სომხეთი და საქართველო: მდგრადი ურთიერთობა

შესავალი:

ისტორიამ და გეოგრაფიამ სომხეთსა და საქართველოს ერთმანეთის მეზობლობა და ვეება იმპერიათა შორის რთული არსებობა არგუნა. მათი ურთიერთობა ყოველთვის როდი იყო უღრუბლო, მაგრამ მაინც მეტწილად ხასიათდებოდა სიახლოვისა და თანადგომის სულისკვეთებით.

დღესაც, მიუხედავად ზოგიერთი ფაქტორისა, რომელიც ამ ორ ქვეყანას საპირისპირო მიმართულებით უბიძგებს, მათი ურთიერთობები არსებითად კარგია. გარდა კულტურული სიახლოვის, კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის ხანგრძლივი ტრადიციისა, ამგვარ სულისკვეთებას განაპირობებს ასევე ჯანსაღი პოლიტიკური პრაგმატიზმი და გრძელვადიანი გეოპოლიტიკური მოსაზრებები, რომლებიც მიუხედავად დამაპირისპირებელი გარე ძალებისა ხელს უწყობს ორი ხალხის მეგობრობასა და პარტნიორობას.

თუმცა ეს ორი მცირე პოსტსაბჭოთა ქვეყანა მრავალი თვალსაზრისით ერთმანეთის მსგავსია, როგორც მაგალითად კულტურული ტრადიციებისა თუ სოციალ-ეკონომიკური მოწყობის მხრივ[1], ისინი შესამჩნევად განსხვავდება მთელი რიგი სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლით, რომლებიც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ორმხრივ ურთიერთობებზე:

მსგავსებები და განსხვავებები:

ასე, სომხეთს არ გააჩნია ზღვაზე გასასვლელი, და არც საერთო საზღვარი მის უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორთან - რუსეთთან; ხოლო საქართველო, თავის მხრივ,  შავი ზღვის მიმდებარე ქვეყანაა და სწორედ ის იმყოფება სომხეთსა და რუსეთს შორის.

სომხეთი არის რუსეთის მიერ შექმნილი სამხედრო (ОДКБ) და ეკონომიკური (ЕАЭС) ბლოკების წევრი, ხოლო რუსეთის ფედერაცია ასევე აკონტროლებს მის ეკონომიკის მნიშვნელოვან წილს; სომხეთშივეა განთავსებული რამდენიმე რუსული სამხედრო ბაზა,  ხოლო მის სამხრეთ და დასავლეთ საზღვრებს ერთობლივად იცავენ რუსეთის და სომხეთის სასაზღვრო ნაწილები; რუსეთის ძლიერი ზეწოლის გამო სომხეთმა იძულებითი უარი განაცხადა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე; სომხეთს არ გააჩნია დიპლომატიური ურთიერთობები მეზობელ თურქეთთან და აზერბაიჯანთან, ხოლო ამ უკანასკნელთან დაპირისპირებულია ნახევრად გაყინული და პერიოდულად გამწვავებადი ყარაბაღის კონფლიქტის გამო; თურქეთისა და აზერბაიჯანის მიერ დახურული საზღვრებისა და განხორციელებული ბლოკადის გამო, სომხეთს მხოლოდ საქართველოსა და ირანის გავლით გააჩნია გარე სამყაროსთან კავშირის შესაძლებლობა; ყარაბაღის ომის შემდგომ და მის მიერ გამოწვეული მოსახლეობის მასობრივი გადაადგილების შედეგად, სომხეთი დღეს ფაქტობრივად მონოეთნიკური ქვეყანაა, ხოლო მისი მსოფლიოში გაფანტული დიასპორის  რიცხოვნება მნიშვნელოვნად აღემატება ქვეყნის მოსახლეობას, ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებზე.

