საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა - რეპრესირებული და მივიწყებული პოლიტიკური მოდელი

ირაკლი ირემაძის სტატია - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა - რეპრესირებული და მივიწყებული პოლიტიკური მოდელი - თავდაპირველად გერმანულ ენაზე გამოქვეყნდა 2018 წელს ტრანსკრიპტის გამომცემლობის (Transcript Verlag) მიერ გამოცემულ წიგნში: საქართველო ახლებური დამარცვლით: ევროპისკენ მიმავალი ქვეყნის პოლიტიკა და კულტურა (რედაქტორები: ლუკა ნახუცრიშვილი და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი). გთავაზობთ, სტატიის ქართულენოვან ვერსიას.

საქართველოს პირველი რესპუბლიკა

პირველი მსოფლიო ომით გამოწვეული პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური კრიზისების შედეგად აღმოსავლეთ ევროპის იმპერიების ნანგრევებზე ახალი სახელმწიფოები წარმოიქმნა. საუკუნის წინ რუსეთის იმპერიის სამხრეთ ნაწილში, კავკასიაში, საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა იდგამდა ფეხს, რესპუბლიკა, რომელმაც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მხოლოდ 1028 დღე იარსება, მიმდინარე მსოფლიო ომისა და ომის შემდგომი პროცესების გამო ფაქტობრივად საერთაშორისო იზოლაციაში იმყოფებოდა.

მიუხედავად ქვეყნის შიგნით და მის გარშემო არსებული მძიმე პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური მდგომარეობისა, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ შექმნა პოლიტიკური პრეცედენტი სოციალური რესპუბლიკისა. 1918 წელის მაისში საქართველო გახდა პირველი სახელმწიფო ევროპაში, რომელსაც სოციალ-დემოკრატები მართავდნენ, მართალია ფორმალური თვალსაზრისით სოციალისტ-ფედერალისტებთან, სოციალისტ-რევოლუციონერებთან და მემარჯვენე ეროვნულ-დემოკრატებთან ერთად კოალიციური მთავრობის შემადგენლობით, მაგრამ ცალსახად ეს იყო აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში სოციალ-დემოკრატების დომინირებით მართული დემოკრატიული რესპუბლიკა.[1]ახლადშექმნილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური სპექტრის უპირობო ლიდერი სოციალ-დემოკრატიული პარტია იყო, რომელმაც 1919 წლის თებერვალში გამართულ პირველ საყოველთაო დემოკრატიულ არჩევნებში ხმათა 80%-ზე მეტი მოიპოვა.

ქართული სოციალ-დემოკრატია თავისი მსოფლმხედველობით და პოლიტიკური იდეებით გაცილებით ახლოს იყო ევროპელ სოციალ-დემოკრატებთან ჟორესთან, კაუცკისთან და სხვებთან, ვიდრე ინსტიტუციურად დაკავშირებულ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკურ ფრაქციასთან.[2]  ქართული სოციალ-დემოკრატიის ლიდერები უშუალოდ კავშირში იყვნენ და კარგად იცნობდნენ ევროპელ სოციალისტებს და მათ იდეებს.[3] ამ პერიოდის ერთ-ერთი მთავარი თეორეტიკოსის, მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის ლიდერი კარლ კაუცკის 1920 წელს საქართველოში ვიზიტის შემდეგ გამოცემულ წიგნში  აღნიშნავდა, რომ საქართველოში ერთი შეხედვით  წარმოუდგენელ და შეუსაბამო პირობებში მყარად და წარმატებით ხორციელდებოდა სოციალ-დემოკრატიული იდეები, ეს ყველაფერი კი ხდებოდა ჩრდილოეთით მოზღვავებული სისხლიანი „პროლეტარიატის დიქტატურის“ ფონზე.[4] კაუცკის აზრს იზიარებდნენ სხვა ევროპელი სოციალისტებიც,  ბელგიელ სოციალისტთა ლიდერი ვანდერველდე და ბრიტანელი ლეიბორისტების ლიდერი მაკდონალდი, 1920 წელს საქართველოში ვიზიტის დროს, ადგილზე  არაერთი შეხვედრისა და დაკვირვებების შემდეგ, საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ სახელმწიფოს აფასებდნენ როგორც მოდელს მომავალი ევროპული სოციალური სახელმწიფოსი, სადაც მოქალაქე და საზოგადოება იქნება დაცული, უზრუნველყოფილი და უფლებებით გარანტირებული.

