ვიკისროთ მეტი პასუხისმგებლობა

სინთეტიკური ბოჭკოსგან დამზადებულ ქსოვილს, ერთი შეხედვით, მრავალი უპირატესობა აქვს: იაფია, მალე შრება და სხეულს კარგად ერგება. მაგრამ ხმარების შემდეგ ამ ქსოვილისგან დამზადებული ნაწარმი ნაგვად იქცევა, ის არ გადამუშავდება და, შესაბამისად, უარყოფით ზეგავლენას ახდენს კლიმატის ცვლილებაზე. ამასთანავე, არც ჩვენი ჯანმრთელობისთვის არის უხიფათო.

ტანსაცმელი ნაწილობრივ ან, ზოგჯერ, მთლიანადაც, პლასტიკური ნივთიერებებისგან შედგება. მომხმარებელს ესმის სიტყვები „პოლიამიდი”, „პოლიესტერი”, „აკრილი” ან „ნეილონი” და ხშირად არც იცის, რომ ეს სახელწოდებები სინთეტიკური ბოჭკოს სახეობებს აღნიშნავს, ანუ პლასტიკურ ნივ- თიერებას. მაგრამ სინთეტიკური ბოჭკო პოპულარულია. მისგან დამზადებული ნაწარმი ელასტიკურია, მალე შრება, სასიამოვნოდ რბილია და სხვა მასალის (მაგალითად, ბამბის) ანალოგიურ ტანსაცმელზე ნაკლებს იწონის.

სინთეტიკური ბოჭკო და კლიმატის კრიზისი - ინფოგრაფიკა

ქიმიური ბოჭკო მიიღება პოლიმერებისგან, რომლებიც ორ ჯგუფად იყოფა. ცელულოზის საფუძველზე შექმნილი პოლიმერები (მაგალითად, ვისკოზა), როგორც წესი, ხისგან მიიღება. სინთეტიკური პოლიმერების შესაქმნელად (როგორიცაა, ვთქვათ, პოლიესტერი) წარმოების რამდენიმე ეტაპია საჭირო, მაგრამ, საბოლოო ანგარიშით, ეს პოლიმერები ნავთობისგან ან ბუნებრივი აირისგან შედგება. 2017 წელს მსოფლიოში წარმოე- ბული ბოჭკოს დაახლოებით 70 პროცენტს სინთეტიკური ქიმიური ბოჭკო შეადგენდა. ხელოვნური ბოჭკოს წარმოებაში ერთპიროვნული ლიდერია პოლიესტერი. მისი წილი 80 პროცენტია და ეს მაჩვენებელი განუხრელად იზრდება. ექსპერტთა გამოანგარიშებით, 2017 წელს მსოფლიო ბაზარზე ამ პროდუქციის 53,7 მილიონი ტონა გაიტანეს. ამ ნაწარმის 94 პროცენტს აზიაში ამზადებენ და ამუშავებენ. წარმოებული პოლიესტერის ბოჭკოს დაახლოებით ნახევარი ჩვენი ტანსაცმლის დასამზადებლად გამოიყენება.

საფეიქრო ინდუსტრია გარემოს ერთ-ერთი უდიდესი სამრეწველო დამაბინძურებელია. ტანსაცმლის დასამზადებლად და შესაღებად 20-დან 40 ათასამდე სხვადასხვა სახის ქიმიკატს იყენებენ. ბევრი მათგანი იწვევს ონკოლოგიურ დაავადებებს, გენე- ტიკურ ცვლილებებს და უარყოფითად მოქმედებს ადამიანის რეპროდუქციულ უნარზე. გარდა ამისა, ისინი ზოგჯერ ალერგიულ რეაქციას იწვევს და ცვლის ორგანიზმის ჰორმონალურ სისტემას. მავნე დანამატებს მიეკუთვნება ფორმალდეჰიდი, ე.წ. პერფტო- რირებული ქიმიკატები, აალების საწინააღმდეგო საშუალებები, ქიმიური საღებავები და სხვა დანამატები. საფეიქრო მრეწველო- ბაში დასაქმებულნი წარმოების პროცესის არაერთ საფეხურზე განიცდიან ამგვარ მავნე ნივთიერებათა უარყოფით ზეგავლენას. მეტიც: ეს ნივთიერებები ზიანს აყენებს საწარმოებისა და იმ მდინარეების მახლობლად მცხოვრებ მოსახლეობასაც, სადაც წარმოების ნარჩენები ჩაედინება.

შედეგები სავალალოა: საფეიქრო მრეწველობაში დასაქმებულთა დიდ ნაწილს (ამ სფეროს მუშაკთა 70 პროცენტს კი ქალები შეადგენენ) სამუშაო პირობებით გამოწვეული დაავადებები აწუხებს.

სინთეტიკური ქსოვილის ნაწარმი მისი დამზადების შემდეგაც გვიქმნის პრობლემებს. მისი რეცხვისას მიკროპლასტმასის ნაწილაკები გარემოში ხვდება. ამ ნაწილაკების რიცხვის დასადგენად ჩატარებული სამეცნიერო გამოკვლევების თანახმად, რეცხვის ერთი ხუთკილოგრამიანი ციკლის მსვლელობაში გარემოში ხვდება ექვს მილიონამდე მიკრობოჭკო, ხოლო დრაპის ერთი ქურთუკის რეცხვისას გამოყოფილი ნაწილაკების რაოდენობა 250 ათასს აღწევს. ჯერჯერობით არ მოგვეპოვება საფუძვლიანი ცოდნა იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს მიკროპლასტმასა ადამიანის ჯანმრ- თელობაზე. მაგრამ შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ მიკ- როპლასტმასა მაგნიტივით იზიდავს სხვა მავნე ნივთიერებებს. ეს ნივთიერებები მიკროპლასტმასასთან ერთად ხვდება კვების ჯაჭ- ვში. ისინი ნაპოვნია მარილში, თევზში, მიდიებსა და ადამიანის განავალშიც კი. გამწმენდი დანადგარები ან სარეცხი მანქანები ბოჭკოს ჯერჯერობით ვერ ფილტრავენ.