საქართველომაც, თავის მხრივ, განიცადა ომი და შეწყვიტა დიპლომატიური კავშირი რუსეთთან, და ამავდროულად თანამიმდევრულად ცდილობს გაერთიანებას დასავლურ ალიანსებში, როგორებიცაა ევროკავშირი და ნატო; ის დამარცხდა სეპარატისტულ კონფლიქტებში აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, რომელთაც დაეხმარა რუსეთი, რომელმაც შემდგომში აღიარა მათი სუვერენიტეტი, მოათავსა იქ თავისი სამხედრო ბაზები, და ნაბიჯ-ნაბიჯ ახდენს მათ შთანთქმას; საქართველოს გააჩნია მეგობრული ურთიერთობა თურქეთსა და აზერბაიჯანთან, და ამავდროულად მონაწილეობს რამდენიმე სატრანსპორტო პროექტში, რომლებიც სომხეთის გვერდის ავლით ხორციელდება (ამათგან ერთერთი უკანასკნელია ახლახან ამოქმედებული ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა)[2]; საქართველო არსებითად მრავალეთნიკური ქვეყანაა, და ეთნიკური სომხები აქ რიცხვით მეორე უმცირესობას წარმოადგენს (დაახლოებით 4.5%, მაშინ როცა აზერბაიჯანელებია - 6.3%); საქართველოში არსებობს რამდენიმე სადავო რელიგიური ძეგლი, რომელზეც პრეტენზიას აცხადებენ როგორც სომხები, ისე ქართველები ...

სომხურ-ქართული ურთიერთობები ხასიათდება გარკვეული ასიმეტრიითა და პრიორიტეტების განსხვავებულობით. ასე, სომხეთისთვის საქართველო უპირველეს ყოვლისა განიხილება, როგორც უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო ქვეყანა, რომელიც მას გარე სამყაროსთან აკავშირებს, რაკი სომხეთის სატვირთო გადაზიდვების თითქმის 75% სწორედ მასზე გადის. საქართველო სომხების ერთ-ერთი პოპულარული სამგზავრო მიმართულებაა, სადაც ისინი მიემგზავრებიან ნათესავების მოსანახულებლად, ანკი შავი ზღვის პირას დასასვენებლად. ამავდროულად, საქართველო ჩართულია ალტერნატიული სატრანსპორტო დერეფნების მშენებლობაში, რაც სომხეთის მონაწილეობას არ გულისხმობს. სომხეთი მეტად დაინტერესებულია, რომ აღსდგეს აფხაზეთის გავლით რუსეთთან დამაკავშირებელი სტრატეგიული მნიშვნელობის რკინიგზა, რაც თბილისისთვის ნაკლებად მიმზიდველი პერსპექტივაა. სომხეთს აშინებს ქართულ-რუსული ახალი დაძაბულობის შესაძლებლობა, რაც საფრთხეს შეუქმნიდა სომხურ ტრანზიტს, მათ შორის რუსეთისგან კრიტიკული გაზსადენის შეუფერხებელ მოქმედებას, და იგი ასევე შეშფოთებულია საქართველოს აზერბაიჯანთან და თურქეთთან მჭიდრო თანამშრომლობის გამო.

განსხვავებულია მხარეების აზრი ჯავახეთში ეთნიკური სომხების საკითხთან დაკავშირებითაც. სომხეთის გადმოსახედიდან უმთავრესი პრობლემაა, რომ ადგილობრივ ეთნიკურ სომხებს უჭირთ მშობლიურ ენაზე ხარისხიანი განათლების მიღება, და დისკრიმინაციას განიცდიან ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ სფეროში თვითრეალიზაციის თვალსაზრისით. ორმაგი მოქალაქეობის სამართლებრივი აკრძალვის გამო ბევრი სომეხი იძულებულია სხვა ქვეყნებში უკეთესი შესაძლებლობების პოვნის იმედით უარი თქვას ქართულ მოქალაქეობაზე, რასაც მოყვება საქართველოში სომხური უმცირესობის წილის შემცირება. ასევე არსებობს უთანხმოება კულტურულ მემკვიდრეობის კუთვნილების თაობაზე - კერძოდ, საქართველოში სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქიის მიერ მოთხოვნილია რიგი ეკლესიები, ხოლო შემხვედრი პრეტენზიები არ განიხილება, როგორც უსაფუძვლო. დიდი ყურადღება ექცევა  ზოგიერთი ქართველი საზოგადო მოღვაწის არმენოფობურ რიტორიკას[3].

