიჯანისთვის მთიანი ყარაბაღის გარშემო მდებარე, 1990 წლების დასაწყისში დაპყრობილი შვიდივე ადმინისტრაციული რაიონის დაბრუნება.

მთიანი ყარაბაღის სამხრეთით დაკავებული ტერიტორიებიც აზერბაიჯანის კონტროლქვეშ დარჩება, იგივე ეხება სტრატეგიული და ისტორიული მნიშვნელობის მქონე ქალაქ შუშას/ შუშის. მთიანი ყარაბაღის და სადავო რეგიონის და სომხეთის დამაკავშირებელი 5 კილომეტრის სიგანის სატრანზიტო დერეფნის უსაფრთხოებას 1960 რუსი მშვიდობისმყოფელი უზრუნველყოფს. ირანის საზღვრის გასწვრივ სომხეთი თავის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს დერეფანს, რომელიც აზერბაიჯანს მის ექსკლავს, ნახიჭევანს დაუკავშირებს. ხსენებულ მარშრუტს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფი სასაზღვრო ჯარის ქვედანაყოფები გააკონტროლებენ.

მართალია ომის აქტიური ფაზის - რომელიც მხარეებს სხვადასხვა შეფასების მიხედვით 5000-მდე ადამიანის სიცოცხლის ფასად დაუჯდათ - შეჩერება საერთო ჯამში მოხერხდა, თუმცა კონფლიქტი ახალ ფაზაში შედის, რადგანაც ჯერჯერობით დაურეგულირებელია ისეთი პრინციპული საკითხები, როგორიცაა, მაგალითად, მთიანი ყარაბაღის სტატუსი, ხოლო თავად ხელშეკრულება ახალ უთანხმოებებს აჩენს. ეს დამამცირებელი მარცხი პირველ რიგში სომხეთისთვის უკავშირდება უმძიმეს შიდაპოლიტიკურ შედეგებს, ქვეყნის სუვერენიტეტი კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

იკვეთება რეგიონში არსებული ძალთა ბალანსის გადანაცვლება რუსეთის და თურქეთის სასარგებლოდ, რაც ევროკავშირის და აშშ-ის როლის შემცირების ხარჯზე ხდება. მართალია, თურქეთი შეთანხმებას ხელს არ აწერს, თუმცა ანკარას როლი კულუარებში არსებითია. ასევე ისრაელმაც, აწოდებდა რა აზერბაიჯანს შეიარაღებას, არცთუ უმნიშვნელო წვლილი შეიტანა ამ უკანასკნელის გამარჯვებაში. ისრაელს, პირველ რიგში ირანზე გავლენის თვალსაზრისით საკუთარი ინტერესები ამოძრავებს.

ამასთან გრძელდება ყველა იმ მხარის მარგინალიზაცია, რომლებიც 25 წლის მანძილზე კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე მუშაობდნენ. ორ დაპირისპირებულ ხალხს შორის ნდობის აღდგენის საკითხი შეთანხმებაში არანაირი ფორმით არ ფიგურირებს. ქვემოთ გავაანალიზებთ ამ ომის და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების კვალდაკვალ დამდგარ 10 შედეგს, რომლებიც მასშტაბურ გავლენას იქონიებენ როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონზე, ისე ევროკავშირზე.

  1. რატომ მოხდა ეს ომი ახლა?

კონფლიქტის ბოლო ესკალაციაში თავანთი წვლილი მიუძღვით როგორც აზერბაიჯანს, ისე სომხეთს. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი არასოდეს არ ყოფილა „გაყინული“, ის ყოველთვის გამოირჩეოდა ესკალაციის პოტენციალით. ორივე სახელმწიფო აქტიურად იძენდა შეიარაღებას, ისე, რომ ისინი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მილიტარიზებული ქვეყნების რიგებში აღმოჩნდნენ. ეს, პირველ რიგში, აზერბაიჯანს ეხება, რომლის სამხედრო ბიუჯეტმაც ნავთობის და გაზის ექსპორტით მიღებული შემოსავლების ხარჯზე კოლოსალურ მასშტაბებს მიაღწია.[1]

მაშინ, როდესაც ერევნისთვის სტატუს-კვო სრულიად მისაღები იყო, აზერბაიჯანის ხელისუფლებას სულ უფრო უმყარდებოდა შთაბეჭდილება, რომ სომხეთი, საერთაშორისო თანამეგობრობის გამოკვეთილად გულგრილი დამოკიდებულების ფონზე, დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზებით და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანთა ჩამოსახლების პოლიტიკით აქტიურად აძლიერებდა საკუთარ პოზიციებს. 2018 წლის ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ ჩატარებული არჩევნების შედეგად სომხეთის სათავეში ნიკოლ ფაშინიანის მოსვლამ აზერბაიჯანში გარკვეული იმედები გააჩინა. პირველ რიგში ეს ეხებოდა კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით ფანჯრის გახსნას - ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი, მისი წინამორბედებისგან განსხვავებით, არ იყო წარმოშობით მთიანი ყარაბაღიდან. თუმცა ეს იმედები მალევე დაიმსხვრა. მართალია ნიკოლ ფაშინიანის თავდაპირველი ზომიერი ტონი იძლეოდა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ის სომხეთში დემოკრატიზაციის გაძლიერების მიზნით, ქვეყნის იზოლაციიდან გამოყვანას შეეცდებოდა. ამის მიუხედავად, მალევე გახდა ნათელი, რომ აზერბაიჯანთან კომპრომისის პოლიტიკური საზღაური არაპროპორციულად მაღალი იქნებოდა და ამ ნაბიჯით სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრი მის პოლიტიკური მოწინააღმდეგეებს თავდასხმებისთვის დამატებით ხელმოსაჭიდს მისცემდა.

ამგვარად ფაშინიანის თავდაპირველი შემრიგებლური რიტორიკა მალევე გადაიზარდა ჰარდლაინერის რიტორიკაში, რომელსაც უწევდა იმის დემონსტრირება, რომ ის მთიან ყარაბაღს მხარს უჭერს. უფრო მეტიც, ფაშინიანი სადავო რეგიონის სომხეთთან ინტეგრაციის იდეასაც კი აჟღერებდა.[2] ყველაზე გვიან 2020 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს შორის გამართული დისკუსიის შემდეგ გახდა ნათელი, რომ ქვეყნებს შორის გაუცხოების მასშტაბები კონფლიქტის მოგვარებას მხოლოდ შორეულ მომავალში თუ გახდიდა შესაძლებელს.[3]

ამავდროულად ილჰამ ალიევის რიტორიკა ქვეყანას ომისთვის ამზადებდა. გარდა ამისა, 2020 წლის ივლისში მოკლე სამხედრო ესკალაციის შემდეგ, რომელსაც მაღალი რანგის ოფიცერი ემსხვერპლა, ალიევმა დაინახა, რომ ქვეყანაში მძლავრი ნაციონალისტური დინამიკა იკვეთებოდა, რომელიც შეიძლებოდა სწრაფადვე გადაზრდილიყო დემონსტრაციებში, რაც ალიევის ლეგიტიმურობას კითხვის ქვეშ დააყენებდა.

  1. რა იყო ამ ომში თურქეთის როლი?

თურქეთის მხრიდან აზერბაიჯანის მხარდაჭერამ ამ კონფლიქტში თამაშის წესები შეცვალა, რაც ბაქოს სამხედრო წარმატების საკვანძო ელემენტად იქცა. აზერბაიჯანი წლების მანძილზე ემზადებოდა ამ ომისთვის, იძენდა რა ყველაზე თანამედროვე სამხედრო დრონებს და მაღალპრეციზიულ შეიარაღებას.[4]

ამასთან თურქეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი სამხედრო წვრთნები არ იყო ერთადერთი დახმარება აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის  ამაღლების საქმეში. ანკარამ სამხედრო დრონების მიწოდებით და მათი ტექნიკური მომსახურებით ბაქოს სამხედრო უპირატესობის მნიშვნელოვანი წინაპირობა შეუქმნა. გარდა ამისა, არაერთი წყარო ადასტურებს აზერბაიჯანში თურქეთის დახმარებით ყველაზე ცოტა 2000 სირიელი მებრძოლის ფარულ შეყვანას, რამაც აზერბაიჯანის არმიის დარტყმითი შესაძლებლობები კიდევ უფრო აამაღლა.[5]

ამასთან თურქეთის მხრიდან აზერბაიჯანის მიმართ დაფიქსირებულმა უპირობო მხარდაჭერამ, რომელიც პრეზიდენტმა ერდოღანმა საერთაშორისო არენაზე არაერთხელ გააჟღერა, ბაქოს შეუქმნა განწყობა, რომ მას მხარში ჭეშმარიტი მოკავშირე ედგა. ამგვარი მიდგომა თურქეთის პრეზიდენტისთვის შიდაპოლიტიკური თვალსაზრისით მომგებიან ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან აზერბაიჯანის მხარდაჭერით მან ნაციონალისტურ წრეებში ქულების დაწერა შეძლო. თუმცა ერდოღანისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ მან მოახერხა რუსეთის გამოწვევა პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელიც ყოველთვის მოიაზრებოდა ამ უკანასკნელის გავლენის სფეროდ. ამით ანკარამ გაიმყარა პოზიციები მოსკოვთან მოლაპარაკებებში, მათ შორის სხვა, პირველ რიგში სირიის და ლიბიის კონფლიქტების კონტექსტშიც.

