ქალაქის კონტურები: ურბანისტული ლექციები ბიოლის ფონდში
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროსთვის თავიდანვე მნიშვნელოვანი იყო აკადემიური კვლევა-ძიების წახალისება ურბანისტიკის სფეროში.
რეგიონული სასტიპენდიო პროგრამის კონცეფციის ჩამოყალიბებისას ფონდი შეეცადა, ჩაღრმავებოდა იმ თემებს, რომლებიც გადამწყვეტია სახელმწიფოში მიმდინარე სოციალური და პოლიტიკური პროცესების გასააზრებლად, მაგრამ საზოგადოებაში არსებითად არ განიხილებოდა და იმ მომენტისათვის ტაბუირებულიც კი იყო. ამ თემების ძირფესვიანად შესწავლის გარეშე კი, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მოდერნიზაციისა და დემოკრატიული განვითარების შეფასება შეუძლებელი იქნებოდა.
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის რეგიონული სასტიპენდიო პროგრამა, რომელმაც 2003 წლიდან დიდწილად განსაზღვრა სამხრეთ კავკასიაში მისი საქმიანობის პირველი ეტაპი – ქალაქისა და მისი სოციალურ-ეკონომიკური ინფრასტრუქტურის, ქალაქური კულტურისა და ცხოვრების ტრანსფორმაციის ანალიზი და აქედან მიღებული ცოდნის დაგროვება – ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მიმართულება იყო. პროგრამის ინტერდისციპლინური მიდგომა 11 წლის განმავლობაში წარმატებულად ათავსებდა ერთმანეთთან პოლიტიკის, საზოგადოების, ისტორიის, კულტურის, ურბანისტიკისა და ეკოლოგიის კვლევებს. ამ თვალსაზრისით, პროგრამის სტიპენდიატებს შორის ურბანისტიკა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი თეორიული და მეთოდოლოგიური ჩარჩო იყო სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე ცვლილებებზე დასაკვირვებლად და მათ შესასწავლად. მისი გავლენით პროგრამის სტიპენდიატების ნაშრომებში გამოიკვეთა ისეთი გამჭოლი თემები, როგორიც იყო ქალაქის სიმბოლურ- პოლიტიკური ენა, საჯარო სივრცის გენდერული მახასიათებლები და მგრძნობელობა, ურბანმენეჯმენტის პრობლემები, ტრადიცია და რიტუალი, „მკვდარი“ დასახლებების პოტენციალი, დევნილთა განსახლების პოლიტიკა. იყო ბევრი სხვა თემაც, რომლებიც სასტიპენდიო პროგრამის თერთმეტწლიანი არსებობის შედეგად, დღეს არა მხოლოდ აკადემიურ, არამედ სამოქალაქო საზოგადოების და აქტივისტთა წრეებშიც თანდათან იქცა ახალი იდეებისა და სოციალური ინოვაციების იმპულსად და გენერატორად. უფრო დაწვრილებით ბიოლის ფონდის სტიპენდიატების კვლევებს მკითხველი 2005-2015 წლებში გამოცემულ კრებულებში გაეცნობა[1].
ურბანისტიკით ასეთი დაინტერესება თავის დროზე ფონდის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამაც განაპირობა – ამ მიმართულებით არქიტექტორ-ურბანისტ ვლადიმერ ვარდოსანიძესთან ეთანამშრომლა. იგი, თავისი საქმის პროფესიონალი და ენთუზიასტია, რომელმაც სასტიპენდიო პროგრამაში არა მხოლოდ ამ თვალსაზრისით დაიმკვიდრა თავი, არამედ როგორც ყველასთვის პატივსაცემმა და საყვარელმა ადამიანმა. სასტიპენდიო პროგრამის ამ თერთმეტწლიან პერიოდში, აზერბაიჯანელი, ქართველი და სომეხი ას ოცდაშვიდი ახალგაზრდა მკვლევრიდან თვრამეტმა მისი ხელმძღვანელობით გამოიკვლია ქალაქის ტრანსფორმაციის, მართვის პრობლემები და მდგრადი განვითარების საკითხები. სასტიპენდიო პროგრამის ზამთრის, ზაფხულისა და შემოდგომის სკოლის ფარგლებში ვლადიმერ ვარდოსანიძის მიერ მომზადებული მოხსენებები ქალაქგანვითარების თანამედროვე თეორიებს ეხმაურებოდა და მიმდინარე პროცესებზე ფასდაუდებელ დაკვირვებებს წარმოადგენდა. ეს ლექციები ასევე ქმნიდა ურბანისტულ დისკურსს, რომელმაც ქალაქის მიმართ დამოკიდებულება, ქალაქური სივრცის მიმართ პასუხისმგებლობა და სამოქალაქო აქტივიზმი თვისობრივად ახალ, მაღალი სტანდარტის აკადემიურ სივრცეში გადაიტანა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისი ხელმძღვანელობით დამუშავებული თემები და მისი თეორიულ-მეთოდოლოგიური ლექცია-სემინარები ქმნიან ურბანული ანალიზის იმ ჩარჩოს, რომელიც აქამდე ასე აკლდა ქალაქის განვითარებისკენ მიმართულ აკადემიურ მსჯელობებსა და დისკუსიებს. სასტიპენდიო პროგრამის განმავლობაში მის მიერ ჩატარებული დაგეგმილი თუ სპონტანური ექსკურსიები, როგორც სამხრეთ კავკასიის დედაქალაქებში, ისე საქართველოს რეგიონებში ყოველთვის აღაფრთოვანებდა მსმენელს და ქალაქების განვითარების შესახებ კიდევ უფრო მეტი ცოდნის მოპოვების სურვილს უღვიძებდა თითოეულ ჩვენგანს.
წინამდებარე პუბლიკაცია წარმოგიდგენთ რეგიონული სასტიპენდიო პროგრამის დაუზარელი და წლების განმავლობაში შეუცვლელი ექსპერტის, ვლადიმერ ვარდოსანიძის ლექცია-სემინარების გადამუშავებულ ვერსიებს. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ფონდის სასტიპენდიო პროგრამის ყოფილ სტიპენდიატებს, ანთროპოლოგებს – გაიანე შაგოიანსა და სათენიკ მკრტჩიანს, რომლებმაც ვლადიმერ ვარდოსანიძის სალექციო მასალის აუდიოარქივი შექმნეს და გამოცემისთვის მოგვაწოდეს. სწორედ გაიანესთან საუბარში დაიბადა თავად ლექციების წერილობით დოკუმენტად ქცევის იდეაც. ასევე, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ფონდის ყოფილ სტიპენდიატებს, ურბანისტ ელენე დარჯანიას და ანთროპოლოგ ესმა ბერიკიშვილს აუდიოჩანაწერების დამუშავებისთვის.
დასასრულ, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ დღეს, როდესაც ბიოლის ფონდის სასტიპენდიო პროგრამა თავისი თერთმეტწლიანი მოღვაწეობის შედეგებს ითვლის და აფასებს, ურბანისტიკის მიმართულებაში დაგროვილი ეს ცოდნა და გამოცდილება ერთ-ერთ მნიშვნელოვან შედეგად მიგვაჩნია. 2006 წელს გამოცემულ კრებულში „სამხრეთი კავკასია: ტერიტორიები. ისტორიები. ადამიანები“ ვწერდით:
„გვინდა, იმედი ვიქონიოთ, რომ [ურბანისტიკის თავში შესული] ეს ნაშრომები ხელს შეუწყობს რეგიონში ისეთი შედარებით ნაკლებად ცნობილი დისციპლინის მიმართ ინტერესის გაღვივებას, როგორიცაა ურბანისტიკა: უაღრესად კომპლექსური ფენომენის – ქალაქის სამეცნიერო შესწავლა; და ეს მეცნიერება აქ მალე გახდება მეტად ცნობილი“.
დღესდღეობით, საზოგადოებრივ სივრცეში კულტურული მემკვიდრეობის, ქალაქის ეკოლოგიის, ქალაქის დაგეგმარების და მდგრადი განვითარების, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და ქალაქის ეკონომიკის თაობაზე წარმოშობილი მრავალი დისკუსია, ინიციატივა და ქმედება, გვაფიქრებინებს, რომ ამ ყველაფრის საფუძველში ვლადიმერ ვარდოსანიძის და ფონდის სასტიპენდიო პროგრამის მონაწილეების მიერ გაღვივებული და გაფართოებული ცოდნაც დევს. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა აკადემიური პროგრამის ფარგლებში შექმნა ის გარემო, რომელმაც კრიტიკულად მოაზროვნე ახალგაზრდა მეცნიერების პლატფორმა ჩამოაყალიბა და ხელი შეუწყო დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის განვითარებას.
სწორედ ამიტომ, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ გადაწყვიტა – რეგიონული სასტიპენდიო პროგრამის დასრულებასთან ერთად ეს მასალები საპროექტო არქივიდან ამოიღოს და გადაწყვეტილებების მიმღებებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის, მედიისთვის, აკადემიური წრეებისა და ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს, რათა ურბანულ განვითარებაზე კვალიფიციური დისკუსიის და საჯარო სიკეთეზე მიმართული მსჯელობის სივრცე იმაზე ფართო იყოს, ვიდრე ამის უზრუნველყოფა ერთი მწვანე პოლიტიკური ფონდის ერთ კონკრეტულ პროგრამას შეუძლია.
1 ნოემბერი, 2015 წელი
ნინო ლეჟავა
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის
სამხრეთ კავკასიის რეგიონული
ბიუროს დირექტორი
[1] - Identity, Power and the City in the Works of Young Social Scientists in the South Caucasus (2005).
- South Caucasus: Spaces, Histories, People (2006).
- Figuring out the South Caucasus: Societies and Environment (2008).
- The New South Caucasus: Overcoming Old Boundaries (2008).
- City, Migration, Markets: New Studies in Social Science from the South Caucasus (2011).
- Observing Transformation: Adaptation Strategies in the South Caucasus (2011).
- Changing Identities: Armenia, Azerbaijan, Georgia (2012).
- From Private to Public: Transformation of Social Spaces in the South Caucasus (2015).
Product details
Table of contents
გამომცემლის წინასიტყვაობა 004
ავტორის წინათქმა 018
შესავალი / იოსებ სალუქვაძე 012
ლექციები ქალაქი და საქალაქო ურთიერთობები ქართულ კულტურაში 030
თბილისის ურბანული განვითარების ექსპრეს-აუდიტი 073
საბინაო პოლიტიკის პერი პეტიების რეტროსპექტივა – კაპიტალიზმიდან კაპიტალიზმამდე 105
ქალაქი, როგორც „საქონელი“ და მისი ბრენდინგი: რას ვერ გაითვალისწინებდა ვიტრუვიუსი 121