ამ წერილის მიზანია, პოსტსაბჭოთა საქართველოს ოთხი ფორმალური და არაფორმალური მმართველობა, გამსახურდიას, შევარდნაძის, სააკაშვილისა და ივანიშვილის, განიხილოს ვერტიკალური საზოგადოებრივი ხელშეკრულების პრიზმაში.
ვერტიკალურ საზოგადოებრივ ხელშეკრულებას აქ განვიხილავ, როგორც არაფორმალურ შეთანხმებას მმართველებსა და ხალხს შორის, რომელიც მოქმედებს ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის მიღმა ან მის პარალელურად და განსხვავდება ჰორიზონტალური საზოგადოებრივი შეთანხმებისაგან მოქალაქეებს შორის. ამ წერილში ვვარაუდობ, რომ ვერტიკალური საზოგადოებრივი ხელშეკრულებების სერია ანაცვლებდა საქართველოს მეორე რესპუბლიკის დაფუძნების წარუმატებელ პროცესს, რომლის დროსაც ვერ მოხერხდა სსრკ-ისაგან მემკვიდრეობით მიღებული ძალაუფლების სტრუქტურის დანგრევა და მის ადგილას ახალი ფორმალური ძალაუფლებრივი ურთიერთობების დამყარება. ასევე ვვარაუდობ, რომ „ვერტიკალური“ საზოგადოებრივი შეთანხმების სერიიდან გამოსვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ „ჰორიზონტალური“ საზოგადოებრივი შეთანხმების მეშვეობით.
რას ნიშნავს საზოგადოებრივი ხელშეკრულება?
საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორიის მეშვეობით ახსნა სხვადასხვა ქვეყნის და დისციპლინის მეცნიერებს არაერთხელ უცდიათ.[1] საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორია ამ კონტექსტში გულისხმობს, როგორც წესი, ე.წ. ვერტიკალურ ხელშეკრულებას, ანუ ხელშეკრულებას მმართველ ძალასა და მართულ ხალხს შორის.[2] ამ თეორიის თანახმად, მმართველი ძალა „ხალხს“, ამომრჩეველს, რომელსაც არ აქვს პირდაპირი გავლენა ქვეყნის პოლიტიკასა და ეკონომიკაზე, მაგრამ არჩევნების გზით ან თუნდაც იმით, რომ ქუჩის პროტესტებს არ აწყობს, მას (მმართველ ძალას) ლეგიტიმურობას ან, როგორც მინიმუმ, სტაბილურობას სძენს, საპასუხოდ კი სთავაზობს, როგორც წესი, შედარებით ეკონომიკურ კეთილდღეობას.[3] ამ დაშვებას თავისი თეორიული ხარვეზები აქვს. ის, რომ ხალხი მზადაა, მეტ-ნაკლები კეთილდღეობის სანაცვლოდ აიტანოს პოლიტიკური დაქვემდებარებულობა, გულისხმობს, რომ სუსტი თუ ძლიერი პოლიტიკური ლეგიტიმაცია ერთმნიშვნელოვნად ეკონომიკურადაა განპირობებული და მას სხვა, მაგ. სიმბოლურ-პოლიტიკური მიზეზები არ გააჩნია. საქართველოს შემთხვევაში ეს დაშვება გაუმართლებელია. მიუხედავად ამისა, საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორია მაინც შეგვიძლია ავიღოთ პოსტსაბჭოთა საქართველოს აღწერის ჩარჩოდ, ოღონდ ერთი დათქმით. გარდა ვერტიკალურისა, საზოგადოებრივი შეთანხმების თეორია იცნობს ჰორიზონტალურ საზოგადოებრივ ხელშეკრულებასაც, რომელიც არის არა მმართველთა ხელშეკრულება მართულებთან, არამედ ადამიანების ან ჯგუფების ხელშეკრულება იმის შესახებ, როგორი უნდა იყოს სახელმწიფო და რა კანონებს უნდა ეფუძნებოდეს ის.[4] სწორედ ჰორიზონტალური ხელშეკრულების არარსებობა ქმნის ვერტიკალური საზოგადოებრივი ხელშეკრულების აუცილებლობას. განვმარტავ:
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 30 წლის თავზე ჰორიზონტალური საზოგადოებრივი ხელშეკრულება არ შემდგარა, შესაბამისად, საქართველო, მიუხედავად ფორმალურად არსებული კონსტიტუციისა, არ არის კონსტიტუირებული სახელმწიფო. ასე ვფიქრობ ჰანა არენდტის რევოლუციურ თეორიაზე დაყრდნობით.