ქართული პერსპექტივა ხშირად განსხვავდება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის ეკონომიკურად მეტად მომგებიანია სომხეთიდან მასზე გამავალი ტრანზიტი, თბილისი სერიოზულად აღიქვამს რუსეთის შესაძლო ქმედებებთან დაკავშირებულ საფრთხეს  - რაც უკავშირდება საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში  შეუთანხმებელ ტრანზიტს რუსეთსა და სომხეთს შორის,  ამასთან დაკავშირებულ სავარაუდო სამხედრო ქმედებებსა და საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევას. რაკი რუსეთი განიხილება, როგორც საქართველოს უშიშროების უდიდესი მუქარის წყარო, შესაბამისად თბილისი შეშფოთებულია სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზების არსებობითა და სომხეთის  უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) წევრობით, რასაც ამძიმებს ერევნის შეზღუდული უნარი გაუწიოს წინააღმდეგობა რუსეთის ძლიერ ზეწოლას.

ჯავახეთში კომპაქტურად მცხოვრები სომეხი თემიც ხშირად განიხილება, როგორც შესაძლო შეშფოთების წყარო, რომელიც ასიმილაციის შიშის გამო თავს არიდებს საქართველოს საზოგადოებაში ინტეგრირებას. ჯავახეთის სომხების უმრავლესობა მე -19 საუკუნეში რუსეთის იმპერიის მიერ ოსმალეთიდან გადმოსახლებულთა შთამომავალია, რის გამოც სადავოა ზოგიერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კუთვნილების საკითხიც. გარდა ამისა, არც ისე დიდი ხნის წინ ზოგი გავლენიანი სომეხი პოლიტიკოსი თუ ჯგუფი ჯავახეთის შემოერთებას ლეგიტიმურ პოლიტიკურ მიზნად წარმოადგენდა[4]. გარკვეული ეჭვების წყარო გახდა არაერთი პოლიტიკოსის რიტორიკაც, როგორც მაგალითად სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის ლევონ ტერ-პეტროსიანის მიერ გაკეთებული განცხადება -  რომელშიც მან რუსულ-ქართულ ომის შემდგომ დაადანაშაულა საქართველო ოსების გენოციდის მცდელობაში[5]; ან, აფხაზეთის კონფლიქტში სომხური  სამხედრო ნაწილების როლი.

