სტატიაში წარმოდგენილი კვლევის მიზანია, დაადგინოს, თუ რა სოციალურ და ეკონომიკურ ზემოქმედებას ახდენს ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოსახლეობაზე პოლიმეტალურ საბადოზე მომუშავე კომპანია „არემჯის“ (Rich Metals Group – RMG) საქმიანობა. კვლევამ მოიცვა შემდეგი საკითხები: კომპანიის მიერ გარემოს დაბინძურების შედეგად გამოწვეული პრობლემები დასახლებებში, ჯანმრთელობის საკითხები, მოსახლეობის ეკონომიკური საქმიანობა, სოფლის მეურნეობის მდგომარეობა, დასაქმება, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა და სოციალური ცვლილებები.
კომპანია „არემჯის“ საქმიანობა და მის მიერ გარემოზე მიყენებული ზემოქმედება ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში მიმდინარეობს. ეს აკავებს სახელმწიფოს კონკრეტულ ჩარევებსა და აღნიშნული კომპანიის მიმართ შეზღუდვების დაწესებაში. ამას ემატება ელიტური კორუფციული გარემოც, რომლის მეშვეობითაც კომპანიის ფუნქციონირების კონკრეტული საკითხები კანონდარღვევებითა და აშკარა ლობირების გზით ხორციელდება. ხელისუფლება, ერთი მხრივ, თვალს ხუჭავს კომპანიის მიერ ფიზიკურ და სოციალურ გარემოზე მიყენებულ უარყოფით ზემოქმედებაზე, მეორე მხრივ, მის მხარდაჭერას საკუთარი რესურსების მობილიზებით (ადგილობრივი თვითმმართველობისა და ძალოვანი სტრუქტურების ჩართულობა კომპანიისთვის კონფლიქტის ასარიდებლად) ცდილობს. კომპანიის მიერ ადგილობრივ მოსახლეობაზე მიყენებული კონკრეტული სოციალური და ეკონომიკური ზემოქმედების გასაზომად, სტატიაში განხილული კვლევა დაეფუძნა სოციალური მედეგობისა და მოწყვლადობის თეორიებს, ასევე, ხელმძღვანელობდა სოციალური ზემოქმედების შეფასების საერთაშორისო პრინციპებით.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ კომპანიის მიერ გარემოსა და ადგილობრივ მოსახლეობაზე მიყენებული სოციალური ზიანი მწვავეა. სოციალურ ერთობაზე მიყენებულ ზიანს კარგად ხსნის შესწავლილ დასახლებებში სოციალური მედეგობისა და მოწყვლადობის ანალიზი. გარემოზე მიყენებული ზიანის კუთხით, კომპანია აბინძურებს ჰაერს, წყალსა და ნიადაგს, რაც აზარალებს მოსახლეობის მრავალწლიან და ერთწლიან ნარგავებს, შინაურ ცხოველებსა და ფრინველებს, და ამცირებს ადგილობრივების შემოსავალს. უარყოფითი ზემოქმედება ადგილობრივ სოფლის მეურნეობაზეც ვლინდება. კომპანიის საქმიანობამ შეიწირა სოფლის ტყე, საძოვრები და სახნავ-სათესი მიწები. საწარმოს სალიცენზიო ტერიტორიების მიმდებარე ბევრ დასახლებაში სოფლის მეურნეობა აღარ არის ადგილობრივების ძირითადი შემოსავლის წყარო, მაშინ როდესაც საწარმოს გახსნამდე, ამ ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის პროდუქტები აქტიურად იწარმოებოდა და ექსპორტზეც გადიოდა. სოფლის მეურნეობას აქტიურად მისდევენ ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში, თუმცა ნარგავებს მდინარე ფოლადაურის დაბინძურებული წყლით რწყავენ და დაბინძურებულ პროდუქციას, ძირითადად, თბილისის ბაზარზე ასაღებენ.
გაუარესებულია მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ შორის, ბავშვებისაც. სოფელში გაზრდილია სიკვდილიანობისა და მძიმე დაავადებების რიცხვი. კომპანიაში დასაქმებულ ადამიანებს აქვთ სამედიცინო დაზღვევა და თავიანთი ხელფასით მედიკამენტების შეძენის შესაძლებლობა; ხოლო დაუსაქმებელი ოჯახები ამ მხრივ ორმაგად იჩაგრებიან – არც სამედიცინო სერვისებთან აქვთ წვდომა და არც შემოსავალი, რომ წამლების შეძენა მაინც შეძლონ. გარდა ამისა, მოსახლეობის მოწყვლადობას სხვა სოციალური პრობლემებიც ზრდის: სიღარიბე, მიგრაცია, ქალებისა და ეთნიკური უმცირესობების ჯგუფების მოწყვლადობის განსაკუთრებული ზრდა, საცხოვრებლების დაზიანება, უკმაყოფილების გამოხატვის შიში და მისი თანმდევი ნიჰილიზმი.
ამ ყველა ზარალს ემატება ისიც, რომ ადამიანის უფლებების რღვევის შემთხვევები ხშირად ვლინდება, ერთი მხრივ, საწარმოში არასათანადო შრომითი პირობების სახით და, მეორე მხრივ, ძალოვანი სტრუქტურების მიერ მოსახლეობაზე ზეწოლითა და დაშინებით. გარდა ამისა, საერთაშორისო პრინციპებიდან დარღვეულია მოსახლეობის ინფორმირებისა და საწარმოს საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაში მისი ჩართულობის ასპექტიც. ამ ყველაფრის მიუხედავად, რესპონდენტების ერთი ნაწილი საწარმოს არსებობას მაინც მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ვინაიდან ფინანსური სარგებელი მათთვის გადამწყვეტია.
საბოლოო ჯამში, კვლევის შედეგების მიხედვით, შესწავლილ დასახლებებში გამოვლინდა მოწყვლადობის არაერთი ინდიკატორი, რაც ამ სოციალური ერთობების სოციალური მედეგობის უნარს აზარალებს. სოციალური მედეგობის უნარის გამოვლენა შეიძლება გამოიხატოს ადგილობრივების მიერ საწარმოსა და სახელმწიფო პოლიტიკის მიმართ წინააღმდეგობით, თუმცა, კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ რესპონდენტებში არ არსებობს ერთიანობის შეგრძნება პროტესტის გამოხატვისთვის. მათი ნიჰილიზმი, ნეოლობერალური პოლიტიკურ-ეკონომიკური ველი, კომპანიის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული რეგულაციების დაწესების თუ კონკრეტული ცვლილებების გატარების ნაკლები მოლოდინი/შესაძლებლობა, კომპანიას უტოვებს არჩევანს, გამოიჩინოს კეთილი ნება პროცესების გასაუმჯობესებლად თუ განაგრძოს გარემოსა და ადამიანების ექსპლოატაცია.
კვლევა ეფუძნება სოციალური მედეგობისა და მოწყვლადობის თეორიებს. მასში ასევე განხილულია საერთაშორისო სოციალური ზემოქმედების შეფასების ჩარჩოსტრატეგია, რომელიც მოიცავს ყველა შესაძლო სოციალური ზემოქმედების ტიპს და მოსახლეობაზე უარყოფითი ზემოქმედების მიყენების თავიდან აცილების გზებს, რომლის ვალდებულებაც კომპანიებს უნდა ეკისრებოდეს ადგილობრივი დასახლებული ჯგუფების მოწყვლადობის ასარიდებლად.