ჰანა არენდტი წიგნში „რევოლუციის შესახებ“ რევოლუციის მიზანს განმარტავს, როგორც თავისუფლების დაფუძნებას (რესპუბლიკის ფორმით).[5] საბჭოთა კავშირის დანგრევა, რევოლუციის ეკვივალენტურ მოვლენად შეგვიძლია მივიჩნიოთ სამართალწესრიგის შეცვლისა და ახალი სახელმწიფოების გაჩენის თვალსაზრისით. ტრანსფორმაციის პროცესი, რომელიც დაიწყო საბჭოთა კავშირის ნგრევით, საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკებისათვის (ბალტიის რესპუბლიკების გარდა) არ დასრულებულა. არენდტის რევოლუციის პარალელი რომ გავაგრძელოთ, ისინი პერმანენტული ტრანსფორმაციის ფაზაში იმყოფებიან, მაგრამ ვერ ახერხებენ დაფუძნებას იმ თვალსაზრისით, რომ ძალაუფლების განაწილების და გადაცემის მექანიზმები მოაქციონ კანონის და არა არაფორმალური, კანონსმიღმა გარიგებების ჩარჩოში.[6] ერთი მხრივ, სწორედ კონსტიტუირების (ჰორიზონტალური საზოგადოებრივი ხელშეკრულების დადების) უუნარობაა პერმანენტული ტრანსფორმაციის მიზეზი. მეორე მხრივ, სწორედ კონსტიტუირების შეუძლებლობის გამო ფორმალურ კონსტიტუციურ ურთიერთობებს ანაცვლებს არაფორმალური ურთიერთობების ქსელი. აცდენის ხარისხი ფორმალურ კონსტიტუციასა და არაფორმალურ წესრიგს შორის შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ პოსტსაბჭოთა საქართველოსათვის დამახასიათებელია, რომ ეს აცდენა მისთვის ფუძემდებლურია. არაკონსტიტუციური, არაფორმალური ურთიერთობების ერთ-ერთ ფორმად სწორედ ვერტიკალური საზოგადოებრივი ხელშეკრულება შეიძლება მივიჩნიოთ.
მემკვიდრეობით მიღებული ძალაუფლების სტრუქტურა
პოსტსაბჭოთა საქართველოში არც საბჭოთა კავშირის დანგრევამდე და არც მის შემდეგ არ გამართულა ფართო საზოგადოებრივი განხილვა იმის შესახებ, თუ როგორი სახელმწიფო უნდა ყოფილიყო საქართველო საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ. ეროვნული მოძრაობის პოლიტიკური აზრი კი არ იწყებოდა, მთავრდებოდა საბჭოთა კავშირის დანგრევით და საქართველოს დამოუკიდებლობით.[7] ერთი მხრივ, მკაფიო წარმოდგენის უქონლობა იმ ძალის მხრიდან, რომელმაც 1989 წლის შემდეგ ფაქტობრივად და 1990 წლიდან სამართლებრივადაც დაიწყო საქართველოს მართვა, მეორე მხრივ კი, ამ ძალის უუნარობა, უზრუნველეყო მომავალი საქართველოს ფორმისა და შინაარსის ფართო განხილვა, იმაშიც აისახა, რომ გარდამავალ პერიოდშიც და შემდეგაც არ ყოფილა ბოლომდე გარკვეული, რა სახელმწიფოა საქართველო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) ადგილმონაცვლე და სამართალმემკვიდრე თუ ახალი სახელმწიფო, რომელიც წარმოიქმნა საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად.[8]
სდრ-ის კონსტიტუცია ხანგრძლივი და ინტენსიური განხილვის შედეგი იყო. ნოე ჟორდანია კონსტიტუციას ადარებდა ტანსაცმელს, რომელიც უნდა მორგებოდა ახალ პოლიტიკურ სხეულს. იმ დროისათვის საკმაოდ მოწინავე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია არა მარტო თანასწორობისა და თავისუფლების იდეების თვალსაზრისით იყო მოწინავე, არამედ ქმნიდა ძალაუფლების ისეთ არქიტექტურას, რომელიც ცენტრალურ მნიშვნელობას ანიჭებდა ადგილობრივ თვითმმართველობებსა და პარლამენტს და არ აძლევდა აღმასრულებელ ხელისუფლებას მათი ძალაუფლების მითვისების შესაძლებლობას.
მეორე, დღევანდელი რესპუბლიკა არა მარტო სამართლებრივად იყო საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად გაჩენილი სახელმწიფო, მასში არა მარტო საბჭოთა კანონმდებლობა მოქმედებდა (რამდენიმე, ძირითადად სიმბოლური შესწორებით), არამედ, უცვლელი დარჩა ძალაუფლების არქიტექტურა: ხელისუფლების სტრუქტურა და ძალაუფლების განაწილება, რომელიც არ შეცვლილა საქართველოს დამოუკიდებლობიდან დღემდე. სავალალო ისიც იყო, რომ ძალაუფლების სტრუქტურა არათუ უცვლელი დარჩა, მისი ცვლილების შესახებ საკითხი არც კი დასმულა და განხილულა. რაიკომის მდივნებისათვის პრეფექტების დარქმევამ მხოლოდ ძალაუფლების ფასადი თუ შეცვალა, მაგრამ მისი პრინციპი არ შეუცვლია. დემოკრატიის ფასადურობა საქართველოში პირველ რიგში სწორედ ამ ძალაუფლების პრინციპის მემკვიდრეობითობას ნიშნავს საბჭოთა კავშირის დროიდან, მიუხედავად იმისა, რომ მას გარეგნულად ნიღბავენ დემოკრატიული ინსტიტუტები, რომლებსაც არ გააჩნიათ რეალური ძალაუფლება.
