რუსული რბილი ძალა საქართველოში: შედეგები, შეზღუდვები და სამომავლო საფრთხეები

ვებ-დოსიე

ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა. ბევრის აზრით, ამ ცვლილებას შეეძლო, ქვეყანა დასავლური კურსიდან  გადაეხვია და რუსული გავლენისაგან დაუცველი გაეხადა. ეს ხუთი წელიწადი მთელს მსოფლიოში, მათ შორის - სამხრეთ კავკასიაშიც, რუსული "რბილი ძალის" მომძლავრებით აღინიშნა; თუმცა, ადგილობრივად ამ რბილ ძალას შეზღუდული ძალა აქვს და გამოკვეთილი გავლენის მიღწევას ვერ ახერხებს. ამ სტატიის მიზანია რუსული ძალის აქამდე არსებული მიღწევების, შეზღუდვებისა და სამომავლო საფრთხეების გაანალიზება საქართველოს პერსპექტივიდან.

რუსული რბილი ძალის შედეგები

2017 წლის მაისში საქართველომ მიიღო თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი (ინგლ. Strategic Defense Review), სადაც რუსეთის რბილი ძალა ოფიციალურად იქნა აღიარებული ქვეყნის უსაფრთხოების ძირითად საფრთხედ. სახელმწიფო სტრატეგიაში  ამის შესახებ ოფიციალურად პირველად იქნა განცხადებული, და, მაშასადამე, შეიძლება, იმ ქმედებათა შედეგად ჩაითვალოს, რასაც რუსული პროპაგანდა და რუსული გავლენა ახორციელებს უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში.

საქართველოში მომძლავრებული რუსული რბილი ძალის ერთ-ერთი სერიოზული გამარჯვება იყო ევროსკეპტიკური პოლიტიკური პარტიების გააქტიურება, რომლებიც, შესაძლოა, სრულად პრორუსული განწყობის ძალები არ არიან, მაგრამ მოსკოვთან მჭიდრო ურთიერთობის იდეას კი ემხრობიან. ეს, ერთი მხრივ, სრულად შეესატყვისება რუსეთის რბილი ძალის უცხოეთში სამოქმედო პოლიტიკას, რადგან  საერთაშორისო დონეზე რუსული პოლიტიკა სამიზნე ქვეყნებში არსებული ზოგი პრობლემისა თუ დაძაბულობის წარმოჩენას ისეთი გადაჭარბებით  ცდილობს, რასაც დემოკრატიისა და დასავლეთისადმი ნდობის შერყევა  შეიძლება მოჰყვეს. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს საქართველოში "პატრიოტთა ალიანსმა" საარჩევნო ზღვარი გადალახა, პარლამენტში ექვსი ადგილი მოიპოვა, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში - ერთი ადგილი. ბევრის გასაკვირად, აჭარის უმაღლეს საბჭოში საკუთარი წარმომადგენლის გაყვანა ნინო ბურჯანაძის პარტიამ, "ერთიანმა საქართველომაც" მოახერხა. უნდა ითქვას, რომ ამ რეგიონს, ტურისტული მიმზიდველობის გარდა, საკუთარი, გამორჩეული იდენტობა აქვს, რაც, შესაძლოა, რუსული გავლენის აქ  გასაძლიერებლად ხელშემწყობი ფაქტორიც აღმოჩნდეს, თუმცა, ამ პრობლემაზე ქვემოთ უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ. ლეგიტიმაციის მინიჭება იმ ანტიდასავლური პარტიებისათვის, რომლებსაც მოსკოვთან უშუალო კავშირი აქვთ, სწორედ ისაა, რისკენაც რუსეთი ასე "ოპერატიულად" მიისწრაფის ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში.

