1989: მეხსიერების ცვლილება

ნაშრომი მიზნად ისახავს 1988-90 წლებში საბჭოთა საქართველოში მიმდინარე, წარსულის გადაფასების პროცესის შესწავლასა და ანალიზს. აღნიშნულმა პროცესმა, განსაკუთრებით, 1989 წელს განვითარებულმა მოვლენებმა, შესაძლებელი გახადა საზოგადოებაში დამოუკიდებლობის იდეის დაბრუნება, რასაც საბოლოოდ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა მოჰყვა. ნაშრომში გაანალიზებულია წარსულის, განსაკუთრებით, 1918-1921 წლების მოვლენების გადაფასების პროცესი, რაზე დაკვირვებაც ხდება იმჟამად მოღვაწე ისტორიკოსთა ნაშრომების, ოფიციალური დოკუმენტებისა თუ განცხადებების საფუძველზე.

Teaser Image Caption
გურამ წიბახაშვილის ფოტო

1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ საზოგადოებას საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა ამცნო. დამოუკიდებლობის გამოცხადებას გამსახურდიამ ვრცელი ისტორიული მიმოხილვა წაუმძღვარა. ისტორიის ამგვარი თხრობა, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის სამართლებრივ საფუძველად უნდა ქცეულიყო. ზუსტად ორი წლით ადრე, 1989 წლის 9 აპრილს, ისტორიის ამგვარი თხრობა ანტისახელმწიფოებრივად მიიჩნეოდა.  ოფიციალური ისტორიული ნარატივი საქართველოს საბჭოთა კავშირში ყოფნის იდეოლოგიურ დასაბუთებას ემსახურებოდა. 1989 წელს დაწყებულმა წარსულის გადაფასებამ სრულად გარდაქმნა ოფიციალური ისტორიული ნარატივი, რასაც საზოგადოების კოლექტიური მეხსიერების ცვლილება მოჰყვა. იმავე წლის დასასრულს კი, საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა არაფორმალური წრეების მოთხოვნიდან ქვეყნის ოფიციალურად გაცხადებულ მიზნად აქცია.

წარსულის შესახებ საერთო შეხედულების არსებობა მნიშვნელოვანია იდენტობის, მათ შორის, ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებაში. ერების ჩამოყალიბებაში დიდი როლი ეკისრება საზოგადოების მიერ საერთო ბედის, წინაპრებისა და ისტორიის რწმენას (Anderson, 1983). ერები მუდმივად ინარჩუნებენ კავშირს წარსულთან და მას საკუთარი მიზნებისათვის იყენებენ (Hobsbawm, 1983). ერების ერთ-ერთი მახასიათებელი ერთიანი ისტორიული მეხსიერებაა. ერად ჩამოყალიბება სწორედ საერთო წარსულის აღმოჩენას გულისხმობს. ეროვნული იდენტობის განსაზღვრაში განსაკუთრებული როლი გარემოსათვის ისტორიული დატვირთვის მინიჭებასა და სამაგალითო პიროვნებათა გახსენებას ენიჭება (Smith, 1989).

მიუხედავად წარსულის დიდი როლისა, ისტორიაში მომხდარი უთვალავი მოვლენიდან მხოლოდ ნაწილი რჩება ადამიანთა მეხსიერებაში (Zerubavel, 2003a). თუმცა, კერძო ისტორიულ მოვლენათა და პიროვნებათა დამახსოვრება მხოლოდ ინდივიდუალურ დონეზე არ ხდება. ერთი შეხედვით, პიროვნული მახასიათებელი – მეხსიერება – მორის ჰალბვაქსმა ადამიანთა ერთობებს მიაკუთვნა (Halbwachs, 1992). კოლექტიური მეხსიერების გაზიარება და მის კოლექტიურ წარსულთან იდენტიფიკაცია ნაწილია ნებისმიერი სოციალური, მათ შორის, ეროვნული იდენტობის მიღებისა, და ამგვარი წარსულის წევრებისთვის გაცნობა არის საზოგადოების მიერ მათი ასიმილირების მნიშვნელოვანი ნაწილი. ამასთან, სოციალური ერთობიდან გასვლა ხშირად მოიცავს გამიჯვნას მისი საერთო წარსულისაგან (Zerubavel, 2003b). ამგვარად, იმას, თუ რომელი ისტორიული მოვლენაა დამახსოვრების ღირსი, ხოლო რომელი უმნიშვნელო – კოლექტივი განსაზღვრავს. კოლექტიური მეხსიერების შენარჩუნებას ისტორიის სახელმძღვანელოები, არქივები, მემორიალები, მუზეუმები და სხვა „მეხსიერების ადგილები“ განაპირობებს. სწორედ ამგვარად ხერხდება წარსულის შენარჩუნება და მასთან ბმის დამყარება (Nora, 1989).

წარსულის მოვლენებისადმი შერჩევითი მიდგომა, ისტორიაზე, როგორც ობიექტურ რეალობაზე, საუბარს შეუძლებელს ხდის, რადგან წარსულის შესახებ თხრობა აწმყოში არსებული გარემოებების გათვალისწინებით ხდება. ასეთ დროს განსაკუთრებულ უპირატესობას იღებენ ის ადამიანები, რომელთაც ისტორიის თხრობის სახის განსაზღვრა ხელეწიფებათ (Friedman, 1992).

ლევან კაპიტანოვის კვლევის "1989: მეხსირების ცვლილება" ჩამოტვირთვა შეგიძლიათ მოცემული ბმულიდან.