სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის შეხედულებებს.
როცა უკვე არაერთი წელია, შენი ყოველდღიური საქმიანობა დაკავშირებულია სამთო-მოპოვებით სფეროსთან, როცა მუშაობ დაწესებულებაში, რომელიც ამ საქმიანობის ლიცენზიას გასცემს, როცა დაწყებულია სფეროს ყველაზე მასშტაბური რეფორმა, რაც კი ქვეყანაში ოდესმე განხორციელებულა და ამ დროს სასწავლო ტურით მიდიხარ ქვეყანაში, სადაც სამთო-მოპოვებითი საქმიანობა ეკონომიკის მთავარი შემადგენელია, სადაც ყველა ფიქრობს, რომ ცხოვრობს „წიაღისეულის მომპოვებელ ქვეყანაში“, რა თქმა უნდა, შთაბეჭდილებების, საინტერესო და საჭირო გამოცდილების გაზიარების, ცოდნის შეძენის მოლოდინი ძალიან დიდია. თუმცა, ადგილზე ნანახმა და მოსმენილმა, რისი შესაძლებლობაც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებული სასწავლო ტურის ფარგლებში მოგვეცა, მოლოდინს მაინც ბევრად გადააჭარბა.
ქვეყანაში, რომელიც ერთ-ერთი კეთილშობილი ლითონის – სპილენძის, მთელი დედამიწის მარაგების ნახევარს ფლობს (და, ამასთან, არც სხვა მნიშვნელოვანი რესურსების ნაკლებობას უჩივის), სამთო-მოპოვებითი საქმიანობის უფლება თავად კონსტიტუციითაა გარანტირებული. ეს კი ნიშნავს, რომ, თუკი შენი საქმიანობა უკავშირდება სამთო-მოპოვებით სფეროს, ნებისმიერ ტერიტორიაზე შეგიძლია წამოიწყო წიაღისეულის მოძიებისა თუ მოპოვების სამუშაოები. ამის გარანტი თავად ქვეყნის კონსტიტუციაა. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ ამ უფლების მისაღებად, საკმაოდ ხანგრძლივი სანებართვო პროცესია გასავლელი და ვიდრე კომპანია ყველა საჭირო ნებართვას არ აიღებს, მანამდე საქმიანობის დაწყება შეუძლებელია.
ქვეყანას, რადგან ამ ოდენობის ბუნებრივ რესურსს ფლობს, დამოუკიდებელი სამთავრობო უწყების სახით აქვს მინერალური რესურსების სამინისტრო, ფუნქციონირებს ასევე არაერთი ადმინისტრაციული ორგანო, სათათბირო საბჭო და უწყებათაშორისი კომისია (რომლებიც ატარებენ კვლევებს, ამზადებენ ანგარიშებს და ატარებენ საკონსულტაციო სამუშაოებს მთავრობის მხრიდან სწორი პოლიტიკის წარმართვისათვის). ასეთ დროს, ბუნებრივია, ფიქრობ, რომ სამთო-მოპოვებით სექტორზე დამოკიდებულმა ეკონომიკამ მოქალაქეთა ცხოვრების მაღალი ხარისხი უნდა უზრუნველყოს.. თუმცა, ეს ყველა შემთხვევაში ასე არაა. ქვეყანაში პარალელურად არსებობს და თანაცხოვრობს თანამედროვე ცივილიზაციის უახლესი მიღწევები, ამ მიღწევებით მოსარგებლე ადამიანებთან ერთად, და უკიდურესი სიღარიბე, მიწურებითა და არსებობისთვის ბრძოლის მძიმე ყოველდღიურობით, ინდუსტრიულ მიზნებს „მსხვერპლად შეწირული ზონებითა“ და ულამაზეს, მაგრამ უკიდურესად დაბინძურებულ გარემოში მცხოვრები ადამიანებით, რომლებიც კომპანიების მიმართ პროტესტსაც ვერ გამოხატავენ ამ ადგილებში სახელმწიფოს მიერ დადგენილი უაღრესად დაბალი გარემოსდაცვითი სტანდარტების გამო.
