ქალაქი და მოქალაქეები - ქალაქგანვითერების სოციალური და პოლიტიკური ასპექტები

Კითხვის დრო: 3 წუთი
ურბანისტი ვლადიმერ ვარდოსანიძე და მოდერატორი ქეთი ბერძენიშვილი

ქუთაისი, 15 თებერვალი, 2013

ძირითადი მომხსენებლები:

  • ვლადიმერ ვარდოსანიძე, არქიტექტორ-ურბანისტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი
  • კონსტანტინე ჭარხალაშვილი, ქ. ქუთაისის მერიის ეკონომიკური სამსახურის მთავარი სპეციალისტი

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პირველი დებატი ქუთაისში მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ფონზე წარიმართა. შეხვედრის მთავარი ლეიტმოტივი ორ პუნქტად დაიყო: ქალაქგანვითარება ურბანისტიკის მიმართულებით და ქალაქგანვითარება ტურისტულ-ეკონომიკური მიმართულებით. პირველი მომხსენებელი ქუთაისის ეკონომიკური სამსახურის მთავარი სპეციალისტი კონსტანტინე ჭარხალაშვილი იყო, რომლის ძირითადი ინტერესი ტურიზმის სფეროა. სწორედ ამ კუთხით განავითარა მან  მოხსენება: „როგორ  უნდა განვითარდეს ქალაქი, რომ მეტი ტურისტი და ვიზიტორი მიიღოს. რა  როლს თამაშობს სწორად დაგეგმილი ინფრასტუქტურა, რატომ არის საჭირო მოწესრიგებული კომუნიკაცია და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები“. კონსტანტინე ჭარხალაშვილის მოხსენებაში, ყურადღება გამახვილდა სამ ძირითად ასპექტზე: რა გვაქვს, რა უნდა გგვქონდეს და რა გვჭირდება ამისათვის. როგორია ქალაქის სახე და რა როლი ეკისრებათ მოქალაქეებს. კონსტანტინე ჭარხალაშვილმა, დამსწრე საზოგადოებას გააცნო ტენდენცია (ციფრებში გამოსახული), რომელიც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ფონზე მიმდინარეობს ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში ბოლო 5 წლის მანძილზე.

შეხვედრა  გააგრძელა  ვლადიმერ ვარდოსანიძემ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დარბაზში მყოფი საზოგადოება დიდი ინტერესით შეხვდა ურბანისტის მოხსენებას, რომელიც თავისუფალ მოსაზრებებზე იყო აგებული. „როდესაც ქუთაისში ჩამოვედი დავათვალიერე ქალაქის რეაბილიტირებული უბანი. მომეწონა არქიტექტურული  გადაწყვეტა, თუმცა მოვიკითხე და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არც ერთი ტუალეტი არ აღმოჩნდა. იგივე პრობლემა გვაქვს თბილისში, რუსთაველზე და აღდგენილ აღმაშენებლის  ქუჩაზე, არც ერთი გამართული ტუალეტი არ არის. ეს ქალაქდაგეგმარების ერთ-ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი საკითხი და პრობლემაა“ - აღნიშნა ვლადიმერ ვარდოსანიძემ, რომლის მოხსენების მომდევნო და ასევე მნიშვნელოვანი საკითხი ქუთაისის ლოზუნგის არ არსებობას შეეხო. ქალაქს არ აქვს მთავარი ლოზუნგი, რომელიც მისი დამახასიათებლობით გამოარჩევდა სხვა ქალაქებისგან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შესთავაზა, გამოაცხადონ კონკურსი ქუთაისის ლოზუნგისთვის, რაგდან „დღეს არა მხოლოდ ქვეყნები, არამედ ქალაქებია ერთმანეთთან კონკურენციაში და ყველა ქალაქს მისი კონკრეტული მახასიათებელი უნდა გააჩნდეს“- აღნიშნა ბატონმა ლადომ. მან იმ ქვეყნების მაგალითები მოიყვანა, რომლებმაც ლოზუნგების საფუძველზე მოახდინეს ქალაქის სწორი დაგეგმვა და თვით იდენტიფიცირება მსოფლიო ურბანისტურ რუკაზე.

ვლადიმერ ვარდოსანიძემ ასევე ისაუბრა ქუთაისისთვის მეტად მნიშვნელოვან საკითხზე, პარლამენტის ადგილმდებარეობაზე, რომელიც უფრო დეკონცენტრაციას და არა დეცენტრალიზაციას შეუწყობს ხელს.

„თითოეული მოქალაქე არის ქალაქგანვითარების სუბიექტი და იგი უშუალოდ უნდა იყოს ჩართული ქლაქგანვითარებაში, მრავალსუბიექტურობა  არის ურბანული განვითარების მთავარი ხიბლი“-აღნიშნა ბატონმა ლადომ, მოქალაქის როლზე საუბრისას.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ  როგორც სტუდენტები,  იურისტები, არქიტექტორები, ასევე დაინტერესებული მოქალაქეები, ადგილობრივი თვითმმართველობის  ეკონომიკური და კულტურის სამსახურების, არასამთავრობო და მედია სექტორის წარმომადგენლები.

დისკუსიში მონაწილე ეკონომიკური სამსახურის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მიმდინარეობს მუშაობა ქალაქის სტრატეგიული განვითარების გეგმაზე, რომელიც მალე დასრულდება და განთავსდება ქუთაისის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

დებატების ერთ-ერთმა მონაწილე ირაკლი ჩოგოვაძემ, საინტერესო თემაზე, მდინარე რიონისა და თეთრი ქვების, როგორც კულტურულ და ტურისტულ მახასიათებელზე ისაუბრა და მომხსენებლებს დაუსვა შეკითხვა, რამდენად არის შესაძლებელი ისე მოხდეს ქალაქის დაგეგმარება, რომ არ მივიღოთ ისეთივე სავალალო შედეგი, როგორიც ეს მდინარე მტკვარის შემთხვევაში მოხდა, როცა ის ჯებირებში ჩასვეს.

ვლადიმერ ვარდოსანიძემ ქალაქდაგეგმარების სპეციალისტებს და ეკოლოგებს ურჩია, რიონის თეთრი ქვები შეიტანონ ბუნების ძეგლთა ნუსხაში და აუცილებლად მიაწოდონ შესაბამის სამინისტროს, ქვების მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია.

დებატები, რომელიც ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, ქალაქების დაგეგმვისა და განვითარების შესახებ სხვადასხვა მოსაზრებების სიმრავლით იყო გამორჩეული.