თანამედროვე საქართველოში, 1918-1921 წლების დემოკრატიული რესპუბლიკა ერთმნიშვნელოვნად საქართველოს ისტორიის მივიწყებული პერიოდია. ერთის მხრივ საბჭოთა რეჟიმმა ფაქტობრივად უმკაცრეს რეპრესიებს დაუქვემდებარა დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დაკავშირებული პიროვნებები და პოლიტიკური იდეები, მეორეს მხრივ კი პოსტსაბჭოთა ეპოქაში დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდი „ბარაბას გზად“[5],  „ქვეყნიდან გაქცეულ მოღალატეების მმართველობად[6], ხშირად კი „ილიას მკვლელების მიერ მართულ რესპუბლიკად“[7] მოიხსენიება. აქედან გამომდინარე საზოგადოებაში გავრცელდა ამ პერიოდისადმი, დიდწილად უსაფუძვლო, ნეგატიური დამოკიდებულება. საბჭოთა  პროპაგანდა, პოსტსაბჭოთა ნაციონალისტური რიტორიკა და თანამედროვე პოლიტიკური ძალების ნეოლიბერალური იდეოლოგიური მიუღებლობა სოციალ-დემოკრატებისადმი,  მუდმივად ხელს უშლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური შინაარსის გააზრებასა და მის სოციალურ მოდელზე თანამედროვე კონტექსტში მსჯელობას.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური მოდელი

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მმართველ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას სრულად ჰქონდა გააზრებული ის საკითხი, რომ მთელს ევროპაში წარმოადგენდა პირველ სოციალ-დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალას, რომელიც სახელმწიფო სათავეში მოვიდა. შესაბამისად, ბუნებრივია რომ საქართველოსადმი ევროპელ პროლეტარიატსა და  მის ლიდერებს განსაკუთრებული ყურადღება ექნებოდა მომართული.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მმართველობით სისტემად, დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე  მთელი პოლიტიკური სპექტრის (მემარჯვენე ძალების გამოკლებით) კონსენსუსით საპარლამენტო რესპუბლიკა განისაზღვრა, რაც საბოლოოდ კონსტიტუციით განმტკიცდა. სოციალისტური მიმდინარეობის პოლიტიკური ძალებისათვის პრიორიტეტული იყო საპარლამენტო მოდელი, მძლავრი თვითმმართველობით და მოქალაქეთა მხრიდან პარლამენტისა და პირდაპირი დემოკრატიის ელემენტების გამოყენებით აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლით. საქართველოს მმართველი ძალისთვის სოციალისტური სისტემის დამყარება რჩებოდა მთავარ პრიორიტეტად, თუმცა პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარემოებათა გამო, ბოლშევიკური გზით სოციალიზმის ერთი ხელის მოსმით დამყარება შეუძლებლად მიაჩნდა. სოციალისტური სისტემის დამყარების გზად ფართომასშტაბიან დემოკრატიზაციას, სისტემურ რეფორმებსა და კაპიტალიზმის განვითარებას სახავდნენ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მიდიოდა დემოკრატიის გზით სოციალიზმისაკენ.[8]

ქართული დემოკრატიული ძალების უმთავრეს საზრუნავად იქცა პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება. ქართულ სოციალ-დემოკრატიას, ძირითად ოპოზიციურ პარტიებთან: სოციალისტ-ფედერალისტებთან, ეროვნულ-დემოკრატებთან და სოციალისტ-რევოლუციონერებთან ერთად გააზრებული ჰქონდა სახელმწიფოს მყარი პოლიტიკური სისტემის შექმნისათვის უმთავრესი დამფუძნებელი დოკუმენტის, კონსტიტუციის შექმნის საკითხი. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მალევე დაიწყო კონსტიტუციის შემუშავება.  ეს პროცესი საკმაო დროსა და რესურსებს მოითხოვდა,  ახალგაზრდა  რესპუბლიკას კი სასწრაფოდ ესაჭიროებოდა საკანონმდებლო ბაზა, რისთვისაც პარლამენტი აქტიურ მუშაობას შეუდგა. დამოუკიდებლობის განმავლობაში კოოპტაციის წესით დაკომპლექტებულმა მრავალპარტიულმა ეროვნულმა საბჭომ (პარლამენტმა) და საყოველთაო არჩევნების შედეგად არჩეულმა დამფუძნებელმა კრებამ ასობით  კანონი დაამტკიცა, მათ შორის კანონი დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნისა და მის გარანტიების  შესახებ.

