შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სოციალური და პოლიტიკური მოღვაწეობის გზაზე: რესურსები და პრობლემები

Კითხვის დრო: 2 წუთი

შეზღუდული შესაძლებლობების  ადამიანების საჭიროებებზე 10 ივლისს ბათუმში, პრესკაფეში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებულ საჯარო დისკუსიაზე ისაუბრეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია “დამოუკიდებელი ცხოვრების ახალგაზრდული ცენტრის“ ხელმძღვანელმა კობა ნადირაძემ თავის მოხსენებაში ტერმინოლოგიის საკანონმდებლო დონეზე შეცვლისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ დამოკიდებულების შეცვლის აუცილებლობაზე ისაუბრა. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ  შეზღუდული უნარების მქონე პირების უფლებები დღემდე ილახება. მათ შორისაა არჩევანის უფლებაც, რადგან საარჩევნო უბნები არ არის სათანადოდ აღჭურვილი და მორგებული მათ საჭიროებებს. საერთო ჯამში, დღემდე მოუწესრიგებელია ქუჩები და გზები, არ არის სპეციალური შესასვლელები როგორც საჯარო, ასევე კერძო დაწესებულებებში. მიუხედავად იმისა, რომ როგორც, არასამთავრობო ორგანიზაცია „განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის“ ხელმძღვანელი მაია ქათამაძე აღნიშნავს, ორგანიზაცია ცდილობს ბევრი რამ შეცვალოს უკეთესობისკენ, პოზიტიური ცვლელებები ძალიან ნელა მიმდინარეობს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს აქვთ პრობლემები განათლების მიღების მხრივაც.

არსებობს სტატისტიკა უსინათლო ბავშვების შესახებ. საქართველოს უსინათლოთა კავშირის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ზაურ დევაძის თქმით, აჭარიდან, სადაც 300-ზე მეტი უსინათლოა, მხოლოდ ერთი იღებს განათლებას სპეციალურ სკოლაში, რომელიც თბილისში მდებარეობს. მშობლები შვილებს არ ან ვერ უშვებენ განათლების მისაღებად, მშობლებს ურჩევნიათ უსინათლო შვილები მათთან ახლოს ჰყავდეთ.

იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების უზრუნველყოფისათვის, ლადო მგალობლიშვილს არასამთავრობო ორგანიზაციის „სამოქალაქო საზოგადოება ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელს, მიაჩნია, რომ აუცილებელია გაეროს  2006 წლის სპეციალური კონვენციის რატიფიცირება.  მისი სიტყვებით, საქართველომ 2009 წელს კონვენციას ხელი კი მოაწერა, მაგრამ შემდეგ მისი რატიფიცირება პარლამენტის მიერ არ მომხდარა. არადა, კონვენციაზე ხელმოწერიდან თითქმის სამი წელი გავიდა. კობა ნადირაძის  სიტყვებით, კონვენცია შეზუღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე სახელმწიფოს ზრუნვის სამართლებრივ გარანტიებს გულისხმობს. არსებული ვითარებიდან გამოსავალს იგი აღნიშნული კატეგორიის ადამიანების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის შეცვლაში და ამ საკითხებზე მედიის აქტიურობაში ხედავს.