ანკარა და მოსკოვი მთელ რიგ კონფლიქტებში საპირისპირო პოზიციებზე დგანან (სირია, ლიბია, ქურთების საკითხი), შესაბამისად თურქეთის ხელისუფლებისთვის ვერ იქნებოდა მოსაწონი რუსეთის მცდელობა, შავი ზღვის რეგიონში ბალანსი თავის სასარგებლოდ გადაეხარა. ყარაბაღის კონფლიქტში ჩარევა იყო სიგნალი თურქეთის მხრიდან, რომ მას სამხრეთ კავკასიაში კვლავ გავლენიან მოთამაშედ ჩამოყალიბების პრეტენზია აქვს.

შეიძლება ითქვას, რომ მათ შორის ისეთი სახელმწიფოები, როგორებიცაა საქართველო და უკრაინა, თურქეთს სულ უფრო მეტად აღიქვამენ პოტენციურ მოკავშირედ შავი ზღვის რეგიონში რუსეთის დაბალანსების საქმეში. აზერბაიჯანის გამარჯვების შედეგად, ამავდროულად,  გამყარდა ბაქო-ანკარას ღერძი, რომელიც თურქეთს შესაძლებლობას აძლევს, მომავალშიც გაატაროს კასპიის ზღვის რესურსებზე ორიენტირებული ეკონომიკური და ენერგეტიკული ინტერესები.

  1. ნიშნავს თუ არა კონფლიქტის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულება რუსეთის გამარჯვებას?

რუსეთი ამ ომში გამარჯვებულიცაა და დამარცხებულიც, რადგან შეთანხმება ცხადყოფს, რომ მოსკოვი რჩება რეგიონში უსაფრთხოების პოლიტიკის თვალსაზრისით საკვანძო მოთამაშედ, თუმცა ასევე გამოიკვეთა, რომ თურქეთის სახით რეგიონში ახალი მოთამაშე ჩნდება.

იმის მიუხედავად, რომ თავდაპირველად ისეთი სურათი შეიქმნა, თითქოს რუსეთისთვის აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული თავდასხმა და ტერიტორიების სწრაფი დაკავება მოულოდნელი იყო, რეგიონში თითქმის 2000 „მშვიდობისმყოფლის“ განთავსებით კრემლმა მთიანი ყარაბაღს კონფლიქტში ახალი როლი მოირგო. ამასთან რუსეთის მოქმედებების შედეგად საბოლოოდ მოხდა ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მარგინალიზაცია და, შესაბამისად, რეგიონში აშშ-ის და საფრანგეთის / ევროკავშირის გავლენის კიდევ უფრო შემცირება.

რუსეთი არა მარტო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების გარანტად გამოდის, იძენს რა სომხეთის მფარველი ძალის სახით კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას, უფრო მეტიც - უკვე აზერბაიჯანსაც მოუწევს მთიან ყარაბაღში რუსეთის ყოფნასთან შეგუება. მოსკოვმა მოახერხა თურქეთის შეთანხმების მიღმა დატოვება, იმის გათვალისწინებითაც კი, რომ არსებული მონიტორინგის მექანიზმი თურქეთის ჩართულობას გულისხმობს.

მართალია, დათმობა, რომელიც რუსეთის კონტროლის ქვეშ, სომხეთის ტერიტორიაზე დერეფნის გატარებას გულისხმობს, თურქეთს აზერბაიჯანთან და, შესაბამისად, კასპიის ზღვასთან, უშუალოდ დაკავშირების საშუალებას აძლევს, აღნიშნული სატრანზიტო მარშრუტის ფუნქციონირება, ამავდროულად, რუსეთზეცაა დამოკიდებული. კრემლის ცინიკური უმოქმედობა ცხადყოფს, რომ მოსკოვსაც მხოლოდ შეზღუდული გავლენა აქვს კონფლიქტის მხარეებზე და მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, რომ რუსეთის მოკავშირე სომხეთს 1990-იანი წლების დასაწყისში დაპყრობილი ტერიტორიების უდიდესი ნაწილის აზერბაიჯანისთვის დათმობა მოუწევს.

  1. არის თუ არა რუსეთი სომხეთის მოკავშირე?

სომხეთს მოუწია თვალი გაესწორებინა ფაქტისთვის, რომ მას გასაჭირში ვერ ექნება ვერც დასავლური თანამეგობრობის იმედი და რომ ვერც რუსეთი ჩაითვლება მის მფარველ ძალად. მოსკოვის უმოქმედობა მანამ, ვიდრე სომხური მხარის დამარცხებამდე ფაქტობრივად აღარაფერი რჩებოდა და რუსეთის აქცენტირებულმა ნეიტრალიტეტმა სომხეთს იმედები გაუცრუა. იმის გათვალისწინებითაც კი, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის რეგულაციები მხოლოდ სომხეთის სახელმწიფო ტერიტორიაზე ვრცელდება, ნათელი გახდა, რომ რუსეთის მიერ მართული ეს პოსტსაბჭოთა ინსტიტუტიც უფრო მეტად მოსკოვის ნება-სურვილზე დამოკიდებული პოტიომკინისეული სოფლის ანალოგიური ორგანიზაციაა, ვიდრე კოლექტიურ დავდაცვაზე ორიენტირებული ქმედუნარიანი კოალიცია.

