კითხვები, რომლებზე პასუხის გაცემაც დისკუსიის ორგანიზატორებმა მთხოვეს, ასეთია: სად არის გადაკვეთის წერტილები ევროპის უნივერსიტეტებში მომუშავე მეცნიერებსა და სამხრეთ კავკასიის აკადემიურ სივრცეში მოღვაწე მკვლევრებს შორის? და, მეორე, რა განაპირობებს სამხრეთ კავკასიის რეგიონის აკადემიური კვლევების სიმწირეს?
ორივე დიდი კითხვაა, განსაკუთრებით მეორე, და მას ნაწილობრივ ალბათ მეორე მომხსენებელიც გასცემს პასუხს, როცა საქართველოში მეცნიერების განვითარების გამოწვევებზე ისაუბრებს. მეც მეორე კითხვით დავიწყებ. იგი სხვადასხვანაირად შეგვიძლია გავიგოთ: ერთი მხრივ, შეგვიძლია გავიგოთ, როგორც შეკითხვა, რომელიც გულისხმობს, რომ ჩვენი რეგიონის შესახებ კვლევებია მწირი (რაოდენობრივად თუ ხარისხის თვალსაზრისით) – რომ ჩვენი რეგიონი კარგად არ არის გამოკვლეული; ხოლო კითხვა ამის მიზეზებს ეხება. ან კიდევ, ის შეიძლება გავიგოთ, როგორც შეკითხვა, რომელიც გულისხმობს, რომ მწირია ჩვენს რეგიონში განხორციელებული აკადემიური კვლევები – ანუ მწირია ჩვენი რეგიონის აკადემიური თემის პროდუქცია – და ეს აუცილებლად არ გულისხმობს კვლევებს, რომელთაც ობიექტად საკუთრივ ჩვენი რეგიონი აქვთ. ამ შემთხვევაში ეს შეკითხვა საქართველოში მეცნიერების განვითარების დაბრკოლებებს ეხება.
შეკითხვის პირველ ინტერპრეტაციას რაც შეეხება, თვალი უნდა გავუსწოროთ იმას, რომ მასზე პასუხი შეიძლება სულაც არ იყოს ღრმა და საინტერესო – იქნებ არც ვართ განსაკუთრებით საინტერესო რეგიონი; საკმაოდ პატარა ადგილი გვიჭირავს რუკაზე და რაოდენობრივადაც ცოტანი ვართ; გლობალურ პროცესებზე ნაკლებად ახდენს გავლენას აქ მიმდინარე მოვლენები. შეიძლება ნახევრად ხუმრობით, მაგრამ მაინც უნდა ვაღიაროთ – ის, რომ საქართველო არ არის მსოფლიოს სოციალური და პოლიტიკური მეცნიერების ფოკუსში, ალბათ სულაც არ არის გასაკვირი. ამ დაკვირვებას უფრო ღრმა ფილოსოფიურ-მეთოდოლოგიური ასპექტიც აქვს – რეგიონის კვლევების მიღმა, ფუნდამენტურ დარგებში ამა თუ იმ სივრცე-დროზე ფოკუსი, როგორც წესი, თეორიული ინტერესით დაფუძნებას მოითხოვს და, შესაბამისად, არგუმენტი ვერ იქნება უბრალოდ რეგიონის შეუსწავლელობა (მაგალითად, როდესაც ანთროპოლოგიაში საზღვრები გახდა პოპულარული საკვლევი თემა, საქართველო ბევრი ანთროპოლოგის ყურადღების არეში მოექცა – როგორც საინტერესო საზღვრების მქონე ქვეყანა, და არა იმიტომ, რომ შეუსწავლელი იყო). ამ მხრივ, რა თქმა უნდა, სხვადასხვა დარგს საკუთარი სპეციფიკა აქვს, მაგრამ მგონია, რომ ეს განზოგადება შედარებით თამამად შემიძლია.