დროებითმა საკანონმდებლო ორგანომ მიიღო კანონი  დემოკრატიული ინსტიტუტების ადგილობრივი თვითმმართველობების შემოღების შესახებ, რომლიც კანონის თანახმად პირდაპირი და საყოველთაო არჩევნების გზით აირჩეოდა.[9]

საკანონმდებლო ორგანომ  მნიშვნელოვანი კანონი შეიმუშავა მოქალაქეობის მინიჭებისა და მისი უფლებების დაცვის შესახებ. 1921 წელს მიღებული კონსტიტუციით, მოქალაქეების უფლებების თვალსაზრისით განსაზღვრა სიტყვის, რწმენის, შეკრებების, გაერთიანებებისა და გაფიცვების თავისუფლება. კონსტიტუციით რეგულირდებოდა მოქალაქეთა სოციალ-ეკონომიკური უფლებები, კონსტიტუციითვე იყო განსაზღვრული ეთნიკურ უმცირესობათა უფლებათა გარანტიები.  კონსტიტუცია განსაზღვრავდა მოქალაქეთა მიერ პირდაპირი დემოკრატიის განხორციელების გზებსაც. 

საქართველოს პოლიტიკური სისტემის მშენებლობის გზაზე განსაკუთრებულ ადგილს იკავებს პირდაპირი, საყოველთაო და თანასწორი საარჩევნო სისტემით საკანონმდებლო ორგანოს დამფუძნებელი კრების არჩევნების გამართვა 1919 წლის თებერვალში. არჩევნების, რომელშიც მონაწილეობა 15-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა მიიღო და წარმოდგენილი იყო იმ პერიოდში საქართველოში არსებული ყველა პოლიტიკური მიმდინარეობა გარდა ბოლშევიკებისა, რომლებიც რეალური მხარდაჭერის არარსებობის გამო ბოიკოტის გზას დაადგნენ. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ევროპის სახელმწიფოებს შორის, რომელმაც ხმის მიცემის უფლება მიანიჭა ორივე სქესის მოქალაქეებს, არჩევნებში 26 ქალი მონაწილეობდა, მათგან 5 არჩეული იქნა საკანონმდებლო ორგანოში.[10]

საქართველოს რესპუბლიკის დემოკრატიზაციის პროცესის მაღალი დონის განმსაზღვრელად აუცილებლად უნდა მივიჩნიოთ პლურალისტული და თავისუფალი პრესის არსებობა. 1918-21 წლების განმავლობაში სხვადასხვა პოლიტიკური, ეთნიკური, რელიგიური, პროფესიული, მხატვრული თუ სხვა სახის გაერთიანებების 100-ზე მეტი პრესის ორგანო არსებობდა.

სოციალური სახელმწიფოს მოდელი

საქართველოს სოციალ-დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის მოდელი ერთი მხრივ ემყარებოდა სოციალური სახელმწიფოს შექმნის პრინციპებს, მეორე მხრივ კი მოდელის შემქმნელი სოციალ-დემოკრატიული მთავრობა  რეალისტურად უყურებდა მის წინაშე არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებს და მაქსიმალურად ცდილობდა მსხვილი კაპიტალისა და ინვესტიციების მოზიდვას რესპუბლიკაში, რათა წარმოების საშუალებით გაძლიერებულიყო ეკონომიკა და შესაბამისი სოციალური პასუხისმგებლობის აღება შესაძლებელი გამხდარიყო, თუმცა ეს არ გულისხმობდა ცალსახად უარის თქმას საწყის ეტაპზევე სოციალური პასუხისმგებლობის აღებაზე.[11]

ქართული სოციალ-დემოკრატიული პოლიტიკური ორგანიზაცია, გამომდინარე მისი შემადგენლობიდან ყველაზე ახლოს იდგა მუშებთან და გლეხებთან, მუდმივ შეხებაში იყო განათლების სისტემასთან (პარტიის წევრთა მნიშვნელოვანი ნაწილს პედაგოგები შეადგენდნენ), შესაბამისად, პარტიას კარგად ჰქონდა გააზრებული სოციალური რეფორმების გატარების აუცილებლობა. საქართველოს მოსახლეობის კლასობრივი სტრუქტურიდან გამომდინარე თვალშისაცემი იყო, რომ პირველ რიგში რეფორმები დაკავშირებული უნდა ყოფილიყო გლეხთა უფლებრივი, ქონებრივი  მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებასთან.[12] 1860-იანი წლებიდან მოყოლებული რუსეთის იმპერიაში გატარებულმა რეფორმებმა გლეხები ბატონყმობისგან გაათავისუფლა, თუმცა კვლავ უმიწაწყლოდ დატოვა. საქართველოსათვის მთავარ გამოწვევად სწორედ აგრარული საკითხის მაქსიმალურად სწრაფად და სამართლიანად გადაწყვეტა იქცა. 1918 წელს ბოლშევიკების ხელშეწყობით არაერთი მცირე მასშტაბის აჯანყებასა და პოლიტიკურ  გამოსვლას ჰქონდა ადგილი აგრარულ ნიადაგზე.[13]

