19 ივნისს ერევანში ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფების გამო საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. ამასობაში უკვე ჩამცხრალ მოძრაობას, რომელიც 6 ივლისს ბარიკადების დაშლით დროებით დასრულდა, დროთა განმავლობაში საკმაოდ ბევრი ადამიანი შეუერთდა. ეს მოვლენები შეიძლება განხილულ იქნას, როგორც სომხეთის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯი. ამავდროულად, როგორც რუსული, ისე დასავლური მედიის მიერ დემონსტრაციების გაშუქება უფრო მეტად აღმოსავლეთის და დასავლეთის ურთიერთმიმართების ამსახველი გახდა, ვიდრე ხსენებული პროტესტის ხასიათის ანალიზისა.
სომხეთის მთავრობის განცხადებას აგვისტოდან ელექტროენერგიის ტარიფების 16%-იანი ზრდის შესახებ, ქვეყანაში საპროტესტო ტალღა მოჰყვა, რომელმაც დედაქალაქის ცენტრალური გამზირი - მარშალ ბაგრამიანის პროსპექტი დაიკავა. ამ მოძრაობისთვის მალევე გამოიძებნა ტვიტერთან ადვილად თავსებადი სლოგანი: #ElectricYerevan. მოსახლეობა ერევნის გარდა სხვა ქალაქებშიც გამოვიდა ფასების მომატების გაუქმების მოთხოვნით. ამავდროულად გაჩნდა მეორე სლოგანიც: „No to Plunder“, რომლითაც დემონსტრანტები მოითხოვდნენ პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების გამდიდრებისთვის ბოლოს მოღებას და მოსახლეობისთვის თანამონაწილეობის რეალური უფლების მიცემას.
რუსულმა მედიამ მაშინვე გაავლო პარალელები უკრაინის მაიდანთან და ივარაუდა, რომ თამაშში დასავლეთის ინტერესები იყო გარეული. ამის საპირისპიროდ, დასავლეთის მედიასაშუალებები სიამოვნებით იღებდნენ პოლიციის სპეცტექნიკის წინ მდგარი, წყლის ჭავლით გალუმპული ან ქუჩის დაგვით დაკავებული დემონსტრანტების სურათებს და ლამის მორიგი „ფერადი რევოლუციის“ დაწყებასაც კი ვარაუდობდნენ. თავად დემონსტრანტები ყველანაირად ცდილობდნენ ამგვარი იარლიყების თავიდან აცილებას და მათი დამოუკიდებლობის ხაზგასმას.
#ElectricYerevan-ის გარშემო მიმდინარე მოვლენები შეგვიძლია გასული წლების საპროტესტო მოძრაობების რიგში მოვაქციოთ. ასე, მაგალითად 2012 წელს მაშტოცის მოძრაობის მოთხოვნა, დედაქალაქის ცენტრალურ პარკში მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით, შედეგიანი აღმოჩნდა. ამას მოჰყვა 2013 და 2014 წელსაც მოჰყვა პროტესტები - მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის ღირებულების ზრდის წინააღმდეგ. ყველა საპროტესტო ტალღის საერთო მახასიათებელს წარმოადგენდა არა მარტო მათი გამიჯვნა ყველა პოლიტიკური პარტიისა და ორგანიზაციისგან; ამავე დროს, თითოეული მათგანი გამოირჩეოდა მხოლოდდამხოლოდ ერთი კონკრეტული პოლიტიკური მოთხოვნით და პირველ რიგში ახალგაზრდა აქტივისტების სიმრავლით, რომლებმაც იმ მომენტისთვის ვერ მოახერხეს მოსახლეობის ფართო მასების მობილიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ ეს თაობა სომხეთის პოლიტიკური სისტემის და მისი წარმომადგენლების მიმართ არსებული უკმაყოფილების გარემოში გაიზარდა, პირველ რიგში იმგვარი მიდგომების პირობებში, როდესაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ ხდებოდა უშუალოდ დაინტერესებული პირების ჩართვა, დემონსტრანტებმა მოახერხეს და არც ერთ შემთხვევაში არ გადაუხვიეს თავიანთ პირველად მოთხოვნებს. მას შემდეგ, რაც მთავრობამ კონკრეტული შემხვედრი ნაბიჯები გადადგა, პროტესტის ტალღა მალევე ჩაცხრა.
ამჟამინდელი საპროტესტო მოძრაობა ასევე ხაზს უსვამდა მის პოლიტიკურ დამოუკიდებლობას. ის ძირითადად შედგებოდა ახალგაზრდა ადამიანებისგან, რომლებიც თავიდან მხოლოდ ერთი მოთხოვნით შემოიფარგლებოდნენ: ელექტროენერგიის ტარიფების დაგეგმილი ზრდის გაუქმება. ამგვარად ეს ტალღა შეიძლება ჩაითვალოს სომხეთის სამოქალაქო საზოგადოების მახასიათებლად, რომელიც თანდათან სულ უფრო მეტად თავდაჯერებული ხდება. ის ამავე დროს ახალგაზრდა თაობის უკმაყოფილების და ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ცვლილების მოთხოვნის მანიშნებელია.
თუმცა, ამჯერად პროცესები ოდნავ განსხვავებულად განვითარდა: როდესაც 23 ივნისის დილით, პროტესტის მეოთხე დღეს მჯდომარე გაფიცვა წყლის ჭავლით, ფიზიკური დაპირისპირებით და ორასზე მეტი ადამიანის დაპატიმრებით დასრულდა, #ElectricYerevan-ი მოულოდნელად მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. წყლის ძლიერი ჭავლით გაწუწული ახალგაზრდა მამაკაცები, რომლებიც პოლიციელებს შუა თითს აჩვენებენ, ახალგაზრდა ქალები, რომლებიც პოლიციელებს ყვავილებს აწოდებენ - ამ კადრებმა არა მარტო მრავალი სომეხის მობილიზება მოახდინა, რითიც საპროტესტო გამოსვლები მასობრივ მოძრაობაში გადაიზარდა, არამედ ყოველივეს უცხოური მედიასაშუალებების მიერაც აისახა, და ისნი ახალი რევოლუციის აღმოცენებაზე ალაპარაკდნენ.
ამ „სომხური მაიდანის“ კადრების აქტიურ გავრცელებაში განსაკუთრებული წვლილი თავად რუსეთის მედიასაშუალებებს და სოციალური ქსელების რუსულენოვან მომხმარებლებს მიუძღვით. ლაპარაკი იყო უცხოეთიდან მართულ ანტირუსულ საპროტესტო აქციებსა და ქვეყანაში მოქმედ ამერიკელ აგენტებზე. დასავლური მედია კი, თავის მხრივ, აქცენტს აკეთებდა ფაქტზე, რომ სომხეთის ელექტრომომმარაგებელი კომპანია „Electric Networks of Armenia“ რუსულ კონცერნ „Интер РАО ЕЭС“-ს ეკუთვნის და ამგვარად, სახეზეა ქვეყნის თუნდაც არაპირდაპირი დამოკიდებულება რუსეთზე როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. ამ მხრივ კი უკრაინასთან სწორხაზოვანი პარალელების გავლება მარტივია.
თვით დემონსტრანტები კატეგორიულად უარყოფდნენ ამგვარ პარალელებს მაიდანთან და აღნიშნავდნენ, რომ მათი მიზანი მხოლოდ ელექტროენერგიის ფასების შემცირება იყო. ამავე დროს მონაწილეებს სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ რუსეთის ყველა მცდელობა, მოეხდინა საპროტესტო გამოსვლების დისკრედიტაცია. საინტერესოა, რომ რუსეთის შეფასებები გარკვეული ფორმით „თვითშესრულებად წინასწარმეტყველებად“ იქცა: ანტირუსული განწყობების ოფიციალური უარყოფის მიუხედავად და ამ მიმართულებით რაიმე სახის მოთხოვნების არარსებობის პირობებში, რუსეთის მიერ მოვლენების ამგვარმა გაშუქებამ გააღვივა აგრესია რუსული პროპაგანდისტული მანქანის მიმართ. ამავდროულად გამოიკვეთა გაღიზიანება დასავლური მედიასაშუალებების მიმართაც, რადგან მონაწილეები იძულებულები იყვნენ მათთვის მუდმივად ემეორებინათ, რომ სომხეთში არ ხდებოდა მეორე მაიდანი.
აღსანიშნავია, რომ ამგვარი შეფასებების დროს სრულად უგულვებელყოფილი იყო 2013 წელს სომხეთის შესვლის ფაქტი რუსეთის მიერ ინიცირებულ საბაჟო კავშირში. მაშინ, როდესაც სომხეთი ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით ევროკავშირთან აქტიური მოლაპარაკებების ფაზაში იმყოფებოდა, პრეზიდენტმა სერჟ სარგისიანმა გააკვირვა არა მარტო ევროპელი პარტნიორები, არამედ სომხეთის საზოგადოებაც, როდესაც მოსკოვში ოფიციალური ვიზიტის დროს განაცხადა, რომ სომხეთი იმ ეკონომიკურ გაერთიანებაში გაწევრიანდებოდა, რომელიც ამასობაში ევრაზიის ეკონომიკურ კავშირად გარდაიქმნა. საერთაშორისო მედიასაშუალებები სერიოზულად რომ ჩაღრმავებოდნენ ყველაზე მცირე სამხრეთკავკასიურ რესპუბლიკაში საპროტესტო გამოსვლების ფონს, ცხადია, რომ ეს შეუმჩნეველი არ დარჩებოდა.
აღსანიშნავია, რომ 2013 წელს სომხეთში ფაქტობრივად არანაირ პროტესტი არ ყოფილ, არც ოპოზიციური ბანაკიდან და არც სამოქალაქო საზოგადოებიდან. ერევნისგან განსხვავებით, კიევში ევრომაიდანის საპროტესტო ტალღას ყირიმის ანექსია მოჰყვა, შეიარაღებული კონფლიქტი და რამდენიმე ათწლეულის მანძილზე ყველაზე მძიმე დაპირისპირება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.
ამგვარად, მედიასაშუალებებში გავრცელებული რეპორტაჟები შესაძლოა, უფრო მეტ ინფორმაციასაც კი გვაწოდებდეს გერმანიის და ევროპის საზოგადოების დამოკიდებულებასა და ინტერესზე (უფრო კი ინტერესის არარსებობაზე), ვიდრე სომეხი დემონსტრანტების რეალურ პოზიციაზე. აღმოსავლეთ-დასავლეთის ახალი დაპირისპირების შედეგად ნებისმიერი მოვლენა აღმოსავლეთ ევროპასა თუ პოსტსაბჭოურ სივრცეში მკაცრად შავ-თეთრ ჩარჩოში ექცევა: პროდასავლურად არიან განწყობილები თუ პრორუსულად? დასავლეთით გატაცებულ ფაშისტებთან გვაქვს საქმე, თუ რუსეთის იმპერიის აგენტებთან? მოკლედ: რაც ხდება - სიკეთეა თუ ბოროტება? #ElectricYerevan-ის აქტივისტებმა შეძლეს, არ მოქცეულიყვნენ არავის ინტერესების ქვეშ. ისინი ფოკუსირებული იყვნენ შიდაპოლიტიკურ და არა გეოპოლიტიკურ კონტექსტზე.
სომხეთის სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხსენებული საპროტესტო გამოსვლები უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია: თანდათან ერთმანეთის გვერდიგვერდ დადგა სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ძალიან ბევრი წარმომადგენელი, რის შედეგადაც ახალგაზრდული მოძრაობა სამოქალაქო საზოგადოებრივ მასობრივ მოძრაობად იქცა. დემონსტრაციების კულმინაცია სადისკუსიო საჯარო სხდომები იქცა, სადაც ადამიანები ერთმანეთს უზიარებდნენ საკუთარ მოსაზრებებს სომხეთში არსებული მდგომარეობის შესახებ. ამ დებატების მონაწილეების სახით ჩამოყალიბდა კიდეც ერთგვარი „გენერალური ასამბლეა“, რომელიც მოძრაობის ოფიციალურ ორგანოდ იქცა. გარდა ამისა, დემონსტანტებს არაერთმა დეპუტატმა გამოუცხადა სოლიდარობა და მოსალოდნელი დაშლის მომენტში სასულიერო პირებთან ერთად დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დამცავ ფარად ჩადგნენ.
საპროტესტო მოძრაობამ ელექტროენერგიის ტარიფების მომატების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების გარდა ორი დამატებითი მოთხოვნა წამოაყენა: ტარიფების მანამდე განხორციელებული ზრდის რევიზია და იმ პოლიციელების დასჯა, რომლებმაც 23 ივნისის დილას დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს.
მთავრობამ ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდა დროებით შეაჩერა და მოკვლევა დანიშნა. ამით მან დრო მოიგო ისე, რომ პრინციპული თანხმობა არაფერზე მიუცია. მთავრობის ამ გათვლამ გაამართლა: საპროტესტო მოძრაობის მონაწილეთა რაოდენობა სულ უფრო მცირდებოდა ისე, რომ ბოლოს პოლიციას ბარიკადების აღება აღარ გასჭირვებია.