მრავალრიცხოვანი რეფორმის, სამი კონსტიტუციის, საპრეზიდენტოდან საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლის მიუხედავად, ძალაუფლების სტრუქტურა საქართველოში არ შეცვლილა: ესაა ერთპარტიული ავტოკრატია (მეტად ან ნაკლებად გამოხატული ფორმალური ან არაფორმალური ლიდერით), რომელიც აკონტროლებს ძალაუფლების ყველა შტოს, მედიასა და ბიზნესს. ფასადურ დემოკრატიებში დემოკრატიული ფორმა გარეგნულად დაცულია, მაგრამ მასში არ დევს დემოკრატიის შინაარსი: ამომრჩევლის სუვერენულობა. ამომრჩეველი არ ირჩევს პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მას წარმოადგენს და მის ინტერესებს გამოხატავს. ის ლეგიტიმაციას აძლევს მმართველს. ამომრჩეველი არ არის პოლიტიკის სუბიექტი, ის მართვის ობიექტია. მისი მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში მინიმალურ, რიტუალურ ფუნქციამდეა დაყვანილი.
ძალაუფლების ამგვარ სტრუქტურას ემსახურება ქვეყნის ცენტრალისტური მოწყობა: თუ საქართველოს მოსახლეობა ძირითადად გამოთიშულია პოლიტიკური ცხოვრებიდან, ეს გათიშულობა „რეგიონებში“ უფრო თვალსაჩინოა, ვიდრე თბილისში. ავტოკრატია მიდრეკილია ვერტიკალური ცენტრალიზმისკენ, რომელიც მას მართვას უადვილებს.
სწორედ ამ დაუფუძნებლობიდან გამომდინარე, იმის გამო, რომ ჰორიზონტალური საზოგადოებრივი ხელშეკრულება, ანუ რეალური კონსტიტუირება არ მომხდარა, შეგვიძლია საქართველოს პოსტსაბჭოთა ისტორია წავიკითხოთ, როგორც მეტ-ნაკლებად წარმატებულ ვერტიკალურ საზოგადოებრივ ხელშეკრულებათა სერია.
გამსახურდიას საზოგადოებრივი ხელშეკრულება: დამოუკიდებლობა
პირველი საზოგადოებრივი ხელშეკრულება, რომელიც შეგვიძლია პრეზიდენტ გამსახურდიას მივაწეროთ, იყო საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობა. დამოუკიდებლობა იყო თავისთავადი ჯილდო, მასში არ იგულისხმებოდა რამე სხვა, გარდა თვითკმარობისა. დამოუკიდებლობა უფრო რაღაცის, კონკრეტულად კი, საბჭოთა პერიოდის და მისი თანამდევი არათავისუფლების დასასრული იყო, ვიდრე რამე ახლის დასაწყისი. „ნება ქართველი ხალხისა“, რომელიც მან რეფერენდუმში გამოხატა, კი აღსრულდა და ქართველი ხალხი ფორმალურად სუვერენი კი გახდა, მაგრამ მისი ფორმალური სუვერენობა უნდა გადათარგმნილიყო პოლიტიკურ და ეკონომიკურ უფლებებში. „ხალხის“ მხრიდან ამ ხელშეკრულებაში მონაწილეობის გამომხატველი იყო განწყობა „ვიშიმშილებთ, ოღონდ დამოუკიდებლები ვიყოთ“. იმის ნაცვლად, რომ საქართველოში დაწყებულიყო საზოგადოებრივი განხილვა ქვეყნის მომავალი მოწყობის შესახებ, საქართველოს პირველი პრეზიდენტიც და მისი ოპოზიციაც პოლარიზაციის სპირალში ჩაერთნენ. გამსახურდიას ყველაზე მნიშვნელოვან შეცდომებს შორის ისიც იყო, რომ „საზოგადოებრივი ხელშეკრულება“ პირველ რიგში ეთნიკურ ქართველებს მოიცავდა. საქართველო გამსახურდიასთვის, უპირველეს ყოვლისა, ეთნიკური ქართველების სახელმწიფო იყო, რომელშიც სხვა ეროვნების წარმომადგენლების ადგილი და მომავალი არათუ მკაფიოდ არ იყო განსაზღვრული, არამედ საშიშიც კი გახდა. გამსახურდიამ (ისევე, როგორც მის შემდეგ ვერცერთმა სახელმწიფოს მეთაურმა) და მისმა მთავრობამ ვერ მოახერხეს, საქართველოს ეთნიკური უმცირესობებისათვის შეეთავაზებინათ სახელმწიფოებრიობის ისეთი მოდელი, რომელიც მათ თანასწორუფლებიან პირობებში ჩააყენებდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში პოპულარული დისკურსი და სამეცნიერო დისკურსის ნაწილიც აფხაზეთისა და ოსეთის კონფლიქტებში ძირითადად კრემლის ხელს ხედავს, აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ უმცირესობები საკუთრივ ქართული „საზოგადოებრივი ხელშეკრულების“ ნაწილი არ გამხდარან.
