საარჩევნო გამოწვევები საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის: ტესტი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ეფექტიანობის გასაზომად

ვიოლა ფონ კრამონი, ქეთევან ციხელაშვილი, გიორგი კანდელაკი

„როგორ ავიცილოთ ის საფრთხეები, რომლებიც ჩვენს წინ დგას ამ ორი კვირის განმავლობაში. როგორ დავიცვათ დემოკრატია ჩვენს ქვეყანაში?” - როდესაც ეს შეკითხვა ისმებოდა, ვერც მისი ავტორი და ვერც დისკუსიის მომხსენებლები და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში შეკრებილი საზოგადოება ვერ წარმოიდგენდა, რომ რამდენიმე საათში ეს კითხვა წინასაარჩევნოდ განვითარებული მოვლენების ფონზე ზედმიწევნით აქტუალური გახდებოდა.

საარჩევნო გარემო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოში და ევროინტეგრაციის პროცესები ქვეყანაში, საზოგადოებაში არსებული მოლოდინები და არჩევნებთან დაკავშირებული გამოწვევები, სამოქალაქო საზოგადოების როლი და საარჩევნო გარემოს მისეული შეფასებები - ამ თემებზე მსჯელობდნენ დისკუსიის მომხსენებლები: ვიოლა ფონ კრამონი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის წევრი და „კავშირი 90/მწვანეების“ წარმომადგენელი, გიორგი კანდელაკი, საქართველოს პარლამეტის დეპუტატი, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, და თამარ ჩუგოშვილი, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე.

„ევროკავშირის მხრიდან გაგვიხარდებოდა საქართველოში გვენახა სტაბილური პარტნიორი, ჩამოყალიბებული ქვეყანა. არა აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება მმართველი პარტია, ვინ იქნება ქვეყნის სათავეში. მთავარია, რომ არსებობდეს გრძელვადიანი პარტნიორობის შესაძლებლობა... დღეისთვის  პარლამენტარების 75% მმართველი გუნდის წევრია. სააკაშვილს და მის პარტიას აქვს როგორც ფორმალური ისე არაფორმალური ძალა. ჩვენ გვინდა საქართველოში დავინახოთ მრავალპარტიული, ცოცხალი და დინამიური პოლიტიკა. ოპოზიციის დანახვაც გვინდა პარლამენტში, რომელიც გააკონტროლებს მთავრობას“ - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის წევრის, ფრაქცია „კავშირი 90/მწვანეების“ წარმომადგენლის და ბიოლის ფონდში გამართული დისკუსიის ერთ-ერთი მონაწილის, ვიოლა ფონ კრამონის ამ სიტყვებიდანაც ნათელი ხდება, რას ელის საერთაშორისო საზოგადოება საქართველოსგან და როგორ წარმოუდგენია მისი დემოკრატიული განვითარება, რა ღირებულებებს ეყრდნობა ევროპული საზოგადოება და რა საზომებით გაიზომება საქართველოს ევროინტეგრაციისკენ მიმართული ნაბიჯები.

პარლამენტარ გიორგი კანდელაკს საარჩევნო გამოწვევების საკუთარი რამდენიმე პუნქტიანი ხედვა აქვს. მას იმედი აქვს, რომ ეს არჩევნები კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ „საქართველო დგას ევროკავშირის გზაზე”. მან აქცენტი პოლიტიკაში ფულის შემოდინებაზე გააკეთა და თქვა, რომ ეს ვერანაირ კანონმდებლობაში ვერ ჯდება. ერთ-ერთი გამოწვევა მისივე თქმით იმასთან არის დაკავშირებული, რომ კოალიცია „ქართული ოცნების” მხრიდან „ძალიან დიდი კამპანია მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი არ დაეთანხმებიან შედეგებს, როგორიც არ უნდა იყოს ის“. მანვე კოალიციის ანტიდასავლურ რიტორიკაზეც ისაუბრა.

არათანაბარი შესაძლებლობები პოლიტიკური სუბიექტებისთვის, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, სახელმწიფო მოხელეების მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში, პოლარიზებული მედია გარემო - ის უმთავრესი გამოწვევებია, რომელიც სამართლიანი არჩევნების ჩატარებას საფრთხეს უქმნის - აცხადებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი.