ვაცხადებთ მონაწილეთა მიღებას 2020 წლის ონლაინ მწვანე აკადემიაში: სახელმწიფო და საზოგადოება კორონავირუსის დროს

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი აცხადებს მონაწილეთა მიღებას 2020 წლის ონლაინ მწვანე აკადემიაში

სახელმწიფო და საზოგადოება კორონავირუსის დროს                                   

გოგონა პოსტერით დისტოპიურ ქალაქში

მწვანე აკადემიის შესახებ

მწვანე აკადემია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის პროექტია, რომლის მიზანია მწვანე საკითხების აქტუალიზება სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სოციალურ და პოლიტიკურ განვითარებაში.

უკანაკსნელი 6 წლის განმავლობაში მწვანე აკადემია გადაიქცა  პოლიტიკის, სოციო-ეკონომიკური და ეკოლოგიური  გამოწვევების გადააზრების სივრცედ, სადაც ახალგაზრდებს ახალი ცოდნის მიღების და კავშირების დამყარების შესაძლებლობა ეძლევათ.

2020 წლის პროგრამა

2020 წლის მწვანე აკადემია ითვალისწინებს კოვიდ 19-ით შექმნილ განსაკუთრებულ ვითარებას და გთავაზობთ კრიტიკულ რეფლექსიას სამხრეთ კავკასიაში პანდემიის შედეგად დამდგარი პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური რეალობის შესახებ. წინა წლების მსგავსად, მწვანე აკადემია გააერთიანებს მნიშვნელოვან დისკუსიებს აღნიშნული თემის გარშემო. ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებთან და პოლიტიკურ მოაზროვნეებთან ერთად ვიმსჯელებთ იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს სოციალური და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მდგრადი პასუხები დამდგარ ეკონომიკურ კრიზისზე.

კოვიდ-19-მა გააძლიერა დისკუსიები კრიტიკულ სოციალურ და ეკონომიკურ თემებზე, იქნება ეს ჯანდაცვის სისტემა, შრომითი საკითხები, საჯარო სივრცების მნიშვნელობა, უსახლკარობა თუ სხვა.  ამასთან, ამ პრობლემების გადასაჭრელად სახელმწიფოს როლის გადააზრების და კოლექტიური მოქმედებების მნიშვნელობა გამოკვეთა.

პანდემიის დროს, მოწყვლადი ჯგუფები და დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი პრობლემები უფრო ხილვადი გახდა: 1. მომსახურების სფეროში, ყოველგვარი რეგულაციების გარეშე დასაქმებულები 2. ემიგრანტები, რომელთა ფულად გზავნილებზე ათასობით ოჯახია დამოკიდებული 3. ზრუნვით შრომაში (როგორც ანაზღაურებადი, ისე არაანაზღაურებადი) ჩაბმული ადამიანები, რომელებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ პანდემიების დროს 4. მცირე ბიზნესში, მათ შორის ტურიზმის სექტორში დასაქმებულები 5. ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალები და ლგბტქი ადამიანები 6. უსახლკაროები, ან ისინი, ვისაც ვალის გამო გამოსახლება ემუქრებათ.

ამის პარალელურად, მიმდინარე დისკუსიები იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყო მთავრობების პოლიტიკა კრიზისის შემდეგ, რათა მინიმალური ეკონომიკური ზრდა შევინარჩუნოთ, რეფლექსიას და ჩაღრმავებულ მსჯელობას საჭიროებს. საქართველოს მთავრობა განცხადებებს აკეთებს აგრესიული ეკონომიკური ზრდის შესახებ და ხაზს უსვამს პრობლემური, წლების განმავლობაში უარყოფითი გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების გამო ადგილობრივების მიერ გაპროტესტებული ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებით განხორციელების მნიშვნელობას. იგივე მიდგომა ვრცელდება ქალაქებზეც, სადაც მიუხედავად ადგილობრივების საპროტესტო მოძრაობებისა, გადაწყვეტილება უმეტესად კერძო ინვესტორების სასარგებლოდ მიიღება, ვიდრე ქალაქის რეალური საჭიროებების გათვალისწინებით.

2020 წლის მწვანე აკადემიის ძირითადი თემებია:

კოვიდ-19 და მისი გლობალური თუ ადგილობრივი სოციო-ეკონომიკური და ეკოლოგიური განზომილებები;

ურბანული განვითარება, ძირითადი აქცენტებით სახელმწიფოს როლზე, საცხოვრისის პოლიტიკასა და ჯენტრიფიკაციაზე;

ემანსიპატორული მოძრაობები და თვითორგანიზება რეგიონებში.

ამას გარდა, 2020 წლის მწვანე აკადემიის მონაწილეები დაესწრებიან ვორკშოპებს ამბის თხრობის      ( Story Telling) ან ფემინისტური კვლევის მეთოდების შესახებ.

2020 წლის მწვანე აკადემია გაიმართება ონლაინ ფორმატში 11 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით. პროგრამის ნაწილი (ექსკურსია და ვორკშოპები) შესაძლოა განხორციელდეს რეალურ სივრცეში.

მონაწილეების შერჩევის კრიტერიუმები:

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 1990-იდან 2000 წლამდე დაბადებულ ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ უმაღლესი განათლება  და ცხოვრობენ საქართველოში ან სომხეთში.

სასურველია ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა.

პროგრამა განსაკუთრებით საინტერესო იქნება ახალგაზრდა აქტივისტებისთვის, ჟურნალისტებისთვის, მკვლევრებისთვის და პოლიტიკოსებისთვის, რომლებსაც  აინტერესებთ მწვანე პოლიტიკა და ჩართულები არიან სამოქალაქო აქტივიზმში.

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 18 სექტემბერი, 2020.

განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს:

  1. განაცხადი (ფორმა მიმაგრებულია მოცემულ სტატიას. ნახეთ Assets, დაწკაპეთ მიბმულ დოკუმენტს და გადმოიწერეთ)
  2. Curriculum Vitae (CV).                                                                                    

მითითებული დოკუმენტები უნდა გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე info@ge.boell.org . წერილის სათაურში ინგლისურ ან ქართულ ენებზე მიუთითეთ პროგრამის დასახელება- მწვანე აკადემია.  

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ მონაწილეებს. ფონდი იტოვებს უფლებას გასაუბრება  ჩაატაროს მოკლე სიაში შესულ კანდიდატთან.