რა ემუქრება მწვანე საფარს მაგისტრალის გაყვანის შემთხვევაში, არის თუ არა გაკეთებული გარემოზე ზემოქმედების შეფასება, ეკოლოგიური და კლიმატოლოგიური ექსპერტიზა, რამდენი საპროექტო ჯგუფი მონაწილეობდა ტენდერში და რა კრიტერიუმებით გაიმარჯვა აღნიშნულმა პროექტმა, რა ჯდება მშენებლობა და რას მოუტანს ქალაქს ამ ტრასის გაყვანა, კონრეტულად რომელი ქუჩები განიტვირთება, რა ტენდენციას ქნის ასეთი ინიციატივები ქალაქის ურბანული განვითარების თვალსაზრისით, რატომ მოეხსნა სტატუსი "აქტიური დასვენების ზონებს", რატომ არ მუშავდება მდგრადი სატრანსპორტო პოლიტიკა - ეს იყო ის ძირითადი შეკითხვები, რომლებიც დაისვა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში გამართული დისკუსიის მონაწილეების მისამართით. ზოგიერთ მათგანს გაეცა კონკრეტული პასუხი, თუმცა იყო კითხვები, რომლებზე პასუხიც სტუმრებისთვის ბუნდოვანი დარჩა. ამის მიზეზი დისკუსიის ერთ-ერთი მომხსენებლის, თბილისის არქიტექტურული სამსახურის წამყვანი სპეციალისტის გამოუცხადებლობაც გახდა.
დისკუსია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის პროგრამების კოორდინატორმა, ნინო ლეჟავამ გახსნა და სამთვიანი საზაფხულო შესვენების შემდეგ, საზოგადოებას დებატების ახალი სეზონის გახსნა მიულოცა.
ნინო ლეჟავას თქმით, ამ თემაზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში ადრეც გამართულა საჯარო დებატები. "ქალაქი და მოქალაქეები" არის ერთ-ერთი ძირითადი თემა, რომლის ფარგლებშიც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი მართავს დისკუსიებს ქალაქის ურბანული განვითარების შესახებ, აღნიშნა ნინო ლეჟავამ.
დისკუსიის დასაწყისში მოდერატორმა, გოგი გვახარიამ შეკრებილ საზოგადოებას დისკუსიის ძირითადი მომხსენებლები, საქართველოს ურბანისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ლადო ვარდოსანიძე და საქგზამეცნიერების ინსტიტუტის გენერალური დირექტორი, თამაზ შილაკაზე წარუდგინა. მანვე აღნიშნა, რომ მერიის წარმომადგენელი, პაპუნა ძიძიგური, რომელსაც ასევე უნდა მიეღო მონაწილეობა დისკუსიაში, არ გამოცხადდა ბიოლის ფონდში.
დისკუსიის პირველმა მომხსენებელმა, ლადო ვარდოსანიძემ ქალაქგეგმარება ქირურგიულ ოპერაციას შეადარა და თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ბოლო ხანებში იგრძნობა ძალისხმევა მთელი რიგი საკითხების მოსაგვარებლად, იგება გზები, მოწესრიგდა განათების სისტემაც, აკლია მენეჯმენტი, ყოველდღიური მოვლა-პატრონობა, ანუ ის, რაც ოპერაციის შემდგომ პერიოდს შეიძლება შეედაროს და რაც ქალაქისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია.
მატულობს თუ კლებულობს თბილისში ცხოვრების ხარისხი, იკითხა ლადო ვარდოსანიძემ თავისი გამოსვლის დასაწყისში და დასძინა, რომ ამ კითხვაზე ძალიან გაჭირდება ცალსახა პასუხის გაცემა, რადგან საქართველოში არ არსებობს კეთილდღეობის საზომი, მსოფლიოში გავრცელებული ურბანული ინდიკატორების სისტემა.
მომხსენებელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა "დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალურ გეგმაზე". მისი თქმით, ამ გეგმის დამტკიცებით, 2009 წლის ზაფხულიდან თბილისი ახალ რეალობაში ცხოვრობს. როგორც ლადო ვარდოსანიძემ აღნიშნა, ეს დოკუმეტი გარდა ზოგადი დებულებებისა და ქალაქის რუკისა, საზოგადოებას აცნობს იმ კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალსაც, რომელთა განხორციელებაც იგეგმება თბილისში. მან ბიოლის ფონდში შეკრებილ სტუმრებს გააცნო რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის ის პროექტიც, რომელიც მდინარე ვერეს ხეობაში მაგისტრალის გაყვანას გულისხმობს და საზოგადოებას ამ პროექტის ავტორი, თამაზ შილაკაძე წარუდგინა.