ჩილეში მიღებული ინფორმაციის მოცულობის გათვალისწინებით, რთულია, ერთ ბლოგში ჩაატიო ყველაფერი, რის გაზიარებასაც ვისურვებდი. მინდა, საქართველოს რეალობის გათვალისწინებით, ყურადღება გავამახვილო რამდენიმე პარალელსა თუ განსხვავებაზე ამ ორ ქვეყანას შორის, დადებით და დასანერგ ასპექტზე, ასევე შეცდომებზე, რომლებიც არ უნდა დავუშვათ.
პირველ რიგში, აღვნიშნავ იმ პოზიტიურ მიმართულებებს, რაც განსხვავებულად რეგულირდება ანდა პრაქტიკითაა დამკვიდრებული სამთო-მოპოვებით სექტორში და რისი დანერგვაც, ვფიქრობ, სასარგებლო იქნებოდა საქართველოშიც. ერთ-ერთი ამგვარი პრაქტიკა „სოციალური ლიცენზაა“. შინაარსივე გვკარნახობს, რომ საკითხი დაკავშირებულია სამთო-მოპოვებითი საქმიანობის განხორციელების მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან, მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და იმ უარყოფითი გავლენების ურთიერთკავშირთან, რასაც წიაღისეულის მოპოვების სამუშაოები იწვევს.
რამდენად პარადოქსულიც უნდა იყოს, ყველაზე უფრო ჰუმანური, ადამიანების ინტერესებზე ორიენტირებული და წიაღისეული რესურსების მოპოვებითი სამუშაოების უარყოფითი გავლენების დამაბალანსებელი ეს პროცესი (ე.წ. სოციალური ლიცენზია), რაც ყველა მომპოვებელი კომპანიისათვის თანაბრად პრიორიტეტულია, საერთოდ არ რეგულირდება კანონმდებლობით. სახელმწიფო არ ადგენს არანაირ მოთხოვნასა თუ ვალდებულებას კომპანებისათვის, განახორციელონ ამ შინაარსის საქმიანობა. პროცესს მხოლოდ ორი მხარე ჰყავს: წიაღისეულის მომპოვებელი კომპანია და ადგილობრივი, მკვიდრი მოსახლეობა, რომლებიც მჭიდრო და აქტიური კომუნიკაციით, უშუალო ჩართულობით ადგენენ და თანხმდებიან იმ მოთხოვნებისა და პირობების შინაარსზე, რაც მომპოვებელმა კომპანიამ უნდა განახორციელოს მათი საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ წარმოებული სამუშაოების სანაცვლოდ.
განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო შეხვედრა სან-პედროს მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი ასეთი პროცესის მონაწილესთან. მან დეტალურად ისაუბრა მათთან განხორციელებული „სოციალური ლიცენზიის“ სრულ პროცესზე, რომლის პირობებზე მუშაობა, მათ კონკრეტულ შემთხვევაში, არცმეტი და არც ნაკლები, 4 წელი გრძელდებოდა. როგორი ნებისყოფის, დაუღალავი და პრინციპული უნდა იყო ადამიანი, და მოსახლეობა მთლიანად, რომ შედეგისა და მიზნის მისაღწევად არ დანებდე ამდენი ხნის განმავლობაში და თითოეული პირობის შინაარსზე შეთანხმების მისაღწევად დრო და ენერგია არ დაიშურო. თანაგრძნობა და მათი შრომის დაფასება კიდევ უფრო მოგინდება ადამიანს, როცა შეიტყობ, რომ ამ „ლიცენზიის“ პირობებში, სოციალური დანიშნულების ინფრასტრუქტურის განვითარებასა და გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, პრიორიტეტი ახალგაზრდა თაობის განათლების დაფინანსებაა, რათა მათ უკეთ შეძლონ თავიანთი უფლებების დაცვა და უკეთესი მომავლის შექმნა.
