საზღვრებს მიღმა. კონფლიქტი და თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში
სამხრეთ კავკასიის რეგიონს წინააღმდეგობრივი და რთული ურთიერთკავშირები ქმნიან. რეგიონი იმდენად დიდი და მრავალფეროვანია და იმდენად ცოტაა ცნობილი მის ცალკეულ ნაწილებში მიმდინარე პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურულ პროცესებზე რომ მათი ანალიზის შედეგად შექმნილი მასალის მოცულობა უსაზღვროც კი შეიძლება იყოს. რეგიონის შესახებ ცოდნის ნაკლებობა და მისი შევსების აუცილებლობა გახდა სტატიების ამ კრებულის საფუძველიც, რომელიც გერმანულმა ინტერდისციპლინურმა აკადემიურმა ჟურნალმა Osteuropa (აღმოსავლეთ ევროპა), ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან თანამშრომლობით, 2015 წელს შექმნა. ამ ინიციატივამ სამხრეთ კავკასიის პრობლემების ანალიზით დაკავებული ევროპელი და კავკასიელი მკვლევარები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ინტელექტუალები გააერთიანა, რათა სხვადასხვა პერსპექტივით, სოციოლოგიის, ანთროპოლოგიის, ისტორიის, ეკონომიკის, პოლიტიკის, კულტურის ანალიზით ეპასუხათ კითხვებზე თუ საით მიდის რეგიონის ქვეყნების და მთლიანად რეგიონის განვითარება.
„კონფლიქტი და თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში“ 2015 წელს გერმანულ ენაზე გამოიცა (Osteuropa 7-10/2015) და იგი ოცდათექვსმეტ სტატიას აერთიანებს. სამხრეთ კავკასიის შესახებ დაგროვილი ამ მასალის და ანალიზის აქტუალობიდან გამომდინარე, რომელიც თავდაპირველად ევროპულ აუდიტორიაზე იყო გათვლილი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ გადაწყვიტა, ქართველი მკითხველისთვის მისი ნაწილი მაინც გაეხადა ხელმისაწვდომი. ამ მიზნით გერმანულად გამოცემული ოცდათქევსმეტიდან თხუთმეტი სტატია, ქართულად ითარგმნა და დაინტერესებულ მკითხველს ფონდის ვებდოსიეს სერიის ფარგლებში მიეწოდება.
მასალა მომზადებულია „კონფლიქტი და თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში“ (Osteuropa 7-10/2015) სარედაქციო წერილის საფუძველზე.