ორმხრივი პოლარიზაცია, როგორც საქართველოს მთავრობის, ისე, ერთი მხრივ, ეთნიკური უმცირესობების და, მეორე მხრივ, ოპოზიციის მხრიდან, იმის სიმპტომი იყო, რომ დამოუკიდებლობა საკმარისი არ არის, რომ მთავარი დამოუკიდებლობის შემდეგ ძალაუფლების გადანაწილებაა როგორც პოლიტიკური სპექტრის შიგნით, ასევე ქვეყნის ადმინისტრაციული და ტერიტორიული მოწყობის თვალსაზრისით.
საქართველოს მთავრობა, იმხანად, ისევე როგორც შემდეგ, არ თანხმდებოდა ძალაუფლების გადანაწილებას და პრეტენზიას აცხადებდა სრულ ძალაუფლებაზე, ფაქტობრივად საბჭოთა მოდელით: მმართველ პარტიას ხელთ ეპყრა ფაქტობრივად დაუნაწილებელი ხელისუფლების შტოებად და ცენტრალისტური „ხელისუფლება“. ოპოზიცია გამოცხადებული იყო მტრად, ხოლო „რეგიონებს“ თავიანთი ძალაუფლება არ გააჩნდათ, ისინი იყვნენ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გამოკლებით, თუმცა, 2005 წლის შემდეგ აჭარაც, ავტონომიური სტატუსის მიუხედავად, ისევე იმართება, როგორც დანარჩენი საქართველო).
საქართველოს დაუფუძნებლობის ყველაზე რადიკალური გამოხატულება გახდა სამოქალაქო ომები ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში, თბილისსა და აფხაზეთში 1991-1993 წლებში. იქ, სადაც ძალაუფლების გადანაწილების კანონიერი მექანიზმები არ იყო, ეს გადანაწილება ძალით მოხდა. 1991-92 წლების შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ საქართველოში ფაქტობრივად არ მუშაობდა სახელმწიფო ინსტიტუტები და ქვეყანაში დაისადგურა პოლიტიკურმა და სამართლებრივმა განუკითხაობამ, ჩამოიქცა ეკონომიკა. ამ ომებიდან საქართველო გამოვიდა ორი ავტონომიის გარეშე და სრულიად გაპარტახებული ეკონომიკით.
შევარდნაძის საზოგადოებრივი ხელშეკრულება: სტაბილურობა და საერთაშორისო აღიარება
საზოგადოებრივი ხელშეკრულების შემდეგი მცდელობა ედუარდ შევარდნაძეს უკავშირდება. შევარდნაძემ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას დემოკრატიული ფასადი შეუქმნა, ფაქტობრივად კიდევ უფრო გაამყარა ერთპარტიული ავტოკრატიის სტრუქტურა, რომელიც საქართველოს საბჭოთა კავშირისაგან ერგო წილად. კონკრეტული ინსტიტუციური ნაბიჯებები, მაგ. საარჩევნო ბარიერის გაზრდა, ემსახურებოდა ერთპარტიული ძალაუფლების კონსოლიდაციას, ხოლო გუბერნატორების ინსტიტუტის შემოღება – ცენტრალიზმის განმტკიცებას. თუკი გამსახურდიას დაპირებად დამოუკიდებლობა შეიძლება მივიჩნიოთ, შევარდნაძის დაპირება იყო სტაბილურობა და საერთაშორისო აღიარება.
შევარდნაძის მთავრობის მთავარ ფორმალურ მონაპოვრად, საქართველოს საერთაშორისო აღიარებასთან ერთად, შეიძლება 1995 წლის კონსტიტუცია და ეროვნული ვალუტის შექმნა მივიჩნიოთ. თუმცა, 1995 წლის კონსტიტუცია არ ყოფილა ფართო კონსენსუსის შედეგი და მისი ნაწილები არსებული მთავრობის ხელში ძალაუფლების კონსოლიდაციას უფრო ემსახურებოდა, ვიდრე საზოგადოების ჰეტეროგენული ჯგუფების ინტერესების გათვალისწინებას.[9]
ძალაუფლების გადანაწილების თვალსაზრისით შევარდნაძე დაადგა იმ გზას, რომელსაც არ, ან ვერ, დაადგა გამსახურდია. თუკი ვერტიკალური საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორია მმართველი გუნდის ხელშეკრულებას გულისხმობს მართულ ხალხთან, საქართველოში შეგვიძლია ამ ხელშეკრულების მოდიფიკაციაზე ვილაპარაკოთ იმ თვალსაზრისით, რომ მან „ხელშეკრულება“ „ხალხთან“ კი არ დადო, არამედ გარკვეულ ჯგუფებთან: ძველ, ნომენკლატურულ ინტელიგენციასთან, ყოფილ პარტიულ ნომენკლატურასთან, ბიზნესმენებად გარდაქმნილ ყოფილ საბჭოთა წითელ დირექტორებსა და ჩრდილოვანი ეკონომიკის წარმომადგენლებთან და, ასევე, საპატრიარქოსთან. ეს ჯგუფები, სხვადასხვა დოზით იყვნენ შუამავალნი ხელისუფლებას, რომელიც ინარჩუნებდა პოლიციური სახელმწიფოს სტრუქტურას, და ხალხს შორის. ინტელიგენცია და საპატრიარქო სიმბოლური კაპიტალის თვალსაზრისით ადგილებს ცვლიდნენ: ინტელიგენციის სიმბოლური კაპიტალი კლებულობდა, საპატრიარქოსი კი განუხრელად იზრდებოდა. ეკონომიკა ჯერ კიდევ მთლიანად ექვემდებარებოდა ხელისუფლებას და არ იყო დამოუკიდებელი.