რუსეთის რბილი ძალის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ხილული გავლენის ნიშანია მისი ანტიდასავლური, ტრადიციონალისტური და მესიანური იმიჯის დამკვიდრება საქართველოში, რასაც თან ახლავს რუსეთთან საუკუნოვანი რელიგიური და კულტურული კავშირების ხაზგასმა. ამ თვალსაზრისით, რუსული რბილი ძალის ერთ-ერთი აგენტი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიაა, რომელიც ქვეყანაში კონსერვატიზმის ფორპოსტად  რჩება და თან მოსახლეობის დიდი ნაწილის ნდობითა და მხარდაჭერით სარგებლობს. თუმცა, გავრცელებულია აზრი, რომ ეკლესიაში არსებული პროდასავლური ხაზი, ასე თუ ისე, პრორუსული მიმართულების საპირწონე ძალის როლს ასრულებს, რის წყალობითაც ხსენებული ინსტიტუცია იმაზე ნაკლებადაა რუსული გავლენისადმი მიდრეკილი, ვიდრე,  შესაძლოა, გარედან ჩანდეს.

ამას გარდა, საქართველოში ასპარეზი ჰპოვა დასავლეთის იმგვარმა აღქმამ, რომლის თანახმადაც მსოფლიოს ეს ნაწილი ზნეობრივ ხრწნას განიცდის. საქართველოში, გამოკვეთილად მასკულინური კულტურის ქვეყანაში, პუტინის, როგორც ძლიერი, გაბედული ლიდერის იმიჯი რუსეთის პოზიტიურ აღქმას უწყობს ხელს, რომელიც მას ქართული ტრადიციებისა და კულტურის უცხოური საფრთხისაგან დამცველად წარმოაჩენს.

ზემოთ მოტანილი მიღწევების მიუხედავად, იქმნება შთაბეჭდილება, რომ რუსეთის ძალისხმევა საქართველოში პრორუსულზე მეტად ანტიდასავლური განწყობების დამკვიდრებაზეა მიმართული და ამგვარად რბილი ძალა აქ პროპაგანდითა და შეზღუდული მასშტაბის ქმედებებით შემოიფარგლება, რასაც სტატიის მომდევნო ნაწილში შევეხები.

რუსული რბილი ძალის შეზღუდვები

მოსაზრება, რომ რუსეთის რბილი ძალა საწადელს აღწევს, ახალი არ არის - არც დანარჩენი მსოფლიოსთვის, არც  თვით მოსკოვისთვის. სიტყვებსა და ქმედებებს შორის სერიოზული შეუსაბამობა  მნიშვნელოვნად უშლის ხელს სამხრეთ კავკასიაში, განსაკუთრებით  კი - საქართველოში იმის დაჯერებას, რომ კრემლის ინტერესი რეგიონისადმი წრფელია და უანგარო. ამას გარდა, ეკონომიკური თუ ნორმატიული თვალსაზრისით, რუსეთი იმდენად ძლიერი სახელმწიფო არ არის, რომ დასავლეთის ალტერნატივად წარმოჩინდეს, რაც მას კიდევ უფრო ნაკლებად მიმზიდველს  ხდის.

საქართველოში რუსული რბილი ძალის ზემოქმედებისათვის უმთავრესი შემზღუდავი ფაქტორი, უპირველეს ყოვლისა, ამ ქვეყნის მიერ დღემდე წარმოებული სამხედრო ოკუპაციაა, რომელიც არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. 2008 წლის რუსულ-ქართული ომი და მისი მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც საზღვრების პერმანენტულ გადმოწევაშიც ვლინდება, რუსეთს იმპერიულ სახელმწიფოდ და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს არსებობის საფრთხედ წარმოაჩენს, რაც შეუძლებელს ხდის მოსკოვის ქმედებები სანდოდ იქნეს მიჩნეული. ამასთან, ქართველები რუსეთს საქართველოს ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად აღიქვამენ, რადგან ორი მოუგვარებელი კონფლიქტი მის ფინანსურ სტაბილობას მუდმივი რისკის ქვეშ აყენებს.  მედია და პოლიტიკური პარტიები ყოველდღიურად აახლებენ რუსეთის საფრთხისშემცველ იმიჯს, რაც პრაქტიკულად აღარ ტოვებს სივრცეს მისდამი სიმპათიისათვის, ამის გამო, მოსკოვის ყველა ძალისხმევა საქართველოს მიმართ სრულიად არარელევანტური ხდება.