პრაქტიკულად ყველა კომპანია, ვისაც შევხვდით (და მათ შორის იყო მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ოპერირებადი სპილენძისა და ლითიუმის მომპოვებელი უმსხვილესი კომპანიები), კითხვაზე – თუ რატომ ახორციელებდნენ ამ ღონისძიებებს, როცა ეს მათი ვალდებულება არ იყო, გვპასუხობდა, რომ „სხვაგვარად შეუძლებელია“. როგორც ირკვევა, თანამედროვე ბიზნესსამყაროში, კეთილგანწყობილი გარემო წარმატებული საქმიანობის აუცილებელი წინაპირობაა. ამასთან, ისინი არა მარტო პასუხისმგებლობით ეკიდებიან „სოციალური ლიცენზიის“ ფარგლებში აღებულ თავიანთ ვალდებულებებს, არამედ, ასევე, დეტალურად აკონტროლებენ მათი მხრიდან გაღებული რესურსების მიზნობრივად განკარგვის პროცესს, რაც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს ნაკლებკონფლიქტურ, სოციალურად დაბალანსებულ და მეტ-ნაკლებად არადამაზიანებელ სამთო-მოპოვებით საქმიანობას ქვეყანაში. ხაზგასასმელია ისიც, რომ კითხვაზე, რა არის საუკეთესო „სოციალური ლიცენზიის“ ფორმულა, პასუხი იყო, რომ ასეთი ფორმულა არ არსებობს და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირობები იმ შინაარსისაა, რაც იმ კონკრეტული მოსახლეობისა და გარემოასთვის არის პრიორიტეტული და ადეკვატური. ასე რომ, ინდივიდუალური მიდგომები, „შაბლონების“ და უნიფიცირების უარყოფა, ასევე მნიშვნელოვანი პირობაა სწორი სოციალური პოლიტიკის გასატარებლად.
რა თქმა უნდა, აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ამგვარი პრაქტიკა არ გამორიცხავს პრობლემების არსებობას, არც თავად ამ პროცესის წარმართვაა უმტკივნეულო. თითოეული პირობის შინაარსზე, ორივე მხარე თავდაუზოგავად იბრძვის, მაგრამ მთავარი მაინც – შედეგზე ორიენტირებულობაა, რაც ყველას ეხმარება მიზნის მიღწევაში.
ყველაზე ნიშანდობლივი ამ პროცესში, რისი ხაზგასმაც მინდა ქართულ რეალობასთან მიმართებით, არის ის, რომ კომპანიები „სოციალური ლიცენზიის“ მისაღებად მუშაობას იმაზე გაცილებით ადრე იწყებენ, ვიდრე სამთო-მოპოვებითი საქმიანობისათვის საჭირო ფორმალურ პროცედურებს. ვიდრე არ ექნებათ „მწვანე შუქი“ ადგილობრივი მოსახლეობისგან, მანამდე ლიცენზიის მისაღებად საჭირო ფორმალურ პროცესებს არც კი იწყებენ. კარგი იქნებოდა, „სოციალური ლიცენზიის“ პრაქტიკა აქტიურად დანერგილიყო საქართველოში, რადგან ამგვარი ქმედებები: სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარება, საზოგადოების მხარდაჭერა სხვადასხვა სოციალურ აქტივობები, ჩვენს ქვეყანაში სპონტანური და არაორგანიზებული ხასიათისაა. ამასთან, ღონისძიებები ხორციელდება უკვე ლიცენზიის მფლობელი კომპანიების მიერ და საკუთარი „კეთილი ნების“ ფარგლებში. რა თქმა უნდა, უმჯობესია, ამ ღონისძიებების შინაარსი წინასწარ შეთანხმებული და გაწერილი იყოს „სოციალური ლიცენზიის“ პირობებით, რაც უფრო რეალურ და სწორ მოლოდინებს გაუჩენდა როგორც კომპანიას, ასევე ადგილობრივ მოსახლეობას. აქვე აღვნიშნავ, რომ მოქმედი კანონმდებლობის პირობებში, როდესაც სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მიღება მხოლოდ აუქციონის გზითაა შესაძლებელი, ამგვარი წინასწარი აქტივობები შეუძლებელია. შესაბამისად, საფიქრალი გვაქვს მიდგომების შეცვლაზე და საქართველოში მიმდინარე რეფორმის პროცესი, სწორედ რომ საუკეთესო დრო და საშუალებაა ამ საკითხებზე დასაფიქრებლად, სხვა ქვეყნების პრაქტიკული გამოცდილების გასაანალიზებლად და სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად კანონმდებლობაში ასახვის მიზნით.
