მზის ენერგეტიკა საქართველოში: პრობლემები, გამოწვევები და საჭირო ღონისძიებები

კლიმატის ცვლილების პირობებში განსაკუთრებული ყურადღება ენერგეტიკის სექტორს ენიჭება. საქართველოში ენერგეტიკას, მესამე ეროვნული შეტყობინების მიხედვით, პირველი ადგილი უკავია იმ სექტორებს შორის, რომლებიც კლიმატზე ახდენს ზემოქმედებას. სათბურის აირების ემისიის შემცირებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მზის ენერგიის ათვისება და მისი სისტემების მასშტაბური გამოყენება, რადგან მზე ენერგიის სუფთა წყაროდ მიიჩნევა. საქართველოს მზის ენერგიის ათვისებისთვის დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა, რეალურად, ამ კუთხით ქვეყანაში მხოლოდ ფრაგმენტული პროექტები ხორციელდება და მოქალაქეების მცირე ჯგუფის ინდივიდუალური გადაწყვეტილებით აშენებული მზის მცირე სიმძლავრის ელექტრული სადგურები გვხვდება. სახელმწიფოს არ გააჩნია ენერგეტიკის სექტორის განვითარების სტრატეგიული გეგმა, კონკრეტული პოლიტიკა და სამოქმედო გეგმა მზის ენერგიის ათვისების მიმართულებით.

სოფლის ხედი

სტატიაში მოცემული კვლევა მიზნად ისახავს მზის ელექტრული სადგურების შესაძლებლობების, მათი საჭიროებების კვლევასა და ენერგეტიკული პოლიტიკის კუთხით არსებული იმ პრობლემების იდენტიფიცირებას, რაც მზის ელექტროენერგეტიკის განვითარებას აფერხებს ქვეყანაში. კვლევის ფარგლებში ჩატარდა სამაგიდო კვლევა და ჩაღრმავებული ინტერვიუები ყველა იმ უწყების წარმომადგენლებთან, რომლებიც ენერგეტიკის სექტორში საქმიანობენ, ასევე, დამოუკიდებელ ექსპერტებთან, მზის სისტემების კომპანიების წარმომადგენლებსა და მზის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მფლობელებთან. კვლევის შედეგად გამოიკვეთა ის საჭირო ღონისძიებები, რომელთა გატარება ხელს შეუწყობს მზის სისტემების ფართო გამოყენებას: ენერგიის განახლებადი წყაროების შესახებ ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება, მზის ელექტროსადგურებისთვის გონივრული ტარიფის დადგენა, ქსელში ენერგიის სარეზერვო წყაროების შექმნა და/ან ბატარეიანი მზის სადგურების მშენებლობა, მზის ელექტრული სადგურების შესახებ სისტემატური კვლევებისა და საინფორმაციო კამპანიების წარმოება და ა.შ.

ახალი განახლებადი ენერგიების (New Renewables) ათვისება ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია ევროკავშირისთვის. ის 2020 წლისთვის მიზნად ისახავს, რომ მის ფარგლებში მოხმარებული ენერგიის 20% განახლებადი ენერგიის წყაროებით იყოს გამომუშავებული. 2014 წელს საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებით აიღო ევროკავშირის ენერგეტიკული კანონმდებლობის მესამე პაკეტთან ჰარმონიზაციის ვალდებულება. საინტერესოა, რა წინსვლა გამოიწვია ქვეყანაში ამ პროცესმა და რამდენად არის თანხვედრაში ჩვენი ენერგეტიკის სექტორის პოლიტიკა ენერგეტიკული გაერთიანების მოთხოვნებთან.

ზოგადად, ნებისმიერი სექტორის გამართული ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია შესაბამისი კანონების არსებობა ქვეყანაში, სტრატეგიული და შესაბამისი მოკლევადიანი და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმების არსებობა, განმახორციელებელი კონკრეტული ორგანოების არსებობა და მათი ექსკლუზიური ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრა, სისტემატური სამეცნიერო თუ მცირე პრაქტიკული კვლევების წარმოება, საჭირო ტექნოლოგიებზე წვდომა ქვეყანაში, სამიზნე ჯგუფების ინფორმირებულობა და ა.შ. ფაქტია, რომ ქვეყანაში მზის ენერგეტიკა განვითარებული არაა, ძალიან იშვიათად თუ შევამჩნევთ სახლების სახურავებზე მზის პანელებს და მზის ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციას შემთხვევით თუ წავაწყდებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოში 2016 წელს რეალურად ამოქმედდა ნეტო აღრიცხვის სისტემა, რომელიც მზის (ასევე, ქარის და წყლის) მიკროსიმძლავრის ელექტრული სადგურების მფლობელებს შესაძლებლობას აძლევს, რომ ჩართონ თავიანთი სადგურები ერთიან ქსელში. საინტერესოა ამ მნიშვნელოვანი რეფორმის ეფექტი და ის, თუ მისი არსებობის მიუხედავად, მზის სისტემები მოსახლეობაში მასშტაბურად რატომ ვერ ვრცელდება? ასევე, რატომ არ გვაქვს ქვეყანაში მზის არცერთი დიდი სიმძლავრის ელექტროსადგური? რა გამოწვევების წინაშე დგას ენერგეტიკის სექტორი და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს სექტორი გაძლიერდეს და განვითარდეს?

კვლევის წასაკითხად დაწკაპეთ აქ: