გლობალური კრიზისის ადგილობრივი სახე: თბილისი და საქართველოს სხვა ქალაქები პანდემიის დროს

უკანასკნელ თვეებში მსოფლიო, და განსაკუთრებით მისი ქალაქები, რადიკალურად იცვლება და უჩვეულო ვითარების მომსწრე ხდება. დაიცალა ქუჩები, გაქრა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ავტომობილები, დაიხურა საზოგადოებრივი დაწესებულებები, კაფეები და რესტორნები. მეორე მხრივ, იქ სადაც ეს დაშვებულია, გაიზარდა ველოსიპედითა და ფეხით გადაადგილებულთა რაოდენობა. განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა საქალაქო სკვერებმა, პარკებმა თუ ტყეებმა. ეს ყველაფერი ახალი კორონავირუსის სწრაფი გავრცელებით გამოწვეული პანდემიისა და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების შედეგია.

ცარიელი მარჯანიშვილის ქუჩა საგანგებო მდგომარეობის დროს. 23/04/2020
Teaser Image Caption
ცარიელი მარჯანიშვილის ქუჩა საგანგებო მდგომარეობის დროს. 23/04/2020. ავტორის ფოტო.

ახალი კორონავირუსი, გლობალური და მჭიდროდ შეკავშირებული მსოფლიოს პირობებში, სწრაფად გავრცელდა ხუბეის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრიდან და, მაგალითად, მოხვდა მიუნხენის მახლობლად მდებარე მანქანების ნაწილების მწარმოებელი გერმანული კომპანიის ოფისში, სადაც უხანიდან ჩამოსული მათი თანამშრომელი კოლეგებს ხვდებოდა (Connolly et al., 2020). იგივე მოხდა ირანსა და სერბეთში, სადაც ჩინური კომპანიები აქტიურად არიან ჩართული მრავალი მსხვილი მასშტაბური პროექტის რეალიზაციაში (Liu, 2020). ახალი კორონავირუსი პირველად ჩინეთში გაჩნდა, თუმცა მისი გავრცელება და დამდგარი კრიზისი თანამედროვე გლობალიზებული კაპიტალისტური სამყაროს პირდაპირი შედეგია, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ, რომელიც მსოფლიოს წამყვანი აქტორების მიერ არის შექმნილი და შენარჩუნებული. ახალმა კორონავირუსმა ნათლად აჩვენა, თუ როგორ შეიძლება გავრცელდეს ვირუსი თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში, სადაც ქალაქები მთავარი მაკავშირებელი წერტილები არიან და ამ შემთხვევაში განსაკუთრებით ზარალდებიან.

მას შემდეგ, რაც 12 მარტს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ კოვიდ-19-ის გავრცელებას პანდემიის სტატუსი მიანიჭა, მას გლობალურად ერთმანეთის მსგავსი და ადგილობრივი კონტექსტის მიხედვით მოდიფიცირებული ინიციატივები მოჰყვა (WHO, 2020). თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ეს ინიციატივები ძირითადად სხვადასხვა ტიპის შეზღუდვის ეტაპობრივ ან მყისიერ ამოქმედებას გულისხმობდა, რის შედეგადაც სტატიის დასაწყისში აღწერილი სურათი მივიღეთ. შექმნილმა ვითარებამ მრავალი ახალი ან მივიწყებული, ერთმანეთთან დაკავშირებული, საქალაქო პრობლემა წამოსწია წინა პლანზე და ამ მძიმე რეალობისგან დაზარალებული ადამიანების წრე კვლავაც ფართოვდება. ახალი ინიციატივები, რომელიც მოქალაქეებს ყოფას შეუმსუბუქებდა, დღემდე ძალზედ მცირეა, თუ არ ჩავთვლით სოციალური დახმარების ინიციატივებს, რომელიც ძირითადად წითელი ჯვრის და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზებითა და სხვადასხვა კერძო თუ იურიდიული პირის მონაწილეობით ხორციელდებოდა. საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისთან გამკლავების ეკონომიკური გეგმის განხორციელება (საქართველოს მთავრობა, 2020), რომელმაც განსხვავებული შეფასებები მიიღო, ჯერ კიდევ არ დაწყებულა და მასში ბევრი არაფერია ნათქვამი კონკრეტულად საქალაქო ნაწილზე.

დღეს ნამდვილად ადრეა იმის მტკიცება, თუ რა ცვლილებებს მოიტანს ეს გლობალური გამოწვევა ქალაქებში და დადგება თუ არა ახალი რეალობა. ეს გარდაქმნები მხოლოდ საწყის ეტაპზეა და ჩამოყალიბებულ სახეს თვეების განმავლობაში მიიღებს. თუმცა, მნიშვნელოვანია იმ საკითხების აღწერა და განხილვა, რომლებიც ყველაზე პრობლემური აღმოჩნდა, რადგან ამ ახალ რეალობაში ძველი პრობლემები არსად გაქრება და, როგორც კრიზისმა გვაჩვენა, ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება. როგორც ინგლისურ ენაზე ამბობენ, კრიზისი ცუდ მდგომარეობას აუარესებს (a crisis makes bad things worse) (Baker, 2020). ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს ეხება. ამ პროცესებზე მსჯელობა ქართულ საზოგადოებაშიც დაიწყო. განხილული იქნა ვირუსის გავრცელების და შეკავების სოციო-დემოგრაფიული და საქალაქო ფაქტორები (ქავთარაძე et al., 2020), პანდემიასთან ბრძოლის მსოფლიო გამოცდილება და სახელმწიფოს როლის აღზევება (ქებურია, 2020), უსახლკარო ადამიანების ბედი კომენდანტის საათის დროს (მენაბდე, 2020), პანდემიით გამოწვეული ცვლილებები საქართველოსა და მსოფლიოში (წითელი კედელი, 2020) და სხვა.

