
პრესის თავისუფლება სამხრეთ კავკასიაში ბოლო წლების განმავლობაში გაუარესდა. აზერბაიჯანის პარლამენტმა დაამტკიცა მედიის ახალი კანონი, რომელიც ზღუდავს უცხოური მედიის მუშაობას და აკონტროლებს ჟურნალისტების აკრედიტაციას. სომხეთის მთავრობას აკრიტიკებენ მედიაზე პოლიტიკური ძალაუფლების გავრცელების და ასევე დეზინფორმაციასთან ბრძოლის საეჭვო მეთოდების გამოყენებაში. საქართველოში დამოუკიდებელ მედიას და ოპოზიციურ ჟურნალისტებს სახელმწიფოს ჩარევასთან, სარეკლამო ზეწოლასა და ქუჩის ძალადობასთან უწევთ გამკლავება. 2021 წლის ივლისში თბილისში დაგეგმილი ლგბტქი+ ღირსების მარშის დროს ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმები ასახავს დამოუკიდებელი მედიის უსაფრთხოების არასტაბილურ მდგომარეობას და მემარჯვენე ჯგუფების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებას. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ ვერ დაიცვა ჟურნალისტები 5 ივლისის მოვლენების დროს, საქართველოს ხელისუფლება მუდმივად ახორციელებს ზეწოლას დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე და ცდილობს კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების დისკრედიტაციას.
თავისუფალი ჟურნალისტიკის სივრცის შემცირების ფონზე, პროექტი მხარს უჭერს ნეტგაზეთს, ცნობილ და პოპულარულ მედიასაშუალებას, რომელიც მუდმივად აშუქებს სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოვლენებს მაღალი ჟურნალისტური სტანდარტების დაცვით. ნეტგაზეთი გამოირჩევა მისი მიუკერძოებელი, კარგად დაბალანსებული გაშუქებით, რაც განსაკუთრებით გამოჩნდა 2020 წლის ყარაბაღის ომის დროს და ასევე იმ სტატიებით, რომლებსაც ის აქვეყნებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე ყოველდღიური ამბების გადმოსაცემად. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი მხარს უჭერს ნეტგაზეთს ანგარიშების, სიღრმისეული ინტერვიუების, ანალიტიკური სტატიებისა და მულტიმედიური მასალების გამოქვეყნებაში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სტატიები განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ აზერბაიჯანელ პოლიტიკურ დევნილებს, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილებს და სხვა. სტატიები გამოქვეყნდება როგორც ქართულ, ასევე რუსულ ენაზე, რათა მასზე წვდომა ჰქონდეს როგორც ქართულენოვან აუდიტორიას, ასევე მათ, ვინც ცხოვრობს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.