საქგზამეცნიერების ინსტიტუტის გენერალურმა დირექტორმა, თამაზ შილაკაძემ ბიოლის ფონდში შეკრებილ საზოგადოებას პროექტი დეტალურად აღუწერა. მაგისტრალი გმირთა მოედნიდან დაიწყება და თამარაშვილის ქუჩაზე დასრულდება. როგორც პროექტის ავტორმა განაცხადა, ტრასა მდინარე ვერეს მარჯვენა სანაპიროს გაუყვება. ამის მიზანია, რაც შეიძლება ნაკლებად მიაყენოს ზიანი ბავშვთა ქალაქს, "მზიური". პროექტის ფარგლებში იგეგმება მდინარე ვერეს ერთ-ერთი მონაკვეთის გვირაბით გადახურვა და თამარაშვილის ქუჩის სიახლოვეს 350 მეტრიანი ესტოკადის აგება. როგორც ირკვევა, პროექტის ფარგლებში, მდინარე ვერეს ხეობაში, შესაძლოა 680 ხე გადაირგას ან, რიგ შემთხვევაში, მოიჭრას კიდეც. თუმცა, ყოველი გადარგული ან მოჭრილი ხის ნაცვლად ამავე ტერიტორიაზე 4-5 ახალი ხე უნდა დაირგას.
მიუხედავად დიდი დაინტერესებისა, პროექტის ავტორმა თავი შეიკავა პროექტის ფინანსური ხარჯების დასახელებისგან. მან განმარტა, რომ პროექტი ძირითადად ინვესტიციების ხარჯზე ფინანსდება, მაგრამ რადგან მშენებლობა პროექტირებასთან ერთად მიმდინარეობს, და მუშაობის პროცესში ბევრი რამ იცვლება, გაუჭირდება ზუსტი ციფრების დასახელება.
კითხვაზე, რას მოუტანს ქალაქს ამ გზის გაყვანა, თამაზ შილაკაძემ თქვა, რომ ახალი გზის მეშვეობით გადანაწილდება წყნეთიდან და ბაგებიდან მომავალი ტრანსპორტი და განიტვირთება ჭავჭავაძისა და ფალიაშვილის ქუჩები. პროექტის ავტორი დაეთანხმა ერთიანი სატრანსპორტო სისტემის საკითხს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის, "მწვანე ალტერნატივა", ხელმძღვანელმა, მანანა ქოჩლაძემ დასვა. თამაზ შილაკაძის თქმით, თბილისში გზების გაყვანის პროცესი არ არის მოწესრიგებული. უკეთესი იქნებოდა, ჯერ მდგრადი სატრანსპორტო სისტემის შემუშავება და მერე ახალი გზების გაყვანა.
გამოთქმული შენიშვნები დასასრულს საქართველოს ურბანისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ლადო ვარდოსანიძემ შეაჯამა. ის შეეხო ქალაქის ურბანისტულ პოლიტიკას ზოგადად და ისეთ კონკრეტულ საკითხებსაც, როგორიც არის მცირე მდინარეების პრობლემა, სააგარაკე დაბების რეაბილიტაცია და მათი მუდმივ საცხოვრებლად გადაქცევის ბოლოდროინდელი ტენდენცია. მანვე ისაუბრა ეთნოფსიქოლოგიის, როგორც ურბანული საკითხების გადაჭრის ერთ-ერთი დონის, მნიშვნელობასა და ასეთი საკითხების გადაწყვეტის პროცესში საზოგადოების ჩართულობის თემაზეც.
დისკუსიის თემამ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში შეკრებილი საზოგადოების დიდი დაინტერესება გამოიწვია. გამოითქვა იმედი, რომ ბიოლის ფონდი ქალაქის ურბანული განვითარების პრობლემებს მომავალში კიდევ დაუბრუნდებოდა.
დებატების ვრცელი მიმოხილვა ქართულ ენაზე (pdf, 15 გვ.)
რადიო თავისუფლება. ურბანული განვითარების ხედვა და თბილისის ახალი გენგეგმა