ამ მოკლე სტატიაში განვიხილავ ახალი კორონავირუსის გავრცელების შედეგად დამდგარი რეალობის გავლენებს საქალაქო სივრცეზე, საჯარო და კერძო სივრცეების მაგალითზე. ჩემი დაკვირვება ემყარება თბილისის შემთხვევებს და, რა თქმა უნდა, სრულად არ ასახავს ყველა პროცესს, რომელიც ამ პერიოდში განვითარდა. განზოგადებას არ ვცდილობ, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ქალაქი თუ დაბა თავის უნიკალურ ადგილობრივ კონტექსტში ვითარდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ შესაძლებელია გარკვეული მსგავსებებისა და პარალელების დანახვა.

ქალაქის მართვა პანდემიის დროს

ვიდრე უშუალოდ კონკრეტულ პრობლემაზე გადავიდოდე, აუცილებლად უნდა აღვნიშნო მართვის თვალსაზრისით საკამათო მიდგომა, რომელიც ყველაზე ნათლად საქალაქო დონეზე გამოჩნდა. ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ყველა შემთხვევაში, სადაც გადაწყვეტილება უნდა მიეღო პანდემიის პირობებში გარკვეული საზოგადოებრივი სიკეთის ხელმისაწვდომობაზე, თითქმის ყველგან მათი სრული გაუქმება არჩია. ამან არაერთი ადამიანი ჩააყენა რთულ მდგომარეობაში ეკონომიკური საქმიანობის ან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისის მიღების თვალსაზრისით. იმის მაგივრად, რომ მმართველ პოლიტიკურ გუნდს აემოქმედებინა კონკრეტულ საჭიროებაზე მორგებული მიდგომა, როგორც ეს ხშირად ხდება ეპიდემიის მსგავსი კრიზისის დროს (Ali & Keil, 2008; Chakrabarti & Hong, 2020), მათ მარტივი გამოსავალი არჩიეს. ამ შემთხვევაში გამოვიყენებ საზოგადოებრივი ტრანსპორტის და აგრარული ბაზრების მაგალითს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრული გაუქმების მაგივრად, შესაძლებელი იყო, სარგებლობაში დარჩენილიყო ქალაქში მოძრავი ავტობუსების მცირე ნაწილი, როგორც ეს რეკომენდებულია ამ სფეროს სპეციალისტების მიერ (Chakrabarti & Hong, 2020). საზოგადოებრივი ტრასპორტი იმოძრავებდა არსებულ ან მოდიფიცირებულ ხაზებზე, სადაც მგზავრების დაშვება მხოლოდ საჭიროებისამებრ გაცემული საშვით იქნებოდა შესაძლებელი. ამგვარი მიდგომა გამოიყენა არაერთმა ქალაქმა ახალი კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ (Latz, 2020; ParisInfo, 2020). ის ასევე გამოცდილია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის იმ ქალაქებში, რომლებმაც ახლო წარსულში მსგავსი ეპიდემიები უკვე გადაიტანეს (Ali & Keil, 2008). ასეთი გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, ამცირებს მოქალაქეთა მობილობას, რაც მნიშვნელოვანია პანდემიისა თუ ეპიდემიის დროს, ამასთან ერთად კი, ქალაქის მცხოვრებლებს უტოვებს გადაადგილების საშუალებას აუცილებელი სერვისების მისაღებად და ითვალისწინებს ოჯახების მდგომარეობას რომლებსაც არ ააქვთ წვდომა ავტომობილზე.

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან რამდენიმე კვირაში სრულად დაიხურა აგრარული ბაზრები, რადგან, მთავრობის განცხადებით, იქ არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები მოქალაქეების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა (აფციაური, 2020). ეს დიდწილად სიმართლეა, მაგრამ ამ გადაწყვეტილებამ მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი გარემოვაჭრეები, ხშირ შემთხვევაში საპენსიო ასაკის ქალები, ასევე, ბაზრებსა და ბაზრობებზე მომუშავე სხვა თვითდასაქმებულები, ყველანაირი შემოსავლის გარეშე დატოვა. თუმცა, ამ ობიექტების ფუნქციონირების გაგრძელება, გარკვეული ზომების დროულად მიღების შემთხვევაში, შესაძლებელი იყო. შექმნილი მდგომარეობა ბაზრების ორგანიზების ზოგად პრობლემაზე მიუთითებს და მხოლოდ ახალი კორონავირუსის გავრცელებას ვერ დავაბრალებთ. მუნიციპალური ბაზრების სათანადო ორგანიზების შემთხვევაში, მათი სწრაფი გადაწყობა ნაკლებად პრობლემურია. ამას მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქი ახერხებს და იქაური მაგალითები ცხადად აჩვენებენ, რომ წარმოუდგენელი არაფერია.

თბილისის ცენტრალური ბაზარი საგანგებო მდგომარეობის დროს. 23/04/2020

ახალი კორონავირუსის გავრცელების პირობებშიც და მანამდეც, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში აქტიურად მუშაობდნენ ბაზრების უსაფრთხო ფუნქციონირებაზე. ამერიკული ქალაქების ნაწილის მაგალითი აჩვენებს, რომ ეს, ახალი წესების დახმარებით, დღესაც შესაძლებელია (Barnard, 2020; Love & Storring, 2020). კერძოდ, ახალი ნორმების მიხედვით, ბაზრებში გაზრდილია დახლების სიგანე (ანუ დაშორება მყიდველსა და გამყიდველს შორის) და მანძილი დახლებს შორის, აკრძალულია გასაყიდ პროდუქტზე ხელით შეხება და გამყიდველის მხრიდან (რომელიც პროდუქტს ხელით ეხება) ფულის პირდაპირ აღება – ამაში სხვა ადამიანია ჩართული. რა თქმა უნდა, ამას თან ერთვის სოციალური დისტანცირების ტრადიციული ნორმებიც. შედეგად, ქალაქი ინარჩუნებს ფუნქციონირებად სამეზობლოებს, მისი მცხოვრებლები არ კარგავენ შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს, ხელმისაწვდომი რჩება ხილ-ბოსტნეული. ჯანსაღი კვება კი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განუყოფელი კომპონენტია.

დაბმული სატვირთო ურიკები თამარ მეფის გამზირზე საგანგებო მდგომარეობის დროს.