იმთავითვე წამოუდგენელი იქნებოდა, რომ ამ ომში სომხეთის მოკავშირებად ბელარუსი ან ყაზახეთი ჩაერთვებოდნენ. შესაბამისად, მოსკოვი თავად წყვეტს, თავისი უსაფრთხოების ორგანიზაციის მანტიას ამოფარებული, თუ როდის უნდა ჩაერთოს პროცესებში და როდის - არა. რუსეთის სამხედრო ყოფნა მთიან ყარაბაღში ისევე, როგორც ის ფაქტი, რომ სწორედ რუსეთი გააკონტროლებს სადავო რეგიონისა და სომხეთის დამაკავშირებელ სატრანზიტო მარშრუტს და აზერბაიჯანისა და ნახიჭევანის დამაკავშირებელ დერეფანს, სომხეთს კიდევ უფრო დამოკიდებულს ხდის მოსკოვის კეთილგანწყობაზე.

ამგვარად რუსეთი სომხეთის შიდა პოლიტიკაზე უფრო მეტ გავლენას მოიპოვებს. ადვილი დასაშვებია ისიც, რომ კრემლის მოლოდინის რეჟიმში ყოფნის მიზანს, მათ შორის, სომხეთის ხელისუფლებაში მასობრივი დემონსტრაციების და დემოკრატიული არჩევნების შედეგად მოსული პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის პოზიციების შერყევაც წარმოადგენდა. როგორც საკუთარ, ისე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ხელისუფლების ცვლილების ამგვარი სცენარი მოსკოვის ავტორიტარული რეჟიმის კოშმარული სიზმარია (იხ. ბელარუსში მიმდინარე პროცესები).

  1. რა მნიშვნელობა აქვს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სომხეთისათვის?

სომხეთისთვის აღნიშნული შეთანხმება კაპიტულაციის ტოლფასია, რომელიც არა მარტო ქვეყნის სუვერენიტეტს უთხრის ძირს, არამედ სახელმწიფოში დესტაბილიზაციის ხანგრძლივ პროცესსაც შეუწყობს ხელს. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერით ხავერდოვან რევოლუციასთან ასოცირებულმა პოლიტიკოსებმა და, პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, სომხეთის მრავალი მოქალაქის თვალში დისკრედიტაცია განიცადეს და გაუჭირდებათ ქვეყნის ხელისუფლებაში დარჩენა ხანგრძლივი პერიოდით.

მთიანი ყარაბაღიდან და მიმდებარე პროვინციებიდან წამოსული ლტოლვილთა ტალღა ისევე, როგორც დაბრუნებული სამხედროები სომხეთს მძიმე ტვირთად დააწვებიან, რაც, ერთი მხრივ, კიდევ უფრო დაასუსტებს ქვეყანას ფინანსურად, მეორე მხრივ კი საკუთარი საცხოვრისიდან აყრილი და იმედგაცრუებული ადამიანების სახით დესტაბილიზაციის გამომწვევ ფაქტორად იქცევა. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიცაა სომხეთი, უკვე დღევანდელი მონაცემებით არსებული 100 000 ლტოლვილის შენახვაც კი ფაქტობრივად გადაუჭრელ გამოწვევას წარმოადგენს.

ამასთან მთიანი ყარაბაღიდან გამოქცეული ადამიანების რიცხვი დღითიდღე მატულობს. დროის მოკლე მონაკვეთში, დაუგეგმავად ათიათასობით ადამიანის დევნილად ქცევით გამოწვეული ქაოსი და სახელმწიფოს უუნარობა, იზრუნოს საკუთარი სახლებიდან აყრილ ადამიანებზე, სომხეთის სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების ლეგიტიმაციას კიდევ უფრო მეტად გამოუთხრის ძირს. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ის მძიმე დარტყმა, რომელიც ქვეყანას კოვიდ-19-ის პანდემიამ მიაყენა. არსებობს ვარაუდები, რომ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის თითქმის ნახევარი ხსენებული ვირუსითაა ინფიცირებული.

ამ ყველაფერს ემატება დღეის მდგომარეობით სომხეთში ქმედუნარიანი პოლიტიკოსების არარსებობა, რომლებიც შეძლებდნენ ქვეყნისთვის რაიმე სახის პერსპექტივის შექმნას: ხელისუფლებაში ხავერდოვანი რევოლუციის შედეგად მოსულმა პოლიტიკოსებმა კრახი განიცადეს; დღეს არსებული სიტუაციის წარმოქმნაში ბრალეულობის თავიანთი წილი წინამორბედ ხელისუფლებებსაც მიუძღვით - მათი კორუმპირებულობის და სომხეთის არმიის სავალალო მდგომარეობაში ჩაგდების გამო.