1919 წლის 28 იანვარს პარლამენტის მიერ მიღებული იქნა აგრარული რეფორმის კანონი,  რის საფუძველზეც  მსხვილ მემამულეებს ჩამოერთვათ გარკვეულ ნორმაზე მეტი ფართობი და გადაეცა საერთო მიწის ფონდს, რომლიდანაც შემდგომში გლეხებს მიზერული საფასურის გადახდის შემთხვევაში საკუთრებად უმტკიცდებოდა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი სამრეწველო რესურსების მქონე მამულები გადაეცა თვითმმართველობასა და სახელმწიფო უწყებებას. სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ აგრარული რეფორმით უარი თქვა მიწის პირდაპირ ნაციონალიზაციაზე და მუნიციპალიზაციაზე, საბოლოოდ რეფორმა წმინდად რაციონალური თვალსაზრისით განხორციელდა. გლეხები ახალი რესპუბლიკისგან ელოდნენ უფლებებსა და საკუთრებას, რაც ქვეყნის შიდა პოლიტიკური სტაბილურობისათვის აუცილებლად გადასაჭრელ საკითხს წარმოადგენდა.[14]

რესპუბლიკისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენდა მუშათა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება. შრომის შესახებ კანონმდებლობის შემუშავება  და რეფორმები თავად მუშათა აქტიური ჩართულობით მიმდინარეობდა. საბოლოო კანონმდებლობაში კი აისახა ყველა ევროპული სოციალისტური მიმდინარეობის ფუნდამენტური მოთხოვნები სამუშაო პირობებთან და მუშათა სოციალურ დაცვასთან დაკავშირებით. ეს, როგორც ვოიტინსკი აღნიშნავს, ფაქტობრივად იდეათა დიდ ნაზავს წარმოადგენდა.

1919 წლით თებერვალში თბილისში პროფკავშირთა ყრილობა გაიმართა. ყრილობის შემდეგ მთავრობის ჩართულობით 1919 წლის მაისში შეიქმნა სპეციალური უწყება - სატარიფო პალატა, რომელიც დამქირავებელთა, მუშათა და შრომის სამინისტროს წარმომადგენლებისგან პარიტეტული წესით დაკომპლექტდა და რომელიც პასუხისმგებელი იყო შრომითი დავების განხილვასა და არბიტრაჟზე, მუშათა შრომითი პირობების რევიზიაზე და კონტროლზე, სურსათის ცვალებადი ფასებიდან გამომდინარე მუშათა ხელფასების მარჟების განსაზღვრაზე.  დამფუძნებელმა კრებამ 1920 წლის 14 აგვისტოს „შრომის ხელშეკრულების შესახებ“ კანონი დაამტკიცა, რომელიც განსაზღვრავდა კერძო დამქირავებელთა და მუშათა სამართლებრივ პასუხისმგებლობებს და მკაფიოდ იცავდა მუშათა უფლებებს. რეგულაციები შეეხებოდა არასრულწლოვანთა შრომის აკრძალვას, ქალთა შრომას სპეციალურ პირობებში, განსაკუთრებით ორსულ ქალებთან მიმართებაში, რეგულაციები მოითხოვდა მშრომელთა დაზღვევას განსაკუთრებულ შემთხვევაში. შრომის სამინისტროსა და სატარიფო პალატის საქმიანობა და არსებული კანონმდებლობა მკაცრად იყო მიმართული შრომითი პირობებისა და შრომითი ხელშეკრულებების რეგულირებისაკენ, 48 საათიანი სამუშაო კვირის დაცვისაკენ. მოქალაქეთა შრომითი უფლებები საბოლოოდ აისახა 1921 წელს დამტკიცებული კონსტიტუციის მეცამეტე თავში „სოციალ-ეკონომიკური უფლებანი“,  რომლითაც განისაზღვრა მინიმალური ხელფასის უფლება, უმუშევართა დახმარება, შრომის პირობების, მათ შორის ქალთა და არასრულწლოვანთა შრომის რეგულირება, შრომის კონტროლი და სამუშაო სანიტარული ზედამხედველობა.