ამის აღიარებით თითქოს შეკითხვის მეორე ინტერპრეტაციასთან მივედით: ხშირად ხომ ამ ორ წაკითხვას არც განასხვავებენ ერთმანეთისგან და იგულისხმება, რომ რეგიონში მიმდინარე პროცესების აკადემიური კვლევა ძირითადად მისივე აკადემიური წრეების საქმე უნდა იყოს; შესაბამისად, ორი შეკითხვა (ერთი – რეგიონის შესახებ კვლევებისა და მეორე – რეგიონში მოღვაწე აკადემიური თემის პროდუქციის შესახებ) თითქოს არსებითად ერთია. მაგრამ, კარგად თუ შევხედავთ, საქართველოზე გამოქვეყნებული ყველაზე აღიარებული შრომები, ვთქვათ, ანთროპოლოგიაში, შეიძლება ზოგიერთ სხვა დარგშიც, უცხოელი მკვლევრების შექმნილია. რა თქმა უნდა, ამით არ მინდა, ქართველი მკვლევრების შრომა დავამცირო, მაგრამ ციტირების მიხედვით მაინც, მგონი, ჩემი დაკვირვება საკამათო არ იქნება. რა თქმა უნდა, აქ ენაც არის უდიდესი ფაქტორი – ქართველი მკვლევრების პროდუქციის დიდი ნაწილი, რომელიც ქართულ ენაზეა შექმნილი, ქართულ სივრცეშიც კი ამოვარდნილია აკადემიური მიმოცვლიდან. ახლა ენის ფაქტორზე ლაპარაკი ძალიან შორს წაგვიყვანს, მაგრამ მოკლედ უნდა ვთქვა, რომ ქართულის, როგორც სამეცნიერო პროდუქციის ენის, საკითხი მიფუჩეჩებული გვაქვს და ისე მივყვებით დინებას. ეს გლობალური საკითხია, რომელზეც ალბათ არაინგლისურენოვანი ქვეყნების უდიდეს ნაწილსაც არ აქვს ბოლომდე სტაბილური პასუხი და ჩვენ თუ შეიძლება გვქონდეს ამ მხრივ რამე ოპტიმიზმის საფუძველი, არ ვიცი. როგორმე ენის საკითხისგან განყენებულად რომ ვცადო ჩვენს კითხვებთან დაბრუნება: ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, შეკითხვის ეს ორი ინტერპრეტაცია ერთმანეთისაგან განვასხვაოთ. მართალიც რომ იყოს, რომ „ადგილობრივ“ მეცნიერებს უფრო ბუნებრივად აქვთ რეგიონის მიმართ ინტერესიცა და მისი შესწავლისათვის საჭირო რესურსები თუ გამოცდილება, რეგიონის შესწავლის დონისა და რეგიონში მეცნიერების დონის საკითხებს ვერ გავაიგივებთ. მეტიც, ვფიქრობ, მეორე დიდწილად იმაზეცაა დამოკიდებული, რომ ადგილობრივმა მეცნიერებმა თავიანთი საკვლევი რეგიონის საზღვრებით არ შემოფარგლონ (რა თქმა უნდა, ზოგიერთი უკვე აკეთებს ამას). ამის შესაძლებლობის პირობები მნიშვნელოვანია და მალე დავუბრუნდები.
ამ კითხვით – თუ ვინ უნდა იკვლიოს რეგიონი – ქართველმა მკვლევრებმა თუ მთელი მსოფლიოს სამეცნიერო საზოგადოებამ – არსებითად პირველ შეკითხვასთანაც მივდივართ, რომელიც ევროპელ და ქართველ მეცნიერებს შორის გადაკვეთის წერტილებს ეხება.
ყოველ შემთხვევაში, მე ასე გავიგე ეს კითხვა, რომელიც, შეგახსენებთ, ამ სახით იყო ფორმულირებული: „სად არის გადაკვეთის წერტილები ევროპის უნივერსიტეტებში მომუშავე მეცნიერებსა და სამხრეთ კავკასიის აკადემიურ სივრცეში მოღვაწე მკვლევრებს შორის?“ (რა თქმა უნდა, ევროპის უნივერსიტეტებში მუშაობენ ქართველი მეცნიერები, ხოლო სამხრეთ კავკასიის აკადემიურ სივრცეში მოღვაწეობენ ევროპელი მკვლევრებიც).