  1. რა ბედი ეწევა მთიანი ყარაბაღის სტატუსს?

მთიანი ყარაბაღის გაურკვეველი სტატუსი კამათის თემად იქცევა, რომელიც კვლავ დარჩება სომხეთის საშინაო პოლიტიკის დღის წესრიგის აქტუალურ საკითხად და სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იქნება არასტაბილური სიტუაციის შენარჩუნების წინაპირობა. ესაა ღია ჭრილობა, რომელიც სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის მომავალშიც იარსებებს.

ამ მარცხის შემდეგ ნებისმიერი პასუხისმგებლიანი სომეხი პოლიტიკოსისთვის თუნდაც მცირედი კომპრომისის შესაძლებლობაც კი იმთავითვე გამორიცხულია. უაღრესად დაბალია იმის ალბათობა, რომ ამ ომის შემდეგ სომხები დაბრუნდებიან რუსი სამხედროების მიერ კონტროლირებად რეგიონში. მათ უკვე ვეღარ ექნებათ რუსეთის მხრიდან მფარველობის რეალური იმედი, გარდა ამისა, რთული წარმოსადგენია, თუ როგორ შეძლებენ ბოლო დროის მოვლენების შემდეგ სომხები და აზერბაიჯანელები ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრებას.

ღიად რჩება კითხვა, თუ რამდენად გაიზრდება ზეწოლა აზერბაიჯანის ხელისუფლებაზე, რათა მოხდეს დარჩენილი ტერიტორიების დაკავებაც. არც ის უნდა გამოირიცხოს, რომ ხსენებული შეთანხმება აზერბაიჯანისთვის მხოლოდ სტრატეგიულ პაუზას წარმოადგენს და რომ ბაქო ისარგებლებს სამხედრო უპირატესობით და შუშადან / შუშიდან 15 კმ-ით მოშორებულ დედაქალაქ სტეფანაკერტსაც დაიკავებს.

ნებისმიერ შემთხვევაში აზერბაიჯანი შეეცდება სრულად გაათამაშოს გამარჯვებულის უპირატესობა, რათა შემოიერთოს როგორც მთიანი ყარაბაღი, ისე მიმდებარე პროვინციები. ამ ყველაფრის თანამდევი პროცესი იქნება ადამიანების აყრა და განდევნა მათი საცხოვრებელი სახლებიდან და, შესაბამისად, კიდე უფრო მეტი სიძულვილი მეზობლის მიმართ. ბაქოს ფინანსური თვალსაზრისით საკმაოდ ძვირი დაუჯდება მის მიერ უკან დაბრუნებული  შვიდი ტერიტორიის ძირითადად დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენა , სადაც ის ასევე გეგმავს დაასახლოს დიდი ნაწილი იმ 700.000 იძულებით გადაადგილებული პირისა, რომლებსაც მოუწიათ თავიანთი სახლის დატოვება 1990-იანი წლების დასაწყისში.

  1. როგორ ახდენს საკუთარი თავის პოზიციონირებას ირანი?

სომხეთის ტერიტორიზე გამავალი დერეფანი, რომელიც აზერბაიჯანს მის ექსკლავ ნახიჭევანთან აკავშირებს, ასევე შეიცავს კონფლიქტის პოტენციალს - როგორც თურქეთის და აზერბაიჯანის მიერ ამ დერეფნით სარგებლობის, ისე ირანთან სამომავლო ურთიერთობების თვალსაზრისით. ირანი სომხეთის მნიშვნელოვანი მოკავშირეა როგორც ვაჭრობის, ისე ენერგეტიკის სფეროებში: პირველ რიგში აღსანიშნავია ირანისთვის გაზის სანაცვლოდ სომხური ელექტროენერგიის მიწოდება.

აქამდე ეს ერთადერთი შესაძლებლობა იყო სომხეთისთვის, თუნდაც ნაწილობრივ მაინც რომ შეემცირებინა ცალმხრივი ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოკიდებულება რუსეთზე. ირანის ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი კვლავაც იყოს წარმოდგენილი რეგიონში, რათა მის მეტოქეს, თურქეთს არ ჰქონდეს მეზობელ სახელმწიფოში დომინანტური პოზიციის მოპოვების საშუალება.

მართალია, ირანი აზერბაიჯანისთვის მთიანი ყარაბაღის მიმდებარე შვიდი რაიონის დაბრუნებას ითხოვდა, თუმცა თეირანი მიესალმება ფაქტს, რომ თურქეთის დახმარებით არ მოხდა მთიანი ყარაბაღის დაპყრობა და აღნიშნულ ტერიტორიას მინიმუმ 5 წლით რუსული ჯარი გააკონტროლებს.[6]

ამგვარად, ირანის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შეამცირებს თეირანზე განხორციელებულ შიდაპოლიტიკურ ზეწოლას ქვეყანაში მცხოვრები აზერბაიჯანული უმცირესობის მხრიდან (ირანის მოსახლეობის დაახლოებით 25%.. ხსენებულმა ჯგუფმა დემონსტრაციებიც კი მოაწყო, აზერბაიჯანის მხარდაჭერის მოთხოვნით).

