ქალაქგანვითარების მწვანე განზომილება

Კითხვის დრო: 2 წუთი
Teaser Image Caption
ლადო ვარდოსანიძე, ანანო ცინცაბაძე, დავით ნარმანია

თემა, რომელსაც 2014 წლის 16 აპრილს ბიოლის ფონდში დისკუსია მიეძღვნა, თბილისისთვის განსაკუთრებით აქტუალურია. ურბანული განვითარების მწვანე მიდგომა მდგრადი განვითარების იმგვარ ხედვას ეფუძნება, რომლის თანახმად დაცული უნდა იყოს ბალანსი ეკონომიკურ წინსვლასა და სოციალურ და გარემოსდაცვით პოლიტიკას შორის. თუმცა ქალაქმშენებლობის პრინციპების გაუთვალისწინებლობა თბილისის მოსახლეობის ჯანსაღ გარემოში ცხოვრებას ხშირად საფრთხეს უქმნის.

არსებული ბაღ-პარკების საზღვრების დადგენა და მათთვის სტატუსის მინიჭება, მწვანე აუდიტის ჩატარება, მწვანე ასორტიმენტის ნომენკლატურის აღდგენა-განვითარება, სანიტარიული და ლანდშაფტური ჭრების ჩატარება, სანერგე მეურნეობის განვითარება, ზოოპარკის გადატანა, დარგვისა და მოვლის ტექნოლოგიების დაცვა, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კორექტირება, მცირე მდინარეების და მათი ხეობების რეაბილიტაცია, ქალაქის მთავარი დენდროლოგის ერთეულის აღდგენა, გამწვანების სტანდარტების შემუშავება, მწვანე თემის ჩართვა ურბანულ ინდიკატორებში - იმ რეკომენდაციების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე ქალაქის მომავალ ხელმძღვანელობას სთავაზობს.  

პროფესიით იურისტმა ანანო ცინცაბაძემ, რომელიც პარტიზანი მებაღეების წევრია,  საგანგებოდ შეისწავლა ქალაქგეგმარებითი და გამწვანების კანონმდებლობა და აუცილებელი ცვლილებებისათვის სარეკომენდაციო პაკეტი მოამზადა. მისი თქმით,  ქართული კანონმდებლობის გაცნობა ურბანულ და გამწვანების სფეროში კარგად აღწერს, თუ რა დამოკიდებულება აქვს ერთი მხრივ სახელმწიფოს, მმართველობას და მეორე მხრივ საზოგადოებას, გარემოს მიმართ. “გარემო არის კარგი გამოწვევა, რესურსი იმისთვის, რომ გამოყენებულ იქნეს ეკონომიკური ეფექტიანობის საჩვენებლად. იმისათვის, რომ ხელისუფლებამ უპასუხოს ხალხის მოთხოვნას ეკონომიკურ წინსვლაზე საზოგადოებაში. სამწუხაროდ კანონმდებლობა აჩვენებს, რომ ასეთი ერთჯერადი ეკონომიკური ეფექტი მიიღწევა გარემოს, მწვანე საფარის და კულტურული მემკვიდრეობის ინტერესების უგულებელყოფით”.

დისკუსიის კიდევ ერთმა მომხსენებელმა, თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ, რომელსაც დისკუსიის დასრულებამდე დატოვება მოუწია, ჯერ ქალაქის პრობლემატიკაზე ისაუბრა, შემდეგ კი ხედვაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი და მისი მწვანე კომპონენტი. მან “მერების შეთანხმებაც” ახსენა, რომლის ერთ-ერთ ვალდებულებას CO2-ის მასის 20%-ით შემცირება წარმოადგენს, და კონსტიტუციის 37-ე მუხლით გარანტირებული ვალდებულებაც, უზრუნველყოს და დაიცვას ადამიანების ჯანსაღი გარემო. მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ დედაქალაქში მოსვლისთანავე საზოგადოებასთან, ექსპერტებთან ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია ექნება - “ქალაქგანვითარების გენერალურ გეგმაში მნიშვნელოვან ცვლილებებს შევიტანთ. შევიმუშავებთ ცალკე სტრატეგიას ქალაქში მწვანე საფარის განვითარებასთან დაკავშირებით. ნარჩენების მართვასა და მასთან დაკავშირებულ კომპონენტთან დაკავშირებით ასევე ჩავატარებთ ცალკე კვლევას და მომზადდება დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც გადალაგდება შესაბამისი პოლიტიკა. პერიოდულად საზოგადოებას ჩავაბარებთ ანგარიშს ჩვენი მიღწევების შესახებ როგორც ქალაქგანვითარების, ისე მწვანე კომპონენტის განვითარების თვალსაზრისით”.

ქალაქგანვითარების მწვანე განზომილება (pdf)