
სალომე ჯაში ქართველი კინოდოკუმენტალისტია. არის დოკუმენტური კინოსასოციაციის (DOCA Georgia) თავმჯდომარე და თანადამფუძნებელი. ასევე, საპროდიუსერო კომპანია „საქდოკ ფილმის“ დამფუძნებელი.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, კავკასიის ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის სკოლის სამაგისტრო კურსი და როიალ ჰოლოუეის ლონდონის უნივერსიტეტის სამაგისტრო კურსი კინოდოკუმენტალისტიკის სპეციალობით.
სალომე ჯაშის ერთერთი ბოლო ფილმის - მოთვინიერება, პრემიერა შედგა სანდენსის კინოფესტივალის მსოფლიო კინოს დოკუმენტური ფილმების კონკურსზე და ბერლინალეს ფორუმზე. ფილმი აჩვენეს დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, შვეიცარიისა და შეერთებული შტატების კინოთეატრებში.
მის ადრინდელ ნამუშევრებს - „დაისის მიზიდულობა“ და „ბახმარო“, არაერთი საერთაშორისო ჯილდო თუ ნომინაცია ხვდა წილად.