ამ ორმა საყოველთაო შეზღუდვამ რთულ მდგომარეობაში ჩააგდო მრავალი ადამიანი. აგრარული ბაზრების მცირე ნაწილი ამჟამად ნელ-ნელა იხსნება (Interpressnews, 2020a), მაგრამ შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩენილთა რაოდენობა კვლავ ძალიან დიდია. ისინი, დასაქმების თავისებურების გამო, მთავრობისგან მხოლოდ ერთჯერად, 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ (საქართველოს მთავრობა, 2020). თბილისსა და სხვა ქალაქებში ჯერჯერობით გაურკვეველია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბედი (Interpressnews, 2020b).

დარჩი სახლში – სახლი და უსახლკარობა

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების დღიდან აქტიურად გვესმის მთავრობის წევრების, ექიმების თუ ეპიდემიოლოგების მოწოდება – „დარჩი სახლში!“. ეს ერთი მხრივ უწყინარი და საკმაოდ ეფექტიანი გზავნილი, საზოგადოებრივი მოწყობის სწორხაზოვანი ხედვიდან მოდის, რომელიც არ ითვალისწინებს რესურსებზე ადამიანების განსხვავებულ წვდომასა და დამოკიდებულებას. ამ ხედვის მიხედვით, სახლი ყველას გვაქვს, იქ თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ ვგრძნობთ და ვირუსისგან შორს ვართ. რა თქმა უნდა, ეს ხედვა მცდარია და ამის დანახვას სიღრმისეული აკადემიური კვლევა არ სჭირდება. სწორედ ამ მოწოდების უმაღლეს რანგში აყვანამ, რაც საგანგებო მდგომარეობასა და კომენდატის საათში გამოიხატება, გამოიწვია უკვე აქტუალური რამდენიმე პრობლემის გამწვავება.

მოწოდება „დარჩი სახლში“ ავტობუსის საინფორმაციო ტაბლოზე. 20/04/2020.

მიუხედავად იმისა, რომ უფლება სათანადო საცხოვრისზე უნდა იყოს აღიარებული ადამიანის უნივერსალურ უფლებად, ქართული რეალობა სხვაგვარია. ჩვენთან იშვიათობას არ წარმოადგენს ე.წ. გადატვირთული საცხოვრებელი სივრცეები, სადაც ხშირად ოჯახის რამდენიმე თაობა ერთად ცხოვრობს. ამ პირობებში, სოციალური დისტანცირების რჩევის გათვალისწინება წარმოუდგენელად რთულია. სწორედ ასეთი სახლი შეიძლება იქცეს საფრთხის შემცველ გარემოდ და ვირუსის გავრცელების კერად. მეტიც, პანდემიის დროს, იზრდება ოჯახური კონფლიქტების და ძალადობის შემთხვევები, რა დროსაც ქალები და ბავშვები ზარალდებიან (UNFPA Georgia, 2020). ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მსოფლიოსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ოჯახური ძალადობის ზრდის შესახებ უკვე დაიწერა (Moore, 2020; VOA, 2020). არსებული გამოცდილება, სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევების ზრდის ვარაუდის საფუძველს გვაძლევს (Abel & McQueen, 2020).

-

საქართველოში დაახლოებით 280 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს (MOA, 2020). სახელმწიფოს მიერ წლების განმავლობაში მრავალი ნაკლებეფექტიანი პროგრამის განხორციელებისა და დევნილთა გეოპოლიტიკურ იარაღად გამოყენების პირობებში, ეს ჯგუფი სოციალურად და ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადია. ისინი ხშირად ქალაქებში, კერძოდ კი, თბილისში, ზუგდიდსა და წყალტუბოში, კომპაქტურად, ე.წ. კოლექტიურ სივრცეებში არიან დასახლებული, რომელიც ხშირად ვერ აკმაყოფილებს სანიტარიული ჯანმრთელობის ნორმებს (Gogishvili & Harris-Brandts, 2019; Saxon et al., 2017). პრობლემად რჩება დროებითი, ხშირად გადატვირთული და შეზღუდული ფართის მქონე საცხოვრისები, რაც ინფექციური დაავადების გავრცელების საფრთხესთან ერთად, ქმნის სტრესულ გარემოს, რომელსაც ხშირად ოჯახურ კონფლიქტებსა და ძალადობასთან მივყავართ. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ხდება მაშინ, როდესაც სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეზღუდვების დროს ოჯახი იძულებულია, მომცრო საცხოვრებელ სივრცეში იყოს გამოკეტილი. ამ დროს, ასევე, იზრდება დევნილი მოსახლეობის ეკონომიკური მოწყვლადობა, რადგან მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მაღალრისკიანი და არასტაბილური ეკონომიკური საქმიანობით არის დაკავებული, რომელიც ხშირად არაფორმალურ სექტორში ხორციელდება და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების ხელმისაწვდომობაზეა დამოკიდებული (Seguin et al., 2017; Torosyan et al., 2018). დაწესებული შეზღუდვების გამო, ეს ადამიანები, ხშირად ქალები, მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროს გარეშე რჩებიან. სამთავრობო ეკონომიკური გეგმის გამოცხადების მიუხედავად, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი თვითდასაქმებულთათვის გამოყოფილ მიზერულ დახმარებასაც კი ვერ მიიღებს, ვინაიდან მათი საქმიანობა ხშირად ფორმალურ ეკონომიკურ ჩარჩოებს მიღმაა და რთულია დასაქმების შესახებ რაიმე ფორმალური დოკუმენტის წარმოდგენა.

ნებისმიერ შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან ამ ჯგუფებისთვის გაწეული  ერთჯერადი ან თუნდაც მრავალჯერადი მატერიალური დახმარება, მოწყვლადობის საფრთხეს ვერ მოხსნის. აუცილებელია, ერთი მხრივ,  საცხოვრისით უზრუნველყოფის მიმდინარე პროგრამის დაჩქარება, რადგან საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის და მათ შორის ვირუსის გავრცელებისთვოს არახელსაყრელი გარემო სწორედ ზემოთ ნახსენებ სივრცეებში იქმნება, და არა ზოგადად ქალაქებში, რომლებიც მოსახლეობის მაღალი კონცენტრაციით ხასიათდება. მეორე მხრივ, აუცილებელია იმ ქმედებების გააქტიურება და განახლება (არსებული კრიზისული ვითარების გამოყენებით), რომელიც დევნილთა ეკონომიკურ გაძლიერებასა და დამოუკიდებლობას შეუწყობს ხელს.

