რა კავშირია ეკოლოგიურ ინფორმაციასა და გარემოსდაცვით კრიზისებს შორის? რა როლს თამაშობს სამეცნიერო კომპეტენციის ქონა ან არქონა ბუნებრივი გარემოს მართვაში? როგორ იქმნება გარემოსდაცვითი ინფორმაციის ღიობები პოსტსაბჭოთა სივრცეში და რა პოლიტიკური, ეკონომიკური თუ ტექნიკური მიზეზები შეიძლება ჰქონდეს ამ დანაკლისს? ეს ტექსტი ამ კითხვებს უღრმავდება და ცდილობს, ფოთსა და ჭიათურაში დღეს მიმდინარე გარემოსდაცვითი კრიზისების მაგალითების დახმარებით იმსჯელოს იმაზე, თუ როგორ გახდა ეკოლოგიური ინფორმაციისა და კომპეტენციის დეფიციტი ერთდროულად გარემოსდაცვითი უთანასწორობებისა და პრობლემების მიზეზიც და სიმპტომიც.
ფოთი
ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ორი ხუთსართულიანი კორპუსის მიმდებარე ხელოვნურსაფარიან სტადიონზე თითქმის ორი წელი იდგა გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰაერის მონიტორინგის მობილური სადგური. 2020 წლის ივლისიდან სადგური ხუთი თვის განმავლობაში აგროვებდა მონაცემებს ჰაერის ხარისხის შესახებ, თუმცა 2021 წლის იანვარში გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა იგი გამორთეს. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტო განმარტავს, „არაერთი თხოვნის და მცდელობის მიუხედავად, მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო მონაცემთა სიზუსტის უზრუნველყოფის მიზნით სადგურზე ტექნიკური დათვალიერება და სერვისული მომსახურება სახელმძღვანელო დოკუმენტებისა და სტანდარტების შესაბამისად ვერ განხორციელდა. ამასთან, სადგურზე განთავსებული აირ ანალიზატორების დისტანციური დათვალიერებით დგინდებოდა, რომ ისინი დეკემბრის თვიდან უკვე ფუნქციონირებდნენ ე.წ. warning (გაფრთხილების) რეჟიმში, შესაბამისად, ქალაქ ფოთში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურის მიერ მოწოდებულ მონაცემებს სააგენტო ვეღარ განიხილავდა სანდოდ...“ გარემოს ეროვნული სააგენტო მიუთითებდა, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ მათ სადგურის სტანდარტების შესაბამისად შემოწმების საშუალება არ მისცა, რამაც ძვირადღირებული სადგურის დაზიანების რისკიც წარმოშვა. ამიტომ, „2021 წლის 22 იანვარს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მხრიდან ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციით შესაძლებელი გახდა ჯავახიშვილის ქუჩაზე განთავსებული ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის მობილური ავტომატური სადგურის გამორთვა“[1]. 20 ოქტომბერს გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა სადგური შესაკეთებლად თბილისში წაიღეს.
ფოთში ჰაერის მონიტორინგის მობილური სადგურის განთავსება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ჯავახიშვილის ქუჩის მოსახლეობამ შეიტყო, რომ უბანში მცხოვრებ ბავშვთა ნაწილს სისხლში ტყვიის ჭარბი შემცველობა აღენიშნებოდა. ფოთში დიდი ხანია მოსახლეობას ჰაერის დაბინძურება აწუხებს. თანდათან პრობლემა განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა პორტის ერთ-ერთი ტერმინალის მომიჯნავე ჯავახიშვილის ქუჩის მოსახლეობისთვის, რომლებმაც ადგილობრივი სამოქალაქო პლატფორმის დახმარებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისთვის აუცილებელი რესურსების მოძიება დაიწყეს. დონორის დახმარებით, მათ მცირე მოკვლევის ჩატარება შეძლეს, რომლის ფარგლებშიც 20 ბავშვის ნიმუში შეგროვდა. ტყვიის გადაჭარბებული შემცველობა 20-დან 10 ბავშვის შემთხვევაში დაფიქსირდა. პირველ კვლევას მოჰყვა კიდევ ერთი მცირე კვლევა, მსგავსი შედეგით. 2021 წელს პეტიციის საფუძველზე ფოთის მერიამ დააფინანსა შედარებით დიდი კვლევა, რომლის ფარგლებშიც 104 ბავშვის სისხლის ანალიზი შეგროვდა და ტყვიის გადაჭარბებული შემცველობა 33 შემთხვევაში დადასტურდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, რომელსაც მსგავსი საკითხის შესწავლა ევალება და ამის კომპეტენციაც აქვს, კვლევის მეთოდოლოგიის შემუშავებაში ჩართული არ ყოფილა. აშკარაა, რომ 104 ბავშვისგან შემდგარი კვლევა წარმომადგენლობითი ვერ იქნება. შერჩევის წესზე საუბრისას, ფოთის მერიის წარმომადგენელი მიუთითებდა, რომ „მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ განსაკუთრებით ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრები მშობლების მოთხოვნები გაითვალისწინა“. მისივე თქმით, ჯავახიშვილის ქუჩიდან 52 ბავშვი ჩასვეს კვლევაში, არჩეული პოპულაციის თითქმის ნახევარი, დანარჩენი კი – მალთაყვის ტერიტორიიდან, რომელიც შედარებით „სუფთად“ ითვლება. ჯანმრთელობისთვის მიყენებული შესაძლო ზიანის სრულად დადასტურება – იმ სამედიცინო პრობლემების აღწერა, რისი გამოწვევაც დაბინძურებელ ჰაერს შეუძლია – მრავალკომპონენტიანი და დეტალური შესწავლის გარეშე შეუძლებელია. კიდევ უფრო რთულია ამ ზიანსა და მის შესაძლო გამომწვევ მიზეზებს შორის კავშირის დასაბუთება. ასეთი კავშირის დასადგენად, როგორც წესი, ხანგრძლივი და გამართული შერჩევის წესით აგებული კომბინირებული ეპიდემიოლოგიური და გარემოსდაცვითი კვლევაა საჭირო. ასეთი კვლევის არარსებობის პირობებში ფოთში შესაძლო მიზეზშედეგობრივი კავშირის ორივე მხარე ამ დრომდე ბურუსითაა მოცული.