დემოკრატიული რესპუბლიკის განსაკუთრებულ საზრუნავს წარმოადგენდა განათლების სისტემური და ეფექტური რეფორმის გატარება. იმპერიული რეჟიმის პირობებში მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა, განსაკუთრებით სოფლის არეალში მცხოვრებნი, მოკლებული იყვნენ განათლების მიღების შესაძლებლობას. რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე დაიწყო სასკოლო რეფორმა, რომელიც გულისხმობდა სასულიერო და ყოფილი რუსული სკოლების გაქართულებასა და გასახელმწიფოებრივებას, სასულიერო განათლების სკოლიდან განდევნას, ეთნიკური უმცირესობებისთვის მშობლიურ ენასთან ერთად ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის სწავლებას. რესპუბლიკის პარლამენტის მიერ მიღებული კანონებითა და 1921 წლის კონსტიტუციის მეთორმეტე თავით „სწავლა-განათლება და სკოლა“განისაზღვრა - „პირველდაწყებითი სწავლა საყოველთაო, უსასყიდლო და სავალდებულოა“.   1920 წლისათვის 1917 წელთან შედარებით დაწყებითი სკოლების რიცხვი გაორმაგდა და 2000 აჭარბებდა, დაწყებითი სკოლები ძირითადად თვითმმართველობებს ექვემდებარებოდა, თუმცა კონტროლს სახალხო განათლების სამინისტრო უწევდა. თავად სკოლები ფართო ავტონომიით სარგებლობდნენ.

მართალია, პირველი ქართული უნივერსიტეტი რესპუბლიკის დამოუკიდებლობამდე 4 თვით ადრე დაარსდა, მაგრამ მისი განვითარება და საქმიანობის გაშლა სწორედ დემოკრატიულ რესპუბლიკასთანაა დაკავშირებული. 1918 წლის სექტემბერში დამოუკიდებელ ქართულ უნივერსიტეტს სახელმწიფო სტატუსი მიენიჭა და მთავრობამ აიღო პასუხისმგებლობა მის მეურვეობაზე, განუსაზღვრა პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება და შეზღუდული რესურსების მიუხედავად მაქსიმალურად შეუწყო ხელი უნივერსიტეტის ბაზაზე მეცნიერების განვითარებას. 1919 წლიდან რესპუბლიკამ განახორციელა წარჩინებულ სტუდენტთა ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში სტიპენდიით სასწავლებლად გაგზავნის პროგრამა, რომლის წყალობითაც 80-ზე მეტი ქართველი ახალგაზრდა ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში გაუშვა სასწავლებლად.

რესპუბლიკის ძირითადი პრობლემები

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინაშე არსებულ პრობლემებს გააჩნდა როგორც  გარე, ასევე შიდა  წინაპირობები. გარე  წინაპირობები ძირითადად მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო მდგომარეობიდან მომდინარეობდა. ომმა ევროპაში, მათ შორის აღმოსავლეთ ნაწილში მწვავე ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისები წარმოშვა. საკვებისა და თავშესაფრის ნაკლებობა მთელს ევროპაში შეინიშნებოდა სრულად იყო მოშლილი სავაჭრო-სატრანზიტო გზები, რაც ხელს უშლიდა ექსპორტ-იმპორტის განხორციელებას. საქართველოს, რომელიც ამ პერიოდში მანგანუმის მთავარი ექსპორტიორი იყო, ეს მძიმე დარტყმას აყენებდა. საქართველო ფაქტობრივად დამოკიდებული იყო სურსათის იმპორტზე და 1918-1919 წლებში მწვავე სასურსათო კრიზისის და შიმშილობის ზღვარზე აღმოჩნდა. საერთაშორისო ფაქტორებს უკავშირდებოდა ევროპის მხრიდან რესპუბლიკის დე იურედ აღიარების გაჭიანურება 1921 წლის დასაწყისამდე და მსხვილი კაპიტალის ქვეყანაში შემოყვანაც. პრობლემების დიდი ნაწილი გამოწვეული იყო რეგიონში არსებული მძიმე სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობით: რუსეთის სამოქალაქო ომი, მოხალისეთა და წითელი არმიის მოსალოდნელი თავდასხმები, სომხეთ-აზერბაიჯანის მუდმივი ომი, სომხეთის არაკეთილმეზობლური დამოკიდებულება მთელი დამოუკიდებლობის განმავლობაში თანმდევი პროცესი იყო.