ყარაბაღის კონფლიქტის განახლების შესაძლებლობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს სტაბილურობას რიგი მიზეზის გამო - მას ხომ შეიძლება მოყვეს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური სომხებისა და აზერბაიჯანელების შეტაკებები; მოსალოდნელია რუსული სამხედრო ჩართულობა, რომელმაც დიდი ალბათობით შესაძლოა დაარღვიოს საქართველოს ტერიტორიული სუვერენიტეტი; საფრთხე შეექმნება საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ მილსადენებს და შესაბამისად ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას; ასევე სავარაუდოა ლტოლვილთა მასიური შემოდინება; და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარეს არსებული ზემორე მოყვანილი შიშები რეალურია და ძირითადად გამართლებულია, სომხეთისა და საქართველოს ხელისუფლებებმა გამოიჩინეს საკმარისი მდგრადობა შესაბამისი გამოწვევების მიმართ, ურყევად ახორციელებენ რა თანამშრომლობისა და კეთილგანწყობილი ურთიერთობის პოლიტიკას. გარე გავლენებს რაც ეხება, ყველაზე დიდი ფაქტორი აქ უთუოდ რუსეთია. თუმცა კი რუსეთის მცდელობა იშვიათად ისახავს მიზნად  სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუარესებას, რუსეთის მიერ რეგიონში განხორციელებული ყოველი ქმედება  გავლენას ახდენს სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებზე. რუსეთის გავლენა სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილების მიღების პროცესზე და საგარეო პოლიტიკაზე ფაქტობრივად ზღუდავს სომხეთის სუვერენიტეტს და შესაბამისად, უეჭველ ზემოქმედებას ახდენს მის საგარეო ურთიერთობებზეც; იგივე ითქმის სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზების არსებობისა და ენერგეტიკული თუ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის რუსეთის მიერ კონტროლის მიმართაც (მაგ. იძულებითი შეზღუდვა ირან-სომხეთის გაზსადენის გამტარუნარიანობისა, რაც ხელს შეუწყობდა საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოების გაუმჯობესებას); რუსეთის მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებები და ექსპერტები ხშირად წარმოადგენენ საქართველოს გაცილებით უფრო მუქი ფერებში, ვიდრე ის ამას იმსახურებს, რაც გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე, განსაკუთრებით მოსახლეობის ნაკლებად განათლებული ჯგუფების შემთხვევაში, ვინც ადვილად ექცევა პრორუსული სატელევიზიო არხებისა და სხვა მედია საშუალებების ზემოქმედების ქვეშ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შემთხვევაში რუსეთს ნაკლები ზემოქმედების ბერკეტები გააჩნია, მისი პროპაგანდის მანქანა აქაც არანაკლებ საზიანოა და მიზნად ისახავს მოსახლეობის ანტი-დასავლური რიტორიკით ინდოქტრინაციას. თუმცა ამგვარ ქმედებებს ნაკლები პირდაპირი ზეგავლენა აქვს ქართულ-სომხურ ურთიერთობებზე, მაგრამ რუსეთის საფრთხე სერიოზული ფაქტორია, თანაც რუსეთის სამთავრობო ორგანიზაციები (მაგ. ასეთია რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი (РИСИ), რომელსაც ხელმძღვანელობს რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ასევე საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი მიხეილ ფრადკოვი) ხშირად აცხადებენ, რომ საქართველოს საბოლოო დაშლა და დანაწევრება სასურველი და თანაც გარდაუვალია, ეს კი საშუალებას მისცემს გაჩნდეს სომხეთ-რუსეთის საერთო საზღვარი; ასევე, ხშირია საუბარი საქართველოს მიღწევების ილუზიურ ბუნებაზე - ეს ყოველი კი გავლენას ახდენს საქართველოს მიმართ სომეხი მოსახლეობის დამოკიდებულებაზე. თუმცა, რა თქმა უნდა, რუსეთი არაა ის ერთადერთი გარე ძალა, რომელიც გავლენას ახდენს საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე, რადგან ქვეყნის პრო-დასავლური ორიენტაცია ბუნებრივად განაპირობებს ძლიერი ევროპული და აშშ-ს გავლენის არსებობასაც. ცხადია, ის არ არის ფოკუსირებული სომხურ-ქართულ ურთიერთობებზე, მაგრამ ბუნებრივია, რომ გავლენას ახდენს საქართველოს პოლიტიკაზე - რბილი ძალის, საკანონმდებლო დაახლოებისა თუ სავაჭრო შეთანხმებების მეშვეობით. თურქეთიც არის კიდევ ერთი ძლიერი გავლენის წყარო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი, სატრანზიტო საქონელბრუნვისა და სამხედრო დახმარების წყარო; თუმცა კი, ძირეულად მეგობრული ურთიერთობა არე გამორიცხავს მის მიმართ უნდობლობისა  და სიფრთხილის გარკვეულ დოზასაც. გარდა ამისა, საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე გავლენას ახდენს ის განსაკუთრებული ყურადღებაც, რაც ეთმობა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფრონტაციის მიმართ დაბალანსებული პოზიციის შენარჩუნებას.

ცხადია, არსებობს არაერთი შიდა ფაქტორებიც. პირველ რიგში, ესეთია საზოგადოებების ურთიერთდამოკიდებულება, მოლოდინი თუ წყენა, რომლის გათვალისწინება ორივე მთავრობას უხდება. ფართო საზოგადოებას უფრო ადარდებს უსაფრთხოებასთან, ჯავახეთის სომხებთან და კულტურულ მემკვიდრეობის საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხები, ვიდრე საბაჟო ტარიფები თუ ტვირთის გადაზიდვის წესები. სწორედ ეს თემები არის ბევრისთვის ემოციურად დატვირთული, და ხშირად ხდება მათი ‘სეკურიტიზაცია’; სწორედ აქ გააჩნია შესაძლებლობა სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკოსებსა თუ მედიას მოახდინონ გავლენა საზოგადოებრივ აზრზე, ზოგჯერ უბიძგოს მეტი დაძაბულობისა და ურთიერთ უნდობლობისკენ, ან კი პირიქით, ხელი შეუწყოს შემწყნარებლობას, კეთილგანწყობასა და თანამშრომლობას. მთავრობები კი უმთავრესად ცდილობენ დაძაბულობის  შეძლებისდაგვარად განმუხტვას, ოღონდაც იმგვარი სახიფათო შთაბეჭდილების შექმნის გარეშე, თითქოს ისინი ამით ეროვნულ ინტერესებს სწირავენ.