  1. რას ნიშნავს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ევროკავშირისთვის და აშშ-სთვის?

ევროკავშირისთვის და აშშ-სთვის აღნიშნული შეთანხმება შეიძლება შეფასდეს როგორც სტაბილიზაციის, ნდობის ჩამოყალიბების და კონფლიქტების გადაჭრის პოლიტიკის მორიგი მარცხი. ეუთო-ს მინსკის ფორმატმა საბოლოოდ დაკარგა ფუნქციაც და ლეგიტიმურობაც. უდავოა, რომ აზერბაიჯანის გადმოსახედიდან თავიდანვე პრობლემური იყო ხსენებულ ფორმატში საფრანგეთის, რუსეთის და აშშ-ს თანათავმჯდომარეობა - სამი ქვეყნის, სადაც მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მაღალია მოსახლეობაში ეთნიკურად სომეხი უმცირესობის წილი.

ამის მიუხედავად, ბოლო წლებში მინსკის ფორმატის ფაგლებში, პირველ რიგში, საფრანგეთის და აშშ-ს მხრიდან გარკვეულმა დაღლილობამ იჩინა თავი, რამაც გამოიწვია ის, რომ ყველა მოლაპარაკებაში დომინანტურ როლს რუსეთი კისრულობდა. ამასთან კრემლი აღნიშნულ კონფლიქტს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებდა, მათ შორის კონფლიქტის ორივე მხარისთვის იარაღის მიწოდებით, რათა როგორც სომხეთი, ისე აზერბაიჯანი მასზე დამოკიდებულ მდგომარეობაში შეენარჩუნებინა.

იმ მოცემულობამ, რომ მხარეების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერა რუსეთმა მინსკის ფორმატის მიღმა, თურქეთთან კოორდინაციის პირობებში შეძლო, სრულიად ახალი რეალობის წინაშე დაგვაყენა: დასავლეთი ამ კონფლიქტში აღარანაირ როლს არ თამაშობს, რუსეთის ხელისუფლებას ანკარასთან უფრო მარტივად შეუძლია შეთანხმების მიღწევა, ვიდრე ვაშინგტონთან. თუმცა რეალური ტრაგედია სომხეთში სწორედ დემოკრატიულ ძალებთან მიმართებაში ხდება: მათ რიგებში სახეზეა ბრიუსელის და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უინტერესობით გამოწვეული უმძიმესი იმედგაცრუება.

ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ სომხეთი საკუთარ თავს ახალგაზრდა დემოკრატიად მოიაზრებდა, რომელიც სხვა, უპირველეს ყოვლისა, ევროპულ დემოკრატიებთან ცდილობდა დაახლოებას. ამ უკანასკნელებმა კი, სომხეთის გადმოსახედიდან, მის დასახმარებლად არ გამოავლინეს მცირედი ემპათია ან ინტერესიც კი. მხოლოდ ავტორიტარულ რუსეთს აღმოაჩნდა მზაობა, თავისი „მშვიდობისმყოფელებით“ გამოსულიყო თუნდაც უაღრესად მოწყვლადი მშვიდობის გარანტად.

ეს ყველაფერი გახდა არა მარტო დემოკრატიის და ევროკავშირის დისკრედიტაციის მიზეზი, ამავდროულად სომხეთის ხელისუფლების, პარლამენტის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმაც დაკარგეს რწმენა, რომლითაც ისინი ახალ, ევროპულ და დემოკრატიულ სომხეთს აშენებდნენ. ამასთანავე ზიანდება ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკაც, რადგან სწორედ სომხეთი მოიაზრებოდა ერთგვარ მოდელად, გამომდინარე იქიდან, რომ ის ერთდროულად როგორც ევროკავშირთან გაფორმებული ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმების (CEPA), ისე ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრია.

  1. რას ნიშნავს ეს ომი და შეთანხმება შერიგებისთვის?

პროცესების ამგვარი განვითარების შედეგად ყველაზე წაგებული სომხეთის სამოქალაქო სექტორი და ორივე ქვეყნის მშვიდობის აქტივისტები არიან. მნიშვნელოვნადაა გაზრდილი წნეხი სომხეთის სამოქალაქო სექტორზე, უპირველეს ყოვლისა იმ მოთამაშეებზე, რომლებიც დასავლურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობდნენ და აზერბაიჯანთან შერიგების ორმხრივ ფორმატებში უშუალოდ იყვნენ ჩართული.