შიდა ფაქტორები ძირითადად ქვეყნის შიგნით არსებულ სისტემურ პრობლემებს უკავშირდებოდა. პირველ რიგში ამ პრობლემათა რიგს განეკუთვნებოდა ადმინისტრაციული აპარატის სისუსტე და გაუმართაობა, რაც ძირითადად კვალიფიციური კადრების სიმცირეს უკავშირდებოდა (ხშირად აღმასრულებელ ორგანოების საშუალო რგოლში გარდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრებისა სხვა პარტიათა წარმომადგენლებიც იყვნენ დასაქმებულნი).[15] მთავრობას უჭირდა გამართული ადმინისტრაციის შექმნა, განსაკუთრებით რეგიონებში. მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა კორუფცია ადმინისტრაციის დაბალ დონეზე რაც ისევ ადმინისტრაციულ კადრებსა და იმპერიულ სისტემის მემკვიდრეობას უკავშირდებოდა.[16] პრობლემას წარმოადგენდა კრიმინალის მაღალი მაჩვენებელი, რომელსაც პოლიციის აპარატის გაუმართაობა და ბოლშევიკთა საქმიანობა განაპირობებდა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გააზრების საბჭოთა და პოსტსაბჭოთა  კონტექსტი

1921 წელის თებერვალ-მარტში  საბჭოთა რუსეთის უხეში სამხედრო ჩარევის შედეგად დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა. საუკუნის  შემდეგ ახალ საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოდელის შესახებ მოსახლეობის ცოდნა ძირითადად საბჭოთა პროპაგანდითა და ნაციონალური ნარატივით გაჟღენთილი ნეგატიური პოლიტიკური მეხსიერების დანალექს წარმოადგენს.

საბჭოთა პროპაგანდა, დემოკრატიულ რესპუბლიკას „ბურჟუაზიულ დიქტატურად“ მოიხსენიებდა და ხშირად აქცენტირებდა რესპუბლიკის  კავშირსა და თანამშრომლობაზე ევროპის დიდ „ბურჟუაზიულ სახელმწიფოებთან“,  სოციალ-დემოკრატების ეთნიკური უმცირესობებისადმი მჩაგვრელ და არასათანადო მოპყრობაზე, ბურჟუაზიისა და არისტოკრატიისადმი კეთილგანწყობაზე, მუშათა მიმართ გულგრილობაზე და „საქართველოში პროლეტარული გადატრიალების“ შემდეგ მმართველი წრის ქვეყნიდან გაქცევაზე. საბჭოთა „ანტიმენშევიკური“ პროპაგანდის კიდევ ერთ მიმართულებას 1921 წელს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოს განძის საფრანგეთში გატანა წარმოადგენდა. საფრანგეთში განძის სათანადო დაცვასა და მოვლას საბჭოთა და ქართული ნაციონალისტური პროპაგანდა მხოლოდ კონკრეტულ პიროვნების საქმიანობას უკავშირებს და დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წვლილის ნიველირებას ახდენდა და ახდენს.

პოსტსაბჭოთა საქართველოს მმართველი წრეები არავითარ სამართალ მემკვიდრეობას და სახელმწიფოებრივ მეხსიერებას არ ამჟღავნებენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიმართ. მიუხედავად საბჭოთა სისტემისადმი ნაციონალისტების სიძულვილისა და დამოუკიდებელი საქართველოსკენ სწრაფვისა, მათთვის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მაინც „ანტიეროვნულ მმართველობასთან“ ასოცირდებოდა. საინტერესოა რომ, 1992 წლის სახელმწიფოს გადატრიალების შემდეგ, სამოქალაქო ომის პირობებში, დროებითი სახელმწიფო საბჭოს მიერ ფორმალური თვალსაზრისით აღდგენილი იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუცია, შემდგომში ქვეყნის სათავეში მყოფი პოსტსაბჭოური ნეონომენკლატურული მთავრობას არც რაიმე განსაკუთრებული ინტერესი ჰქონია რესპუბლიკისადმი და არც რესპუბლიკისადმი ნეგატიური შეხედულებების გამტარებელი ყოფილა.