შევარდნაძემ გზა გაუხსნა ეკლესიის უკიდურეს გაძლიერებას. შერყეული ლეგიტიმაციის გასაძლიერებლად შევარდნაძემ 1995 წლის კონსტიტუციაში ჩანაწერით ეკლესიას შეუქმნა ჯერ სიმბოლური მნიშვნელობა, შემდეგ კი დადო მასთან საკონსტიტუციო შეთანხმება, რომელმაც მართლმადიდებელი ეკლესია და საპატრიარქო ფაქტობრივად რელიგიურ მონოპოლისტად აქცია საქართველოში და მას ფინანსური და სიმბოლური კაპიტალის დაგროვების შეუზღუდავი გზები გაუხსნა.
შევარდნაძემ მხოლოდ ნაწილობრივ შეძლო შეესრულებინა საზოგადოებრივი ხელშეკრულების თავისი ნაწილი. საქართველო გახდა საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო, შევარდნაძემ დაიწყო საქართველოს ინტეგრაციის პროცესი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. მისი საგარეო პოლიტიკის პრინციპები, გარეგნულად მაინც, მოქმედებს დღემდე. შიდაპოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტა შევარდნაძემ ვერ შეძლო. მართალია, აღდგა სახელმწიფო მონოპოლია ძალის გამოყენებაზე, მაგრამ ვერ გადაწყდა დამნაშავეობის პრობლემა, ძალმომრეობის თვალსაზრისით კი ქუჩის ძალადობა პოლიციურმა ძალადობამ ჩაანაცვლა. 1998 წლის კრიზისმა შეწყვიტა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროცესი. შევარდნაძის მეორე საპრეზიდენტო ვადისათვის დამახასიათებელი იყო სტაგნაცია და ტოტალური კორუფცია.[10]
სააკაშვილის საზოგადოებრივი ხელშეკრულება: სწრაფი მოდერნიზაცია და სახელმწიფოებრივი გამთლიანება
„მოქალაქეთა კავშირის“ ახალგაზრდული და დემოკრატიული ფრთა ხალხს სწორედ, პირველ რიგში, კორუფციის დამარცხებას და საქართველოს მოდერნიზაციას ჰპირდებოდა. დაპირებათა უფრო კონკრეტულ ნუსხაზე წარმოდგენა რომ შევიძინოთ, უნდა ვნახოთ დოკუმენტი „ათი ნაბიჯი თავისუფლებისაკენ“, სადაც ახალგაზრდა რეფორმატორთა პროგრამა იყო ჩამოყალიბებული და მოიცავდა ისეთ განსხვავებულ საკითხებს, როგორიც იყო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და კანონის მიღება პრესისა და მედიის თავისუფლების შესახებ, საბჭოთა მმართველობის სისტემის დამთავრება და საპენსიო დავალიანებების გაცემა, უკანონოდ მოპოვებული ქონების ჩამორთმევა და საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის დამოუკიდებლობის მინიჭება.[11] სახელმწიფოდან, რომელიც ვერ ახერხებდა ხელფასებისა და პენსიების გადახდას და კორუფციის ჭაობში ჩაშვებულიყო, საქართველო უნდა გადაქცეულიყო თანამედროვე, მოწინავე, ნატოს (და ევროკავშირის) წევრ სახელმწიფოდ.
ისევე, როგორც შევარდნაძემ, სააკაშვილმა დანაპირების მხოლოდ ნაწილის შესრულება შეძლო. წარმატებული სექტორული რეფორმების მიუხედავად: კორუფციის აღმოფხვრა, სამოქალაქო სამსახურების გამარტივება, პოლიციის რეფორმა, ვარდების რევოლუციის მესვეურებმა ხელიდან გაუშვეს საქართველოს თავიდან დაფუძნების ისტორიული შანსი: მათაც, მიუხედავად კონსტიტუციური რეფორმისა, უცვლელი დატოვეს ძალაუფლების სტრუქტურა. სააკაშვილის საკონსტიტუციო რეფორმაც მიმდინარეობდა არა საჯარო განხილვის და საზოგადოებრივი სიკეთის მნიშვნელობით, არამედ, აქაც, მისი მიზანი იყო ძალაუფლების შენარჩუნება მმართველი ძალის ხელში.[12] სააკაშვილმა ვერ მოახერხა შეესრულებინა დაპირების მეორე კომპონენტიც: საქართველოს გაერთიანება.
სააკაშვილის პრეზიდენტობის შემთხვევაში შეგვიძლია „საზოგადოებრივი ხელშეკრულების“ ყველზე კონვენციურ მოდელზე ვილაპარაკოთ: ძალაუფლება კეთილდღეობის ნაცვლად. „სინგაპურიზაციის“ მოდელი, რომლის პროპაგირებასაც საქართველოს მთავრობა ცდილობდა, ნიშნავდა სწრაფ ეკონომიკურ აღმავლობას ფაქტობრივად მრავალწლიანი ერთპარტიული ავტორიტარიზმის პირობებში. ამომრჩეველს ნდობა უნდა გამოეცხადებინა მთავრობისათვის, უარი ეთქვა საკუთარ პოლიტიკურ და ეკონომიკურ უფლებებზე და საპასუხოდ მიეღო სწრაფი მოდერნიზაცია და კეთილდღეობა.