ამ შეკითხვასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, მინდა კომენტარი გავაკეთო თვითონ მისი ფორმულირების ერთ ასპექტზე, რომელსაც ჩემთვის მნიშვნელოვან მომენტთან გავყავართ. ყურადღება მიაქციეთ ამ განსხვავებას: „ევროპის უნივერსიტეტებში მომუშავე მეცნიერები“ და „სამხრეთ კავკასიის აკადემიურ სივრცეში მოღვაწე მკვლევრები“. დისკუსიის აღწერას და შეკითხვებს როცა ვათანხმებდით, მაშინ მოცემული ფორმულირება ბუნებრივად და უკრიტიკოდ მივიღე, მაგრამ, როცა კონკრეტულად დავიწყე მოხსენებაზე ფიქრი, ეს განსხვავება ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა. ის ორი თვალსაზრისითაა საინტერესო: ერთ შრეზე, უფრო ზედაპირულად, შეიძლება აქ ამოვიკითხოთ თავისებური კოლონიური განსხვავების წესი – ღირებულებითი განსხვავება, ერთი მხრივ, ევროპელ მეცნიერებსა და, მეორე მხრივ, ქართველ მკვლევრებს შორის (ალბათ, თავისებური ფროიდული წამოცდენა და არა – ცნობიერად აღიარებული ღირებულებითი იერარქია, და ისევ ხუმრობით, რა თქმა უნდა). მაგრამ, მეორე შრეზე, რომელიც უფრო გვიან შევამჩნიე, და რომელიც ამ ფორმულირების ადეკვატურობას აფუძნებს, მასში კოდირებულია ერთი სრულიად რეალური ფაქტობრივი ვითარება: რომ სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური საკითხების კვლევა ჩვენს რეგიონში მნიშვნელოვნად მართლაც უნივერსიტეტების გარეთაა გატანილი. „მკვლევართა“ დიდი წილი დასაქმებულია ე. წ. ენჯეოებში (ამასთან, ამათ შორისაც არ არსებობს მკაფიო განსხვავება ე. წ. თინქ-თენქებსა და სხვა ორგანიზაციებს შორის) და კვლევების დიდი წილი ფინანსდება შესაბამისი, არა სპეციფიკურად აკადემიური დონორების მიერ. ამას ორი შედეგი აქვს: ერთი მხრივ, ადამიანური ინტელექტუალური რესურსის გაწოვა აკადემიიდან (უნივერსიტეტების პროფესორების შედარებით დაბალი ანაზღაურების პირობებში) და, მეორე მხრივ, აკადემიურ და გამოყენებით კვლევებს შორის მკაფიო საზღვრის არქონა. კარგია ეს თუ ცუდი, ამაზე კოლეგებთან მიკამათია: მომისმენია არგუმენტი, რომ ეს ვითარება აკადემიის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის ნიშანია და ღირებულია. ზოგიერთი სხვა აზრზეა. არც მე ვარ დარწმუნებული იმაში, რომ საქართველოში აკადემიის სოციალურ ანგაჟირებულობასთან გვაქვს საქმე აღნიშნული ვითარების სახით. აქ არ ვეცდები, ამ საკითხზე რომელიმე მყარი პოზიცია დავიცვა; შემოვიფარგლები მხოლოდ მითითებით, რომ საჭიროა, დავიწყოთ ფიქრი და დებატები იმაზე, თუ როგორ აისახება ეს ვითარება (ერთი მხრივ, აკადემიასა და ე. წ. ენჯეო სექტორს შორის საზღვრისა და, მეორე მხრივ, გამოყენებით და სამეცნიერო კვლევებს შორის საზღვრის ბუნდოვანება) რეგიონში შექმნილი აკადემიური პროდუქციისა თუ რეგიონის შესწავლაზე მიმართული აკადემიური პროდუქციის ხარისხზე.
