მცირეა იმ რეგიონთა რიცხვი, რომლებიც ისე ნათლად წარმოაჩენენ „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების“ (WPS) დღის წესრიგის მნიშვნელობას, როგორც სამხრეთი კავკასია. აქ არაერთი გაჭიანურებული კონფლიქტი საბჭოთა კავშირის და მისი დაშლის პერიოდიდან იღებს სათავეს. მიუხედავად ამისა, მთელ რეგიონში ქალები მშვიდობის მშენებლობის, დიალოგისა და თემთა მედეგობის წინა ხაზზე დგანან, თუმცა მათ საქმიანობას ხშირად სათანადო აღიარება და მხარდაჭერა აკლია.
„ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების“ (WPS) დღის წესრიგი საერთაშორისო ნორმატიული ჩარჩოა, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს ისტორიული მნიშვნელობის 1325-ე (2000) რეზოლუციასა და მასთან დაკავშირებულ ცხრა მომდევნო დოკუმენტს ეფუძნება. იგი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ქალთა მონაწილეობა მშვიდობისა და უსაფრთხოების პროცესებში, კონფლიქტების დროს გენდერული ნიშნით განპირობებული ზიანისგან დაცვა და კონფლიქტის შემდგომი აღდგენისას გენდერული ასპექტების გათვალისწინების საჭიროება. ტრანსნაციონალური ფემინისტური ადვოკატირებისა და მულტილატერალურ ინსტიტუტებსა თუ მათ მიღმა წარმოებული სტრატეგიული ლობირების შედეგად, რეზოლუცია 1325 გახდა პირველი დოკუმენტი, რომელმაც ქალებსა და გოგონებზე ომებისა და კონფლიქტების განსაკუთრებული გავლენა აღიარა. WPS დღის წესრიგის ოთხი ძირითადი პრინციპი: მონაწილეობა, დაცვა, პრევენცია, დახმარება და აღდგენა, გაეროს წევრი ქვეყნებისა და სხვა აქტორებისთვის რეზოლუციების იმპლემენტაციის გზამკვლევია. ამის ერთ-ერთი (თუმცა არა ერთადერთი) საშუალება ეროვნული სამოქმედო გეგმის (NAP) შემუშავებაა, რომლის მეშვეობითაც ქვეყანა WPS დღის წესრიგს საკუთარ ინსტიტუციურ თუ საკანონმდებლო სისტემაში ნერგავს.
წინამდებარე ბლოგი წარმოადგენს მხოლოდ ზოგად მიმოხილვას სამხრეთ კავკასიაში WPS-ის ეროვნული სამოქმედო გეგმების ირგვლივ მიმდინარე პროცესებისა და არ ცდილობს მათი შინაარსის ანალიზს. ტექსტი ეფუძნება ჩემი სადოქტორო კვლევის ფარგლებში შეგროვებულ პირველად მონაცემებს. კვლევა ოთხ ქვეყანაში: უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში, WPS დღის წესრიგის ფორმირებას, მიღებასა და იმპლემენტაციას ეხებოდა. საქართველოსა და სომხეთის შემთხვევებზე მუშაობისას, რაც ამ სტატიის მთავარი თემაა, საველე კვლევა 2022-2023 წლებში ჩავატარე.[1] ტექსტში მოყვანილი ყველა მონაცემი ჩემს სადოქტორო ნაშრომს ეყრდნობა, იმ ნაწილების გარდა, სადაც სხვაგვარად არის მითითებული.
WPS პროცესების მოკლე მიმოხილვა საქართველოსა და სომხეთში
საქართველო
საქართველო იყო რეგიონში პირველი ქვეყანა, სადაც WPS დღის წესრიგის ირგვლივ ადვოკატირებამ ფეხი მოიკიდა; ეს პროცესი სათავეს ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისიდან იღებს. თუმცა, პირველი ეროვნული სამოქმედო გეგმის (NAP) შემუშავებას საფუძველი მხოლოდ ორი გარდამტეხი მოვლენის შემდეგ ჩაეყარა. პირველი მათგანი 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“ იყო. მიხეილ სააკაშვილის ახალმა მთავრობამ სამართალდამცავ სისტემაში, სასამართლო და საფინანსო სექტორებში მასშტაბური რეფორმები წამოიწყო, რასაც თან ახლდა ბაზრის ლიბერალიზაცია და მკვეთრი პროდასავლური კურსი. ამ მოვლენებმა საფუძველი ჩაუყარა საქართველოს საბჭოთა წარსულთან მკვეთრ გამიჯვნასა და ევროატლანტიკური მისწრაფებების გაძლიერებას, რამაც ადამიანის უფლებების ადვოკატირებისთვის უფრო ღია გარემო შექმნა. თუმცა, მოგვიანებით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებში დასდეს ბრალი. მეორე გარდამტეხი მომენტი 2008 წლის ხანმოკლე, მაგრამ დამანგრეველი სამხრეთ ოსეთის ომი იყო, როდესაც რუსული და სეპარატისტული ძალები ქართულ ჯარს დაუპირისპირდნენ, ქვეყანაში შეიჭრნენ და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინეს. თუ პირველმა მოვლენამ ქვეყნის დემოკრატიზაციასა და WPS-ის ადვოკატირებისთვის შესაძლებლობის ფანჯრის გახსნას შეუწყო ხელი, მეორე მოვლენა საზოგადოებისთვის მტკივნეულ, გარდამტეხ მომენტად იქცა: მან 1992-1993 წლების აფხაზეთის კონფლიქტის ტრავმა განაახლა და ომის გამანადგურებელი შედეგების გამო, ხელისუფლების მხრიდან WPS-ით დაინტერესებას შეუწყო ხელი.
მართლაც, 2008 წლის ომმა შეიარაღებული კონფლიქტის ფუნდამენტური გენდერული განზომილებები გამოააშკარავა. იძულებით გადაადგილებულ პირთა გადაუდებელ საჭიროებებზე პირველი რეაგირება სწორედ ქართველი ქალების მხრიდან მოხდა, რაც ჰუმანიტარული დახმარების გაწევასა და თემთა მობილიზებაში გამოიხატა. მშვიდობის მშენებელმა ქალებმა, რომლებიც მანამდეც WPS-ის დღის წესრიგის ირგვლივ იყვნენ მობილიზებულნი, იმ პერიოდში ახალი შესაძლებლობა დააფიქსირეს; მათი ძალისხმევა პარლამენტში მოკავშირეების მოძიების, სათემო საჭიროებების იდენტიფიცირებისა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან კავშირების დამყარებისკენ იყო მიმართული. 2010-იანი წლების დასაწყისში, ამ პროცესებში ჩართული ერთ-ერთი ქალი იხსენებს, რომ საქართველოს პირველი ეროვნული სამოქმედო გეგმის (NAP) შემუშავების პროცესში, სხვადასხვა ქალაქში ფართომასშტაბიანი კონსულტაციები გაიმართა. გაეროსა და ევროკავშირის მხარდაჭერით, ამ ინიციატივამ თავი მოუყარა სამთავრობო უწყებებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს იმ სამუშაო ჯგუფებში, რომლებიც პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ეგიდით მოქმედებდნენ.
