ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონი საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტთან 2021 წლის მარტიდან თანამშრომლობს პროექტის - სამხრეთ კავსასიაში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ანალიზი ფარგლებში. პროექტის მიზანია, შეაფასოს სამხრეთ კავკასიაში არსებული ცვალებადი გარემო გეოპოლიტიკისა და უსაფრთხოების კუთხით, ასევე, რეგიონული აქტორების – თურქეთის, რუსეთისა და ირანის როლი. პროექტი მხარს უჭერს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართ ინფორმირებული პოლიტიკის განვითარებას და მის შედეგებს რეგიონში ევროკავშირის გავლენის თვალსაზრისით.
პროექტი ახალგაზრდა მკვლევრებს საქართველოდან, სომხეთსა და აზერბაიჯანიდან, საშუალებას მისცემს, პროფესიონალ ექსპერტებთან ერთად, იმუშაონ კვლევაზე გეოპოლიტიკური ცვლილებების შესახებ რეგიონში და ამ ცვლილებების შედეგებზე ევროკავშირისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის. პროექტის ფარგლებში, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი გამოაქვეყნებს 6 პოლიტიკის ნარკვევს, შერჩეული ახალგაზრდა მკვლევრების ავტორობით საქართველოდან, სომხეთსა და აზერბაიჯანიდან. ამით, პროექტის გუნდი ცდილობს გაზარდოს კვლევის ხარისხი და წაახალისოს დებატები გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე ექსპერტებს, ახალგაზრდა პროფესიონალებსა და პოლიტიკის შემქმნელებს შორის.
გარდა ამისა, GIP – ის ანალიტიკოსები მოამზადებენ ოთხ პუბლიკაციას, რომელიც კონფლიქტებსა და უსაფრთხოებას, რეგიონულ პარტნიორობას, ეკონომიკურ პოლიტიკას, ენერგოეფექტურობას, ევროკავშირთან ურთიერთობებსა და სხვა აქტუალურ თემებს შეეხება. კვლევის შედეგები და შემუშავებული რეკომენდაციები წარედგინებათ დაინტერესებულ პირებს – პოლიტიკის შემქმნელებს, ევროკავშირის წარმომადგენლებს და სხვ.