ბავშვები თამაშობენ ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის მონუმენტთან, თბილისი

მეხსიერების პოლიტიკა დამოუკიდებელ საქართველოში

ძირითადი ასპექტები

მეხსიერების პოლიტიკა, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოებრიობას და ეროვნულ ინტეგრაციას უკავშირდება და მისი საბოლოო მიზანი კოლექტიური იდენტობის შექმნაა. კოლექტიური იდენტობა, რომლის მეშვეობითაც ცალკეული ადამიანი ამა თუ იმ ჯგუფს თუ ერთობას თავს მიაკუთვნებს, კოლექტიურ მეხსიერებას (Halbwachs, Maurice, 1950) ეფუძნება. კოლექტიური მეხსიერება, განსაკუთრებით ეროვნულ-სახელმწიფოებრივ დონეზე, მნიშვნელოვანწილად მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია. საქმე ეხება, ერთი მხრივ, კულტურული საიდენტიფიკაციო ფიგურების – გმირების, მოწამეების, დიდი წინაპრების, საამაყო და მისაბაძი შვილების – შექმნას, მათი გახსენების და თაყვანისცემის რიტუალებს, მათი სახელების კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, ქუჩებისთვის, ზოგჯერ ქალაქებისთვის დარქმევას, ძეგლების თუ მემორიალების დადგმას; მეორე მხრივ, საერთო-ეროვნულ დღესასწაულებს, ისტორიული თარიღების აღნიშვნას, კოლექტიურ გლოვას და ზეიმს, მხატვრულ და ისტორიულ ნარატივებს, რომლებსაც ფრანგი ისტორიკოსი პიერ ნორა „მეხსიერების ადგილებს“ (Les lieux de mémoire) უწოდებს (Nora, Pierre, 1986).

„ადგილი“ აქ გეოგრაფიულ-სივრცობრივი მნიშვნელობით არ იხმარება, არამედ მეხსიერების კრისტალიზაციას, მის გასაგნებას აღნიშნავს. ასეთი „ადგილების“, ანუ სიმბოლოების, ფიგურების, ნარატივებისა თუ სადღესასწაულო რიტუალებისგან შედგება „კულტურული მეხსიერება“, რომელიც კოლექტივის საერთო ღირებულებებს გამოხატავს (Assmann, Jan, 1999, გვ. 21-22). ასეთი იდეალებისა და ღირებულებების ერთობა, მათი საერთო მეხსიერებად გარდაქმნა, პოლიტიკის შედეგად მიიღწევა, უპირველეს ყოვლისა, განათლებისა და კულტურის მიმართულებით (Assmann, Aleida, 1993, გვ. 8-11).

მეხსიერების პოლიტიკა განსაკუთრებულ მნიშვნელობას დიდი ტრანსფორმაციების ეპოქაში იძენს, როდესაც პოლიტიკური სისტემა იცვლება, ან ახალი ერი და სახელმწიფო ფუძნდება. ამგვარი ცვლილებების დროს საჭირო ხდება არსებული კულტურული მეხსიერების ფორმების დემონტაჟი და მისი ახლით ჩანაცვლება. 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლა მსოფლიო ისტორიული მასშტაბის ტრანსფორმაცია იყო, რომლის შედეგადაც, ერთი მხრივ, საბჭოთა ყაიდის სოციალისტური სისტემა მოიშალა, მეორე მხრივ, ახალი ეროვნული სახელმწიფოები წარმოიქმნა. ასეთ ვითარებაში იქმნება საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ადგილზე დამოუკიდებელი სახელმწიფო, თავისი ახალი კულტურული მეხსიერებით და მასზე დაფუძნებული ახალი ეროვნული იდენტობით. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა მეხსიერების კულტურა არა მხო ლოდ გადასალახავი და დასაძლევი იყო ახალი ეროვნული სახელმწიფოსთვის,

არამედ მრავალი ელემენტი უკვე დამოუკიდებელი საქართველოს მეხსიერების პოლიტიკაში ფაქტობრივად საბჭოთა პერიოდის მომხდარი ძვრების ვარიაციებს წარმოადგენს.

Product details
Date of Publication
2022
Publisher
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი
Number of Pages
26
Licence
All rights reserved
Language of publication
ქართული
Table of contents

მეხსიერება და მისი პოლიტიკა 4

საბჭოთა იმპერიიდან დამოუკიდებლობისაკენ 6

„ეროვნული მოძრაობა“ და მეხსიერების რევიზია 8

დამოუკიდებლობა, როგორც „მეხსიერების ადგილი“ 10

„ტერიტორიული მთლიანობა“ – მეხსიერების

პოლიტიკის ახალი სიმბოლო 12

„ბნელი 90-იანი წლები“ და ეკლესიის აღზევების დასაწყისი 14

„ვარდების რევოლუცია“ და „უძველესი ევროპელები“ 16

„ქართული ოცნება“ და „სისხლიანი ცხრა წელი“ 20

ახლო და შორეული წარსული მეხსიერების

პოლიტიკის პერსპექტივიდან 22

გამოყენებული ლიტერატურა 24