ჩემი კვლევა ცხადყოფს, რომ პირველი ეროვნული სამოქმედო გეგმა ვაკუუმში არ აღმოცენებულა; იგი 2000-იანი წლების განმავლობაში გატარებულ ინსტიტუციურ რეფორმებსა და გენდერული თანასწორობის შესახებ მიღებულ კანონმდებლობას ეფუძნებოდა.[2] შესაბამისად, ქართველმა ფემინისტებმა ეტაპობრივი მიდგომა აირჩიეს: ისინი აფართოებდნენ საკუთარ ქსელებს და იღრმავებდნენ ექსპერტიზას გენდერული კანონმდებლობის კუთხით, სანამ პარლამენტმა 2012 წელს ოფიციალურად არ დაამტკიცა WPS-ის პირველი სამოქმედო გეგმა (2012-2015). მეორე სამოქმედო გეგმა (2016-2017) შედარებით მოკრძალებული იყო და, გარკვეული ხარვეზების პარალელურად, უფრო სწავლის ეტაპს წარმოადგენდა. სამაგიეროდ, მესამე სამოქმედო გეგმამ (2018-2020), რომელიც ადგილობრივ დონეზე WPS-ის იმპლემენტაციაზე იყო ფოკუსირებული, პროცესს მეტი სიღრმე და მასშტაბი შესძინა. მუნიციპალიტეტებსა და სოფლის მოსახლეობასთან ფართომასშტაბიანი კონსულტაციების შედეგად შემუშავებული დოკუმენტი აქცენტს სათემო ჩართულობასა და ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების მიმდებარედ განსახორციელებელ აქტივობებზე აკეთებდა. ლოკალიზაციის საკითხი პრიორიტეტული 2016 წლის შემდეგ გახდა, როდესაც „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში შესულმა ცვლილებებმა 64-ვე მუნიციპალიტეტს გენდერული თანასწორობის საბჭოების ჩამოყალიბება დაავალა.[3] ამბიციური მიზნების მიუხედავად, მესამე სამოქმედო გეგმის განხორციელება, ისევე როგორც მეოთხე გეგმის შემუშავება, რთული აღმოჩნდა; COVID-19-ის პანდემიამ და საჯარო მმართველობის რეფორმამ პროცესი მნიშვნელოვნად შეაფერხა, მრავალი დაგეგმილი აქტივობა გადაიდო ან ჩაიშალა.
ორწლიანი პაუზის შემდეგ, 2022 წელს, ხანგრძლივი მოსამზადებელი პროცესის დასრულებისთანავე, რიგით მეოთხე ეროვნული სამოქმედო გეგმა (2022-2024) ბოლოს და ბოლოს დამტკიცდა. თუმცა, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მხრიდან მზარდი ავტორიტარული კონტროლის პირობებში, მისი განხორციელება ძლიერ შეიზღუდა. 2023 წელს „უცხოური აგენტების შესახებ“ სადავო კანონის ინიციირებამ (რომელიც საბოლოოდ 2024 წელს მიიღეს), რასაც 2025 წელს ყველა სამთავრობო დოკუმენტიდან გენდერული ტერმინოლოგიის ამოღება და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) დამტკიცება მოჰყვა, კიდევ უფრო დაძაბა ურთიერთობა ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. ამ მოვლენებმა, როგორც შემდგომში ვიხილავთ, მტრული გარემო შექმნა გენდერული თანასწორობის ადვოკატირების ნებისმიერი მცდელობისთვის. ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ WPS-ის ყოველი სამოქმედო გეგმა მონაწილეობის, კოორდინაციისა და დაგროვილი გამოცდილების თვალსაზრისით წინგადადგმული ნაბიჯი იყო, გენდერულად თანასწორი მშვიდობისკენ არსებითი წინსვლა, განსაკუთრებით2023 წლის შემდეგ, კვლავ დიდ გამოწვევად რჩება.
სომხეთი
სომხეთში „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების“ (WPS) დღის წესრიგის განვითარება განსხვავებული გზით წარიმართა. თუმცა, საქართველოს მსგავსად, აქაც მჭიდროდ არის გადაჯაჭვული ქვეყნის დემოკრატიზაციასთან. WPS-ის ადვოკატირებას სომხეთში მოგვიანებით, 2010-იანი წლების დასაწყისში, ჩაეყარა საფუძველი, თუმცა პროცესმა რეალური მუხტი 2018 წლის „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ შეიძინა. ეს იყო გარდამტეხი მოვლენა, რომელმაც ქვეყნის პოლიტიკური და სოციალური ლანდშაფტი ძირეულად გარდაქმნა.
2018 წლის გაზაფხულზე სომხეთი მასობრივმა მშვიდობიანმა საპროტესტო ტალღამ მოიცვა. შედეგად, წლების განმავლობაში ქვეყნის უცვლელი ლიდერი, სერჟ სარგსიანი, გადადგა და მის ნაცვლად ხელისუფლებაში დემოკრატიული არჩევნების გზით ნიკოლ ფაშინიანი მოვიდა. „ხავერდოვანმა რევოლუციამ“ ფუნდამენტური ცვლილებები მოიტანა: მან დაასრულა ათწლეულების განმავლობაში ფესვგადგმული პოსტსაბჭოთა ელიტის, ე.წ. ყარაბაღის კლანის, მმართველობა და გზა გაუხსნა დემოკრატიულ რეფორმებსა და გამოკვეთილ პროდასავლურ კურსს. ამ მოძრაობებში ქალები ცენტრალურ როლს ასრულებდნენ: უძღვებოდნენ და ხელმძღვანელობდნენ სხვადასხვა პროცესს, რითაც სომხეთში ქალთა აქტივიზმის ხანგრძლივ ტრადიციას აგრძელებდნენ. რევოლუციის შემდეგ მთავრობის საკადრო შემადგენლობამ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა. ახალი ოფიციალური პირების დიდ ნაწილს სამოქალაქო საზოგადოების წევრები წარმოადგენდნენ; მათ დანერგეს პროგრესული იდეები, რომლებიც წინა რეჟიმის მიდგომებისგან მკვეთრად განსხვავდებოდა. ახალი ხმების ამგვარმა შემოდინებამ ხელი შეუწყო უფრო ღია პოლიტიკური კლიმატის შექმნას: გაუმჯობესდა სიტყვის და შეკრების თავისუფლებისა და სამოქალაქო ჩართულობის ხარისხი. სწორედ ამ კონტექსტში გაუჩნდათ სომეხ ფემინისტებს სამთავრობო უწყებებთან თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები, რამაც მათ WPS-ის ეროვნული სამოქმედო გეგმის (NAP) მიღების უფრო აქტიური ადვოკატირებისკენ უბიძგა.
