დღეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა, საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების ცენტრმა და მსოფლიოს მასშტაბით არაერთმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ საზოგადოებას სამოქალაქო ქარტია წარუდგინა. „ხალხის ჩართულობის [ეს] გლობალური ჩარჩო“, რომელიც შემუშავებულია მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელი ორგანიზაციების მიერ, არის გამოწვევა ყველა მთავრობისთვის, რომ უზრუნველყონ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების ჩართულობა. დღესდღეობით უფრო და უფრო მეტ ქვეყანაში კლებულობს სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობები: იზრდება რეპრესიული ზომები არასამთავრობო ორგანიზაციების, გარემოს და ადამიანის უფლებების დამცველი აქტივისტების, ბლოგერების და ჟურნალისტების მიმართ.
„უპრეცედენტოა სახელმწიფოების მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების იმ კრიტიკული აქტივისტების რეპრესირება, რომლებიც ახორციელებენ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის ადვოკატირებას. ბევრი სახელმწიფო ხელს უშლის სამოქალაქო სექტორის განვითარებას არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ახალი კანონების მიღებით, სამართლებრივი შეზღუდვებით, ბიუროკრატიული დაბრკოლებებითა და რეპრესიებით. სამოქალაქო ქარტია მოუწოდებს მთავრობებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომ დაიცვან მოქმედი საერთაშორისო სამართალი და უზრუნველყონ გამოხატვის, შეკრების და გაერთიანების ფუნდამენტური უფლებები“, განაცხადა ბარბარა უნმიუსიგმა, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პრეზიდენტმა. „სამოქალაქო ქარტია მიზნად ისახავს სამოქალაქო, სოციალური და გარემოსდაცვითი უფლებების ხელშეწყობისთვის მომუშავე ორგანიზაციების და აქტივისტების მხარდაჭერას“.
თავისუფალი შეკრებისა და გაერთიანების უფლებების თაობაზე გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა მაინა კიაიმ განაცხადა: „ჩვენი მსოფლიო აწყდება ძირითად გამოწვევებს. სამოქალაქო საზოგადოების დემოკრატიული ჩართულობა და კოლექტიური ხმის არსებობა აუცილებელია მუდმივი სიღარიბის, მზარდი უთანასწორობის, კლიმატის ცვლილებისა და სხვა აქტუალური საკითხების მოსაგვარებლად“. კიაიმ დამატებით აღნიშნა, რომ „მიუხედავად ამისა, სამოქალაქო საზოგადოება განიცდის თავდასხმებს მსოფლიოს თითქმის ყველა ნაწილში, რაც ამცირებს ჩვენი ხმის გაგონების შანსებს. სამოქალაქო ქარტია აუცილებელი პოლიტიკური განაცხადია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველსაყოფად“.
„პოლიტიკური სივრცის შევიწროვება არსებით გავლენას ახდენს ხალხზე, მათ უფლებებსა და მისწრაფებაზეთავიანთი და მათი თემების უკეთესი ცხოვრებისკენ. მაშინ, როდესაც მცირდება სამოქალაქო საზოგადოების მოქმედების არეალი, აუცილებელია იმ ხალხისთვის სოლიდარობის დემონსტრირება, რომლებსაც არ ეძლევათ პოლიტიკური ჩართულობის შესაძლებლობა და რომლებიც განიცდიან დევნას“, განაცხადა ართურ ლაროკმა „ActionAid Uganda“-ს წარმომადგენელმა. „სამოქალაქო ქარტია სწორედ ამის გაკეთებისკენ გვიბიძგებს“.
სამოქალაქო ქარტია ხაზს უსვამს საზოგადოებრივი რეალიების ფორმირებაში სამოქალაქო საზოგადოების როლს და მნიშვნელობას.
სამოქალაქო ქარტია შემუშავებულია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით სხვადასხვა კონტინენტებისა და ქვეყნებიდან ფართო მასშტაბიანი კონსულტაციებისა და თანამშრომლობის შედეგად. ამ პროცესს ზედამხედველობას უწევდა აღიარებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სამეთვალყურეო ჯგუფი ისეთი ორგანიზაციების შემადგენლობით, როგორიცაა CIVICUS, ICNL, ActionAid, Amnesty International, Oxfam, RendirCuentas, VANI, Africa Platform, the Oak Foundation, the Wallace Global Fund, და Open Society Foundations. სამოქალაქო ქარტიას მხარს უჭერს მასზე ხელმომწერები და ღიაა ხელმოწერისთვის ყველა იმ პირისთვის, რომელიც ეთანხმებიან მასში დეკლარირებულ პრინციპებსა და უფლებებს.
სამოქალაქო ქარტია ხელმისაწვდომია სხვადასხვა ენაზე და მასზე ხელმოწერა შესაძლებელია ორგანიზაციებისა და ინდივიდებისთვის ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით შემდეგ ვებ-გვერდზე: www.civiccharter.org. 2016 წლის ოქტომბერში ქარტია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გამოქვეყნდა - ნიუ-დელი, ნაირობის, ბერლინი.
კონტაქტი პრესისთვის:
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი, პრეს ოფიცერი
T +49-(0)30-285 34-224/-202
E presse@boell.de