საქართველოს 2000-იანი წლების ნეოლიბერალური პოლიტიკური სპექტრისთვის არსებითად მიუღებელია  სოციალური სახელმწიფოს იდეა. დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება და მისი მოდელის გარშემო მსჯელობა კი  შესაძლოა პოლიტიკურ საფრთხეს წარმოადგენდეს თანამედროვე ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის, რომელიც საზოგადოებას ვერ სთავაზობს რაიმე ფასეულ მოდელს არსებულ მძიმე დროში გაწელილი სოციალური კრიზის  პირობებში. ცდილობს რა მოსახლეობაში, დღეს არსებული არასახარბიელო სოციალური ფონიდან გამომდინარე საბჭოთა სისტემისადმი ნოსტალგიის დამარცხებას, მისთვის მნიშვნელოვანია საბჭოთა სისტემის სისასტიკის ჩვენება. ეს მცდელობები ხშირად, ნაცვლად კონკრეტული ისტორიული ფაქტების სრულფასოვანი წარმოჩენისა, ხორციელდება მხოლოდ ცალკეული „იდეოლოგიურად სასარგებლო“ ისტორიული ფიგურების და ფაქტების წინ წამოწევით. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია 2006 წელს თბილისში დაარსებული საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი და საქართველოს ეროვნული გმირის ქაქუცა ჩოლოყაშვილის პიროვნების წარმოჩენის პროცესი.

საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში, ფაქტობრივად მიზერულ დონეზეა წარმოდგენილი 1918-1921 წლების პერიოდი. 1924 წლის საქართველოს ანტისაბჭოთა აჯანყების შესახებ ცნობები მხოლოდ კონკრეტული, ძირითადად ნაციონალისტური  მიმართულებების პოლიტიკოსთა და სამხედრო პირთა შესახებ ინფორმაციებით შემოიფარგლება. ეს ყველაფერი კი იმის ფონზე, როდესაც აჯანყებას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის არაერთი წარმომადგენელი და სოციალ-დემოკრატიული პარტიის ასეულობით წევრი შეეწირა. საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში არა ერთი ცნობაა საბჭოთა რეპრესიების დროს დაღუპულ ცნობილ პიროვნებებზე, ამავდროულად ამავე მუზეუმში, ფაქტობრივად ვერ შეხვდებით ცნობასა და ვიზუალურ მასალას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს, რესპუბლიკის პოლიტიკური პარტიების ათასობით დახვრეტილი წევრის შესახებ.

 პოსტსაბჭოთა ნაციონალისტური სამეცნიერო ნარატივი  მეოცე საუკუნის დასაწყისში ქართველ სოციალისტთა მხრიდან სოციალისტური ხედვებით ნაციონალიზმთან დაპირისპირებას „ქართველი ერის“ ღალატად აფასებს. ქართულ ისტორიოგრაფიაში მეტად ფესვგადგმულია მტკიცება, რომ ქართველ სოციალ-დემოკრატებს და მის ლიდერს ნოე ჟორდანიას „სათანადოდ არ უყვარდა“ ქართველი ერი, არ იცავდა ერის უფლებებს პოლიტიკური ტრიბუნიდან და მთელს მის ენერგიას კლასობრივ საკითხს ახარჯავდა. საუკუნის წინ მისი კამათი ქართული კულტურული ნაციონალიზმის მამამთავრთან ილია ჭავჭავაძესთან კლასობრივ და ეკონომიკურ საკითხებზე, ცალსახად მიჩნეულია მისი მხრიდან ქართველი ერის წინააღმდეგ მოქმედებად.

დასკვნა

სოციალ-დემოკრატიული რესპუბლიკის ქართული მოდელი საუკუნის შემდეგ მივიწყებულია  როგორც საქართველოში, ასევე ევროპულ მემარცხენე მოძრაობაში, რომლისთვისაც  1918-1921 წლების საქართველო მაორიენტირებელ, სოციალური სახელმწიფოს მშენებლობის მოდელს წარმოადგენდა. დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური მემკვიდრეობა მხოლოდ საქართველოს თანამედროვე - ათასჯერ გადარედაქტირებული და ამორფული - კონსტიტუციის პრეამბულაშია გაცხადებული. თუმცა ამავე კონსტიტუციაში მცირე რამეს თუ ვიპოვით დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციით გაცხადებულ ადამიანის სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებთან და სრულ სეკულარიზმთან დაკავშირებით.

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ევროპული სახელმწიფოს მშენებლობის თვალსაზრისით მყარი გამოცდილება და პოლიტიკურ ღირებულებათა ჩარჩო დაუტოვა თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს, თუმცა ამ მოდელის გააზრება და გადაფასება პოლიტიკური სპექტრის და მთლიანად საზოგადოების მხრიდან დამოუკიდებლობის აღდგენიდან მეოთხედ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში არ მომხდარა.

 

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის შეხედულებებს.

 

 

 

[1]Eric Lee, The Georgian Experiment: Georgia's Forgotten Revolution 1918-192, Zed Books, London,  2017.