სომხეთში WPS-ის ადვოკატირება რევოლუციამდე წლებით ადრე დაიწყო, თუმცა ეს პროცესი ფართო საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩებოდა. ფემინისტური არასამთავრობო ორგანიზაციები ჯერ კიდევ 2010-იან წლებში მუშაობდნენ ქალთა წინაშე არსებული იმ გამოწვევების იდენტიფიცირებაზე, რომლებიც კონფლიქტთან იყო დაკავშირებული; აყალიბებდნენ არაფორმალურ სამშვიდობო ქსელებს (კონკრეტულად რეზოლუცია 1325-თან მიმართებით, ვინაიდან ქალთა ზოგადი სამშვიდობო ქსელები ყარაბაღის პირველი ომის დასრულებისთანავე შეიქმნა) და ამაღლებდნენ ცნობიერებას რეზოლუცია 1325-ის შესახებ. ისინი ამზადებდნენ ჩრდილოვან ანგარიშებს, გამოსცემდნენ საგანმანათლებლო მასალებს, ატარებდნენ ტრენინგებს, აღწერდნენ ადგილობრივ WPS ინიციატივებს და ამ ყველაფერს ოფიციალური ეროვნული სამოქმედო გეგმის არარსებობის პირობებში ახერხებდნენ. როდესაც 2019 წელს სომხეთმა საბოლოოდ მიიღო პირველი ეროვნული სამოქმედო გეგმა (2019–2021), ოპტიმიზმი მალევე იმედგაცრუებით შეიცვალა. ჩემი რესპონდენტების თქმით, ეს სამოქმედო გეგმა შემუშავდა „ზევიდან ქვევით“ პრინციპით, ძირითადად თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე იყო ფოკუსირებული, ხოლო მის ფარგლებში გამართულ კონსულტაციებს სამოქალაქო საზოგადოებასთან, ფორმალური ხასიათი ჰქონდა. პროცესის მიღმა დარჩნენ ის წამყვანი ორგანიზაციები, რომლებიც წლების განმავლობაში WPS დღის წესრიგის მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდნენ. ამგვარმა გარიყვამ ამ ორგანიზაციების წარმომადგენელთა იმედგაცრუება გამოიწვია და WPS-ის ლანდშაფტი საგრძნობლად შეცვალა. პირველ სამოქმედო გეგმამდე, WPS-თან დაკავშირებულ სამშვიდობო ადვოკატირებაში უფრო ანტიმილიტარისტული ფემინისტური ჯგუფები აქტიურობდნენ. გეგმის მიღების შემდეგ კი, ასპარეზზე ახალი ორგანიზაციები გამოვიდნენ და სათავეში ჩაუდგნენ პროცესებს. ისინი ხშირად ხელმძღვანელობდნენ ისეთი პრიორიტეტებითა და მიდგომებით, რომელთაც თავდაპირველი ფემინისტური ჯგუფები ნეოლიბერალურად მიიჩნევდნენ.
პირველი ეროვნული სამოქმედო გეგმა იმ პერიოდში შემუშავდა, როდესაც სომხეთი აზერბაიჯანთან ჯერ კიდევ „არც ომი, არც მშვიდობის“ სტატუს-კვოს პირობებში იმყოფებოდა, სანამ 2020 წლის დამანგრეველი ომი არსებულ რეალობას ფუნდამენტურად შეცვლიდა. ამ ომმა (რომელსაც მომდევნო თავში დეტალურად განვიხილავთ) შეაფერხა პირველი გეგმის იმპლემენტაცია და გადამწყვეტი გავლენა იქონია მეორის შემუშავებაზე. მეორე სამოქმედო გეგმაზე მუშაობისას სომხეთი უკვე მნიშვნელოვანი დანაკარგებისა და რეგიონში შეცვლილი ძალთა ბალანსის წინაშე იდგა. მიუხედავად ამისა, 2022 წლის ივნისში მიღებული მეორე სამოქმედო გეგმა (2022-2024) გაცილებით უფრო მონაწილეობითი ხასიათით გამოირჩეოდა. პროცესი მოიცავდა სამოქალაქო საზოგადოების ფართო ჩართულობას, სამუშაო ჯგუფებსა და საჯარო კონსულტაციებს. ამასთანავე, დოკუმენტში უკეთ აისახა ახალი რეალობა, მათ შორის, იძულებით გადაადგილებულ და სასაზღვრო თემებში მცხოვრებ ქალთა საჭიროებები. მართალია, პირველი ორი სამოქმედო გეგმა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, პროგრესის ნიშნები მაინც გამოიკვეთა. უახლოეს მომავალში პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს სომხეთის მესამე სამოქმედო გეგმა, რომლის შემუშავების პროცესი კიდევ უფრო მეტი ჩართულობითა და თანამშრომლობით ხასიათდება. ეს ტენდენცია შესაძლოა ქვეყანაში WPS დღის წესრიგის ადვოკატირების უფრო მყარ და ინკლუზიურ მომავალზე მიუთითებდეს.
მომდევნო ნაწილში თითოეული ქვეყნის ეროვნული სამოქმედო გეგმის პროცესები მოკლედ მიმოვიხილე. თუმცა, აუცილებელია ხაზგასმით აღინიშნოს, რომ WPS-ის ეროვნული სამოქმედო გეგმები წარმოადგენს ეროვნულ დონეზე მიმდინარე კონფლიქტების მოგვარებისა და მშვიდობის მშენებლობის ფართო პროცესების მხოლოდ ერთ-ერთ გამოვლინებას. ეს დოკუმენტები ადვოკატირების ინსტრუმენტებია, რომლებიც ქმნიან საერთო კონცეპტუალურ ენასა და ჩარჩოს გენდერის, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების ირგვლივ.
2022 წლის რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში და მთიანი ყარაბაღის 2020 წლის მეორე ომი, როგორც გარდამტეხი გეოპოლიტიკური მომენტები
საქართველო
რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში ქართველებს ღრმა ეროვნული ჭრილობები გაუხსნა. გააღვიძა წარსული ომების მოგონებები და გააცოცხლა შიში, რომ კონფლიქტი შესაძლოა კვლავ გავრცელდეს საქართველოსა და მის ოკუპირებულ რეგიონებზე: აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე/ცხინვალის რეგიონზე. ამასთანავე, რუსეთის აგრესიამ დააჩქარა ქვეყნის შიგნით არსებული შემაშფოთებელი პოლიტიკური ტენდენციებიც. მას შემდეგ საქართველოში მზარდი დემოკრატიული უკუსვლა დაიწყო: მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სულ უფრო ხშირად მიმართავს ანტილიბერალურ რიტორიკას, ამკაცრებს სამოქალაქო საზოგადოებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს და იღებს ავტორიტარულ საკანონმდებლო აქტებს, როგორებიცაა კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ და FARA. მიუხედავად ქართველებსა და უკრაინელებს შორის არსებული მჭიდრო კულტურული და ემოციური კავშირებისა, 2022 წელს, „ქართული ოცნების“ მიერ მართულმა მთავრობამ არჩია არ შეერთებოდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს. ბევრმა მოქალაქემ ეს პოზიცია აღიქვა ზედმეტად ფრთხილ ან სულაც მოსკოვისადმი ლოიალურ ნაბიჯად, რამაც საფუძველი ჩაუყარა ბრალდებებს, თითქოს მთავრობა „რუსეთის დაშოშმინების“ პოლიტიკას ატარებს და ქვეყანას კვლავ რუსეთის ორბიტისკენ მიაქანებს.