მეორე შეზღუდვა, რომელიც რუსული რბილი ძალის გავლენის შეკავებას იწვევს, მისი დაბალი კონკურენტუნარიანობაა. აშშ-სა თუ ევროკავშირის მიერ საქართველოში დახარჯული ფინანსური, პოლიტიკური და ინტელექტუალური რესურსები ძალიან ასიმეტრიულად გამოიყურება რუსეთის შესაბამის მცდელობებთან შედარებით. დასავლეთი საქართველოს მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს  სამოქალაქო,  პოლიტიკის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში, რისი თქმაც რუსეთის შემთხვევაში რთულია. როგორც ჩანს, ეს ტენდენცია გაგრძელდება და მეტადაც კი გაძლიერდება, მით უფრო, ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელსაც საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მეშვეობით იღებს.  უკანასკნელ წლებში ის არასამთავრობო ორგანიზაციებიც კი ეკონომიკურად რთულ მდგომარეობაში არიან, რომლებიც   საქართველოში  კრემლის პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერები იყვნენ;

ამ ორგანიზაციებზე ბევრი თქმულა და დაწერილა, მაგრამ მათი ფუნქციონირებიდან რამდენიმე წლის თავზე ამ ორგანიზაციების უმრავლესობა სრულიად არაეფექტური გამოდგა - მათ ვერც საზოგადოების დამოკიდებულებებისა და შეხედულებების შეცვლა მოახერხეს და ვერც სოციალურ-პოლიტიკური წონის შეძენა. ეს ნათლად მოწმობს, რომ რუსეთი მაინც ვერ ახერხებს საზღვარგარეთ თავისი ადრეული სამოქალაქო საზოგადოების "ექსპორტს". ეს, საბოლოო ჯამში, რუსეთს ძალზე ურთულებს შეაღწიოს ქართულ ელიტაში. თანამედროვე ქართული ელიტა უმთავრესად დასავლეთში განათლებამიღებული ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთაც მოსკოვის ფრთის ქვეშ ცხოვრების არც ნოსტალგია აქვთ და არც სურვილი. ამ არგუმენტის ერთ-ერთი ძირითადი ინდიკატორი კვლევებია, რომლებიც გვიჩვენებს, რომ რუსული მედიის ბოლოდროინდელი გამოცოცხლებისა და ქართულენოვანი საიტების მომრავლების მიუხედავად, ახალგაზრდა თაობაში რუსეთისდამი დამოკიდებულება მეტწილად ნეგატიურია, ან - ნეიტრალური.

 ერთადერთი კატეგორია, ვინც  რუსულმა პროპაგანდამ მის სასარგებლოდ  შეიძლება გამოიყენოს,  ხანდაზმული ადამიანებია, ვისაც რუსეთთან ენობრივი (თუმცა რუსეთიდან მომავალ ტურისტულ ნაკადთან ერთად საქართველოში რუსული ენაც ბრუნდება) და   პირადი ურთიერთობები აკავშირებს. თუმცა, ამ ასაკობრივი ჯგუფიდან რუსეთის მცდელობები  ყველასთვის სულაც არაა მისაღები. ამდენად, მომავალში რუსეთის გავლენა ამ კატეგორიაშიც კიდევ უფრო შესუსტდება, რადგან უფროსი თაობის ახალგაზრდებით ჩანაცვლება მნიშვნელოვნად შეამცირებს ქვეყანაში მის მხარდამჭერებს.