საქართველოში სოციალურ-პოლიტიკური თემების გამოყენებით კვლევებსა და სამეცნიერო კვლევებს შორის საზღვრის წაშლასთან არც ისე აშკარა, მაგრამ, ჩემი აზრით, საინტერესო კავშირშია კიდევ ერთი ამბავი: როგორ ხდება თეორიისა და ემპირული მონაცემების წარმოების განაწილება დასავლეთისა და გლობალური სამხრეთის კოლონიური განსხვავების ვექტორის გასწვრივ. არაერთ თეორეტიკოსს აქვს დაწერილი იმაზე, თუ როგორ ნაწილდება თეორიული და ემპირიული სამუშაოები იმ კონტექსტებში, სადაც იერარქიული განსხვავებები მუშაობს. მაგალითად, თეორიული მსჯელობები და თეორიების შექმნა კაცების საქმედ მიიჩნევა, ქალების საქმე კი, ძირითადად, ემპირიული მონაცემების შეგროვება და კაცების მიერ შექმნილი თეორიების ამ მონაცემებისთვის გამოყენებაა. ზუსტად პარალელურია განსხვავება ცენტრსა და პერიფერიას შორის – „თეორია“ გლობალურ ცენტრში იწარმოება, ხოლო გლობალური სამხრეთი საინტერესოა, როგორც სპეციფიკური, ემპირიული მონაცემების წყარო ამ თეორიების გამოყენებისთვის. ამასთან, რასაკვირველია, აქვე იგულისხმება თეორიული სამუშაოს განსაკუთრებული ღირებულება ემპირიულ სამუშაოსთან შედარებით (ამ საკითხებზე საინტერესოდ წერენ, მაგალითად, კატერინ ლუტცი, დიპეშ ჩაკრაბარტი, რეივინ კონელი და სხვები; კონელიმ „სამხრეთული თეორიის“ შესაძლებლობის ჩვენებაც სცადა, მაგრამ, ამ ცდების მიუხედავად, აღნიშნული განაწილება ჯერ კიდევ ძალიან ძლიერია). რა თქმა უნდა, დარგობრივი სპეციფიკები აქაც გასათვალისწინებელია, მაგრამ, ალბათ, ძალიან აცდენილი არ უნდა იყოს განზოგადება, რომ საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების წინაშე ქართველი მეცნიერები ძირითადად „ქართული მასალით“ წარდგებიან – ფსიქოლოგიაში ეს არის დასავლეთში შექმნილი ინსტრუმენტების ადაპტირება, სოციოლოგიაში – ქართული მონაცემების განხილვა რომელიმე „დასავლური“ თეორიის შუქზე, ისტორიის შემთხვევაზე ლაპარაკიც ზედმეტია, და ა. შ. ფილოსოფიაშიც კი, ჯერჯერობით, საერთაშორისო დონეზე გასატანად რაღაც სახის „ქართული მასალააა“ საჭირო (ვიცი იშვიათი გამონაკლისებიც, როცა ზოგიერთმა ქართველმა კოლეგამ ემპირიული კვლევა სხვა ქვეყნებშიც ჩაატარა; ასევე მახსენდება, სულ მცირე, ერთი „ენჯეო“ კვლევა, რომელსაც ექსპლიციტურად ჰქონდა მიზნად დასახული ადგილობრივი ცოდნის შექმნა არა მხოლოდ ემპირიული მონაცემების, არამედ თეორული ჩარჩოსა და გააზრების დონეზე; მაგრამ ეს ჯერჯერობით ერთეული შემთხვევებია). დასაწყისში ნათქვამსაც რომ შევეხმიანო, თუ დასავლელი მკვლევრისთვის საქართველოს მიმართ ინტერესი „თეორიულია“, ქართველი მკვლევრები საქართველოს შესახებ ემპირიული მონაცემების მწარმოებლებად გვევლინებიან, თითქოს, საამისო კვალიფიკაცია „გარანტირებული“ აქვთ მასალასთან ბუნებრივად ინტიმური კავშირის გამო. ეს კი აუცილებლად აისახება იმაზე, თუ რა თეორიული პრეტენზია და ღირებულება აქვს ჩვენი მკვლევრების პროდუქციას. ამრიგად, გარდა ინსტიტუციურად აკადემიის გარეთ („ენჯეოებში“) გატანისა, თვით აკადემიის ფარგლებში მიმდინარე კვლევა-ძიებისთვისაც, თეორიული და ემპირიული სამუშაოს აღნიშნული განაწილება მნიშვნელოვანი ფაქტორია ქართული აკადემიური პროდუქციის ხარისხის განსაზღვრაში.
