(მის)კომუნიკაცია კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი 2018 წლიდან ახორციელებდა საგანმანათლებლო პროექტს – „ომი და მშვიდობა“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, რომლებიც სოციალურ-პოლიტიკური, ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და სამართლის მიმართულებით სწავლობდნენ, ჰქონდათ შესაძლებლობა, დასწრებოდნენ ლექციებს კონფლიქტების შესახებ არსებული თეორიული მიდგომების, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის, გენდერისა და კონფლიქტის ურთიერთმიმართების და სხვა საკითხების შესახებ. გარდა ამისა, 2020 წლის დასაწყისში მომზადდა საბაზისო სახელმძღვანელო მშვიდობის და კონფლიქტების სწავლების შესახებ, რომელიც, ერთი მხრივ, შეიძლება იყოს სასარგებლო რესურსი სტუდენტების, მკვლევრებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის მშვიდობისა და კონფლიქტების კვლევებზე სამუშაოდ, ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნული სახელმძღვანელოს გამოცემით გვსურდა კონფლიქტების კვლევების აკადემიური დისციპლინის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში.
2020 წლის სალექციო კურსის „ომი და მშვიდობა“ ფარგლებში, მომზადდა ახალი ანალიტიკური სტატიების კრებული – (მის)კომუნიკაცია კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის. იგი ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა მასმედიის როლი კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებში, ინდივიდუალური გამოხატვის ფორმები ფეისბუკზე, ლუგარის ცენტრზე რუსულ-ოსური დეზინფორმაციული შეტევის გავლენა სოციალური მედიის ქართველ მომხმარებელთა წარმოდგენებზე ცხინვალის შესახებ და კამპანიებისა და საპროტესტო აქციების მნიშვნელობა. აღნიშნული ანალიტიკური სტატიები მოიცავს ომისა და მშვიდობის გაშუქების სხვადასხვა საკითხს, კონფლიქტისადმი მგრძნობიარე ჟურნალისტიკას, სოციალურ მედიაში გამოხატვის ფორმებს, სხვადასხვა კამპანიების არსსა და მათ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებებს.
უნდა აღინიშნოს, რომ კონფლიქტების გაშუქების დროს ჟურნალისტები არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან. უპირველეს ყოვლისა, მათი როლი უმნიშვნელოვანესია წყაროების სანდოობის გადამოწმებისა და კონტექსტის ახსნის თვალსაზრისით, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროცესშიც. საომარი მოქმედებების გაშუქების გარდა, მედიის წარმომადგენლებს მეტად მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრიათ პოსტკონფლიქტურ პერიოდში ომით დაზარალებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის საქმეში. ასეთ შემთხვევებში, სხვადასხვა მედიაორგანიზაცია კონფლიქტებთან დაკავშირებულ საკითხებზე საჯარო დიალოგის წარმოებისთვის საზოგადოებას თავის ონლაინპლატფორმას სთავაზობს. კიდევ ერთი აქტუალური თემაა სოციალური მედია, რომელიც სულ უფრო და უფრო ხშირად გამოიყენება, მაგალითად, საქართველოში, მიმდინარე მოვლენების თაობაზე საკუთარი პოზიციების დასაფიქსირებლად თუ სხვადასხვა საპროტესტო აქციის ორგანიზებისთვის. შესაბამისად, ჩვენ თვალს ვადევნებთ სამოქალაქო ჟურნალისტიკის როლის გაზრდას, მათ შორის, ომისა და მშვიდობის საკითხების გაშუქების კუთხით.
გამომდინარე იქიდან, რომ სამხრეთ კავკასიაში, გეოპოლიტიკური და რეგიონული კონტექსტის გათვალისწინებით, მუდმივად ცვალებადი და დაძაბული გარემოა, კონფლიქტის ტრანსფორმაციის მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო გართულებულია. ასეთი ვითარება კონფლიქტის მხარეებს შორის არსებული დიალოგის შესაძლებლობებს ზღუდავს და მეტ გაუცხოებას წარმოშობს. ხშირად, ამ გაუცხოებას თან ახლავს ინფორმაციის ნაკლებობა, რაც პროპაგანდას და ცრუ ახალ ამბებს (ფეიკ ნიუსებს) უხსნის გზას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებელია, ერთი მხრივ, მხარი დავუჭიროთ დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციებს კონფლიქტით დაზარალებული საზოგადოებების ყოველდღიურობის გაშუქებაში, მეორე მხრივ კი – ანალიტიკური პუბლიკაციების მომზადებას კონფლიქტისადმი მგრძნობიარე ჟურნალისტიკის და კონფლიქტებთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე გამოხატვის ფორმების (როგორც ონლაინკამპანიების, ასევე საპროტესტო აქციების) შესახებ.
Product details
Table of contents
მასმედია კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებში 5
კონფლიქტით გაყოფილი საზოგადოებების წარმომადგენლების ინდივიდუალური გამოხატვის ფორმები სოციალურ ქსელში (Facebook) 15
ლუგარის ცენტრზე რუსულ-ოსური დეზინფორმაციული შეტევის გავლენა სოციალური მედიის ქართველ მომხმარებელთა წარმოდგენებზე ცხინვალის შესახებ 25
კამპანიებისა და აქციების მნიშვნელობა კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებში 34