ზემოთ მოტანილი შეზღუდვების გარდა, საქართველოში და ასევე რეგიონშიც, რუსული რბილი ძალის ზეგავლენას  არსებით დაბრკოლებას უქმნის რუსეთის ეკონომიკის არასტაბილურობა და სისუსტე, რაც დასავლური ყაიდის განვითარების ალტერნატივად ვერ გამოდგება. საქართველო, სადაც სიღარიბის მაღალი პროცენტული მაჩვენებელია, ისეთი მოდელისკენ მიისწრაფის, რომელიც მის სოციალურ სიდუხჭირეს აღმოფხვრის, ხოლო ის, რომ რუსეთს, ზედმიწევნით კორუმპირებული და არაეფექტიანი სისტემის მქონე ქვეყანას, ამ მხრივ შემოსათავაზებელი არაფერი აქვს, ყველასათვის გასაგებია. უკრაინის კრიზისმა, რუსეთისათვის უხვად დაწესებული სანქციების სპექტრმა და ნავთობის ფასების ვარდნამ ეს არგუმენტი ქართულ საზოგადოებაში ხელახლა გააძლიერა.

სამომავლო საფრთხეები

ის ფაქტი, რომ საქართველომ ოფიციალურად აღიარა რუსული რბილი ძალა სერიოზულ საფრთხედ მისი უსაფრთხოებისათვის, გვაფიქრებინებს, რომ თბილისი ადგილობრივ საზოგადოებაში პოტენციური განხეთქილების ნიშნებს ხედავს, რომელთა გამოყენება რუსეთს საკუთარ ინტერესებისთვის შეუძლია.

ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებული რეგიონები შეიძლება  რუსეთის რბილი ძალისთვის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ჯგუფიგახდეს. თავისი ინტერესების ამოქმედება რეგიონებში, სადაც  ცენტრის მიმართ სერიოზული უკმაყოფილება არსებობს, შეიძლება მანიპულაციის ეფექტურ ინსტრუმენტად იქცეს. 90-იანი წლების სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ეს უკვე ვნახეთ; ახლა უკრაინაშიც იმავე პროცესის მომსწრენი ვართ. ამ თვალსაზრისით ორი რეგიონია აღსანიშნავი: ჯავახეთი და აჭარა. პირველი რეგიონი ეთნიკური სომხებითაა დასახლებული და სომხეთის უფრო ახლოს ინტეგრირებამ  რუსულ ეკონომიკურ თუ უსაფრთხოების პროექტებში, შესაძლოა გამოძახილი ჰპოვოს ამ რეგიონში და პრორუსული განწყობები გააღვივოს. მეორე, აჭარა,  კი ის რეგიონია, რომელსაც, ასე თუ ისე, გამოკვეთილი იდენტობა და ავტონომიის ფიქტიურად შენარჩუნებული სტატუსი აქვს.

2017 წლის მარტში ბათუმის სპონტანური ძალადობრივი საპროტესტო გამოსვლები, რაც ადგილობრივ მოსახლეობაში პოლიციის მიმართ უკმაყოფილებამ გამოიწვია, იმის თვალსაჩინოება იყო, როგორი არაეფექტურია თბილისსა და ბათუმს შორის ხელისუფლების ამჟამინდელი გადანაწილება, რაც კრიზისულ ვითარებაში განსაკუთრებით საგრძნობია; აშკარად გამოჩნდა ისიც, თუ რამდენად მყიფეა, ზოგადად, ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა. თუმცა, აჭარის რეგიონში თურქეთის მომძლავრებული გავლენა, შესაძლოა, რუსული რბილი ძალისათვის მთავარ პრობლემად და პოტენციურ სამიზნედაც ჩაითვალოს. რეგიონის ისტორიული მეხსიერებისა თუ საგარეო აქტორების ინტერესთა გათვალისწინებით, აჭარაში საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას სიფხიზლე და, ზოგადად, აჭარის რეგიონისათვის მეტი მხარდაჭერა ჰმართებს. 

საქართველოს გარკვეულ სოციალურ ჯგუფებში მომძლავრებული ქსენოფობიური და შოვინისტური განწყობები, შესაძლოა, რუსეთისათვის კარგ ინსტრუმენტად იქცეს ქვეყანაში ანტილიბერალური და ანტიგლობალური პროპაგანდისტული ომის საწარმოებლად.