რადგან ასე ჩვენი მეცნიერების მდგომარეობაში კოლონიურობის როლს შევეხე, ამავე თემით გავაგრძელებ. მოკლედ ვახსენებ კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ამბავს: პოსტსაბჭოთა საქართველოში განათლებისა და მეცნიერების რეფორმის პოლიტიკას და ამ პოლიტიკაში განსაკუთრებულ მახვილს „დასავლურ“ აკადემიურ სივრცეში ინტეგრირებაზე. ამ მხრივ საკმოდ ბევრი უცხოური (და გარკვეული რაოდენობის შიდა ფული დაიხარჯა და განსაკუთრებული აქცენტი სწორედ სოციალურ მეცნიერებებზე კეთდებოდა (იმ არგუმენტით, რომ საბჭოთა დროში იდეოლოგიურმა წნეხმა სწორედ სოციალური მეცნიერებები დააზარალა და „ჩამოარჩინა“ განსაკუთრებულად). მათგან პირადად მეც დავალებული ვარ და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, მაგრამ რაც მეტი დრო გადის, მით უფრო მტკივნეულად ვაცნობიერებ რეფორმების იმ პოლიტიკის შეცდომებსა და არასასურველ შედეგებს. უპირველეს ყოვლისა, ეს იყო არსებული სამეცნიერო საზოგადოების სრული დისკრედიტაცია, მასში ნდობის იმ დონეზე ეროზია, რომ რაღაც ეტაპზე ქართული სამეცნიერო საზოგადოების რესურსებით შეუძლებელი აღმოჩნდა ნებისმიერი ტიპის სამეცნიერო შეფასება (იქნებოდა ეს ცალკეული სტატიის სამეცნიერო ღირებულების, ცალკეული მეცნიერის აკადემიური კვალიფიკაციის თუ ცალკეული კვლევითი პროექტისა). ამის მაგალითებია სამეცნიერო ფონდის მიერ კვლევითი პროექტების შეფასებისთვის უცხოური სააგენტოს დაქირავება; ან პერიოდულად განახლებადი დისკუსიები მეცნიერთა და პროფესორთა აკრედიტაციისა თუ აკადემიური თანამდებობებისთვის შესარჩევი კონკურსებისთვის უცხოელი ექსპერტების აუცილებლობაზე; მართლა გროტესკული კი ეს მაგალითია: 2005 წელს, უნივერსიტეტების რეფორმების ახალ ტალღაზე, კოლეგა სერიოზულად მსჯელობდა პროფესორთა შესარჩევად რამე ტიპის ინტელექტის ტესტის გამოყენებაზე. არ ვიცი, შეიძლებოდა თუ არა, ან როგორ შეიძლებოდა ასეთი კატასტროფული დისკრედიტაციის თავიდან არიდება, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მეცნიერებას სამეცნიერო თემი ქმნის და არა ცალკეული ინდივიდები. შესაბამისად, თუ თემში არ არის რესურსები სამეცნიერო ხარისხის მეტ-ნაკლებად სანდო შეფასებისთვის, მაშინ მასში არც რესურსებია ხარისხიანი სამეცნიერო პროდუქციის წარმოებისთვის. ამიტომაც ვერ იმუშავა გარე შემფასებლების მეშვეობით ხარისხის ამაღლების ცდებმა. ამის მეორე მხარეა ის, რომ, თუმცა უამრავი კოლეგა დასავლურ მეცნიერებას „ეზიარა“ და დაბრუნდა, საერთო სამეცნიერო დონით ისევ ყველა უკმაყოფილონი ვართ. ფაქტია, რომ ბევრ დარგში სამეცნიერო თემი დისფუნქციურია საქართველოში.
როცა მეცნიერების ხარისხს არა ინდივიდუალურ მეცნიერთა მიღწევებთან, არამედ სამეცნიერო თემის სიჯანსაღესთან ვაკავშირებ, ვემყარები თომას კუნისა და მეცნიერების სხვა ფილოსოფოსთა მიხვედრებს, რომლებიც მეცნიერებასა და სამეცნიერო თემს ფაქტობრივად ერთმანეთთან აიგივებდნენ. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება ვინმესთვის სადავო იყოს, მაგრამ აქ ამ დაშვების ფარგლებში დავრჩები და საქართველოში ფუნქციური სამეცნიერო საზოგადოების არსებობის კიდევ ერთ მსხვილ დაბრკოლებაზე მითითებით დავასრულებ.
ერთი მნიშვნელოვანი ამბავი, რაც 2005 წლიდან დაწყებული რეფორმების შედეგად მოხდა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში, იყო ფაკულტეტების გამსხვილება და, ამის თანმდევად, ცალკეული დარგის თუ დისციპლინის შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულების გაუქმება (სახელდობრ, კათედრებისა და ძველი, დარგებით განსაზღვრული ფაკულტეტების სახით). როგორც მახსოვს, ამის სასარგებლო ძირითადი არგუმენტი თავის დროზე ის იყო, რომ უნდა მომხდარიყო უნივერსიტეტებში დეცენტრალიზაცია როგორც ფინანსურად, ისე მმართველობის სხვა ასპექტებში; ხოლო ამისათვის საჭიროდ მიიჩნეოდა ძველი, დარგობრივად განსაზღვრული ფაკულტეტების გაერთიანება უფრო მსხვილ ფაკულტეტებში, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იმართებოდნენ. საგანგებო კვლევა სჭირდება იმას, თუ როგორ მუშაობს ახლა ფაკულტეტების დამოუკიდებლობა – ამაზე ზეპირად ვერაფერს ვიტყვი. მაგრამ გამსხვილების რეალური და უშუალო შედეგი იყო „ოპტიმიზაცია“ ორი სხვადასხვა აზრით. ერთი მხრივ, რადიკალურად შემცირდა პროფესორ-მასწავლებელთა რაოდენობა (მაგალითად, როცა თსუ-ს ფილოსოფიის ფაკულტეტი გამსხვილებულ ჰუმანიტარულ ფაკულტეტს შეუერთდა, ფილოსოფიაში 12 აკადემიური ვაკანსია დარჩა – მაშინ, როდესაც მანამდე ფილოსოფიის ფაკულტეტზე დაახლოებით 60-65 პროფესორ-მასწავლებელი იყო დასაქმებული); ხოლო, მეორე მხრივ, რადიკალურად შემცირდა ძალაუფლების რგოლების რაოდენობა (მაგალითად, იმავე თსუ-ში სულ 6 მსხვილი ფაკულტეტი დარჩა, რომელთაც არავითარი სტრუქტურა არ გააჩნდათ, იმ ეტაპზე მაინც). სხვა სიტყვებით, გაუქმდა დარგის შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულები. შეიძლება შემედავონ, რომ ფაკულტეტებში შეიქმნა ე. წ. მიმართულებები, მაგრამ მიმართულებები არც ჩაფიქრებულია და ვერც იქნება ის, რაც სხვადასხვა კონტექსტში კათედრა ან დეპარტამენტია. ისინი ძირითადად აკადემიური პროგრამების საზღვრებს მონიშნავს, მათი მართვაც ფაკულტეტის ადმინისტრაციული რესურსის კომპეტენციაა და მათ სფეროში სამეცნიერო საქმიანობა არ შედის. ხოლო დეპარტამენტი ან კათედრა, როგორც ერთეული, რომელიც თავს მოუყრიდა დარგში მომუშავე აკადემიურ პერსონალს და რომლის მეშვეობითაც დარგის სპეციალისტები ერთობლივად მართავდნენ თავიანთ დარგთან დაკავშირებულ საქმეებს (იქნება ეს ახალი წევრის მიღება, არსებული წევრების შრომის შეფასება და დაწინაურება, ერთმანეთის სამეცნიერო მუშაობის განხილვა, გადაწყვეტილებები აკადემიურ პროგრამებზე, დოქტორანტობის კანდიდატებზე და ა.