ვებ-დოსიე: ისლამური სახელმწიფო ერთი შეხედვით: ისლამი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში

ისლამური სახელმწიფოს ვანდალიზმმა და შეუიარაღებელი სამოქალაქო პირების წინააღმდეგ სამხედრო ძალის მხეცურმა, არაადამიანურმა გამოყენებამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლება თუ საზოგადოება შოკში ჩააგდო. ისლამისტ აჯანყებულთა თავაწყვეტილი სისასტიკის წინაშე გაჩენილი დაუცველობის შეგრძნებაზე არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში საუბრობენ, არამედ მთელ მსოფლიოში, შეერთებული შტატებიდან დაწყებული, ჩინეთით დამთავრებული.

ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერთა რიგებს ბევრი დასავლური და სხვა ქვეყნის მოქალაქე უერთდება. ისინი, ვინც ამ ბრძოლას გამოივლიან, შინ დაბრუნებულები თავის ქვეყანაში თან ამ ქვეყნებისთვის უცხო სოციალ-პოლიტიკურ და ცხოვრებისეულ გამოცდილებებს, მშვიდობიანი თანაარსებობისთვის საშიშ ახალ იდეებს ჩაიტანენ. სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ისლამური სახელმწიფოს მიერ დაკავებული ტერიტორიიდან არც ისე დაშორებულია, მშვიდობასა და სამოქალაქო წესრიგს საფრთხე ემუქრება და ამ კვაზი-რელიგიური სამხედრო მოძრაობის გავლენაც ნელნელა იმატებს.

სირიის ქალაქ ალ-რაქადან, რომელიც ისლამურმა სახელმწიფომ დე-ფაქტო დედაქალაქად გამოაცხადა, საქართველოს დედაქალაქ თბილისამდე ავტომანქანით დაახლოებით 17 საათის სავალია. ძნელი წარმოსადგენი არ არის, თუ რა მარტივად შეუძლიათ აჯანყებულებს სამხრეთ კავკასიაში მოხვედრა აზერბაიჯანისა და საქართველოს მუსლიმი მოქალაქეების რეკრუტირების მიზნით; რომ არაფერი ვთქვათ იქვე, მეზობლად, რუსეთის ჩრდილო-კავკასიურ რეგიონებში, ჩეჩნეთსა და დაღესტანში გამაგრებულ ჯიჰადისტ ამბოხებულებზე.

ამდენად, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობამ გადაწყვიტა, რეგიონზე ისლამური სახელმწიფოს ზეგავლენის საკითხს სამხრეთ კავკასიელი მკვლევარებისა და ანალიტიკოსების რამდენიმე მიმოხილვა  მიუძღვნას. ალექსანდრე ისკანდარიანი (სომხეთი),სერგეი რუმიანცევი (აზერბაიჯანი) და რუსლან ბარამიძე (საქართველო) იმ საფრთხეებს აანალიზებენ, რომლებიც სამხრეთ კავკასიის საზოგადოებებს ისლამური სახელმწიფოს მხრიდან ექმნება როგორც გარედან - საკუთრივ მისი ტერიტორიიდან, ასევე შიგნიდან - ამ ქვეყნებში არსებულ მუსლიმურ თემებში დამკვიდრებულ სოციალ-რელიგიურ და პოლიტიკურ პრაქტიკაზე რადიკალური მოძრაობის ზეგავლენის გათვალისწინებით.