საქართველო და სომხეთი:

ამგვარად, მიუხედავად ყოველი წინააღმდეგობისა, ორი ქვეყნის ურთიერთობა საკმაოდ მეგობრულია და თანამშრომლობისკენაა მიმართული. თუმცა კი გეოპოლიტიკური ძალები ქვეყნებს თითქოსდა საპირისპირო მიმართულებით მიმართავს, სინამდვილეში ორივე საზოგადოება ძირითადად ორიენტირებულია ევროპულ კულტურულ და დემოკრატიულ ტრადიციებისკენ, და ადრე თუ გვიან მათი გზები გადაიკვეთება. ორივე ქვეყანაში მრავლადაა პრო-ევროპულად და პრო-დემოკრატიულად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და პოლიტიკური ჯგუფები, რომელთაც ხშირად დასავლეთის ფონდები აფინანსებენ, და სადაც ხშირად მოღვაწეობენ ვესტერნიზებული და დასავლეთში განათლება-მიღებული ახალგაზრდები. სწორედ ამგვარი ორგანიზაციები არიან ერთობლივი პროექტებისა და თანამშრომლობის სხვა ფორმებში ჩართული ყველაზე სავარაუდო პარტნიორები; როგორც წესი, ისინი თან ხელს უწყობენ ორმხრივ ურთიერთობებში თანამშრომლობითი სულისკვეთების დამკვიდრებას. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთში პრო-დასავლური საქმიანობა გარკვეულწილად მეტ სირთულეს აწყდება მძლავრი რუსული გავლენის გამო, ზოგადად შეინიშნება იქ პრო-დასავლური ორიენტაციის გაძლიერება. ამას ხელს უწყობს სომხეთში ჭარბი რუსული გავლენის გამო ქვეყნის სუვერენიტეტის შესუსტებით გამოწვეული უკმაყოფილება, მითუფრო რომ ამგვარ ზეგავლენას ქვეყნისთვის მეტად მოკრძალებული ამონაგები მოაქვს. ამას დაემატა იმით გაღიზიანებაც, რომ რუსეთი აზერბაიჯანს მოწინავე სამხედრო შეიარაღებას აწვდის, როგორც ეტყობა ყარაბაღის კონფლიქტის გახანგრძლივების მიზნით, რაკი სწორედ ისაა რუსეთის რეგიონული გავლენის ძირითადი წყარო, მითუფრო ქალაქ გიუმრიში რუსეთის სამხედრო ბაზასთან დაკავშირებული რამდენიმე ტრაგიკული სკანდალის ფონზე; და ბოლოს, აქ ფაქტორია რუსეთის ჩარევაც სომხეთის შიდა პოლიტიკის საკითხებში.

სომხეთსა და საქართველოს მონაწილეობა სხვადასხვა ეკონომიკურ ჯგუფებში თუმცა გარკვეულ შეშფოთებას იწვევს, იგი სულ უფრო მეტად აღიქმება, როგორც ახალი შესაძლებლობა - რომლის აზრიანი გამოყენების შემთხვევაში ორივე ქვეყნის საქმიან წრეებს შეეძლებათ ითანამშრომლონ ორ ვეება ბაზარზე გასასვლელად. ასეთმა მიდგომამ სავარაუდოა გამოიწვიოს არა მარტო ორმხრივი ვაჭრობის გაზრდა (სადღეისოდ მისი მოცულობა საკმაოდ მოკრძალებულია და დაახლოებით 400 აშშ დოლარს უტოლდება), არამედ მას მოყვება საინვესტიციო ნაკადების ზრდაც და ერთობლივი საწარმოების გამრავლებაც. ინოვაციური მიდგომები, როგორიცაა სპეციალიზებული ეკონომიკური ზონების შექმნა, საერთაშორისო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა და საზღვრისპირა ვაჭრობის განვითარება, ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის ეკონომიკურად აქტიური მოქალაქეების დაახლოებას, ერთმანეთის მიმართ ინტერესისა და ინფორმირებულობის გაზრდას, და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას. შეინიშნება კიდევ ერთი დადებითი ტენდენცია - ორი ქვეყნის რეგიონებს შორის პარტნიორული ურთიერთობების დამყარება, რის კარგი მაგალითიცაა აჭარასა და სომხურ ლორს შორის დადებული შეთანხმება. ასევე შეინიშნება მცდელობა, რომ შეიქმნას ქვეყნების ახალი ეკონომიკური კოალიციები როგორც სომხეთის, ისე საქართველოს მონაწილეობით[6].

