დისკუსიის ორგანიზატორებმა მთხოვეს, რამდენიმე კითხვაზე მეპასუხა. კერძოდ, რომელ თემებზე იმართება აკადემიური დისკუსია საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს და ევროპის ქვეყნებს შორის?
ამ კითხვაზე პასუხი რამდენიმე დაზუსტებას მოითხოვს. პირველი, ძალიან ცოტაა ისეთი თემა, სამივე ეს ქვეყანა რომ მონაწილეობდეს. ამის მიზეზი პოლიტიკურია – სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი. ისიც უნდა ითქვას, რომ მთელ რიგ დარგებში ეს ურთიერთებები მაინც არსებობს, მაგრამ მათ ორ- ან სამმხრივს უფრო დავარქმევდი, ვიდრე სამხრეთ კავკასიის თანამშრომლობას. ერთ მაგალითს მოვიყვან – 2008-09 წლებში UNFPA-ს ეგიდით უნდა ჩატარებულიყო ნაციონალური კვლევა ოჯახში ძალადობის შესახებ, პროექტის კოორდინატორი იყო თურქეთი და მასში სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანა იღებდა მონაწილეობას. ეს სრულიად ნეიტრალური საკითხიც კი დასრულდა იმით, რომ საბოლოო ანგარიში მხოლოდ ორმა ქვეყანამ დაასრულა და გამოაქვეყნა – თურქეთმა და საქართველომ, ხოლო სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკუთარი ანგარიშები არ გაასაჯაროვა. არ ვიცი, ისინი საბოლოოდ დასრულდა თუ არა, მაგრამ, კითხვარის სტანდარტიზაციის დროს, თუ აზერბაიჯანი მოითხოვდა, რომ ქალის გათხოვებისთვის მზითვის აუცილებელი მოთხოვნის შესახებ კითხვა ამოგვეღო, სომხეთი ასეთივე უსარგებლოდ მიიჩნევდა კითხვას გამდინარე წლის არსებობის შესახებ დაზუსტების თაობაზე. ეს მაგალითი იმიტომ მომყავს, რომ აკადემიური თავისუფლება და რეალობის თუნდაც აღწერა, სამხრეთ კავკასიის 2 ქვეყანაში პოლიტიკურ კონიუნქტურას მძლავრად ექვემდებარება. მეორე მხრივ, აღსანიშნავია ის პარადოქსიც, რომ ფოლკსვაგენის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტში, რომელიც თეორიულ ფიზიკაში სადოქტორო სწავლების განვითარებას ეხებოდა [2011-14 წლები] და ქართველი და სომეხი მეცნიერების მიერ იყო ინიცირებული, აზერბაიჯანიდან მონაწილეობას იღებდნენ სტუდენტები, დოქტორანტები და მაგისტრები, ხოლო მათ, შესაბამისი თემატიკის მიხედვით, კონსულტაციებს უწევდნენ როგორც ევროპელი, ასევე სომეხი და ქართველი მენტორები. სკოლა იმდენად წარმატებული იყო, რომ 2017 წელს ფოლკსვაგენმა, რუსთაველის ფონდისა და სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის თანადაფინანსებით, თსუ-ს ბაზაზე კიდევ ერთი გრანტი – სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამა დააფინანსა.
თუ საკითხს სხვანაირად დავსვამთ – რა არის სამხრეთ კავკასიაში მეცნიერებისთვის საინტერესო, მეცნიერების დარგების ჩამონათვალი საკმაოდ გრძელი აღმოჩნდება. გამოვიყენებ მეცნიერების არსებულ კლასიფიკაციას OECD-ს მიხედვით, მეორე მხრივ კი, ევროპის კვლევებისა და ინოვაციების პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის პროგრამულ პრიორიტეტებს და შევეცდები, ვაჩვენო, რომ მწირი ადამიანური რესურსებისა და დაფინანსების გათვალისწინებით, ევროპასთან ამ სამი ქვეყნის აქტიური თანამშრომლობა რაციონალური გადაწყვეტილება იქნებოდა.
კლასიფიკატორის მიხედვით, მეცნიერების დარგებია: საბუნებისმეტყველო, ინჟინერია და ტექნოლოგიები, მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებები, აგრარული, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები.
„ჰორიზონტი 2020“ – გარემო, ენერგეტიკა, კოსმოსი, ტექნოლოგიები, მედიცინა, აგრარული მეცნიერებები, სოციალური მეცნიერებები, უსაფრთხო საზოგადოებები და ა.შ.
სომხეთი და საქართველო „ჰორიზონტის“ ჩარჩოგაერთიანების ასოცირებული წევრები არიან, აქედან გამომდინარე, მათ პირდაპირ მონაწილეობა და შესაბამისი კვლევითი პროექტების წარდგენა შეუძლიათ. თუმცა, ჯერჯერობით, ასეთი პროექტები არ ჩანს.