რუსეთის უკრაინაში შეჭრამ საქართველოზე როგორც პირდაპირი, ისე ირიბი გავლენა მოახდინა. მან შეაფერხა ისეთი საკვანძო სამშვიდობო ფორმატები, როგორებიცაა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები (GID) და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი (IPRM); ამასთანავე, ომმა გააჩინა ანტისამთავრობო პროტესტის მუხტი და გაამწვავა დაძაბულობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებებთან. ომმა მძიმე დარტყმა მიაყენა მნიშვნელოვანწილად რუსეთზე დამოკიდებული ორივე ოკუპირებული რეგიონის ეკონომიკას, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა მათი იზოლაცია. ამან კი, თავის მხრივ, გააჭიანურა „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოებაზე“ (WPS) საქართველოს მეოთხე ეროვნული სამოქმედო გეგმის (NAP) დამტკიცებაც. სამოქალაქო საზოგადოება, განსაკუთრებით კი ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები, უკიდურესი დატვირთვისა და რესურსების სიმცირის წინაშე აღმოჩნდნენ, რადგან მათ ერთდროულად უწევდათ რეაგირება როგორც ახალ ჰუმანიტარულ საჭიროებებზე, ისე მოზღვავებულ დეზინფორმაციასა და ანტიდასავლურ პროპაგანდაზე. 2022 წლიდან საქართველომ 24 000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო, რასაც თან სდევდა სამხედრო გაწვევას გამოქცეული რუსი მამაკაცების მასშტაბური შემოდინებაც.
ქართველ ქალებთან ინტერვიუების დროს იკვეთება ერთი მთავარი თემა, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული მუდმივი დაუცველობის განცდა. მიუხედავად იმისა, რომ ანალიტიკოსები მათ ხშირად „გაყინულ კონფლიქტებად“ მოიხსენიებენ, ეს პროცესები შორს არის სტატიკურობისგან. უსაფრთხოების ფემინისტური პერსპექტივიდან, ეს ტერმინი შესაძლოა ნიღბავდეს იმ რეალობას, თუ რამდენად განსაზღვრავს ყოველდღიურ ცხოვრებას მილიტარიზაცია, შიშის მუდმივი განცდა და მოწყვლადობა. ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ძალები და დე ფაქტო ხელისუფლება განაგრძობენ „ბორდერიზაციასა“ და „მცოცავ ოკუპაციას“: აგებენ ღობეებს და საზღვრებს საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების სიღრმეში სწევენ. როგორც ადგილზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ადასტურებენ, ამ უკანონო ქმედებებმა მთელი სოფლების მიტაცება და ოჯახების იძულებითი დაშორება გამოიწვია. კონფლიქტის განახლების შიში, დაშინება, გატაცებები და უკანონო დაკავებები გამყოფი ხაზების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ყოველდღიური რეალობაა. იძულებით გადაადგილებული და გამყოფი ხაზის პირას მცხოვრები ქალები მუდმივად აწყდებიან დაუცველობის განცდას, შეზღუდვებს თავისუფალ გადაადგილებაზე და ისეთ სერვისებზე წვდომის პრობლემებს, როგორებიცაა ჯანდაცვა, განათლება, ტრანსპორტი და მიწის რესურსები. საქართველოს ბევრი მოქალაქისთვის სწორედ ეს მოუგვარებელი კონფლიქტები განსაზღვრავს მშვიდობისა და უსაფრთხოების აღქმას და გავლენას ახდენს ისეთი პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაზე, როგორიცაა ეროვნული სამოქმედო გეგმა.
სომხეთი
ომისა და დანაკარგის შიში სომხეთშიც ყოველდღიურობის ნაწილია. 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქვეყანამ არაერთი შოკი, ეკონომიკური კრიზისი, პოლიტიკური რყევა და მთიანი ყარაბაღის რამდენიმე ომი გადაიტანა. 2020 წლის ომმა კი ხელახლა გააღვიძა ღრმა ეროვნული ტრავმა და გააცოცხლა ეგზისტენციალური შფოთვები, რომლებიც სათავეს სომეხთა გენოციდიდან იღებს.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, ისევე როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა კონფლიქტები, რეალურად არასდროს ყოფილა „გაყინული“. 1994-დან 2020 წლამდე სომხურ და აზერბაიჯანულ ძალებს შორის კონტაქტის ხაზზე დროდადრო გრძელდებოდა შეტაკებები და „დაბალი ინტენსივობის“ ძალადობა. მთიანი ყარაბაღის მეორე ომი, რომელიც ასევე „44-დღიანი ომის“ სახელითაა ცნობილი, 2020 წლის 27 სექტემბერს დაიწყო და 9 ნოემბერს, რუსეთის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა. ამ შეთანხმების თანახმად, რეგიონში რუსული სამშვიდობო ძალები განლაგდნენ, აზერბაიჯანმა კი, პირველი ომის დროს დაკარგულ შვიდ რაიონსა და უშუალოდ მთიანი ყარაბაღის ნაწილზე მოიპოვა კონტროლი.
ომს უმძიმესი ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა. აზერბაიჯანის მიერ დასახლებული პუნქტების, მათ შორის, სტეფანაკერტის დაბომბვას, დაახლოებით 72 მშვიდობიანი მოქალაქე და 4000 სომეხი სამხედრო ემსხვერპლა. 90 000-მდე ადამიანი, უმეტესად ქალები და ბავშვები, იძულებით გადაადგილებულ პირებად იქცნენ და დაკარგეს როგორც საცხოვრებელი სახლი, ისე საარსებო წყარო. სამოქალაქო ინფრასტრუქტურა მიზანმიმართული იერიშის სამიზნე გახდა, ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა კი ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევები, მათ შორის, სექსუალური ძალადობისა და წამების ფაქტები დააფიქსირეს. ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებდა ის გარემოება, რომ ომი COVID-19-ის პანდემიის პიკის დროს მიმდინარეობდა, რამაც ჰუმანიტარული კრიზისი საგრძნობლად გაამძაფრა. მიუხედავად ადგილზე ქალების აქტიური ჩართულობისა, 2022 წელს ერთ-ერთმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა გამიზიარა: „ჩვენ [სომხები] განვადიდებთ მხოლოდ იმ კაცებს, რომელთაც სამშობლოსთვის სიცოცხლე გაწირეს, ქალები კი გვერდზე რჩებიან, მათი შრომა ჩრდილშია მოქცეული“.
ზოგადად, 2020 წლის ომმა სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსი რადიკალურად შეცვალა. სომხეთმა, რომელიც მთიანი ყარაბაღის პირველი ომის „გამარჯვებულად“ ითვლებოდა, მეორე ომში მძიმე ტერიტორიული, ადამიანური და ფსიქოლოგიური მარცხი განიცადა. თურქეთისა და ისრაელის მხარდაჭერით, აზერბაიჯანი ამ ომიდან სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით უფრო გაძლიერებული გამოვიდა და კონტროლი დაამყარა მთიანი ყარაბაღის დიდ ნაწილზე, მათ შორის, ისეთ სტრატეგიულ ქალაქებზე, როგორებიცაა შუშა/შუში, ჰადრუტი და ფიზული/ვარანდა. ამ ომის შედეგების გამოვლინება დღემდე გრძელდება. 2022 წელს, ჩემი საველე სამუშაოების მიმდინარეობისას, სასაზღვრო შეტაკებები განახლდა, რასაც ლაჩინის დერეფნის, მთიანი ყარაბაღისა და გარე სამყაროს დამაკავშირებელი ერთადერთი გზის, 9-თვიანი ბლოკადა (2022-2023) მოჰყვა. 2023 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის შეტევამ რეგიონში დარჩენილი 120 000 სომეხის იძულებით გადაადგილება და ეთნიკური წმენდა გამოიწვია, რასაც, საბოლოოდ, 2024 წლის 1 იანვარს, უწინ „არცახის რესპუბლიკად“ წოდებული ერთეულის გაუქმება მოჰყვა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრამ სამხრეთ კავკასიაშიც მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ძვრები გამოიწვია. ეს რეგიონში რუსეთის ჩართულობის შემცირებასა და თურქეთის გავლენის ზრდაში გამოიხატა, რამაც აზერბაიჯანის იძულებითი ხასიათის დიპლომატიური თუ სამხედრო ნაბიჯები წაახალისა. ყოფილი მოკავშირე რუსეთისგან დისტანცირებისა და დასავლეთთან დაახლოების ფონზე, 2018 წლის რევოლუციის შემდეგ სომხეთი დემოკრატიზაციის გზას ადგას, თუმცა სისტემური პრობლემები ქვეყანაში კვლავაც ნარჩუნდება.