გარდა ბიზნესისა და ვაჭრობისა, არსებობს სხვა სფეროებიც, სადაც თანამშრომლობა შესაძლებელიცაა  და უკვე შეინიშნება კიდევაც. ასეთებია მაგალითად კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო გაცვლის სფეროები. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებიც უმრავლეს შემთხვევაში დაინტერესებულნი არიან ერთობლივ მუშაობაში, თუმცა სადღეისოდ მცირე შესაძლებლობებია ისეთ მნიშვნელოვან არეებში ერთობლივი პროექტების დაფინანსებისა, როგორიცაა მაგალითად გარემოს დაცვა - ბიომრავალფეროვნების შემცირების, ნიადაგის ეროზიისა, ჰაერის დაბინძურების და ბუნებრივი ლანდშაფტების მოშლის საერთო ფონზე; ან, - უმაღლესი განათლების, სამეცნიერო კვლევისა და კულტურული გაცვლის ფარგლებში თანამშრომლობა. და მაინც, თანამშრომლობას პირველ რიგში აბრკოლებს ორი საზოგადოების ერთმანეთის მიმართ გაუმართლებლად ნაკლები ინტერესი, რაც განსაკუთრებით გამოხატულია  საქართველოში ზემოაღნიშნული დემოგრაფიული და გეოგრაფიული ფაქტორების გამო; ასევე, ამ ფაქტთან დაკავშირებული მეტად შეზღუდული ცოდნა ერთმანეთის თითქოსდა მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე სოციალური და პოლიტიკური პროცესების შესახებ.

დასკვნა:

მართალია დღეს შეინიშნება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ერთგვარი გაღრმავება, შესაბამისი ძალისხმევაა არაა თანამიმდევრული და საკმარისად მდგრადი, მას აკლია სტრატეგიული ხედვა და ის ხშირად მხოლოდ რეაქციაა წამოჭრილ პრობლემებზე. სამთავრობო დონეზე უფრო ეფექტიანი მიდგომა იქნებოდა შემუშავება და განხორციელება ორი ქვეყნის თანამშრომლობის ერთობლივი სტრატეგიისა, რომელიც დასახავდა მიზნებს სხვადასხვა დროით პერსპექტივაში, შეაფასებდა თანამშრომლობის პერსპექტიული არეებს და ასევე არსებული გამოწვევებსა და დაბრკოლებებს. სასურველია რომ ამის პარალელურად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, საგანმანათლებლო და კვლევითმა ინსტიტუტებმა, პროფესიულმა და ბიზნესმა ასოციაციებმაც თავადაც გამოიკვლიონ გზები - თუ როგორაა შესაძლებელი ინტერესების საერთო სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება, მისი დაფინანსება, ოპტიმიზაცია და ინსტიტუციონალიზაცია. დასავლელი პარტნიორების მიერ ამგვარი ძალისხმევის მხარდაჭერა და დახმარება უაღრესად მნიშვნელოვანი და ღირებული იქნებოდა.

 

[1] Country comparison Armenia vs Georgia. https://countryeconomy.com/countries/compare/armenia/georgia

[3] Dominic K. Cagara. Unchallenged stereotypes blight Georgian–Armenian relations. Democracy & Freedom Watch, October 15, 2015

[4] ARF wants a sovereign Javakh. A1Plus, 6, 2004. http://en.a1plus.am/1471.html

[5] Ter-Petrosian Blames Georgia For Conflict With Russia. Azatutyun, August 21, 2008.  https://www.azatutyun.am/a/1596952.html

[6] იხილე, მაგ.: Erik Davtyan. Armenia’s Regional Policy: New Cooperation with Georgia, Iran, and Turkmenistan? FPRI, August 8, 2017. https://www.fpri.org/article/2017/08/armenias-regional-policy-new-cooperation-georgia-iran-turkmenistan/