იმის თქმა, რომ ამის წინაპირობა არ ჰქონდათ, არასწორი იქნებოდა. საქართველოც, სომხეთიცა და აზერბაიჯანიც არიან ორი დიდი ქვეყანათაშორისი სამეცნიერო ტექნიკური ცენტრების წევრები, საიდანაც მხოლოდ საქართველოში ბოლო 24 წლის განმავლობაში 60 მლნ აშშ დოლარია შემოსული. ეს ორი ორგანიზაციაა – ISTC [International Science Technology Center] და STCU [Science Technology Center Ukraine]. მათი ძირითადი მიზანი იმ პროექტების დაფინანსებაა, რომლებიც საბუნებისმეტყველო, მედიცინის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ხორციელდება. ამასთან, პრიორიტეტი ენიჭება რეგიონის მასშტაბით თანამშრომლობასა და ახალი მიმართულებების დაფინანსებას. საქართველო ორივე ორგანიზაციის წევრია, სომხეთი – მხოლოდ ISTC-ისა, ხოლო აზერბაიჯანი – STCU-სი. სხვადასხვა ორგანიზაციაში მათი გაერთიანების მიზეზი კვლავ პოლიტიკურია და არა – წმინდად სამეცნიერო.
კიდევ ორი დიდი პროექტი მინდა ვახსენო. პირველი, ეს არის კავკასიის კვლევების რესურსცენტრი. ის ახლა სამივე ქვეყანაში საკუთარი ოფისით არის წარმოდგენილი, თუმცა მრავალი წლის განმავლობაში ევრაზიის ფონდის მიერ დაფინანსებული რეგიონული პროექტი იყო, რომელიც მიზნად სამხრეთ კავკასიის ქვეყნების კვლევითი პოტენციალის განვითარებას ისახავდა და ისეთი მნიშვნელოვანი ბაზაც შექმნა, როგორიც „კავკასიის ბარომეტრია“. სამწუხაროდ, რეალური განვითარება თანამშრომლობისა და ერთობლივი კვლევების მიმართულებით, ამ მშვენიერ საქმეს ჯერჯერობით არ მოჰყოლია.
მეორეა ASCN [Academic Swiss Caucasus Network], რომელიც სომხეთისა და საქართველოს მასშტაბით ხორციელდებოდა [ილიას უნივერსიტეტი იყო მათი მასპინძელი] და ერთობლივად დაახლოებით 15 პროექტი შესრულდა [სამწუხაროდ, ვებგვერდი უკვე აღარ იძებნება და ზუსტ რაოდენობას ვერ ვასახელებ, მიახლოებითი მონაცემების ამოკრეფა ძველი ვებგვერდიდან მომიწია]. ექნება თუ არა ამ პროექტებს გაგრძელება, ვგულისხმობ მეცნიერთა შორის კონტაქტებსა და სამომავლო ერთობლივ კვლევებს, ამას მომავალი გვიჩვენებს.
ორგანიზატორების შემდეგი შეკითხვა შეეხებოდა საკითხს: სად არის გადაკვეთის წერტილები ევროპის უნივერსიტეტებში მომუშავე მეცნიერებსა და სამხრეთ კავკასიის აკადემიურ სივრცეში მოღვაწე მკვლევრებს შორის?
ამაზე ძალიან მოკლედ გიპასუხებთ – სადაც არის ფინანსები და მითითებული პრიორიტეტი, ანუ ესაა პროგრამა „ჰორიზონტი 2020“, რომელიც 2 წელიწადში დასრულდება. შემდეგ დაიწყება ახალი ჩარჩოპროგრამა FP9, რომელიც იქნება უფრო მასშტაბური, თუმცა მეტად ორიენტირებული გამოყენებითი ხასიათის პროექტებზე. ცხადია, შენარჩუნდება აკადემიური კვლევების ჩარჩოც – ევროპის კვლევითი საბჭოს ეგიდით.
დისკუსიის ბოლო ორი კითხვა აკადემიური კვლევების სიმწირესა და სამეცნიერო გამოწვევებს შეეხება. კერძოდ, 1. რა განაპირობებს სამხრეთ კავკასიის რეგიონის აკადემიური კვლევების სიმწირეს? 2. რა ძირითადი გამოწვევები არსებობს დღესდღეობით საქართველოში სამეცნიერო სფეროს განვითარების კუთხით?
ამ ორი კითხვაზე ერთად არის საპასუხო – ფინანსებისა და პოლიტიკის არარსებობა. კერძოდ, კადრების სიმცირე კვლევაში და კარიერული ზრდის შესაძლებლობის არასტაბილურობა, ასევე ინფრასტრუქტურის სიმწირე და პრიორიტეტების არარსებობა.