2020 წლის ომმა და შემდგომმა მოვლენებმა ბუნებრივად შეაფერხა სომხეთის ძალისხმევა „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების“ დღის წესრიგის განსახორციელებლად. უშუალოდ კონფლიქტის შედეგად, სომხურ საზოგადოებაში პატრიარქალური გენდერული ნორმები კიდევ უფრო გამკაცრდა. მიუხედავად იმისა, რომ გენდერული კუთხით გარკვეული საკანონმდებლო პროგრესი შეინიშნებოდა, რესპონდენტების თქმით, 2020 წლის შემდეგ დისკუსიები „ქალთა საკითხებზე“ ხშირად უკანა პლანზე იწევდა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან შედარებით ნაკლებპრიორიტეტულად მიიჩნეოდა. შეჩერდა პირველი ეროვნული სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციაც, რადგან მთავრობის ყურადღება და შეზღუდული რესურსები უმთავრესად ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევებზე იქნა მიმართული, რამაც მეორე გეგმის შემუშავების დაგვიანება გამოიწვია. ამავდროულად, ქალთა უფლებადამცველი და ფემინისტური ორგანიზაციები პირველადი რეაგირების რგოლად იქცნენ; ისინი უზრუნველყოფდნენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ დახმარებას, ფსიქოსოციალურ მხარდაჭერასა და იძულებით გადაადგილებული ოჯახების ხელშეწყობას. მათ ხშირად უწევდათ მინიმალური დაფინანსებით, „გადარჩენის რეჟიმში“ ოპერირება და საკუთარი ჩვეული საქმიანობიდან ფოკუსის მიმდინარე მოვლენებზე გადატანა.
მშვიდობის მშენებლობის ფემინისტური გზები: მიღწევები, წარუმატებლობები, გამოწვევები
საქართველო
საქართველო წლების განმავლობაში რეგიონულ ლიდერად ითვლებოდა „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების“ (WPS) დღის წესრიგის განვითარების კუთხით. ეს რეპუტაცია განაპირობა ადრეულმა ადვოკატირებამ და მტკიცე ალიანსებმა, რომლებიც ჩამოყალიბდა ფემინისტ საჯარო მოხელეებს, პარლამენტის წევრებს, აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებასა და ისეთ საერთაშორისო პარტნიორებს შორის, როგორიცაა, მაგალითად, „გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში“. თუმცა, 2023 წლიდან, დემოკრატიული უკუსვლის გაღრმავების პარალელურად, ეს ალიანსები მოირღვა. მრავალი წამყვანი „ფემოკრატი“ (ფემინისტი ბიუროკრატი) საქმიანობას ჩამოაშორეს, ან მმართველ პარტიასთან გახდა აფილირებული. ამავდროულად, ფემინისტური არასამთავრობო ორგანიზაციები მზარდი საფრთხეების წინაშე აღმოჩნდნენ; ნაწილმა უკვე შეწყვიტა საქმიანობა, სამოქალაქო სივრცე კი სულ უფრო იზღუდება.
ისტორიულად, საქართველო სამხრეთ კავკასიაში არაფორმალური მშვიდობის მშენებლობისა და ქალთა დიპლომატიის რეგიონულ ცენტრს წარმოადგენდა. ქართველი ქალები აქტიურად ამყარებდნენ კავშირებს აფხაზ, ოს, სომეხ, ჩეჩენ და აზერბაიჯანელ ქალებთან (თუმცა შეხვედრები აუცილებლად საქართველოში არ იმართებოდა). ამ მემკვიდრეობის მიუხედავად, ქალები, დიდწილად, კვლავაც ფორმალური სამშვიდობო მოლაპარაკებების მიღმა რჩებიან. რამდენიმე რესპონდენტმა ეროვნული სამოქმედო გეგმები იმის გამო გააკრიტიკა, რომ ისინი ვერ უპირისპირდებიან მზარდ მილიტარიზაციას და ვერ უზრუნველყოფენ კონფლიქტების ძირეულ ტრანსფორმაციას. მართლაც, მიუხედავად იმისა, რომ ოთხივე სამოქმედო გეგმა იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტით დაზარალებულ ქალებს მთავარ ბენეფიციარებად მიიჩნევს, პრაქტიკაში, შეზღუდული წვდომის გამო, დოკუმენტების შემუშავებისას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ქალებთან კონსულტაციები არ გამართულა. ბევრი რესპონდენტი ამგვარ გარიყვას საქართველოს WPS დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს ხარვეზად მიიჩნევს. როგორც სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, „იმისათვის, რომ ჩვენი ნათქვამი შეისმინონ, კრიტიკა უნდა იყოს კონსტრუქციული და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სამთავრობო პოზიციას“. ეს განწყობა ნათლად წარმოაჩენს, რომ WPS-ის ფარგლებში მხოლოდ გარკვეული ნარატივებია მისაღები, ხოლო სხვები, განსაკუთრებით კი ისინი, რომლებიც კონფლიქტების შესახებ არსებულ ეროვნულ დისკურსს არ ემთხვევა – იჩქმალება. შესაბამისად, WPS განიხილება, როგორც „რბილი საკითხი“; ხდება მისი დეპოლიტიზება და დაყვანა ტექნოკრატიულ პროცესამდე, რომელიც ზღუდავს მრავალფეროვან ფემინისტურ ხმებსა და მოსაზრებებს.
არსებული შეზღუდვების მიუხედავად, მრავალი აქტივისტი ქალი ეროვნულ სამოქმედო გეგმას კვლავ ადვოკატირების ღირებულ ინსტრუმენტად მიიჩნევს. იგი უზრუნველყოფს საერთაშორისო ჩარჩოსა და საერთო ენას პრიორიტეტების ფორმულირებისთვის, რაც მათ საქმიანობას ლეგიტიმაციას, ხილვადობასა და სტრუქტურას სძენს. „ერთადერთი ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც კონფლიქტების პრევენციაზე მუშაობის შესაძლებლობას გვაძლევს, რეზოლუცია 1325-ის ეროვნული სამოქმედო გეგმაა“, – აღნიშნა ერთ-ერთმა რესპონდენტმა. ხოლო ერთმა, იძულებით გადაადგილებულმა ქალმა კი, დაამატა: „არ მინდა ვიყო იქ, სადაც ჩემი მომავალი უჩემოდ წყდება“. მათი შეფასებით, სამოქმედო გეგმის უდიდესი წვლილი არა იმდენად თავად ტექსტში, არამედ იმ დისკუსიებსა და სივრცეებშია, რომლებიც მან შექმნა.