[2]ქართული სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია ჩამოყალიბების თარიღად 1892 წლის 25 დეკემბრის ყვირილის შეკრება და 1893 წლის თბილისის პირველი სოციალ-დემოკრატიული კონფერენცია მიიჩნევა. 1903 წლიდან ქართული სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციები რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიას შეუერთდა, რსდმპ-ს ფრაქციული გაყოფის შემდეგ მენშევიკურ ფრაქციას მიემხრო.

[3] Jones, Stephen, Socialism in Georgian Colors: The European Road to Social Democracy, 1883-1917. Harvard University Press, 2005.

[4]Karl Kautsky, Georgien, eine Sozialdemokratische Bauernrepublik. Eindrücke und Beobachtungen von Karl Kautsky, Wien, 1921.

[5]1990 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიტინგზე გამოსვლისას, საქართველოს ანტისაბჭოთა დისიდენტური მოძრაობის ლიდერმა, შემდგომში საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მმართველი ძალა სოციალ-დემოკრატიული პარტიის გზა ავაზაკ ბარაბას გზად მოიხსენია. ეს გამოთქმა  ატაცებული იქნა მისი მომხრეების მიერ და დამკვიდრდა საზოგადოებაში.

[6]საბჭოთა პროპაგანდა და პოსტსაბჭოთა ნაციონალისტური რიტორიკა ამ ტერმინით, 1921 წლის მარტში საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს  გადაწყვეტილებითა და მანდატით რესპუბლიკის მთავრობის მიერ საბჭოთა რუსეთთან კაპიტულაციაზე უარის თქმასა და საქართველოს დატოვებას მოიხსენიებს. 

[7]ცალკეულ შემთხვევებში გვიანდელი საბჭოთა პროპაგანდის მიერ შემოტანილი და შემდგომში, 1980-1990-იან წლებში ნაციონალისტების მიერ აღტაცებით მიღებული მტკიცება, თითქოს მეცხრამეტე საუკუნის ყველაზე გამორჩეული ქართველი საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის მკვლელობა 1907 წელს დაკავშირებული იყოს ქართველ სოციალ-დემოკრატებთან.

[8]Woytinsky, Wladimir, La Démocratie Géorgienne,Préface de M. Vandervelde, Alcan-Lévy,Paris,1921.

[9]ადგილობრივ თვითმმართველობებს გადაეცა მნიშვნელოვანი უფლებები და ვალდებულებები, მათ შორის ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, საავადმყოფოების, წისქვილების, მინერალური წყლებისა და სხვა რესურსების მართვა და განკარგვა. თვითმმართველობები აარსებდნენ დაწყებითი საფეხურის ორკლასიან სკოლებსა და ქმნიდნენ სასოფლო ბიბლიოთეკებს. თვითმმართველობებს მიეცათ უფლება სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისა., შექმნეს ხეტყის გადამამუშავებელი ქარხნები, წიქვილები, აბრეშუმის საწარმოები და სხვა. 

[10]Irakli Iremadze, Salome Chanturidze, First Universal Democratic Elections in Independent Georgia. TSU, IFES, CECG, Tbilisi, 2017.

[11]Stephen Jones, Between ideology and pragmatism: social democracy and the economic transition in Georgia 1918-21, in:Caucasus Survey, Vol.1, No.2, April 2014, p. 63-81.

[12]1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოსახლეობის 80 %-ზე მეტს გლეხობა შეადგენდა.

[13]Firuz Kazemzadeh, The struggle for Transcaucasia, 1917-1921, Hyperion Press, New York, 1951. 

[14]კაუცკი  საქართველოში გატარებულ აგრარულ რეფორმაზე  წერდა - „ეს ნამდვილად არ იყო სოციალისტური ნაბიჯი, მაგრამ ის გარდაუვალი გახადა გლეხების ზეწოლამ. ასევე მოსალოდნელი იყო ისიც, რომ მესაკუთრეებად ქცეული გლეხები უფრო კარგად და გონივრულად დაამუშავებდნენ მიწას, ვიდრე მაშინ, როცა უბრალო მოიჯარეებს წარმოადგენდნენ“.

[15]ალექსანდრე ბენდიანიშვილი, საქართველოს პირველი რესპუბლიკა (1918-1921 წწ.), მემატიანე, თბილისი, 2001.

[16] Stephen Jones, „Between ideology and pragmatism: social democracy and the economic transition in Georgia 1918-21“. in:Caucasus Survey, Vol.1, No.2, April 2014, p. 63-81.