ლაპარაკია არა მარტო იმაზე, რომ საზოგადოებრივ დებატებში ეს ჯგუფები მარგინალიზაციას განიცდიან, ამას ემატება ისიც, რომ ბოლო კვირების განმავლობაში სიძულვილის ენით, ვერბალური თუ ფიზიკური თავდასხმებით მათზე უმძიმესი ზეწოლა ხორციელდება. იგივე ეხება აზერბაიჯანსაც, სადაც გამარჯვებით გაღვივებული ნაციონალური ეიფორიის კვალდაკვალ, ყველა, ვინც მშვიდობას უჭერდა მხარს, მოღალატეებად არიან შერაცხული და სახელმწიფო უწყებების მხრიდანაც კი იდევნებიან.[7]

ყველა, ვინც შერიგებას უჭერდა მხარს, დამარცხდა, ორივე ქვეყნის დღევანდელ დისკურსში დომინირებენ ნაციონალისტები და ჰარდლაინერები. სწორედ ისინი განსაზღვრავენ მომდევნო წლების პოლიტიკურ დღის წესრიგს როგორც სომხეთში, ისე აზერბაიჯანში, რაც სამოქალაქო საზოგადოებას კიდევ უფრო დაასუსტებს და რეალურ მშვიდობას კიდევ უფრო შორეული მომავლის პერსპექტივად აქცევს.

ერევანში სოროსის ფონდზე და რადიო თავისუფლებაზე ორგანიზებული თავდასხმები ცხადყოფს, რომ სომხეთში მოქმედი დასავლური ინსტიტუტები, რომლებიც დემოკრატიას და პლურალიზმს უწყობენ ხელს, შესაძლოა ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდნენ.[8] რაც შეეხება აზერბაიჯანს, აქ ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემია იქცა ოპოზიციის ერთი ნაწილის წინააღმდეგ სისტემური რეპრესიების დაწყების საბაბად.[9]

პრეზიდენტ ალიევის ლეგიტიმაცია სამხედრო გამარჯვების ხარჯზე გაიზარდა, რაც მას კიდევ უფრო მეტ სივრცეს მისცემს, კრიტიკოსებზე წნეხის გასაძლიერებლად. ორ ქვეყანას შორის არსებული მტრობის პარადიგმა, რომელიც 1990-იანი წლებიდან მოყოლებული როგორც სომხეთში, ისე აზერბაიჯანში ნაციონალური იდენტობის ჩამოყალიბების პროცესის მნიშვნელოვანი შემადგენელია, მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება.

სომეხთა კოლექტიურ მეხსიერებაში ღრმადაა ფესვგამდგარი მე-20 საუკუნის დასაწყისში თურქების მიერ განხორციელებული გენოციდის ტრავმა. ბოლო ომის კონტექსტშიც შეუძლებელია, თურქეთი არ იქნას აღქმული აზერბაიჯანის მხარდამჭერ ძალად, რამაც შესაძლო გენოციდის ტრავმა კვლავ გაამწვავა.

  1. რა შედეგები დადგება ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისთვის?

ეს კონფლიქტი, რომლის მნიშვნელობაც ევროკავშირში სათანადოდ ვერ იქნა შეფასებული, არაერთ გეოპოლიტიკურ სიგნალს გზავნის და მისი ეფექტი სცდება სამხრეთ კავკასიას. რეგიონში თურქეთის შემოსვლა და ირანის გავლენის მოსალოდნელი ზრდა პოსტსაბჭოთა სივრცეში შემდგომი დეზინტეგრაციის წინაპირობას ქმნის.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით და „სამშვიდობო ჯარების“ დისლოცირებით რუსეთმა ყველას დაანახა, რომ ის სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით კვლავაც რჩება საკვანძო მოთამაშედ. თუმცა კრემლს სულ უფრო აქტიურად უწევს ისეთი ქვეყნებისგან მომდინარე გამოწვევებთან გამკლავება, როგორებიც არიან, მაგალითად, თურქეთი, ირანი და ჩინეთი. კრემლის პოლიტიკა, რომელიც კონფლიქტების მოგვარების ნაცვლად, მათ საკუთარ ინტერესებში გამოყენებას გულისხმობს, იმუშავებს იქამდე, სანამ რუსეთს ამ პოლიტიკის სამხედრო შემადგენლის უზრუნველსაყოფად საკმარისი რესურსები ექნება.

თურქეთმა მოიპოვა პირდაპირი წვდომა კასპიის ზღვაზე, რითიც მორიგი ნაბიჯი გადადგა მიზნისკენ, გახდეს კასპიის რეგიონში ენერგეტიკული ჰაბი. რუსული ნავთობის და გაზის იმპორტზე სულ უფრო კლებადი დამოკიდებულება და აზერბაიჯანთან სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობა ამყარებს თურქეთის პოზიციებს რუსეთთან მოლაპარაკებებში. ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა საქართველო და უკრაინა, ყურადღებით დააკვირდებიან, თუ რომელი მოთამაშეები შეძლებენ რეგიონში სამომავლოდ რუსეთის გავლენის დაბალანსებას. თურქეთი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს უკრაინასთან, დრონების მიწოდების თაობაზე.