გამოკითხულთა შორის სიამაყის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წყარო მუნიციპალური სამოქმედო გეგმების მეშვეობით WPS დღის წესრიგის ლოკალიზაციაა. ეს ადგილობრივი ინიციატივები ეროვნული სამოქმედო გეგმის მუნიციპალურ რეალობასთან ადაპტირებას ახდენს, დაწყებული საჭიროებების კვლევით, დამთავრებული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების გადამზადებითა და ქალებსა თუ მარგინალიზებულ ჯგუფებში ცნობიერების ამაღლებით. რესპონდენტთა თქმით, ეს საქმიანობა ეყრდნობა ადგილობრივი ქალთა ორგანიზაციებისა და გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელი პირების ძალისხმევას, რასაც ზურგს უმაგრებს ეროვნული და საერთაშორისო ფემინისტური ორგანიზაციების მხარდაჭერა. საბოლოო ჯამში, ამ პროცესს მუნიციპალურ დონეზე ხელშესახები შედეგები მოჰყვება, იქნება ეს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება თუ სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდა.
2023 წლამდე, WPS დღის წესრიგი არა მხოლოდ ადვოკატირების ჩარჩოს, არამედ დიპლომატიურ აქტივსაც წარმოადგენდა. იგი ხელს უწყობდა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას და საერთაშორისო არენაზე ქვეყნის, როგორც რუსეთისგან განსხვავებული, მშვიდობიანი და დემოკრატიული აქტორის პოზიციონირებას. თუმცა, დღეს ეს იმიჯი შელახულია. 2023-2024 წლებში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღებამ, საპროტესტო აქციების დროს პოლიციის სპეციალური დანაყოფების მხრიდან გამოვლენილმა სისასტიკემ და ანტი-ლგბტქია+ თუ ანტიგენდერული კანონმდებლობის ინიციირებამ ნათლად წარმოაჩინა ავტოკრატიისკენ მკაფიო შემობრუნება. დღეს, სამოქალაქო სივრცის შეზღუდვისა და დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტების ფონზე, საქართველოში WPS დღის წესრიგის მომავალი სულ უფრო ბუნდოვანი ხდება. მიუხედავად ამისა, დემოკრატიული უკუსვლის პირობებშიც კი, ეს ჩარჩო კვლავინდებურად ქმნის მყიფე, თუმცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სივრცეს ფემინისტური აქტივიზმისთვის, შემოქმედებითობისა და მედეგობისთვის.
სომხეთი
სომხეთში „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების“ (WPS) ირგვლივ არსებული ვითარება ფრაგმენტირებული, დაძაბული და მეტად რთულია. საქართველოსგან განსხვავებით, სადაც ერთ დროს ძლიერი ფემინისტური ალიანსები ყვაოდა, სომხეთში WPS-ის ადვოკატირების პროცესი დაქსაქსულია და ხასიათდება უნდობლობით როგორც სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობას, ისე თავად ფემინისტებს შორის. მრავალი ანტიმილიტარისტული ჯგუფი საერთოდ უარყოფს WPS-ის დღის წესრიგს და მას მიიჩნევს რადიკალურ საწყისებს მოწყვეტილ, ლიბერალურ ფემინისტურ პროექტად, რომელიც ელიტებმა საკუთარი მიზნებისთვის მიისაკუთრეს. მაგალითად, განსაკუთრებით სადავო საკითხად რჩება ქალთა მონაწილეობა სამხედრო სამსახურში. მრავალი სომეხი ქალისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც დედაქალაქის მიღმა ცხოვრობს, WPS დღის წესრიგი შორეულ და უცხო მოცემულობად აღიქმება. „უშუალოდ კონფლიქტით დაზარალებულმა მოსახლეობამ არაფერი იცის ამ ეროვნული სამოქმედო გეგმის შესახებ“, – განმარტა ჩემთან ინტერვიუში მშვიდობის მშენებელმა ქალმა. WPS-ის ენა და პროცესები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ვიწრო, „ელიტურ“ წრეშია მოქცეული. თუმცა, სხვები მაინც ირჩევენ სტრატეგიულ ჩართულობას და იმ შესაძლებლობების გამოყენებას, რასაც WPS ქმნის.
„ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ გენდერული თანასწორობის კუთხით მიღწეული საკანონმდებლო პროგრესის მიუხედავად, სომეხი ქალები კვლავაც აწყდებიან ბარიერებს სხეულებრივი ავტონომიის, უსაფრთხოებისა და ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე. ლგბტქია+ თემის წარმომადგენელი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, სიღარიბეში მცხოვრები და აივ-დადებითი ქალები განსაკუთრებით მწვავე დისკრიმინაციას განიცდიან. ღრმად ფესვგადგმული პატრიარქალური ნორმები კვლავაც განაპირობებს ქალთა ცხოვრებისეულ არჩევანსა და უსაფრთხოებას. ამ გამოწვევებს კიდევ უფრო ამწვავებს მილიტარიზაცია, ომის შიში და გენდერული ნიშნით ძალადობა, განსაკუთრებით სოფლად და სასაზღვრო რეგიონებში.
როგორც სომეხი, ისე აზერბაიჯანელი ქალები დიდი ხანია ჩართულნი არიან სამშვიდობო ინიციატივებში, თუმცა ისინი კვლავ რჩებიან ოფიციალური სამთავრობო (Track 1) სამშვიდობო პროცესების მიღმა, სადაც დომინანტურ როლს ჯერ კიდევ მამაკაცთა ელიტური ჯგუფები ასრულებენ. მთიანი ყარაბაღის 2020 წლის ომის შემდეგ სომხეთში სამშვიდობო საქმიანობა კიდევ უფრო გართულდა. ომის შედეგებმა რეგიონული ძალთა ბალანსი აზერბაიჯანის სასარგებლოდ შეცვალა, რამაც სომხურ საზოგადოებას მძიმე ტრავმა მიაყენა. ამ ფონზე, სამშვიდობო საქმიანობა სტიგმატიზებულია და ხშირად სისუსტედ ან სულაც ღალატად აღიქმება. აქედან გამომდინარე, მშვიდობის მშენებელმა ქალებმა გამიზიარეს ის კრეატიული სტრატეგიები, რომლებიც შექმნილ ვითარებაში მუშაობის გასაგრძელებლად შეიმუშავეს; უარყოფითი რეაქციის თავიდან ასაცილებლად, ისინი ხშირად მიმართავენ აქტივობების შინაარსობრივ გადახალისებას ან რებრენდინგს. 2020 წლის შემდგომმა პერიოდმა სომეხ და აზერბაიჯანელ ქალებს შორის ათწლეულების განმავლობაში არსებული არაფორმალური თანამშრომლობის მოშლაც გამოიწვია, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს იშვიათი გამონაკლისები, როგორიცაა, მაგალითად, „ფემინისტური სამშვიდობო კოლექტივი“. 2022-2023 წლებში გამოკითხული არაერთი სომეხი ქალი ღრმა მწუხარებასა და იმედგაცრუებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ მშვიდობის მშენებლობაში მათი ყოფილი აზერბაიჯანელი პარტნიორები სოციალურ ქსელებში ნაციონალისტურ პოსტებს ავრცელებდნენ. ნდობის დაკარგვა თვალშისაცემი იყო: გაჩნდა განცდა, რომ „გასულ ათწლეულებში მშვიდობის მშენებლობისთვის გაწეული მთელი შრომა წაიშალა“.