საფეიქრო მრეწველობაში პლასტიკურ მასას იყენებენ არა მხოლოდ წარმოებისას, არამედ ტანსაცმლის მყიდველამდე მისატანადაც.


პლსტმასა საფეიქრო მრეწველობის ჯაჭვში - ინფოგრაფიკა

პასუხისმგებლობის გარკვეული წილი მომხმარებელზეც მოდის. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ესა თუ ის ტანსაცმელი ჯერ კიდევ სავსებით გამოსადეგია, მას ნაგავში გადაუძახებენ ხოლმე. ევროკავშირის ქვეყნებში ტანსაცმლის 80 პროცენტი ნაგვის დასაწვავ პუნქტებში ან ნაგავსაყრელებზე ხვდება. დარჩენილი ტანსაცმლის 10-12 პროცენტს ხელახლა ყიდიან ადგილობრივ ბაზარზე. დანარჩენი იგზავნება განვითარებად ქვეყნებში, სადაც უცხოურმა საქონელმა, შესაძლოა, მოსპოს ადგილობრივი ბაზარი.

ამგვარი ვითარების ერთ-ერთ უმთავრეს გამომწვევად ე.წ. სწრაფი მოდის მრეწველობას მიიჩნევენ. მსხვილი კონცერნები ბაზარზე ერთბაშად და დიდი რაოდენობით უშვებენ იაფად წარმოებულ ტანსაცმელს. ბოლო 20 წლის განმავლობაში აშშ-ში შვიდიდან 14 მილიონ ტონამდე გაიზარდა ყოველწლიურად გადაგდებული ტანსაცმლის მოცულობა.

ქიმიური ბოჭკოს წარმოების ბუმს ხელს უწყობს, აგრეთვე, „ხეტიალის კულტურის” პოპულარობა, რაც ზრდის მოთხოვნას ფუნქციურ ტანისამოსზე.

პრობლემის მოგვარების მხრივ ხელშესახები სასიკეთო შედეგი ვერც სულ უფრო მეტად პოპულარულ ტანსაცმლის გადამუშავებას მოაქვს. 2015-დან 2016 წლამდე, მსოფლიოში გადამუშავებული პოლიესტერის მოხმარება 58 პროცენტით გაიზარდა. მაგრამ იმისთვის, რათა გადამუშავებამ მართლაც მსხვილი მასშტაბი შეიძინოს, ბოჭკოები ერთმანეთში არ უნდა აირიოს. გადამუშავების პროცესში ბოჭკოვანი ნარევების განცალკევება დიდ ძალისხმევას მოითხოვს. შესაბამისი მასალის წარმოებასთან ერთად, აუცილებელია, შეიქმნას ტანსაცმლის დაბრუნების ფართომასშტაბიანი სისტემა, რომელიც ბევრ ქვეყანაში ჯერაც არ არსებობს. მაგრამ ეს გამოსავალიც მხოლოდ ზედაპირულია. დიახ, გადამუშავება იძლევა საშუალებას, უფრო დიდხანს მოვიხმაროთ 

სინთეტიკური ბოჭკოსგან დამზადებული პროდუქტები. მაგრამ ყოველი მომდევნო გამოყენებისას უარესდება მასალის ხარისხი და, საბოლოოდ, პროდუქტი ისევ და ისევ ნაგავში აღმოჩნდება.


საფეიქრო მრეწველობა კლიმატის ცვლილებაზე გავლენას რომ ახდენს, ნაკლებად თვალშისაცემია, ვიდრე, ვთქვათ, საავტომობილო ინდუსტრიის შემთხვევაში. არადა, გარემოს  პოლიესტერის წარმოებაც ასვამს დაღს.


თუ მართლაც გვსურს გარემოსა და ჯანმრთელობისთვის საზიანო პროცესების დამუხრუჭება, აუცილებლად უნდა შევცვალოთ ტანსაცმლის მოხმარების სტილი. საჭირო ტანსაცმლის სისტემატურმა შეძენამ მეორეული მოხმარების მაღაზიებში ან ნაცნობ-მეგობრებთან ტანისამოსის გაცვლამ დიახაც შეიძლება შეამციროს ტანსაცმლის წარმოების მოცულობა. განახლებადი მრეწველობის დარგში მიღებული ბოჭკო, მაგალითად, ბიოლოგიური ბამბა, ჯერჯერობით საკმარისი არ არის საიმისოდ, რათა მწარმოებლებმა ტანისამოსზე არსებული მოთხოვნა დააკმაყოფილონ. თუმცა, ბიოლოგიური ბოჭკოს წარმოების გარდა, ზოგან შეინიშნება მცდელობა, ქსოვილის დასამზადებლად ვარგისი ბოჭკო მიიღონ კიბოსნაირთა საფარველისგან, ხისგან, კანაფისგან, ჭინჭრისა და სელისგან (სასურველია, ეს ყველაფერი წარმოების რეგიონშივე მოიპოვებოდეს). თუმცა, ჯერ კიდევ გასარკვევია, რა გავლენას ახდენს ეს ტექნოლოგიური პროცესები გარემოზე, ჯანმრთელობასა და საზოგადოებაზე. მაგალითად, არ უნდა დავუშვათ მონოკულტურების დანერგვა, ჯანმრთელობისა და გარემოსთვის საზიანო ქიმიკატების გამოყენება, არაგანახლებადი სატყეო მეურნეობის განვითარება და ა.შ.