„საზღვრებს მიღმა“ დანახული სამხრეთი კავკასია

Teaser Image Caption
სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, სარფი

საზღვრებს ხშირად კედლების, მავთულხლართების ან უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი სათვალთვალო მექანიზმების ფორმით წარმოვიდგენთ ხოლმე. ისინი არა მხოლოდ სახელმწიფოებს შორის ადგენს განსხვავებებს, არამედ მეტაფორულ ბარიერებსაც ქმნის. როგორც ამერიკელი მეცნიერი, კულტურის თეორეტიკოსი და ფემინისტი აქტივისტი, გლორია ანზალდუა, 25 წლის წინ ამერიკა-მექსიკის საზღვრის შესახებ წერდა, „სიძულვილი, ბრაზი და ექსპლუატაცია“  სასაზღვრო ლანდშაფტის გამორჩეული მახასიათებლებია. ამიტომ საზღვრები დღემდე უსაფრთხოების რიტორიკისა და კონტროლის პოლიტიკის ცენტრშია. თუმცა, საზღვრის, როგორც კედლის ან როგორც გამყოფი მექანიზმის წარმოდგენა, მასზე არასრულ შთაბეჭდილებას გვიქმნის. საზღვრები არა მხოლოდ ბლოკავს და აბრკოლებს კავშირებს, არამედ მათ მიღმა მრავალფეროვანი სოციალური და კულტურული კონტაქტებიც ვითარდება. მაშინ როცა საზღვრის ტრადიციული ხატი რუკაშია ჩაბეჭდილი, სადაც სუვერენული ტერიტორიები ერთმანეთისგან უძრავი ხაზებითაა გამოყოფილი, სინამდვილეში, ამ საზღვრებთან ცხოვრება მუდმივ მოძრაობასთანაა დაკავშირებული.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მიერ გამოცემული სტატიების კრებული, „საზღვრებს მიღმა: კონფლიქტი და თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში“, რომელიც გერმანულ სამეცნიერო ჟურნალ Osteuropa-სთან ერთად მომზადდა, განიხილავს, თუ რა კავშირებს ამყარებენ სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებში მცხოვრები ადამიანები ერთმანეთთან, როგორ უვლიან გვერდს არსებულ პოლიტიკურ საზღვრებს და რა მნიშვნელობას იძენს ეს საზღვრები მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. კრებულში შესული სტატიები ოთხ თემატურ ნაწილად არის გაყოფილი: 1. იდენტობა და პოლიტიკა; 2. სახელმწიფო და საზოგადოება; 3. რეგიონი და საგარეო პოლიტიკა; და 4. ენერგეტიკა. კრებული თხუთმეტამდე აკადემიურ ნაშრომს აერთიანებს და ის ერთგვარი კრიტიკაა საზღვრის, როგორც მდგრადი და უცვლელი ფენომენისა. ეს კრიტიკა კრებულში გაერთიანებულ სტატიებში ასე ნათლად არ არის გამოკვეთილი, თუმცა მათი დაკვირვებული წაკითხვისას, აღმოვაჩენთ, რომ თითოეული ნაშრომი, სხვადასხვა დოზით, ყურადღებას ამახვილებს იდენტობების, სახელმწიფოებრიობის, პოლიტიკური პრაქტიკის, გეოპოლიტიკისა თუ სოციალური წესრიგის გარდამავალ, ცვალებად და, ხშირად, ბუნდოვან ფორმებზე.

მართლაც, „რკინის ფარდის“ მორღვევამ და საბჭოთა კავშირის დაშლამ  პრობლემური გახადა საზღვრის, როგორც ერის, კულტურის ან საზოგადოების შემომსაზღვრელ ცნებად განხილვა. მაშინ როცა პოლიტიკური საზღვრები სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს – აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს – ერთმანეთისგან და მათ გარშემო ქვეყნებისგან მიჯნავს, ისინი ხშირად არ ასახავს მათ სიახლოვეს თავმოყრილ მრავალფეროვან სოციალურ თუ კულტურულ კავშირებსა და თანამშრომლობებს. ეს გარემოება ხშირად წარმოქმნის პოლიტიკური ძალადობისა და მარგინალიზაციის სხვადასხვა ფორმას, რაც კონფლიქტის წყაროდაც იქცევა ხოლმე. „საზღვრებს მიღმა“ დამყარებული ნათესაური, სამუშაო, სავაჭრო, რელიგიური თუ ტურისტული კავშირები ხშირად კონტაქტისა და თანამშრომლობის ისეთ ქსელებს წარმოქმნის, რაც ერი სახელმწიფოს ზღუდეებს არღვევს და ეროვნული კულტურისა და ტერიტორიულობის თავსებადობას სათუოს ხდის. კრებულში შესული ემილ ა. სულეიმანოვისა და იოზეფ კრაუსის სტატია, „ძველი და ახალი ინტერესები: ირანის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში“, ამ არგუმენტის კარგი ილუსტრაციაა. სტატია განიხილავს ირანის სახელმწიფოს შიშებსა და გეოპოლიტიკურ სტრატეგიებს მის ტერიტორიაზე მცხოვრები 20 მილიონი აზერბაიჯანელის მიმართ. ირანში მცხოვრები აზერბაიჯანელების მჭიდრო კავშირი აზერბაიჯანთან, მათ მიერ გამოხატული ნაციონალიზმი და ირედენტიზმი, ირანის სახელმწიფოს მიერ საკუთარი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ აქტად აღიქმება.   