სასოწარკვეთის ეს ატმოსფერო მხოლოდ სომხეთით არ შემოიფარგლება. მშვიდობის პერსპექტივების მიმართ მზარდი აპათია და უიმედობა მთელ სამხრეთ კავკასიაში იგრძნობა. „ერთი მხრივ, ცხადია, რომ WPS-ის დღის წესრიგი დღეს ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს, – მითხრა თბილისში ახალგაზრდობისა და გენდერის საკითხების ექსპერტმა, – მაგრამ, მეორე მხრივ, ხალხს მისი აღარ სჯერა“.
სამოქალაქო სივრცის შეზღუდვა და განსხვავებული ტრაექტორიები
ორივე კონტექსტში ქალთა არსებითი მონაწილეობა „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების“ (WPS) დღის წესრიგში არათანაბარია. მართალია, კონფლიქტით დაზარალებული ქალების საჭიროებებს ხშირად ის არასამთავრობო ორგანიზაციები ახმოვანებენ, რომლებსაც სათემო დონეზე მჭიდრო კავშირები აქვთ, თუმცა იმ ქალებს, რომლებიც არ ფლობენ ინგლისურს და სპეციფიკურ „WPS ენას“, ანდა არ ცხოვრობენ დედაქალაქში, უჭირთ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. ეთნიკური უმცირესობები, ლგბტქია+ პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ახალგაზრდა ქალები ფორმალურ WPS პროცესებში იშვიათად ჩანან, რაც თაობათაშორის და ინტერსექციურ ნაპრალებს თვალსაჩინოს ხდის. მრავალი ქალისთვის ამ დღის წესრიგის სრულფასოვანი განხორციელება კვლავ ისეთ საბაზისო რესურსებზე ხელმისაწვდომობას ნიშნავს, როგორიცაა მიწა, ჯანდაცვა, ბავშვზე ზრუნვა, უსაფრთხო ტრანსპორტი და შიშისგან თავისუფლება – რაც ადამიანის უსაფრთხოების ფუნდამენტური, თუმცა ჯერაც განუხორციელებელი განზომილებებია.
როგორც სომხეთში, ისე საქართველოში, ფემინისტი აქტივისტები და მშვიდობის მშენებლები, რომლებიც დომინანტურ ნარატივებს უპირისპირდებიან, მტრული დამოკიდებულების სამიზნეები ხდებიან. ნაციონალისტური ჯგუფები მათ რეგულარულად ესხმიან თავს, ავიწროებენ და, კონტექსტის შესაბამისად, „მოღალატის“ ან „უცხოეთის აგენტის“ იარლიყს აკერებენ, როგორც ციფრულ, ისე ფიზიკურ სივრცეში. სიძულვილის ენა, დეზინფორმაცია და მილიტარიზებული ნარატივები აზიანებს საჯარო სივრცეს, რაც არღვევს ნდობას და საფრთხეს უქმნის ქალ უფლებადამცველებს. სომხეთში, მიუხედავად იმისა, რომ „სამშვიდობო პროცესი“ ამჟამად ფაშინიანის პოლიტიკური დღის წესრიგის სათავეშია, მშვიდობის მშენებლობაზე, სექსუალურ განათლებაზე, ლგბტქია+ უფლებებსა თუ გენდერულ ძალადობაზე მომუშავე ფემინისტ აქტივისტებს ხშირად ტრადიციული ღირებულებების ღალატში ადანაშაულებენ. საქართველოში მსგავს თავდასხმებს ზურგს უმაგრებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და მზარდი ულტრანაციონალისტური დისკურსი; თუმცა, სომხეთთან შედარებით აქ შედეგები ბევრად უფრო მწვავეა, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოების იმ წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ამჟამად „უცხოეთის აგენტებად“ არიან მონიშნულნი.
მართალია, სამოქალაქო სივრცის შეზღუდვის პრობლემა ორივე ქვეყანაში დგას, თუმცა მათი WPS ტრაექტორიები სხვადასხვა მიმართულებით განვითარდა. საქართველოში დემოკრატიულმა უკუსვლამ და ანტიგენდერული პოლიტიკის გაძლიერებამ ძირი გამოუთხარა WPS-ის ინსტიტუციონალიზაციის კუთხით მიღწეულ იმ ადრეულ წარმატებას, რაც ლოკალიზებულ სამოქმედო გეგმებსა და ფემინისტებსა და მთავრობას შორის არსებულ, ოდესღაც მტკიცე ალიანსებს ეფუძნებოდა. ამის საპირისპიროდ, სომხეთის წინაშე არსებული სირთულეები, ძირითადად, ფრაგმენტირებული ფემინისტური ქსელებით, WPS-ის შესახებ საზოგადოების დაბალი ინფორმირებულობით, დაუცველობითა და ტრავმით დაღდასმული პოლიტიკური გარემოთია განპირობებული; თუმცა მესამე ეროვნული სამოქმედო გეგმის (NAP) მიმდინარე პროცესში გარკვეული პროგრესი მაინც შეინიშნება. და მაინც, ორივე ქვეყანაში WPS-ის დღის წესრიგი რჩება კრიტიკულად მნიშვნელოვან ბერკეტად, საერთო ენად, ლეგიტიმაციის სივრცედ და მყიფე, მაგრამ სასიცოცხლოდ აუცილებელ იარაღად მთავრობების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად. ის ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებს აძლევს საყრდენს მშვიდობისა და გენდერული სამართლიანობის ადვოკატირებისთვის, დემოკრატიული ეროზიისა და ომით გამოწვეული დაღლილობის პირობებშიც კი. საბოლოო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კავკასიაში WPS-ს მილიტარიზაცია და პატრიარქატი ზღუდავს, ის კვლავინდებურად რჩება ფემინისტური შემოქმედებითობისა და მედეგობის სივრცედ. როგორც სომხეთში, ისე საქართველოში ქალები განაგრძობენ ბრძოლას და ხილვადობის, სოლიდარობისა თუ წინააღმდეგობისთვის მათ ხელთ არსებულ შეზღუდულ ინსტრუმენტებს იყენებენ.
„ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“ (WPS) გზაგასაყარზე სამხრეთ კავკასიაში: რა გველის მომავალში?
წინამდებარე კვლევა ცხადყოფს, რომ WPS-ის ეროვნული სამოქმედო გეგმების შემუშავება, ადვოკატირება და განხორციელება ვაკუუმში არასდროს ხდება. ამ პროცესებს არსებითად განსაზღვრავს პოლიტიკური და გეოპოლიტიკური გარემო – დაწყებული იქიდან, თუ ვინ მონაწილეობს დოკუმენტის შედგენაში და რომელი პრიორიტეტები ფინანსდება, დამთავრებული იმით, თუ როგორ იყენებენ მთავრობები WPS-ს დემოკრატიისა და პროგრესის სადემონსტრაციო ინსტრუმენტად.
