ქვიარ გრძნობები
გამომცემლის წინათქმა
ქვიარ თეორიის ფუნქცია, ყველაზე გავრცელებული განსაზღვრების მიხედვით, ჰეტერონორმატიულობის გამუდმებული კრიტიკა და სექსუალობის არსებული, უკვე განსაზღვრული კატეგორიების გამოწვევის წინაშე დაყენებაა. ქვიარ თეორია საუბრობს ამ კატეგორიების მიერ წარმოებულ ბრძოლებსა და მათ სპეციფიკურობაზე, არასაყოველთაობაზე. ქვიარ თეორიამ ქვიარ აქტივიზმს შეუქმნა საფუძველი. ამ უკანასკნელმა კი მიზნად დაისახა, ნორმატიულობის მარწუხებთან ბრძოლის პარალელურად, უკვე არსებულ ლესბოსურ და გეი მოძრაობაში მოენიშნა ძალაუფლებრივი ურთიერთობები და პრივილეგიები; ემსჯელა მათ მიერ წამოყენებული მოთხოვნების მხოლოდ კონკრეტული ჯგუფებისთვის მოტანილ პოტენციურ თუ აშკარა სარგებელზე და წინ წამოეწია საკითხები, რომლებიც ამ ბრძოლების წარმოებისას, ისტორიულად, ყურადღების მიღმა რჩებოდა. ქვიარ თეორიამ დასვა კითხვა, მჩაგვრელი სისტემის რიგებში ჩაწერას ხომ არ გულისხმობდა, ნებსით თუ უნებლიეთ, მხოლოდ გათანაბრებისთვის ბრძოლა? მთავარი ხომ ისევ არსებული პატრიარქალური და ნორმატიული წესრიგისთვის ძირის გამოთხრა უნდა ყოფილიყო? ქვიარ თეორია, ფემინისტური თეორიის მსგავსად, საკუთარი გამოცდილების გადახედვით, კრიტიკით, ძიებით, ხშირად დამკვირვებლისთვის უხეში პირდაპირობით, ცვლილებაზე საუბრობს.
ქვიარ თეორიამ, დროთა განმავლობაში, დაინახა საჭიროება, ესაუბრა ქვიარ მარცხსა და ქვიარ გრძნობებზე. მსგავსი ცოდნების წარმოება და ამ მიმართულებით დისკუსიის წამოწყება გარდაუვალიც კი აღმოჩნდა. ქვიარ თეორეტიკოსები ალაპარაკდნენ დეპრესიასა და ემოციებზე, ბედნიერების არსზე, იმედზე, იმგვარ ოპტიმიზმზე, რომელიც ბარიერად იქცევა წარმოსახული მომავლისთვის; მუდმივი საფრთხის განცდაზე, რომელიც თან სდევს ქვიარ ყოფას და განსაზღვრავს და კეტავს მას; ალაპარაკდნენ ქვიარ მოძრაობებში წარმატებისკენ ლტოლვის, რეალიზებასა და რეპროდუქციაზე დამყარებული ყოფის პრობლემურობაზე, რაც იმ გარემოსა და ძალაუფლებრივი ურთიერთობების გამოძახილია, რომელშიც ვცხოვრობთ.
პუბლიკაციაში თავმოყრილია ქვიარ და ფემინისტი თეორეტიკოსების, ივ კოსოვსკი სეჯვიკის, ოდრი ლორდის, ხოსე ესტებან მუნოზის, ენ ცვეტკოვიჩის, სარა აჰმედის, ლორენ ბერლანტის, დინ სპეიდის ტექსტების თარგმანები. მკითხველი დაინახავს, თუ როგორ იკვრება და იკვეთება ზემოთ ჩამოთვლილი თემები ამ ტექსტებში და ტოვებს ფასდაუდებელ სივრცეს კრიტიკისთვის, ქვიარ ბრძოლის სტრატეგიების გადააზრებისთვის.
აუცილებელია აღინიშნოს, რომ ფემინისტური და ქვიარ ტექსტების თარგმნის ტრადიცია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისისთვის გულისხმობს იმ ფემინისტი და ქვიარ ექსპერტების, მკვლევრების მხარდაჭერასაც, რომლებიც მუშაობდნენ თარგმანებზე, აზუსტებდნენ ტერმინებს და განჭვრეტდნენ, თუ რამხელა წვლილი შეიძლება იყოს ესა თუ ის ტექსტი აკადემიურ სივრცეებში ფემინისტური აზრის, თეორიის და ტერმინოლოგიის შეტანისა და დამკვიდრებისთვის.
წიგნში შესული ტექსტები ითარგმნა სალომე ქინქლაძის, ნარგიზა არჯევანიძის, ანა ილურიძის, ლაშა ქავთარაძის, მარიამ ქაჯაიასა და ნუკრი ტაბიძის მიერ. სამეცნიერო რედაქტორი, ანა რეხვიაშვილი თავდაუზოგავად მუშაობდა როგორც წიგნის კონცეფციის შემუშავებაზე, ასევე წიგნზე მუშაობის ყოველ ეტაპზე. ფასდაუდებელია ის შრომა და თანამშრომლობა, რომელიც მან, მთარგმნელებმა და ენობრივმა რედაქტორმა გასწიეს წიგნის ამ ფორმით მკითხველამდე მიტანისთვის.
ვიმედოვნებთ, რომ ქართულ ენაზე არსებული ქვიარ თეორიის ტექსტების გამრავალფეროვნება ამ საკითხებზე ადგილობრივი დისკუსიების წამოწყებისა თუ გაღრმავებისთვის, კვლევებისა და სტატიების შექმნისთვის და მთლიანად, დღის წესრიგის ფორმირებისა და წარმართვისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.
შტეფან მაისტერი მარიამ ჭანჭალეიშვილი დირექტორი პროგრამის კოორდინატორი
Product details
Table of contents
გამომცემლის წინათქმა
შესავალი /ანა რეხვიაშვილი/
პარანოიდული კითხვა და რეპარაციული კითხვა. ან - შენ ისეთი პარანოია გაქვს, რომ გგონია, ეს სტატია შენზეა /ივ კოსოვსკი სეჯვიკი/
უტოპიის განცდა /ხოსე ესტებან მუნოზი/
ეროტიზმის გამოყენება: ეროტიკულობა, როგორც ძალა /ოდრი ლორდი/
სიხარულის ჩაშხამება ფემინისტურად - ფემინიზმი და ბედნიერების ისტორია /სარა აჰმედი/
ულმობელი ოპტიმიზმი /ლორენ ბერლანტი/
დეპრესია - საჯარო გრძნობა. შესავალი /ენ ცვეტკოვიჩი/
ტრანსფობიისა და ძალაუფლების გადააზრება - უფლებების ჩარჩოს მიღმა /დინ სპეიდი/
Publisher's note