2017 წლის ივლისში მოწყობილმა "ქართველთა მარშმა" ათასობით რადიკალი ნაციონალისტი გააერთიანა ქვეყნის მასშტაბით. მეორე მხრივ, ამ გამოსვლების ორგანიზატორები თავიანთი პრორუსული განცხადებებით არიან ცნობილნი, რამაც სერიოზული ეჭვები და შეშფოთება გამოიწვია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პროცესები, შესაძლოა, მოსკოვის ჩარევით და მისი მხარდაჭერით იქნა დაგეგმილი. მოსალოდნელია, რომ სოციალური სიდუხჭირისა და აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ტურისტების მზარდი შემოდინების ფონზე ეს განწყობებიც მომძლავრდება და პოლიტიკური დებატის სერიოზულ ნაწილად იქცევა; შესაბამისად, მთავრობას ამ ასპექტშიც სიფხზილის შენარჩუნება მოეთხოვება.

პოტენციური რისკის შემცველი კიდევ ერთი ზონა კვლავაც ქართული მართლმადიდებლური ეკლესიაა. ეგრეთ წოდებული  "ციანიდის საქმე", რომელიც ერთ-ერთი მღვდლის მიერ პატრიაქის მდივნის მოწამვლის სავარაუდო მცდელობის გამო აღიძრა, საპატრიარქოში არსებული სიტუაციის თვალსაჩინოებაა. წინა წლებშიც გამოჩნდა, რომ ეკლესიის წიაღში სხვადასხვა ჯგუფებს შორის საკმაოდ მძაფრი კონფლიქტია და ეს ჯგუფები უკვე მომდევნო შესაძლო კათალიკოს-პატრიარქის წინაშე ცდილობენ პოზიციათა გამყარებას. ამ ეტაპზე საკმაოდ რთულია სამომავლო სურათის განჭვრეტა, მაგრამ სრულიად ნათელია, რომ დაპირისპირებული მხარეები მხარდაჭერას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთაც ცდილობენ, რაც, საფიქრებელია,  რუსეთის გავლენას კონფლიქტის იმ მხარეზე გაზრდის, რომელიც რუსეთისადმი სიმპათიას გამოხატავს, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოებამ და მედიამ ყურადღებით ადევნონ თვალი განვითარებულ პროცესებს, რომლებსაც შეუძლია, ქვეყანაში რადიკალურად შეცვალოს ვითარება.

დასკვნა

რუსეთის რბილი ძალა საქართველოში არსით იგივეა, რაც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, მაგრამ სრულიად განსხვავებულ გარემოში უწევს მოქმედება. რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული სამხედრო ოკუპაციისა და ანტირუსული განწყობების ფართოდ გავრცელების გამო, მოსკოვს ქვეყანაში მხოლოდ მცირემასშტაბიანი მოქმედებებისთვის აქვს ასპარეზი დარჩენილი, შესაბამისად, იმ ქართველების გულსა და გონებაში შესაღწევად, ვინც რუსეთთან კავშირს პოლიტიკურ და სოციალურ დონეებზე ემხრობა, მან პრაგმატული და ტაქტიკური მიდგომა არჩია.  არავინ უარყოფს, რომ კრემლმა ამ თვალსაზრისით გარკვეულ წარმატებას მიაღწია. თუმცა, საფიქრებელია, რომ რუსულ რბილ ძალას საქართველოში ბუნდოვანი მომავალი ელის. მისი უმთავრესი სამიზნე ჯგუფის წევრთა ხანდაზმულობის გამო, რუსეთის გავლენის ზრდა მხოლოდ საშუალო- და მოკლევადიან პერსპექტივაშია მოსალოდნელი, მაგრამ გრძელვადიან პერპექტივაში, ახალი თაობისა და ელიტების ასპარეზზე გამოსვლასთან ერთად, მისი გავლენა  უფრო მეტადაც კი შეიზღუდება.