ევროპის ისტორიის ფორუმის მიმოხილვა

2019 წლის მაისში ბერლინში ევროპის ისტორიის ფორუმი გაიმართა სახელწოდებით ’30 წელიწადი 1989 წლის შემდეგ: თავისუფლება რისგან? თავისუფლება რისთვის?’. ისტორიის რიგით მერვე ფორუმს ტრადიციულად ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა უმასპინძლა, რომელიც საერთაშორისო ისტორიულ, საგანმანათლებლო, საქველმოქმედო, ადამიანის უფლებათა საზოგადოება მემორიალთან ერთად შეეცადა თავი მოეყარა მეოცე საუკუნის ისტორიით დაინტერესებული მკვლევრებისთვის პოსტსოციალისტური სახელმწიფოებიდან.

რიგ სახელმწიფოებში 1989 წელი უახლესი ისტორიის გარდამტეხ მოვლენებთანაა დაკავშირებული: „პანევროპულ პიკნიკად“ წოდებული საზღვრის ხანმოკლე გახსნა ავსტრიასა და სოციალისტურ უნგრეთს შორის; კომუნისტური მმართველობის მშვიდობიანი დასრულება თავისუფალი არჩევნების გზით პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიასა და უნგრეთში; ბერლინის კედლის „დანგრევა“ და სხვა. ამავდროულად, ფორუმის საწყის ეტაპზევე გამოითქვა მოსაზრება, რომ საუბარი წარმართულიყო „ხანგრძლივ 1989 წელზე“, რადგან კალენდარული წელიწადით მსოფლიო ისტორიის ამ მნიშვნელოვანი ეპოქის შემოსაზღვრა არ იქნებოდა გამართლებული, მით უმეტეს, რომ ზოგიერთი სახელმწიფოს ისტორიოგრაფიაში 1989 წელი არ აღიქმება წყალგამყოფ თარიღად. ამგვარად, საუბარმა უფრო ფართო ჩარჩო შეიძინა და შეეხო იმ ფართომასშტაბიან გარდაქმნებს, მათ შორის საბჭოთა კავშირში წარმართულ საზოგადოებრივ მოძრაობებსა თუ ოფიციალურ პოლიტიკას - პერესტროიკას, რომელსაც საბოლოოდ კომუნისტური რეჟიმების შეცვლა თუ საბჭოთა კავშირისა და იუგოსლავიის დაშლა მოჰყვა. გარდა ისტორიულ პროცესზე საუბრისა, ფორუმის მონაწილეები შეეცადნენ 1989 წლის მოვლენების შედეგებისა და დღევანდელობაზე მათი გავლენის განხილვას.

1989 წელი, როგორც ფორუმის სახელწოდებიდანაც ჩანს, ხშირად თავისუფლების მოპოვებასთან ასოცირდება. დღევანდელი გადმოსახედიდან კი, 1989 წელს მოპოვებული თავისუფლება გაიგივებულია ავტორიტარული რეჟიმების დამარცხებასა და დემოკრატიული პროცესების წარმართვასთან. თუმცა, როგორც კენანის ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა მიხაილ მინაკოვმა შენიშნა თავის მოხსენებაში ‘ავტორიტარიზმის მემკვიდრეობა ევროპაში 1989 წლის შემდეგ’, კომუნისტური რეჟიმების ხელისუფლებიდან ჩამოშორებასთან ერთად მოპოვებული თავისუფლება გულისხმობდა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობის გაჩენას ახალი საზოგადოებების მშენებლობის გზაზე. არჩევანის გაკეთებისას კი, დემოკრატია სამომავლო განვითარების მხოლოდ ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტს წარმოადგენდა. შესაბამისად, (ხანგრძლივი) 1989 წელი აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში იქცა კომუნისტური რეჟიმებისგან გათავისუფლების წლად, თუმცა არა „ისტორიის დასასრულად“.