ამბიციური ინფრასტრუქტურული რეფორმებისათვის სააკაშვილის მთავრობას სჭირდებოდა ფინანსური რესურსები, რომლის აკუმულირება ქვეყანას თავისით არ შეეძლო. ამ დანაკლისის შესავსებად სააკაშვილის მთავრობამ რამდენიმე გზა აირჩია: ერთი იყო დერეგულაციის გზა, რომელსაც მაქსიმალურად უნდა გაეადვილებინა საქართველოში ბიზნესის კეთება და მოეზიდა უცხოური ინვესტიციები (ამ პოლიტიკის წაგებული მხარე დასაქმებულები და მომხმარებლები გახდნენ, რომლებსაც ფაქტობრივად არანაირი სამართლებრივი მექანიზმი აღარ იცავდა), მსხვილ, ძირითადად რუსეთში მყოფ ქართული წარმოშობის ბიზნესმენებთან არაფორმალური გარიგებების გზა და ბიზნესის არაფორმალური დაბეგვრის გზა. ბიზნესის არაფორმალური დაბეგვრის მექანიზმი ვარდების რევოლუციის პირველივე დღეებიდანვე ამოქმედდა, ოღონდ პირველ ეტაპზე ამას ჰქონდა უკანონოდ მოპოვებული ქონების „სახელმწიფოსთვის დაბრუნების“ ფორმა, თუმცა ამის სამართლებრივი ჩარჩო არასოდეს არსებულა. ლადო პაპავა სააკაშვილის ეკონომიკურ პოლიტიკას ნეოლიბერალიზმის და ნეობოლშევიზმის ნაზავად მოიხსენიებდა სწორედ დერეგულაციის და ექსპროპრიაციის ნაზავის გამო.[13]
სააკაშვილის მთავრობამაც გააგრძელა შევარდნაძის გზა, იმდენად, რამდენადაც ისიც შეეცადა გარიგებოდა მნიშვნელოვან საზოგადოებრივ მოთამაშეებს, პირველ რიგში – ბიზნესსა და ეკლესიას. ორივესთან გარიგება უშედეგო აღმოჩნდა და ახალი ძლიერი პოლიტიკური კონკურენტის გამოჩენისთანავე ერთმაც და მეორემაც სააკაშვილს ზურგი აქცია.
ივანიშვილის საზოგადოებრივი ხელშეკრულება: „ღირსების აღდგენიდან“ ახალ „უძრაობამდე“
2000-იანი წლების ბოლოსა და 2010 წლების დასაწყისის საქართველოს სიახლე ის იყო, რომ სააკაშვილის ფაქტობრივ ოპოზიციას ორი ოლიგარქი წარმოადგენდა: ბადრი პატარკაციშვილი და ბიძინა ივანიშვილი. პოლიტიკური ოპოზიცია სწორედ დიდი კაპიტალის გარშემო შეიკრიბა და მის გარეშე ძნელი წარმოსადგენია, წარმატებისთვის მიეღწია. თუ პირველი ოლიგარქის დაპირისპირება სააკაშვილის მთავრობასთან წარუმატებლად დამთავრდა, ივანიშვილმა შეძლო პატარკაციშვილის შეცდომების გათვალისწინებაც და შექმნა კოალიცია, რომელშიც მონაწილეობდა ბიზნესი და საპატრიარქო. ივანიშვილის საარჩევნო დაპირებების დიდ პაკეტში იყო სოციალური პოლიტიკა (პარტია „ქართულ ოცნებას“ თითქოს სოციალ-დემოკრატიული ორიენტაცია ჰქონდა, განსხვავებით სააკაშვილის მემარჯვენე-ლიბერალური ორიენტაციისა), სწრაფი კეთილდღეობა ყველასათვის, დასაქმება, მაგრამ მთავარი დაპირება იდეოლოგიური იყო: ივანიშვილის პროპაგანდამ არა მარტო შეძლო, წარმოეჩინა სააკაშვილი სისხლისმსმელ ტირანად, არამედ პარადიგმატულ ანტიქართველად, რომელსაც საქართველოს გადაგვარება და ქართველებისთვის ქართველობის, ტრადიციების, სარწმუნოების წართმევა უნდოდა. ივანიშვილის კონტრაქტი საზოგადოებასთან, დიდწილად ნეგატიური იყო და ემყარებოდა იმას, რომ ივანიშვილს და მის მიერ დანიშნულ მთავრობას ქართველი ამომრჩეველი აიტანს ერთი, სააკაშვილის არდაბრუნების, პირობით.
მალევე გამოჩნდა, რომ ივანიშვილი არც სოციალური პოლიტიკის კუთხით აპირებდა რამის შეცვლას და ვერც დაპირებულ კეთილდღეობას უზრუნველყოფდა. პირველი ხელშეკრულებიდან დარჩა მხოლოდ მისი იდეოლოგიური ნაწილი.