-

ახალი კორონავირუსის გავრცელება განსაკუთრებული რისკის ქვეშ აყენებს უსახლკარო ადამიანებს, რომელთა დიდი ნაწილი საქალაქო სივრცეში ცხოვრობს (Leung et al., 2008; Ortiz & Boano, 2020; Tsai et al., 2019). თბილისი და საქართველოს სხვა ქალაქები მათ დღემდე ვერ უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებელი გარემოთი და სერვისებით. მეტიც, ამ პრობლემის განსაკუთრებული სიმწვავის და მასშტაბის მიუხედავად, არ არსებობს სტატისტიკა უსახლკაროების შესახებ და მხოლოდ 12 მუნიციპალიტეტს (69 მუნიციპალიტეტიდან) აქვს დადგენილი პირის უსახლკაროდ რეგისტრაციის მეთოდოლოგია (EMC, 2020b; Interpressnews, 2019). უსახლკაროები ადამიანები, საკუთარი მობილობის თავისებურების გამო, არ არიან ახალი კორონავირუსის თავდაპირველი გამავრცელებლები, რადგან ფაქტობრივად არ არიან ჩართულნი საერთაშორისო მგზავრობაში. თუმცა, განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ დგებიან მაშინ, როდესაც საზოგადოება ვირუსის შიდა გავრცელების ეტაპზე გადადის, რადგან  მოკლებულნი არიან ინფორმაციას ვირუსის შესახებ, ხშირად არ მიუწვდებათ ხელი ჰიგიენის დამცავ ინფრასტრუქტურაზე და ვერ იცავენ იზოლაციის ნორმებს (Griswold, 2020; Leung et al., 2008). მეტიც, მათ ხშირად გადატანილი აქვთ სხვადასხვა დაავადება და ვერ იღებენ სათანადო სამედიცინო მომსახურებას, რაც აქვეითებს მათ იმუნიტეტს ვირუსის მიმართ (Tsai et al., 2019; Walker, 2020). ეს საფრთხეები კარგად გამოჩნდა 2000-იან წლებში, მსოფლიოში მწვავე რესპირაციული სინდრომის (SARS) გავრცელების დროს, კანადის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქალაქებში (Leung et al., 2008; Tsai & Wilson, 2020).

ხშირად შეუძლებელია, უსახლკარო ადამიანებმა შეძლონ კომენდანტის საათის დაცვა, რაც მათ დაჯარიმების საფრთხის წინაშე აყენებს (მენაბდე, 2020). საკარანტინო რეჟიმის გამკაცრების დროს, ისინი ვეღარ სარგებლობენ მათთვის გამოყოფილი სივრცეებით, უფასო სასადილოებით, საშხაპეებით და სხვა სანიტარიული დაწესებულებებით, რომელთაც ვირუსის გავრცელების ერთ-ერთ კერად მიიჩნევენ და ხურავენ (Griswold, 2020). ამასთან ერთად, იზრდება საფრთხე უსახლკაროების მიმართ სხვა საზოგადოებრივი ჯგუფების მხრიდან გაზრდილი აგრესიისა, რადგან, ეს უკანასკნელნი, არასაკმარისი ან მცდარი ინფორმაციის გამო, ვირუსის გავრცელების პოტენციურ წყაროდ ხშირად სწორედ უსახლკარო ადამიანებს აღიქვამენ.

ასეთი კრიზისული ვითარებები უსახლკაროთათვის შესაბამის ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად უნდა გამოიყენებოდეს. როგორც ეს ხდება, მაგალითად, ლონდონსა და სან-ფრანცისკოში, რომელთა მმართველი ორგანოები ტურისტების ნაკადის შეწყვეტის შედეგად დაცარიელებულ სასტუმროებს მიუსაფარ ადამიანთა განსათავსებლად ქირაობენ (Townsend, 2020). პანდემიის დროს სასტუმროები საქართველოშიც გამოიყენება, თუმცა, ძირითადად, როგორც უცხოეთიდან ჩამოყვანილი მოქალაქეების საკარატინო სივრცედ. ზოგიერთი ქალაქი დამატებით ძალისხმევას დებს იმაში, რომ საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს ვირუსის თაობაზე საკმარისი ინფორმაცია მიეწოდოთ (Griswold, 2020; Leung et al., 2008). პანდემიის დროს ასევე აუმჯობესებენ სანიტარიულ ნორმებს, რაც ქუჩების მორეცხვასთან ერთად (რომელიც თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებშიც ვნახეთ), გადასატანი ჰიგიენური სადგურების დადგმასაც ითვალისწინებს, სადაც შეიძლება ხელების დაბანა და ამ ფორმით ვირუსისგან თავის დაცვა (Solomon, 2020; Walker, 2020).

თბილისში ამ მხრივ თითქმის არაფერი გაკეთებულა. მეტიც, უსახლკარო ადამიანების ბედზე, ტრადიციულად, არ  უმსჯელიათ საინფორმაციო სივრცეში. მათ მიმართ არსებულ საფრთხეებზე არ ყოფილა საუბარი მთავრობის, ეპიდემიოლოგების თუ ექიმების მხრიდან. საფრთხეების მიუხედავად, უსახლკაროები ან არაფორმალურ დასახლებებში მცხოვრები პირები არ მოხვედრილან იმ სამიზნე ჯგუფებში, რომლებზეც .. აგრესიულ ტესტირებაიყენებენ. ჰიგიენური სადგურები და მსგავსი ინფრასტრუქტურა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის აუცილებელი კომპონენტებია, მათზე ხელმისაწვდომობა აუცილებელია არა მხოლოდ პანდემიისა თუ ეპიდემიის პირობებში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამიტომ მთავრობამ ამ მიმართულებით ყველა ეტაპზე აქტიურად უნდა იმუშაოს.