შ.), ფაქტობრივად აღარ არსებობს. (მართალია, დროთა განმავლობაში ზოგიერთ უნივერსიტეტში შეიქმნა მიმართულებების შესაბამისი ინსტიტუტები, მაგრამ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მათი კომპეტენციები ისევე ვიწროა). დარგისთვის მნიშვნელოვან ამ გადაწყვეტილებებს ახლა ფაკულტეტის და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია იღებს. ამ ვითარებაში პროფესორები/მეცნიერები პირდაპირ ადმინისტრაციის მიერ არიან დაქირავებულები და მათ წინაშე არიან ანგარიშვალდებულები. ინსტიტუციური მოწყობის ეს ასპექტი, ჩემი აზრით, სამეცნიერო საზოგადოების/მეცნიერების განვითარების ერთი მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა.
თუმცა, ეს უკანასკნელი ფაქტორი, რა თქმა უნდა, არ არის სპეციფიკური ჩვენი ქვეყნისთვის; და უშუალოდ არც ზოგადად პერიფერიულობის თუ კოლონიურობის ფუნქციაა. დღეს სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ინსტიტუტებში ნეოლიბერალიზაციისა და მასთან დაკავშირებული მენეჯერიალიზაციის პროცესებზე – არანაკლებად გლობალურ ცენტრში, ვიდრე „პერიფერიებზე“. სწორედ ამ პროცესების არსებითი ნაწილია ის, რომ სამეცნიერო პროდუქციის ხარისხის შეფასება სულ უფრო შორდება დარგის სპეციალისტების შინაარსობრივ შეფასებებს და დაიყვანება ისეთ მახასიათებლებზე, როგორებიცაა ციტირების ინდექსები, პუბლიკაციების რაოდენობა, იმპაქტ-ფაქტორი, ძნელად გასაგები და არარელევანტური რანჟირებები და სხვა. ეს ყველაფერი ზრდის მენეჯერებისა და საგამომცემლო კორპორაციების ძალაუფლებასა და გავლენას, ხოლო აკადემიური პროდუქციის უშუალო შემქმნელების ძალას ამცირებს. უნივერსიტეტის კრიტიკული კვლევა შედარებით ახალი ინტერდისციპლინური დარგია, მაგრამ მასში უკვე საკმაოდ დიდი ცოდნა დაგროვდა ამ განვითარებების მექანიზმებისა და შედეგების შესახებ. ეს კრიტიკული კვლევები საინტერესოდ დაგვანახებს მთელი მსოფლიოს აკადემიაში მიმდინარე პროცესების „ბნელ მხარეს“.
ის, რაც აქ შემოგთავაზეთ, სხვადასხვა დონის დაკვირვებებისა და მოსაზრებების საკმაოდ ფრაგმენტული და სპონტანური ნაკადია; არასგზით არ მაქვს საქართველოში მეცნიერების მდგომარეობის ანალიზის ან დიაგნოზის პრეტენზია. ამ დაკვირვებებსა და მოსაზრებებს უფრო ახალი შეკითხვებისა და ძიების შესაძლო მიმართულებების გამოსაკვეთად გიზიარებთ; ასევე, იმ იმედით, რომ განათლებისა და მეცნიერების მდგომარეობაზე უფრო კრიტიკული და ნაკლებად კოლონიური აზროვნება შესაძლებელიცაა და უკეთესობისკენ რეალური ცვლილებების საწინდარიც.