განსხვავებული კონტექსტების მიუხედავად, ეროვნული სამოქმედო გეგმების წარმატება ფემინისტურ ალიანსებზეა დამოკიდებული. ეს ალიანსები აერთიანებს ფემოკრატებს, ფემინისტურ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და გენდერის ექსპერტებს – აქტორებს, რომლებიც ინსტიტუციების შიგნით და მათ მიღმა ლავირებენ. ფემოკრატები კარგად იცნობენ ბიუროკრატიულ სისტემებს და ხსნიან ე.წ. პოლიტიკაზე მუშაობის შესაძლებლობების ფანჯრებს; ფემინისტურ ორგანიზაციებს პროცესში ადგილობრივი ლეგიტიმაცია და პრაქტიკული ექსპერტიზა შემოაქვთ; ხოლო გენდერის ექსპერტები (რომლებიც ხშირად ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან არიან დაკავშირებულნი, როგორიცაა გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women)), ფემინისტურ მოთხოვნებს ინსტიტუციურ ენაზე თარგმნიან. თუმცა, ეს კოალიციები მყიფეა და პოლიტიკური დინებების ცვლილებასთან ერთად სხვადასხვა სახეს იღებს. საქართველოში, რომელიც WPS-ის კუთხით ერთ დროს რეგიონულ ლიდერად ითვლებოდა, დემოკრატიული უკუსვლის ფონზე სწორედ ის ალიანსები მოირღვა, რომლებმაც თავის დროზე ეს დღის წესრიგი შექმნეს. ამის საპირისპიროდ, სომხეთში მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობა დროთა განმავლობაში გაძლიერდა, რაც ქვეყანაში მიმდინარე გაუბედავ დემოკრატიულ გარდაქმნებს ასახავს.
ორივე ქვეყნის ტრაექტორია მათ ზოგად პოლიტიკურ კურსებს ასახავს. ავტორიტარული ტენდენციების გაღრმავებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების შესუსტების ფონზე, საქართველოს, როგორც ლიდერის პოზიცია WPS-ის მიმართულებით შეირყა. ოდესღაც სანიმუშოდ მიჩნეული ეროვნული სამოქმედო გეგმების პროცესი ამჟამად შეჩერებულია, ახალი გეგმის შემუშავება კი დღის წესრიგში არ დგას. სომხეთი კი საპირისპირო გზას ადგას: მისი მესამე ეროვნული სამოქმედო გეგმა სამოქალაქო საზოგადოების რეალურ ჩართულობასა და ევროპულ დემოკრატიულ ნორმებთან დაახლოებას ასახავს. ეს ურთიერთსაპირისპირო გამოცდილება ხაზს უსვამს, თუ როგორ შეუძლია დემოკრატიზაციას ხელი შეუწყოს WPS-ის გაძლიერებას, ხოლო ავტოკრატიზაციას – სწრაფად გამოიწვიოს მისი ეროზია. საქართველოს მაგალითი თვალნათლივ აჩვენებს, რომ ქალთა უფლებებისა და მშვიდობის მშენებლობის კუთხით მიღწეული პროგრესი არასდროსაა გარანტირებული; ხშირად სწორედ ეს სფეროები ხდებიან თავდასხმის პირველი სამიზნეები და მათ ერგებათ ხოლმე განტევების ვაცის ბედი. პოლიტიკურმა კრიზისებმა, „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონმა, ანტიგენდერულმა რიტორიკამ და სამოქალაქო სივრცის შეზღუდვამ, ყურადღება და რესურსები WPS-ის დღის წესრიგიდან სხვა მიმართულებით გადაიტანა. მეხუთე ეროვნული სამოქმედო გეგმის[4] მომავალი ბუნდოვანია, რაც წარმოაჩენს, თუ რამდენად მყიფე შეიძლება იყოს ინსტიტუციური პროგრესი დემოკრატიული რეგრესის პირობებში. ამის საპირისპიროდ, სომხეთი WPS-ს განიხილავს საკუთარი დემოკრატიული იმიჯისა და პროდასავლური საგარეო-პოლიტიკური კურსის ნაწილად, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანთან მშვიდობის მიღწევა კვლავ ბუნდოვან პერსპექტივად რჩება. ე.წ. ტრამპის მშვიდობისა და კეთილდღეობის გზის (TRIPP) მიღმა, ჯერ კიდევ არ გაფორმებულა ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც ჯეროვნად გაითვალისწინებდა სამართლიანობის აღდგენას, ათწლეულების განმავლობაში გახანგრძლივებული ომით მიყენებული ზიანის ანაზღაურებასა (რეპარაციებს) და ამ პროცესში ქალთა არსებით მონაწილეობას.
განსხვავებული ტრაექტორიების მიუხედავად, ორივე ქვეყანა მუდმივად ერთსა და იმავე გამოწვევებს აწყდება: აცდენას რიტორიკასა და იმპლემენტაციას შორის, დონორებზე ძლიერ დამოკიდებულებას, დაფინანსების ქრონიკულ ნაკლებობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებიდან ქალთა კვლავინდებურ გამორიცხვას. თუმცა, სამოქალაქო საზოგადოების, ფემინისტური და ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციების რესურსებსაც აქვს ზღვარი, განსაკუთრებით ისეთ რეგიონში, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ნაწილთან შედარებით, ყველაზე მეტად განიცდის დაფინანსების სიმწირესა და შეზღუდვებს. მულტილატერალიზმის რღვევისა და ავტორიტარიზმის გაძლიერების და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმების გლობალურ ფონზე, ადგილობრივ დონეზე WPS-ის პროცესების შენარჩუნება სულ უფრო რთული ამოცანა გახდება. და მაინც, ამ დაბრკოლებების მიუხედავად, ქართველი და სომეხი ფემინისტების შემოქმედებითობა და შეუპოვრობა არ ნელდება. მათი სიმტკიცე ცხადყოფს, რომ კრიზისის დროსაც კი, „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების“ დღის წესრიგი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ფორმალური პოლიტიკური ინსტრუმენტი; ის რჩება წინააღმდეგობისა და წარმოსახვის სივრცედ, ასევე, ღირებულ ენად მშვიდობისა და სამართლიანობისთვის მიმდინარე ბრძოლაში, მაშინაც კი, როცა ეს ბრძოლა მარგინალურ სივრცეში მიმდინარეობს.
[1] საქართველოსა და სომხეთის შესახებ მომზადებულ ნაწილებში წარმოდგენილი ანალიზი ეფუძნება 2022-2023 წლებში ორივე ქვეყანაში ჩატარებულ 43 ინტერვიუს ქალ მშვიდობის მშენებლებთან, ქალთა ორგანიზაციების, სამთავრობო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და დარგის ექსპერტებთან. კვლევა ასევე მოიცავს დოკუმენტების ანალიზსა და ჩართულ დაკვირვებებს. ქვემოთ მოცემული ტექსტი ამ კვლევის ძირითად მიგნებებს აჯამებს. მასში ასახული ხედვები რესპონდენტთა იმ პერიოდის პერსპექტივებსა და სპეციფიკურ კონტექსტს გადმოსცემს.
[2]კერძოდ: გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნა (2004); კანონი „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ (2006); კანონი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ (2006) და კანონი „გენდერული თანასწორობის შესახებ“ (2010).
[3]აღნიშნულ საბჭოებს სახელი შეეცვალა ქვეყანაში არსებული დემოკრატიული უკუსვლისა და გენდერული თანასწორობის შესახებ კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შედეგად.
[4]როგორც საქართველოში მოქმედ მშვიდობის მშენებელ ქალთან ავტორის მიერ ახლახან გამართული არაფორმალური საუბრებიდან ირკვევა, WPS-ის მეხუთე ეროვნული სამოქმედო გეგმის (NAP) საკითხი ჯერჯერობით გაურკვეველია. მართალია, სამოქალაქო საზოგადოება ამ ეტაპზე პროცესში, როგორც ჩანს, საერთოდ არ არის ჩართული, თუმცა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) უახლესი ანგარიში მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობა ნამდვილად მუშაობს მეხუთე სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე.