სამოქალაქო ქარტია

Კითხვის დრო: 5 წუთი

სამოქალაქო საზოგადოება სულ უფრო და უფრო მეტ ზეწოლას განიცდის მთელ მსოფლიოში, დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი. ძლიერი ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან განსაკუთრებით ის აქტივისტები  და ორგანიზაციები, რომლებიც დემოკრატიისთვის, ადამიანის უფლებებისა და სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობისთვის იბრძვიან.



სამოქალაქო ქარტია შემუშავებულია მრავალი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, მათთან ინტენსიური კონსულტაციების და მოლაპარაკების პროცესში. 2016 წლის ოქტომბერში ქარტია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გამოქვეყნდა - ნიუ-დელი, ნაირობის, ბერლინი.



ქარტია მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როგორც აქტივისტების მხარდაჭერას  მთელ მსოფლიოში, მათი უფლებების და მოქმედების თავისუფლების ხელშეწყობას და მთავრობისგან გარანტიების მოპოვებას.



სამოქალაქო ქარტია ხელმისაწვდომია სხვადასხვა ენაზე და მასზე ხელმოწერა შესაძლებელია ორგანიზაციებისა და ინდივიდებისთვის ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით შემდეგ ვებ-გვერდზე: www.civiccharter.org.

დამატებითი ინფორმაცია:

 

სამოქალაქო ქარტია

გლობალური ჩარჩო ხალხის ჩართულობისთვის

ჩვენ, მოქალაქეებს, გვაქვს უფლება, რომ მონაწილეობა მივიღოთ ჩვენი საზოგადოებების ჩამოყალიბების პროცესში

ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები უფრო და უფრო ხშირად ირღვევა მსოფლიოში. ასევე იზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც ხალხი და მათი ორგანიზაციები აწყდებიან მკაცრ შეზღუდვებს და წართმეული აქვთ უფლება, რომ მონაწილეობა მიიღონ თავიანთი საზოგადოებების ჩამოყალიბებაში. ხშირია აქტივისტების დევნა, დაშინება, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა, დაპატიმრება, წამება და მკვლელობა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები განიცდიან სტიგმატიზაციას, მაგალითად გაიგივებულნი არიან ხოლმე უცხო ქვეყნის აგენტებსა თუ ექსტრემისტებთან. მათ ხელი ეშლებათ საკუთარ საქმიანობაში, ერთმევათ დაფინანსება, ეკრძალებათ საქმიანობა, რაც ხშირად მათი გაუქმებითაც სრულდება. არ არსებობს ან შეზღუდულია საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ხალხის მონაწილეობის შესაძლებლობები.

თუ ხალხი არსებითად არ არის ჩართული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მსოფლიო ვერ შეძლებს ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი ისეთი გამოწვევების გადალახვას როგორიცაა მუდმივი სიღარიბე, ძალადობრივი ექსტრემიზმი, მზარდი უთანასწორობა და კლიმატის ცვლილება.

ხალხის ინდივიდუალური და კოლექტიური მონაწილეობა აცოცხლებს და მნიშვნელობას ანიჭებს დემოკრატიას. ადამიანის უფლებების დაცვა, განვითარება და სამართლიანი, ტოლერანტული და მშვიდობიანი საზოგადოებების ჩამოყალიბება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს პროცესი უზრუნველყოფს საჯარო მოხელეების და სხვა გავლენიან პოზიციებზე მყოფი პირების ანგარიშვალდებულებას თავიანთი ქმედებებისთვის და უბიძგებს მათ საერთო სიკეთისთვის საქმიანობისკენ.

ჩვენ უარვყოფთ ნებისმიერ მცდელობას, რომ ხალხს არ მიეცეს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა საკუთარი თემების, ქვეყნებისა და ჩვენი საერთო პლანეტის ჩამოყალიბების პროცესში.

სამოქალაქო ქარტია უზრუნველყოფს ჩარჩოს ხალხის ჩართულობისთვის

სამოქალაქო ქარტია დაფუძნებულია ჩვენს საერთო ჰუმანურობაზე და ასახავს უნივერსალურად მიღებულ ადამიანის უფლებებს, თავისუფლებებსა და პრინციპებს. ის უზრუნველყოფს ხალხის ჩართულობისთვისჩარჩოს, რაც თავის მხრივ ახდენს ხალხის უფლებების იდენტიფიცირებას  არსებულ საერთაშორისო სამართალსა და საერთაშორისო ხელშეკრულებებში.

აუცილებელია, რომ ყველა მთავრობამ, საჯარო მმართველობის ყველა დონემ, საერთაშორისო ინსტიტუტებმა, ბიზნეს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სრულად სცენ პატივი და შეასრულონ ამ ქარტიის დებულებები.

ჩვენ, ხალხს, გვაქვს შემდეგი უფლებები, რომლებსაც უნდა სცენ პატივი, იყოს დაცული, მხარდაჭერილი და სრულად დანერგილი ყველგან ნებისმიერი დისკრიმინაციის გარეშე:

  1. გამოხატვის თავისუფლება: ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, რომ გააზიაროს, განიხილოს და წარმოაჩინოს მისი შეხედულებები და იდეები, მხარი დაუჭიროს სხვის იდეებს ან გამოხატოს განსხვავებული აზრი.
  2. ინფორმაციის თავისუფლება: ნებისმიერ ადამიანს აქვს მარტივი და დროული წვდომა ყველანაირ საჯარო ინფორმაციაზე.
  3. შეკრების თავისუფლება: ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, რომ შეიკრიბოს მშვიდობიანად სხვებთან ერთად საერთო მიზნებისა და სწრაფვების უზრუნველსაყოფად.
  4. გაერთიანების თავისუფლება: თითოეულ ადამიანს აქვს უფლება, რომ შექმნას, შეუერთდეს ან მხარი დაუჭიროს ორგანიზაციებს საერთო მიზნების მისაღწევად მშვიდობიანი ფორმით.

ამ უფლებებით უნივერსალური სარგებლობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია:

  1. ეფექტური მონაწილეობა: ხალხს და მათ ორგანიზაციებს აქვთ რეალური შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მიიღონ და გავლენა მოახდინონ საჯარო პოლიტიკასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე ადგილობრივ, ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ დონეებზე.
  2. ფინანსური მხარდაჭერა: ხალხს და მათ ორგანიზაციებს თავისუფლად შეუძლიათ მიიღონ ან გასცენ ფინანსური მხარდაჭერა თავიანთი ქვეყნების შიგნით თუ გარეთ.
  3. თანამშრომლობის შესაძლებლობები: ხალხს და მათ ორგანიზაციებს თავისუფლად შეუძლიათ ჩაერთონ ადგილობრივ და საერთაშორისო დიალოგსა და თანამშრომლობაში.

ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, მოითხოვოს ამ უფლებების რეალიზაცია ლეგიტიმურად თუ ეს არ ლახავს სხვების უფლებებს ან იწვევს ან უწყობს ხელს სიძულვილს, დისკრიმინაციას, მტრობას ან ძალადობას.

ხალხს და მათ მთავრობებს და საჯარო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის შედეგად მაქსიმალური სარგებლის მიღების უზრუნველსაყოფად აუცილებელია შემდეგი პრინციპების დაცვა:

  1. დაცვის მოვალეობა: ყველა მთავრობა უზრუნველყოფს, რომ ხალხი და მათი ორგანიზაციები უფლებამოსილნი არიან, რომ თავისუფლად, დევნის, წამების ან მათი სიცოცხლის მუქარის გარეშე მონაწილეობა მიიღონ პროცესებში და რომ არ იყვნენ კოლექტიური დასჯის მსხვერპლი მათი ფუნდამენტური თავისუფლებების განხორციელების გამო.
  2. სათანადო გარემოს უზრუნველყოფა: თითოეული მთავრობა იღებს კანონმდებლობას, ადმინისტრაციულ და სხვა ზომებს, რათა პატივი სცეს, დაიცვას, ხელი შეუწყოს და შეასრულოს ამ ქარტიაში მოხსენებული უფლებები და თავისუფლებები და სათანადოდ გამოიძიებს ინდივიდებსა და ორგანიზაციებზე თავდასხმებს უფლებების დარღვევაში ეჭვმიტანილი პირების მართლმსაჯულებისთვის გადაცემის მიზნით სამართლიანობის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
  3. საჯარო ანგარიშვალდებულება: მთავრობა, ბიზნესი და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ანგარიშვალდებულნი არიან ხალხის წინაშე.

ჩვენი ინდივიდუალური და კოლექტიური პასუხისმგებლობა

ხალხი და მათი ორგანიზაციები მსოფლიოს მასშტაბით მიზნად ისახავენ სამართლიანობისა და ღირსების უზრუნველყოფას. მათი ჩართულობა უზრუნველყოფს შესაძლებლობას, რომ ერთობლივად გადავლახოთ ჩვენი საერთო გამოწვევები.

მიუხედავად იმისა, ჩართულები ვართ თუ არა სამთავრობო, ბიზნეს ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობაში, ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა ჩვენთვის, ყველასთვის, მშვიდობიანი, სამართლიანი და მდგრადი მომავლის შექმნასა და უზრუნველყოფაში მონაწილეობა.

როგორც ხელმომწერები:

  • ჩვენ მოვითხოვთ ყველა მთავრობისა და მათი სტრუქტურებისგან, რომ პატივი სცენ, დაიცვან, ხელი შეუწყონ და სრულად შეასრულონ ყველა საერთაშორისო კონვენცია და ხელშეკრულება, რაც განსაზღვრავს ხალხის უფლებას, რომ მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ პროცესებში, და ჩვენ მოვუწოდებთ ბიზნესს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, საერთაშორისო ინსტიტუტებსა და სხვა მოქმედ პირებს, რომ მათაც იმოქმედონ ამ კონვენციების შესაბამისად;
  • ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ დავიცვათ და უზრუნველვყოთ ხალის უფლებები რომ მიიღონ მონაწილეობა საზოგადოებრივ პროცესებში ამ ქარტიის შესაბამისად;
  • ჩვენ გამოვხატავთ სოლიდარობას ყველა იმ ხალხის მიმართ, რომელთა უფლება, მონაწილეობა მიიღონ მათი საზოგადოებების ჩამოყალიბებაში არის დარღვეული.