საბჭოთა კავშირის დაშლამ არა მხოლოდ სასაზღვრო კავშირებისა და თანამშრომლობის ფორმების გაღვივება გამოიწვია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, არამედ კულტურული და პოლიტიკური განსხვავებების არსებობაც ცხადყო. საზღვრების თემაზე მომუშავე ბევრი ავტორი შენიშნავს, რომ მათი ღიაობა, თანამშრომლობის ქსელებთან ერთად, სიმბოლური და კულტურული საზღვრების გაძლიერებასაც უწყობს ხელს. კრებულში შესული ცილიმპა დარიევასა და ფლორიან მიულფრიდის სტატიის, „საკონტაქტო სივრცე კავკასია: ენები, რელიგიები, ხალხები და კულტურები“, მიხედვით, სამხრეთ კავკასიაში კოსმოპოლიტური კულტურის ადგილობრივ ტრადიციას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ვაჭრობითა და კულტურათა გაცვლა-გამოცვლით ნარჩუნდებოდა, საფრთხე ემუქრება. ეს გამოწვეულია ეროვნული კულტურისა და გეოპოლიტიკური წესრიგის ისეთი ფორმების ჩამოყალიბებით, რომელიც „კოსმოპოლიტიზმს ქვედა ფენებიდან“ ხელს უშლის.

 „საზღვრებს მიღმა“ დანახული სამხრეთი კავკასია მხოლოდ პოლიტიკურ საზღვრებსა და მათ გარშემო არსებულ რეალობებს როდი გულისხმობს. „საზღვრებს მიღმა“ შეიძლება სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური რეალობისა და ყოველდღიური ყოფის ნაწილადაც გავიგოთ. კრებულში განხილული მასმედიის, ეკონომიკის, ჯანდაცვისა თუ განათლების სფეროები ისეთ რეალობებს ასახავს, სადაც საზღვარი ფორმალურსა და არაფორმალურს, ლეგალურსა და არალეგალურს, სახელმწიფოსა და საზოგადოებას ან რელიგიასა და პოლიტიკას შორის ბუნდოვანია. ჰუსეინ ალიევის სტატია, „სოციალური ქსელები სამხრეთ კავკასიაში: არაფორმალურ პრაქტიკათა ფორმები და ფუნქციები“, განიხილავს, თუ როგორ გადაიქცა საბჭოთა კავშირში ჩამოყალიბებული არაფორმალურ ურთიერთობათა ქსელები მნიშვნელოვან სოციალურ კაპიტალად საბაზრო ეკონომიკის პირობებში. მსგავსი პრაქტიკები კი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მოდერნულობისა და ლიბერალური დემოკრატიის მოდელებს საბჭოთა კავშირის შემდგომ სამხრეთ კავკასიაში, რომლის მიხედვითაც ეს საზღვრები უფრო მკაფიო უნდა ყოფილიყო. ასე რომ, „საზღვრებს მიღმა“ არა მხოლოდ კრებულის კონცეპტუალური ჩარჩოა, არამედ კულტურული მექანიზმიცაა, რომელიც პოლიტიკური და სოციალური წესრიგის ადგილობრივ ფორმებსაც ასახავს.

მაშინ როცა ბევრი სამეცნიერო ნაშრომი სამხრეთ კავკასიის რეგიონს ან მასში შემავალ ქვეყნებს იზოლირებულად განიხილავს, წარმოდგენილი კრებული შესაძლებლობას გვაძლევს, აღნიშნული რეგიონი გლობალური და ადგილობრივი კავშირების ქსელად წარმოვიდგინოთ. ეს მრავალფეროვანი ქსელები სამხრეთ კავკასიის კულტურულ რეპერტუარსა და საზღვრებს მიღმა მეხსიერებაშიც შეიძლება დავინახოთ. კრებულში შესული სერგეი რუმიანცევის სტატია, „საზეიმო ღონისძიებები ხალხისთვის: ტრანსნაციონალური მეხსიერება სამხრეთ კავკასიაში“, აღწერს, თუ როგორ ხდება მრავალეროვნული საზოგადოებების მობილიზება და ინტეგრირება ეროვნული ფიგურების ძეგლების გაცვლით, რაც ტრანსნაციონალური მეხსიერების პოლიტიკისა და პრაქტიკის ნაწილია. ამიტომ სამხრეთ კავკასიის რეგიონულობა, კრებულის მიხედვით, მხოლოდ მისი რთული და მუდმივად ცვალებადი კულტურული, პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური კავშირებისა თუ საზღვრების მოხელთებითაა შესაძლებელი. ასეთი მიდგომა კი მნიშვნელოვანია რეგიონის უკეთ გააზრებისთვის. წარმოდგენილი კრებულის საშუალებით, უფრო გასაგებია, თუ როგორ ხდება პოლიტიკური, სოციალური და კულტურული საზღვრების გავლება, ამ საზღვრების მუდმივი იგნორირება ან მის გარშემო დაუსრულებელი დავა.

ბიბლიოგრაფია:

Anzaldua, Gloria (1987). Borderlands = La frontera the new Mestiza. San Francisco: Aunt Lute Books.