-

საქართველოს მთავრობამ 2020 წლის მარტში შეაჩერა აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის ის ნაწილი, რომელიც ადამიანთა საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლებას ითვალისწინებდა (პერტაია, 2020b). თუმცა, კვლავ გრძელდება ქონების დაყადაღება, აუქციონები და ვალების დასაფარად ხელფასიდან თუ პენსიიდან თანხის ჩამოჭრა, რაც, საბოლოო ჯამში, შესაძლოა მაინც გამოსახლებით დასრულდეს. მეტიც, გამოსახლების შეჩერების მიზეზად დასახელდა არა მოქალაქეთა სოციალური დაცვის აუცილებლობა და უსახლკაროთა რაოდენობის ზრდის არდაშვება, არამედ, აღნიშნული პროცესის მიმდინარეობისას კორონავირუსის გადადების საფრთხის გათვალისწინებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვა (პერტაია, 2020a). პანდემიის შედეგად მსოფლიოში დამდგარი ეკონომიკური კრიზისი, სავარაუდოდ, როგორც გლობალურად, ისევე საქართველოში, გამოიწვევს უსახლკაროთა რაოდენობის ზრდას. ეს ტენდენცია საქართველოში პანდემიამდეც აღინიშნებოდა, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის კვლევის თანახმად, 2018-2019 წლების განმავლობაში, „აღსრულების ეროვნულ ბიუროში უძრავი ქონების მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ 1300-ზე მეტი განცხადება შევიდა, რაც პრაქტიკულად უახლოვდება 2014-2017 წლების დაჯამებულ ანალოგიურ მაჩვენებლებს“ (EMC, 2020a).

დარჩი სახლში – საზოგადოებრივი სივრცეები

სკვერების, პარკებისა და ქალაქთან ახლოს მდებარე ტყეების მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა იმ დროს, როდესაც საზოგადოებრივი ცხოვრება და სოციალიზაცია რადიკალურად შემცირდა. პანდემიის პერიოდში გამოცხადებული შეზღუდვების გამო ადამიანები დღის მნიშვნელოვან ნაწილს შინ ატარებენ. ამ დროს მკაფიოდ იჩენს თავს მარტოობის, შფოთვისა და დეპრესიის ნიშნები, რომელიც განსაკუთრებით ხშირია მჭიდროდ განაშენიანებულ საქალაქო გარემოში, სადაც მწვანე საზოგადოებრივ სივრცეებზე ხელმისაწვდომობა ხშირად ძალზედ დაბალია. იმ დროს, როდესაც ხშირად გვესმის ლაპარაკი იმაზე, თუ რა სამედიცინო ზომებს იღებს საქართველოს მთავრობა ვირუსთან ბრძოლაში, ბევრი არაფერი თქმულა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია მწვანე რეკრეაციული სივრცის როლი (Fleming & Lillehei, 2020; Whitten, 2020). თბილისი ამ მაჩვენებლით განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაშია და ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 5 კვ. მეტრი მწვანე საფარი მოდის, რაც ორჯერ ნაკლებია მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებულ მინიმალურ სტანდარტზე (CITY KVIRA, 2018). ეს მაშინ, როდესაც 1980-იან წლებში თბილისში ეს მაჩვენებელი 13 კვ. მეტრი იყო (მეფარიშვილი, 2017).

დაკეტილი ჯანსუღ კახიძის სახელობის ბაღი საგანგებო მდგომარეობის დროს. 23/04/2020.

დღევანდელი ვითარება კარგად აჩვენებს პრობლემებს, რაც მწვანე საზოგადოებრივი სივრცეების დაგეგმარების, მართვისა და გამოყენების მხრივ გვაქვს. თბილისი და საქართველოს სხვა ქალაქები ამ მხრივ რადიკალური უთანასწორობით ხასიათდებიან. თბილისის შემთხვევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანიაოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, რადგან აქ ქვეყნის 1/3-ზე მეტი იყრის თავს (საქსტატი, 2020). ამ უთანასწორობის არსებობას ბევრი მტკიცებაც არ სჭირდება, თბილისში არსებულ პარკებსა და სკვერებზე დაფიქრება და თქვენს წარმოსახვით რუკაზე მათი მოთავსებაც საკმარისია. მაგალითად, მე ამ ტექსტს წერეთლის გამზირიდან ვწერ. ჩემთვის უახლოესი პარკი არის მუშტაიდი და .. გამოფენა. ამათგან მეორეს, პარკი მხოლოდ პირობითად შეიძლება ვუწოდოთ, მეტიც, ის კერძო საკუთრებაშია და ხშირად ხელმიუწვდომელია. რაც მთავარია, 26 მარტიდან ორივე დაკეტილია ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად. ეს უთანასწორობა პრობლემურია ჩვენს ყოველდღიურობაში, მაგრამ განსაკუთრებით საგანგებო მდგომარეობის დროს, როდესაც ადამიანების თავისუფალი გადაადგილება შეზღუდულია და ისინი დღის დიდ ნაწილს შინ ატარებენ. ყოველდღიური გასეირნება და სხვა ტიპის ფიზიკური აქტივობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის აუცილებელი ელემენტია, რომელსაც გამწვანებაზე ხელმისაწვდომობის შემცირებით მნიშვნელოვნად ვამცირებთ. გავითვალისწინოთ ისიც, რომ თბილისში საცხოვრებელი სახლების დიდ ნაწილს საკმაოდ შეზღუდული ფართობი აქვს. ასეთ სივრცეში განსაკუთრებით რთულია ბავშვების გაჩერება მთელი დღის განმავლობაში (Dell’amore, 2020).

მწვანე სივრცეები ჯანმრთელი საქალაქო ცხოვრების განმაპირობებელი მნიშვნელოვანი ნაწილია, რაც პირდაპირ მოქმედებს მოქალაქეების ჯანმრთელობასა და იმუნიტეტზე, ეს კი, ნამდვილად მნიშვნელოვანი საკითხია პანდემიისა თუ ჩვეული ცხოვრების დროს. მუნიციპალური მთავრობა ვალდებულია იზრუნოს მსგავსი სივრცეების რაოდენობრივ და ხარისხობრივ ზრდაზე, მათ მაღალ ხელმისაწვდომობასა და უკეთეს მართვაზე. მართვისნიშვნელოვანი კომპონენტია პარკების საზოგადოებრივ სარგებლობაში დატოვება და პრივატიზაციის არდაშვება, რაც, სამწუხაროდ, ქალაქის წინა ხელისუფლების ნეოლიბერალური ეკონომიკური მიდგომის დანატოვარია და დღეს მის შედეგებს აქტიურად ვიმკით. ქალაქის ხელისუფლებისგან უნდა მოვითხოვოთ, რომ გამოისყიდოს ეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პრივატიზებული მწვანე სივრცეები ან მაქსიმალურად უზრუნველყოს მათზე მაღალი ხელმისაწვდომობა.

გამოფენის ჭიშკარზე გამოკრული განცხადება

პანდემიის პერიოდში დროებით განხორციელებული დადებითი ცვლილებები შესაძლებელია, რომ ტრადიციად ვაქციოთ. მიმდინარე მოვლენებმა შექმნა შესაძლებლობა, გადავიაზროთ ქალაქში ქუჩათა ქსელის როლი და ის არა მხოლოდ საავტომობილი სისტემის ნაწილად, არამედ საზოგადოებრივ სივრცედ წარმოვიდგინოთ. უნდა მოვუწოდოთ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ კვირაში ერთი დღე მაინც გამოაცხადოს მანქანებისგან სრულიად თავისუფალ დღედ, ან გაათავისუფლოს თბილისში არსებული ქუჩების ნაწილი ავტომობილებისგან, როდესაც ქალაქის მცხოვრებლები და სტუმრები საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ველოსიპედით ან ფეხით გადაადგილდებიან. ასევე უნდა გაიზარდოს ქალაქში ველობილიკების რაოდენობა, როგორც ეს მოხდა არაერთ ქალაქში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დროს (LSM, 2020; Oltermann, 2020). ველობილიკების არსებული მდგომარეობა და  გაფართოების ტემპები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. თუმცა, ამავე დროს, გამოჩნდა, რომ ბევრი ადამიანია მზად ველოსიპედით ქალაქში გადასაადგილებლად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გზები მანქანებისგან თავისუფალი და შედარებით უსაფრთხოა. ეს საგრძნობლად შეამცირებს ჰაერის დაბინძურების ხარისხს, რომელიც, როგორც მიმდინარე კვლევებით ჩანს, მნიშვნელოვნად განაპირობებს ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობას სხვადასხვა ქალაქში (Gardiner, 2020; Ogen, 2020; ქოჩლაძე, 2020).

დაცარიელეუბლი თამარ მეფის გამზირი საგანგებო მდგომარეობის დროს.

შეჯამება

ახალი კორონავირუსის მიერ გამოწვეული პანდემიის შედეგებს ქალაქები მსოფლიოს გარშემო განსაკუთრებული სიმწვავით განიცდიან. როგორც უკვე აღვნიშნე, ჯერ მაინც ადრეა მტკიცებით ლაპარაკი იმაზე, თუ როგორ ურბანულ რეალობაში ვიცხოვრებთ პანდემიის დასრულების შემდეგ. მიუხედავად ამისა, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ნათლად გამოჩნდა ის პრობლემური საკითხები, რომელიც განსაკუთრებით მწვავდება პანდემიის დროს. გამოსავალი ისევ იმ პრობლემებზე აქცენტის დასმა და გადაჭრაა ახალი რეალობის გათვალისწიებით რომელიც ქალაქს ახალი კორონავირუსის გავრცელების წინ ჰქონდა. ესაა ხელმისაწვდომი და ხარისხიანი საცხოვრისის უზრუნველყოფა და დეველოპერული კომპანიების სპეკულაციური როლის შემცირება, ცვლილება საცხოვრისის ხელმისაწვდომობაში, ქალაქში მწვანე სივრცეების რაოდენობის ზრდა და გამწვანებული სივრცის წილის რადიკალური მატება ერთ სულ მოსახლეზე. ეს პრობლემები საჯარო და კერძო სივრცეებში, რომელთა მხოლოდ ნაწილის განხილვა შევძელი, მნიშვნელოვნად განაპირობებს საზოგადოებრივ კეთილდღეობას და სოციალურ სამართლიანობას. სწორედ ამიტომ, დღესვე უნდა მოვითხოვოთ მათზე აქტიური ზრუნვა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისგან.

ამასთან ერთად, უნდა შემუშავდეს ურბანული სტრატეგია ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვის თვალსაზრისით. თბილისსა და ბევრ სხვა ქალაქში ამ მდგომარეობამ კარგად გვაჩვენა, თუ რამდენად მოუმზადებელია ქალაქები ასეთი კრიზისული ვითარებისთვის. თბილისი მსოფლიოს 100 მედეგი ქალაქის ქსელში რადენიმე წლის წინ გაწევრიანდა, რაც ითვალისწინებს მსგავსი კრიზისული სიტუაციებისთვის ქალაქის ერთიანი სტრატეგიის შექმნას და მზაობის ზრდას (Kinney, 2016; თბილისის მერია, 2017). გაწევრიანების საზეიმო აღნიშვნის შემდეგ, ბევრი არაფერი თქმულა, თუ რა სამუშაო ხორციელდება ამ კუთხით. ახალი კორონავირუსის მიერ შექმნილი რეალობა კიდევ ერთხელ გვახსენებს მსგავსი სტრატეგიის არსებობის მნიშვნელობას. ქალაქის ხელისუფლებას აქტიურად უნდა შევახსენოთ იმ პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც მათ თავიანთი მოქალაქეების წინაშე აიღეს.