ისტორიის ფორუმმა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა შექმნა როგორც უახლესი ისტორიის, ისე ისტორიოგრაფიისთვის ახლებური თვალით შესახედად. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა მოსმენისას ჩნდებოდა განცდა, რომ თითოეული სახელმწიფოს შემთხვევა მოვლენათა  უნიკალურ განვითარებას აღწერს, ამასთან კი, აღწერილი მოვლენები ერთიანი პროცესის ნაწილია. საინტერესო იყო მოხსენებების მოსმენა უკრაინასა თუ რუსეთში 1980-იან წლებში დაწყებულ საპროტესტო მოძრაობებზე, რომლებიც ეკოლოგიური, შრომითი უფლებებისა თუ სხვა საკითხების წინ წამომწევას ემსახურებოდა. მნიშვნელოვანი იყო დარწმუნება იმაში, რომ სხვა, მათ შორის საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში განვითარებული მოვლენები ქართულ ისტორიოგრაფიაში მწირადაა განხილული. არადა საინტერესო იქნებოდა 1980-იან წლებში საქართველოში წარმართული მოვლენების გააზრება უფრო ფართო ჭრილში.

ფორუმზე განხილული საკითხები დიდწილად გასცდა კონკრეტული ეპოქის შეფასების მცდელობას. საუბარი შეეხო პოსტსოციალისტურ სახელმწიფოებში ისტორიული სკოლების მდგომარეობას, წარსულის ხსოვნისადმი არსებულ მიდგომებს.  დაისვა წყაროებისა და მათი სანდოობის საკითხიც. მონაწილეთა ნაწილმა ხაზი გაუსვა ზეპირი ისტორიების დიდ მნიშვნელობას უახლესი ისტორიის შესწავლის საქმეში. ამავდროულად, გამოითქვა საპირისპირო აზრი, რომლის თანახმადაც, ზეპირი ისტორიების მთავარ წყაროდ გამოყენება შეუსაბამოა, განსაკუთრებით კონფლიქტურ სიტუაციებზე საუბრისას, თუმცა, როგორც სოციოლოგიის დოქტორმა სერგეი რუმიანცევმა შენიშნა, ადამიანები არა ისტორიის წიგნებით, არამედ საკუთარი მოგონებებით ცხოვრობენ, შესაბამისად, ზეპირი ისტორიების, როგორც მნიშვნელოვანი წყაროს უგულვებელყოფა არ შეიძლება.

საუბარი შეეხო არქივებსა და მათზე წვდომის შესაძლებლობასაც. როგორც აღმოჩნდა საარქივო მასალების წვდომაზე არსებული შეზღუდვები უცხო არაა პოსტსოციალისტური სახელმწიფოებისათვის. დაბრკოლებები ვლინდება როგორც ირიბად, ისე გაცხადებული პოლიტიკის სახით, როგორიცაა პირადი მონაცემების წვდომაზე არსებული  შეზღუდვები.  მნიშვნელოვანი იყო იმ აზრის გაჟღერება, რომ პირად მონაცემებზე წვდომის საკითხი საკმაოდ სათუთი ბუნებისაა და შესაბამისად შეუძლებელია მისი მხოლოდ ისტორიკოსის ვიწრო პროფესიული ჩარჩოთი განხილვა.

განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა ისტორიისადმი მიდგომის ფორმებმა: მაგალითად, ფორუმის ფარგლებში უჩვენებს დოკუმენტური ფილმი პოლონეთში წარმართული სოლიდარობის მოძრაობის ქალი წევრების შესახებ. ფილმმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ მნიშვნელოვან გარდაქმებში, გარდა სიმბოლოებად ქცეული ლიდერებისა, არსებობენ სხვა მოქმედი პირებიც, რომელთა სახელებიც ისტორიის სახელმძღვანელოებში არ ხვდება, მიუხედავად მათი დიდი წვლილისა. პიროვნებებამდე დაყვანილი ისტორიის ხედვის მაგალითად წარმოჩინდა ბერლინის კედლის მემორიალიც, რომელიც ერთ დროს გაყოფილი ქალაქის მკვიდრებისა და კედელთან დაკავშირებული მათი ბედის შესახებ მოგონებებს ინახავს.  ბერლინის კედლის მემორიალი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ფუნქციადაკარგული ნაგებობა იქცეს ქალაქის ორგანულ ნაწილად, რომელიც ინახავს ხსოვნას წარსულის შესახებ, და, ამავდროულად წარმოაჩენს იმას, თუ როგორია წარსულის ხსოვნისადი მიდგომა დღევანდელ გერმანიაში.