ივანიშვილის იდეოლოგიურ პაკეტში, ერთი მხრივ, სოციალ-დემოკრატიული ორიენტაცია იყო (ხალხი vs ელიტა), მეორე მხრივ კი, ფსევდოკონსერვატიული იდეოლოგია: ფსევდოკონსერვატიული იმდენად, რამდენადაც ის რაიმე არსებული ღირებულებების შენარჩუნებაზე კი არ იყო დამყარებული, არამედ 2000-იან წლებში, განსაკუთრებით ეკლესიის გავლენით ჩამოყალიბებულ ქართველობის ეთნორელიგიურ ხატზე, რომლის შემადგენელი ნაწილებიც იყო ანტიდასავლური აფექტი (დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და განსაკუთრებით უმცირესობათა დაცვის მიუღებლობა), მიზოგინია, ჰომოფობია და რელიგიური და ეთნიკური ქსენოფობია და ემყარებოდა წარმოდგენას, რომ ქართველი მართლმადიდებელი მამაკაცი, ყოველ შემთხვევაში, საქართველოს სოციალურ იერარქიაში, ყველა დანარჩენზე მაღლა დგას. 2021 წლის 5 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა პირდაპირ გამოაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ სწორედაც ამ წარმოსახვით უმრავლესობას წარმოადგენს და უმცირესობების უფლებები ვერ იქნებოდა დაცული და გარანტირებული იმ შემთხვევაში, თუ ამას არ მოისურვებდა უმრავლესობა.[14] ქართველების ნაწილისათვის მიმზიდველი აღმოჩნდა სიმბოლური ძალაუფლება, დაედგინა, ვის და რა ფერის ტანსაცმლით შეუძლია გაიაროს რუსთაველის გამზირზე იმის სანაცვლოდ, რომ ოლიგარქიული რეჟიმისათვის დაეთმო საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური უფლებები.
თუ სააკაშვილის მთავრობა, მიუხედავად მსხვილი ბიზნესის ხელშემწყობი კანონმდებლობის მიღებისა, ჯერ კიდევ არ წარმოადგენდა მსხვილ ბურჟუაზიას, უფრო სწორად, ოლიგარქთა ფენას, არამედ პირიქით, პარტია ცდილობდა გაეკონტროლებინა ბიზნესი, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში როლები შეიცვალა და საქართველო იხრება ოლიგარქიისაკენ, რომელიც საკუთარი პარტიის („ქართული ოცნება“) მეშვეობით აკონტროლებს სახელმწიფო რეპრესიულ აპარატს და გარიგებულია იდეოლოგიური სახელმწიფო აპარატის ყველაზე გავლენიან ნაწილთან (საპატრიარქო).[15] საზოგადოებრივი ხელშეკრულების ბაზა, ერთი მხრივ, მცირდება, მეორე მხრივ კი, სტაბილური ხდება: ქართველი ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილისათვის კომფორტული, ან, ყოველ შემთხვევაში, ასატანი აღმოჩნდა სტაგნაცია, რომელიც მას არაფერს აძლევს, მაგრამ, სამაგიეროდ, მისგანაც არაფერს მოითხოვს, შედარებით ფორსირებულ მოდერნიზაციასთან, რომელიც მისგან ამა თუ იმ ფორმით თანამონაწილეობას მოითხოვდა, ოღონდ მისი სურვილებისა და ინტერესების გაუთვალისწინებლად.
სწორედ ამ საბჭოთა უძრაობის პოსტსაბჭოთა ვერსია არის ივანიშვილის რეჟიმის ძირითადი რესურსი და მისი განახლებული „საზოგადოებრივი ხელშეკრულების“ შინაარსი. ოლიგარქიას ეძლევა გამდიდრების საშუალება, ის აკონტროლებს სახელმწიფოს საკუთარი პარტიის მეშვეობით, საპასუხოდ კი დისკომფორტს არ უქმნის საქართველოს მოსახლეობის ყველაზე ინერტულ ნაწილს.
პირველად პოსტსაბჭოთა ისტორიაში, საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას უპირისპირდება არა ახალი მოძრაობა ახალი იდეებითა და დაპირებებით, არამედ ყოფილი მმართველი პარტია. ორივე პარტია ამომრჩევლისგან ითხოვს მონაწილეობას თითქმის ესქატოლოგიურად დახატულ ბრძოლაში სიკეთესა და ბოროტებას შორის, ორივე პარტიას ჰყავს ამომრჩეველთა მეტ-ნაკლებად სტაბილური ბაზა, რომელიც შეუძლებელს ხდის ისეთ სოციალურ შეთანხმებებს, როგორიც აქამდე იყო შესაძლებელი.
ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველო განწირული იქნება, ციკლურად გაიმეოროს ავტორიტარიზმის და დემოკრატიზაციის ფაზები, თუ დამოუკიდებლობიდან 30 წლის თავზე არ გადადგამს გადამწყვეტ ნაბიჯს და ამჯერად ჰორიზონტალური საზოგადოებრივი ხელშეკრულების გზით, ფართო საზოგადოებრივი განხილვების შემდეგ არ დაფუძნდება ახალ სახელმწიფოდ, რომელიც, ამჯერად, მთლიანად დაანგრევს საბჭოთა ძალაუფლებრივი არქიტექტურის ნაშთებს და შეძლებს პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლებისა და თანასწორობისათვის საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის შეხედულებებს.