ევროკავშირი არაა გეოპოლიტიკური მოთამაშე. მისი უმოქმედობის წყალობით ევროკავშირის სამეზობლოში როგორც სტაბილურობას, ისე განვითარებას სულ უფრო მეტად სხვა მოთამაშეები განსაზღვრავენ. ეს კი ქმნის მულტიპოლარული, არასტაბილური მსოფლიოს ჩამოყალიბების წინაპირობას, რადგან ევროკავშირის სამხრეთ და აღმოსავლეთ სამეზობლოდან აშშ-ს გასვლით ჩნდება ცარიელი სივრცეები, სადაც გავლენის მოსაპოვებლად ისეთი მოთამაშეები იბრძვიან, როგორებიც არიან რუსეთი, თურქეთი, საუდის არაბეთი და ირანი.

თუმცა იმ შემთხვევაშიც, თუკი ევროკავშირი პასიური დამკვირვებლის როლს დასჯერდება, მას მაინც მოუწევს სუსტ სახელმწიფოებში არსებული კონფლიქტების, ომების, დევნის და არასტაბილურობის შედეგებთან უშუალო კონფრონტაცია. ამავდროულად, ნდობა ევროკავშირის მიმართ როგორც საზოგადოებების, ისე დემოკრატიული მოთამაშეების მხრიდან მცირდება.

ევროკავშირის უმოქმედობა არსებითი ფაქტორია მის სამეზობლოში დემოკრატიის და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების შემდგომი შესუსტებისა და კანონის უზენაესობის ხარჯზე ძალის უზენაესობის დამკვიდრებისთვის. ამასთან ყველა მოთამაშემ უნდა გააცნობიეროს, რომ ჭეშმარიტი მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ნდობის ჩამოყალიბების და კომპრომისების გზითაა შესაძლებელი.

 

 

 


[1] SIPRI-ს მონაცემების თანახმად, აზერბაიჯანმა 2009-2018 წლებში სამხედრო მიზნებისთვის დაახლოებით 24 მილიარდი დოლარი დახარჯა. სომხეთმა იგივე პერიოდში სამხედრო მიზნებისთვის 4 მილიარდი დოლარი დახარჯა, თუმცა ის რუსეთისგან შეიარაღებას შეღავათიან ფასად  იძენდა. https://www.sipri.org/sites/default/files/SIPRI-Milex-data-1949-2019.xlsx

[2] Pashinyan calls for unification between Armenia and Karabakh, in: Eurasianet, 6.08.2019 https://eurasianet.org/pashinyan-calls-for-unification-between-armenia-and-karabakh

[3] Munich Security Conference, An update on Nagorno Karabakh, 

https://www.facebook.com/watch/live/?v=480692625931370&ref=external

[4] 2014-2018 წლებში აზერბაიჯანი ისრაელის იარაღის სიდიდით მეორე შემსყიდველი იყო. აზერბაიჯანზე ისრაელის შეიარაღების ექსპორტის 17% მოდიოდა. Trends in international arms trade, 2018, SIPRI factsheet, March 2019, https://www.sipri.org/sites/default/files/2019-03/fs_1903_at_2018.pdf

[5] Russian FM: 2000 Mideast militants fight in Nagorno-Karabakh, AP3.11.2020, https://apnews.com/article/2000-mideast-milliants-nagorno-karabakh-1d24df0044dc17f54ce4f45380505cf0, Deaths of Syrian mercenaries show how Turkey, Russia could get sucked into Nagorno-Karabakh conflict, Washington Post, 14.10.2020, https://www.washingtonpost.com/world/middle_east/azerbaijan-armenia-turkey-nagorno-karabakh/2020/10/13/2cdca1e6-08bf-11eb-8719-0df159d14794_story.html.

[6] How Iran sees the Nagorno-Karabakh truce, Eurasianet, 13.11.2020, https://eurasianet.org/perspectives-how-iran-views-the-nagorno-karabakh-truce.

[7] Azerbaijani Security Services ‘threatened to kill’ activist and family, OC-Media, 16.11.2020, https://oc-media.org/azerbaijani-security-services-threatened-to-kill-activist-and-family/

[8] Angry Mob Assaults Armenian Lawmaker, Threatens RFE/RL Bureau Following Nagorno-Karabakh Truce, RFE/RL, 10.11.2020, https://www.rferl.org/a/angry-mob-attacks-rfe-rl-s-armenia-office-amid-unrest-following-nagorno-karabakh-deal/30939895.html.

[9] Azerbaijan arrests opposition activists during Covid-19 outbreak, OC-Media, 24.03.2020, https://oc-media.org/azerbaijan-arrests-opposition-activists-during-covid-19-outbreak/.