გამოყენებული ლიტერატურა

Abel, T., & McQueen, D. (2020). The COVID-19 pandemic calls for spatial distancing and social closeness: Not for social distancing! International Journal of Public Health. PMC. https://doi.org/10.1007/s00038-020-01366-7

Ali, S. H., & Keil, R. (Eds.). (2008). Networked disease: Emerging infections in the global city. Wiley-Blackwell.

Baker, P. C. (2020, March 31). ‘We can’t go back to normal’: How will coronavirus change the world? The Guardian. https://www.theguardian.com/world/2020/mar/31/how-will-the-world-emerge…

Barnard, A. (2020). Why Outdoor Farmers’ Markets Matter More Than Ever—The New York Times. The New York Times. https://www.nytimes.com/2020/04/01/nyregion/coronavirus-greenmarkets-ny…

Chakrabarti, S., & Hong, A. (2020). Keep cities moving during the global COVID-19 pandemic. Thomson Reuters Foundation. https://news.trust.org/item/20200427112438-npvbo/

CITY KVIRA. (2018). მწვანე საფარის მოცულობით, თბილისი ევროპაში ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა | CITY.KVIRA.GE. CITY KVIRA. https://bit.ly/2WbXTwa

Connolly, C., Keil, R., & Ali, S. H. (2020). Outbreaks like coronavirus start in and spread from the edges of cities. The Conversation. http://theconversation.com/outbreaks-like-coronavirus-start-in-and-spre…

Dell’amore, C. (2020, March 24). How to keep your kids healthy during the pandemic. National Geographic Magazine. https://www.nationalgeographic.com/family/in-the-news/coronavirus/keep-…

EMC. (2020a). EMC გამოსახლებისგან დაცვის სფეროში ქვეყანაში არსებულ ვითარებას აფასებს. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC). https://emc.org.ge/ka/products/emc-gamosakhlebisgan-datsvis-sferoshi-kv…

EMC. (2020b). სახელმწიფოს უსახლკაროთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს [ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)]. https://emc.org.ge/ka/products/sakhelmtsifos-usakhlkarota-raodenobis-sh…

Fleming, B., & Lillehei, A. (2020). To Rebuild Our Towns and Cities, We Need to Design a Green Stimulus. Jacobin. https://jacobinmag.com/2020/04/green-stimulus-new-deal-infrastructure-b…

Gardiner, B. (2020). Pollution made the pandemic worse, but lockdowns clean the sky. National Geographic Magazine. https://www.nationalgeographic.com/science/2020/04/pollution-made-the-p…

Gogishvili, D., & Harris-Brandts, S. (2019). The social and spatial insularity of internally displaced persons: “Neighbourhood effects” in Georgia’s collective centres. Caucasus Survey, 7(2), 134–156. https://doi.org/10.1080/23761199.2019.1617652

Griswold, E. (2020). How Do You Shelter in Place When You Don’t Have a Home? | The New Yorker. The New Yorker. https://www.newyorker.com/news/dispatch/how-do-you-shelter-in-place-whe…

Interpressnews. (2019). ქეთი ხუციშვილი—უსახლკაროების ერთიანი ნაციონალური სტატისტიკა არ არსებობს, ამიტომ უცნობია, ქვეყანაში რამდენი ადამიანი საჭიროებს საცხოვრისს. Interpressnews. https://www.interpressnews.ge/ka/article/545233-keti-xucishvili-usaxlka…

Interpressnews. (2020a). აგრარული ბაზრები, რომლებიც შემუშავებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ, ფუნქციონირების გაგრძელებას ვერ შეძლებენ. Interpressnews. https://www.interpressnews.ge/ka/article/597146-agraruli-bazrebi-romleb…

Interpressnews. (2020b). კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალური ტრანსპორტი დარგის სპეციალისტების შესაბამისი რეკომენდაციის შემდეგ განაახლებს მუშაობას. Interpressnews. https://www.interpressnews.ge/ka/article/596998-kaxa-kalazis-gancxadebi…

Kinney, J. (2016). Rockefeller Announces New Additions to 100 Resilient Cities. https://nextcity.org/daily/entry/new-members-100-resilient-cities-annou…

Latz, C. (2020, April 25). BVG und S-Bahn in der Corona-Krise: So kommen Sie durch Berlin. https://www.morgenpost.de/berlin/article228714461/Coronavirus-Berlin-BV…

Leung, C. S., Ho, M. M., Kiss, A., Gundlapalli, A. V., & Hwang, S. W. (2008). Homelessness and the response to emerging infectious disease outbreaks: Lessons from SARS. Journal of Urban Health : Bulletin of the New York Academy of Medicine, 85(3), 402–410. PubMed. https://doi.org/10.1007/s11524-008-9270-2

Liu, A. (2020, April 10). Blaming China for coronavirus isn’t just dangerous. It misses the point | Andrew Liu. The Guardian. https://www.theguardian.com/commentisfree/2020/apr/10/blaming-china-cor…

Love, H., & Storring, N. (2020, April 8). Farmers markets are vital during COVID-19, but they need more support. Brookings. https://www.brookings.edu/blog/the-avenue/2020/04/08/farmers-markets-ar…

LSM. (2020). Rīga activists request temporary cycling lanes during pandemic. Public Broadcasting of Latvia. https://eng.lsm.lv/article/economy/transport/riga-activists-request-tem…

MOA. (2020). დევნილთა და ეკომიგრანტთა სტატისტიკა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. https://www.moh.gov.ge/ka/703/

Moore, A. (2020, April 22). ‘Every abuser is more volatile’: The truth behind the shocking rise of domestic violence killings. The Guardian. https://www.theguardian.com/lifeandstyle/2020/apr/22/every-abuser-is-mo…

Ogen, Y. (2020). Assessing nitrogen dioxide (NO2) levels as a contributing factor to coronavirus (COVID-19) fatality. Science of The Total Environment, 726, 138605. https://doi.org/10.1016/j.scitotenv.2020.138605

Oltermann, P. (2020, April 13). Pop-up bike lanes help with coronavirus physical distancing in Germany. The Guardian. https://www.theguardian.com/world/2020/apr/13/pop-up-bike-lanes-help-wi…