[1] Linda J. Cook, The Soviet Social Contract and why it failed. Welfare Policy and Workers’ Politics from Brezhnev to Yeltsin, Harward UP 1993; Sarah Ashwin, “Endless Patience: Explaining Soviet and Post-Soviet Social Stability.” Communist and Post-Communist Studies 31, no. 2 (June 1998): 187–98; Aлександр Азуан, Общественный договор и гражданское общество, Мир России, 2005, Т. 14 N 3, 3-18; Samuel A. Green, Citizenship and the Social Contract in Post-Soviet Russia, in Demokratizatsiya, 20.2 (2012) 133-140; Samuel A. Green, From Boom to Bust: Hardship, Mobilization & Russia’s Social Contract, In: Daedalus, 146,2 (2017), 113-127.
[2] ვერტიკალური და ჰორიზონტალური საზოგადოებრივი ხელშეკრულებები პირველად თომას ჰობსმა განასხვავა „ლევიათანში“. ეს განსხვავება გამოყენებული აქვს ჰანა არენდტს წიგნში „რევოლუციის შესახებ“, სადაც ამბობს, რომ ორივე ხელშეკრულება ურთიერთგამომრიცხავია. Hannah Arendt, On Revolution, London 2006, 161.
[3] მაგ. Timothy J. Colton and Henry E. Hale. 2009. “The Putin Vote: Presidential Electorates in a Hybrid Regime.” Slavic Review 68(3): 473-503; Daniel Treisman. 2011. “Presidential Popularity in a Hybrid Regime: Russia under Yeltsin and Putin.” American Journal of Po- litical Science 55(3): 590-609.
[4] Arendt, On Revolution, 161.
[5] იქვე, 132, 133.
[6] იქვე, 135.
[7] ლევან ბერძენიშვილი, „წმინდა წყვდიადი“, თბილისი 2010, ზაალ ანდრონიკაშვილი და გიორგი მაისურაძე, საქართველო 1990: დამოუკიდებლობის ფილოლოგემა ანუ გაუაზრებელი გამოცდილება, შთაბეჭდილება N1, ივლისი-აგვისტო 2008, 12-21.
[8] ნოდარ თოფურიძე, საქართველოს საერთაშორისო სამართლის სუბიექტობა, თბილისი 2015, 224 passim.
[9] იგივე შეიძლება ითქვას შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებებზეც, ამიტომ აქვე დავიმოწმებ ლიტერატურას კონსტიტუციის შემდეგი ცვლილებების შესახებაც: იხ. გიორგი მელაძე, კარლო გოდოლაძე, „კონსტიტუცია ყველასათვის“ თუ „მცირერიცხოვან რჩეულთათვის“ - კონსტიტუციის შექმნის პრობლემები საქართველოში, საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა VIII, თბილისი 2015, 24-33, URL: https://conlaw.iliauni.edu.ge/sakonstitutsio-samarthli-7/ (ბოლო ნახვა 03.10.2021). იხ. აგრეთვე ვახტანგ ნაცვლიშვილი, დავით ზედელაშვილი, საქართველოს კონსტიტუცია 20 წლის შემდეგ, თბილისი 2016; კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ: Marina Muskhelishvili, Constitutional Changes in Georgia, in: Armineh Arakelian, Ghia Nodia, Constitutional/Political Reform Process in Georgia, Armenia and Azerbaijan: Political Elite and Voices of the People, Tbilisi 2005; ვახუშტი მენაბდე, „საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვა. რა უზრუნველყოფს უზენაესი კანონის ლეგიტიმურობას“ კრებულში: გია ნოდია, დავით აფრასიძე, საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოში. სტატიების კრებული, თბილისი 2013, 116-135; დავით ზედელაშვილი, „კონსტიტუციის გადასინჯვა საქართველოში: უმრავლესობის ვნებები და კონსტიტუციური წესრიგი“ კრებულში: გია ნოდია, დავით აფრასიძე, საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოში. სტატიების კრებული, თბილისი 2013, 136-178.
[10] Vladimir Papava, Economic Achievements of Postrevolutionary Georgia. Problems of Economic Transition, 56(2) (2013)., pp. 51-65.
[11] გიგი თევზაძე, კახა ლომაია, ლევან რამიშვილი, ათი ნაბიჯი თავისუფლებისაკენ, ბროშურა „კმარა, იმიტომ რომ მე მიყვარს საქართველო“, თბილისი 2003, URL: https://el.ge/articles/36949 (ბოლო ნახვა: 03.10.2021).
[12] იხ. სქოლიო 9.
[13] Vladimir Papava, Economic Achievements of Postrevolutionary Georgia. Problems of Economic Transition, 56(2) (2013), pp. 51-65.
[14] URL: https://www.radiotavisupleba.ge/a/31354085.html (ბოლო ნახვა: 03.10.2021).
[15] ვსარგებლობ ლუი ალტუსერის „იდეოლოგიური სახელმწიფო აპარატის“ ცნებით. Louis Althusser, Ideologie und ideologische Staatsapparate, Hamburg 2010.