კიდევ ერთი საკითხი, რაც განახლებული კანონმდებლობის ფორმირებისას უნდა გავითვალისწინოთ ჩილეს პრაქტიკიდან, არის განსხვავებული მიდგომები ლიცენზიის გაცემისას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩილე, სპილენძის გარდა, სხვა მნიშვნელოვან რესურსებსაც დიდი ოდენობით ფლობს. ერთ-ერთი ასეთი რესურსი ლითიუმია, რომლის მოპოვებაზეც თანამედროვე სამყაროში მოთხოვნა მზარდია მისი მრავალ სფეროში გამოყენების შესაძლებლობების გათვალისწინებით (მობილური და კომპიუტერული ტექნიკა, ელექტრომობილები და სხვ.). თუმცა, განსხვავებით სპილენძის მოპოვებაზე ლიცენზიის გაცემის პროცესისაგან, ლითიუმზე ლიცენზია გაცილებით მარტივი პროცედურებით გაიცემა, მეტიც, მის მისაღებად დაინტერესებული პირები საფასურსაც არ იხდიან. თუმცა, როგორც ლითიუმის მომპოვებელ კომპანიასთან შეხვედრისას მიღებული ინფორმაციით გაირკვა, მათ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში შენატანი თანხები სრულად აბალანსებს ამ ერთგვარ „შეღავათს“ და საერთოდ არაა დამაზიანებელი სახელმწიფოსათვის.
ჩემი აზრით, შეგვიძლია, ჩვენი ქვეყნის უპირატესობად და სწორ ნაბიჯად მივიჩნიოთ, ასევე, ის, რომ, ჩილესაგან განსხვავებით, აქ წიაღისეულის მოპოვებას სახელმწიფო კომპანიები არ ახორციელებენ. მართალია, ჩილეშიც ასეთი მხოლოდ ერთი კომპანიაა, თუმცა, მისი საქმიანობის მასშტაბების გათვალისწინებით (წარმოებული ნედლეულის 30-40% ამ კომპანიაზე მოდის), იგი საკმაოდ მსხვილი მოთამაშეა ამ სფეროში.
ალბათ კიდევ ბევრი უნდა ვიფიქროთ, რას დავნერგავთ და რას არა ქართულ სინამდვილეში, გვექნება თუ არა სასამართლო ტრიბუნალები გარემოსდაცვითი და ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებული დავების განხილვის მიზნით, გავცემთ თუ არა სარგებლობის ლიცენზიას უვადოდ, ვიტყვით თუ არა უარს აუქციონის პრინციპზე და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც, ყველაზე უფრო სწორი, აუცილებლად გასათვალისწინებელი და დასამკვიდრებელი ის მგონია, რომ ვიდრე პირი ყველა საჭირო მიმართულებით არ დააკმაყოფილებს აუცილებელ მინიმალურ სტანდარტს, რაც წიაღისეულის მოპოვების მიზნებისათვის არის საჭირო, მანამდე წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას ვერ უნდა იღებდეს, თუნდაც ეს პროცესი არც ისე ხანმოკლე და მარტივი იყოს. ვფიქრობ, ეს აუცილებელი წინაპირობაა გონივრული, რაციონალური და პასუხისმგებლიანი სამთო-მოპოვებითი პოლიტიკის გასატარებლად.