Ortiz, C., & Boano, C. (2020). ‘Stay at Home’: Housing as a pivotal infrastructure of care? | UCL The Bartlett Development Planning Unit. The Barlett Development Planning Unit. https://blogs.ucl.ac.uk/dpublog/2020/04/06/stay-at-home-housing-as-a-pi…

ParisInfo. (2020). Coronavirus: All you need to know about Covid-19 in Paris - Paris tourist office. ParisInfo. https://en.parisinfo.com/practical-paris/info/guides/info-disruption-pa…

Saxon, L., Makhashvili, N., Chikovani, I., Seguin, M., McKee, M., Patel, V., Bisson, J., & Roberts, B. (2017). Coping strategies and mental health outcomes of conflict-affected persons in the Republic of Georgia. Epidemiology and Psychiatric Sciences, 26(3), 276–286. Cambridge Core. https://doi.org/10.1017/S2045796016000019

Seguin, M., Lewis, R., Razmadze, M., Amirejibi, T., & Roberts, B. (2017). Coping strategies of internally displaced women in Georgia: A qualitative study. Social Science & Medicine, 194, 34–41. https://doi.org/10.1016/j.socscimed.2017.10.014

Solomon, M. (2020). People Experiencing Homelessness Are Vulnerable When It Comes to Coronavirus | KQED News. KQED. https://www.kqed.org/news/11805516/people-experiencing-homelessness-are…

Torosyan, K., Pignatti, N., & Obrizan, M. (2018). Job market outcomes for IDPs: The case of Georgia. Wellbeing in Post-Socialist Countries, 46(3), 800–820. https://doi.org/10.1016/j.jce.2018.07.009

Townsend, M. (2020, March 21). UK hotels to become homeless shelters under coronavirus plan. The Observer. https://www.theguardian.com/world/2020/mar/21/uk-hotels-homeless-shelte…

Tsai, J., Gelberg, L., & Rosenheck, R. A. (2019). Changes in Physical Health After Supported Housing: Results from the Collaborative Initiative to End Chronic Homelessness. Journal of General Internal Medicine, 34(9), 1703–1708. https://doi.org/10.1007/s11606-019-05070-y

Tsai, J., & Wilson, M. (2020). COVID-19: A potential public health problem for homeless populations. The Lancet. Public Health, 5(4), e186–e187. PubMed. https://doi.org/10.1016/S2468-2667(20)30053-0

UNFPA Georgia. (2020, March 24). პანდემიის სწრაფად გავრცელების პირობებში ქალების და გოგონების მიმართ რისკები უფრო ინტენსიური ხდება. გაეროს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სააგენტო. https://bit.ly/2W7u1kB

VOA. (2020). კორონავირუსის ფონზე ოჯახური ძალადობის ფაქტები მატულობს საქართველოში და მთელ მსოფლიოში. VOA. https://www.amerikiskhma.com/a/un-coronavirus-leading-to-surge-in-domes…

Walker, A. (2020, March 10). ‘Stay home?’ 500,000 homeless Americans can’t follow coronavirus advice. Curbed. https://www.curbed.com/2020/3/10/21168253/coronavirus-homeless-shelters…

Whitten, M. (2020). Valuing London’s urban green space in a time of crisis – and in everyday life | LSE London. LSE Blog. https://blogs.lse.ac.uk/lselondon/valuing-londons-urban-green-space-in-…

WHO. (2020, March 12). WHO announces COVID-19 outbreak a pandemic. World Health Organization; World Health Organization. http://www.euro.who.int/en/health-topics/health-emergencies/coronavirus…

აფციაური გოგი. (2020). დახურული ბაზრები და თვითდასაქმებულთა მდგომარეობა. რადიო თავისუფლება. https://www.radiotavisupleba.ge/a/დახურული-ბაზრები-და-თვითდასაქმებულთა-…

თბილისის მერია. (2017). „100 მედეგი ქალაქის“ პირველი სამუშაო შეხვედრა თბილისში. თბილისის მერია. http://tbilisi.gov.ge/news/3315

მენაბდე ვახუშტი. (2020). სად მიდიან უსახლკაროები კომენდანტის საათის დროს? - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. https://gyla.ge/ge/post/sad-midian-usakhlkaroebi-komendantis-saatis-dros

მეფარიშვილი მიშა. (2017). ერთ სულ მოსახლეზე გამწვანებული ფართობი ევროპულ სტანდარტს 7-ჯერ ჩამოუვარდება თბილისში – გენგეგმა |. ნეტგაზეთი. https://netgazeti.ge/news/208410/

პერტაია ლუკა. (2020a). გამოსახლება შეჩერდა—აუქციონები, დაყადაღება და თანხის ჩამოჭრა გრძელდება |. ნეტგაზეთი. https://netgazeti.ge/news/442078/

პერტაია ლუკა. (2020b). კორონავირუსის ფონზე გამოსახლებები დროებით შეაჩერეს |. ნეტგაზეთი. https://netgazeti.ge/news/434143/

საქართველოს მთავრობა. (2020). ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა. StopCoV.Ge. https://stopcov.ge/ka/Gegma

საქსტატი. (2020). მოსახლეობა—საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/41/mosakhleoba

ქავთარაძე ირაკლი, კანკია გიორგი, & ჟვანია ლიკა. (2020, April 25). ეპიდემიის გავრცელების რა ფაქტორები შეიძლება გავითვალისწინოთ ქართულ კონტექსტში. Medium. https://bit.ly/2yNBEVs

ქებურია თამუნა. (2020, April 4). ბრძოლა პანდემიასთან—თამუნა ქებურია. Platforma.Ge. http://platforma.ge/?p=3747

ქოჩლაძე მანანა. (2020). კოვიდ-19, გარემოს დაცვა და მომავლის პერსპექტივები | ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო. Heinrich-Böll-Stiftung. https://ge.boell.org/ka/2020/04/23/kovid-19-garemos-datsva-da-momavlis-…

წითელი კედელი. (2020). წითელი კედელი | კორონავირუსი და კაპიტალიზმი—წითელი კედელი (podcast). წითელი კედელი. https://www.listennotes.com/podcasts/წითელი-კედელი/წითელი-კედელი-კორონა…