ჭიათურა
2022 წლის 10 ოქტომბერს, შვიდთვიანი ლოდინის შემდეგ, გამოქვეყნდა სახელმწიფო კომისიის დასკვნა ჭიათურის სოფელ ითხვისში ჩამოწოლილი მეწყრის შესახებ, რომელმაც მარტში 10-ზე მეტი ოჯახი უსახლკაროდ დატოვა, ათობით სხვა ოჯახის ქონება კი მძიმედ დააზიანა. დაზარალებულები ზიანს „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობას უკავშირებდნენ, თუმცა მომპოვებელი კომპანია მიუთითებდა, რომ ითხვისის ტერიტორიაზე მანგანუმს ისინი არ მოიპოვებდნენ და, რომ იქ მოპოვება გასული საუკუნის 70-იან და 80-იან წლებში შეწყდა, რაც მათ პასუხისმგებლობას გამორიცხავს. „ჯორჯიან მანგანეზი“ მიუთითებდა, რომ მეწყერი ბუნებრივი, სტიქიური მოვლენების შედეგია. საკითხის შესასწავლად ჩამოყალიბდა უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც, სპეციალისტების დახმარებით, ზიანისა და მისი გამომწვევი მიზეზების განსაზღვრა და შეფასება დაევალა. კომისიამ ოჯახები მათი სახლების ავარიულობის მიხედვით რამდენიმე კატეგორიად დაყო და 34 შემთხვევაში „ოჯახების გეოლოგიურად მდგრად, უსაფრთხო ადგილზე გადაყვანის“ რეკომენდაცია გასცა. რაც შეეხება მეწყრის გამომწვევ მიზეზებს, „კომისიას მიაჩნია, რომ ჩავარდნა გამოწვეული უნდა იყოს რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობით. ეს ფაქტორებია: 1. საკვლევ ტერიტორიაზე არსებული, გასული საუკუნის სხვადასხვა პერიოდში მიწისქვეშა სამთო გამონამუშევრებით შექმნილი სიცარიელეები (ანთროპოგენული ზემოქმედება); ამგები ქანების არამდგრადი ხასიათი; უხვი ატმოსფერული ნალექები“[2].
დასკვნა ისეთივე მყიფეა, როგორიც გამომუშავებული მაღაროებით სავსე მიწა ითხვისის ქვეშ. დასკვნა, მეთოდოლოგიურად, შეგროვებული მწირი ინფორმაციით, არარსებული ან ვერშეგროვებული ინფორმაციის კომპენსირების სამოცგვერდიანი მცდელობაა. ითხვისში მეტეოროლოგიური სადგურის არარსებობის გამო, ავტორები იძულებულნი გახდნენ ნალექის შესახებ საჩხერის მონაცემებს დაყრდნობოდნენ. სრულყოფილი, სამგანზომილებიანი ტომოგრაფიული სურათის ნაცვლად, მათ მხოლოდ ერთი წრფივი გეოფიზიკური პროფილი შეისწავლეს და ტერიტორიის შესახებ დასკვნების გასაკეთებლად ის განაზოგადეს. მოპოვების სრულყოფილ ისტორიულ და საარქივო სქემებს ავტორებმა ვერ მიაკვლიეს, ამიტომ წარსულ სამთო-მოპოვებით საქმიანობაზე მხოლოდ (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით) ზედაპირული წყაროებით იმსჯელეს[3]. შედეგად, დასკვნა ადგილობრივი მოსახლეობის და პროფესიული წრეების კრიტიკის საგანი გახდა.
ბრძოლა მონაცემებისთვის
ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, მწვავე გარემოსდაცვითი კონფლიქტის ეპიცენტრში – იქ სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ხმამაღლა და პროტესტის სხვადასხვა ფორმით ითხოვდა მათი საცხოვრებელი გარემოს შესწავლას – 22 თვის განმავლობაში უქმად იდგა ჰაერის მონიტორინგის მობილური სადგური, რომელიც მონაცემებს არ აგროვებდა. ჭიათურაში, სადაც მარტში მომხდარმა მეწყერმა კიდევ ერთხელ შეახსენა ადგილობრივ მოსახლეობას, რომ მათი საცხოვრებელი გარემო – მიმდინარე თუ წარსული მოპოვებითი საქმიანობის გამო – არასტაბილური და საფრთხისშემცველია, საკითხის შემსწავლელმა კომისიამ მეწყრის გამომწვევი მიზეზების მკაფიოდ დადგენის მაგივრად უამრავი ახალი კითხვა გააჩინა – არა მხოლოდ მომხდარ მეწყერზე, არამედ ზოგადად ჭიათურის გეოლოგიურ მემკვიდრეობასა და სახელმწიფოსა თუ მომპოვებლის მზადყოფნაზე, სრულყოფილად შეისწავლონ და შეაფასონ წარსული თუ მიმდინარე მოპოვებითი საქმიანობა.
ეს ორი შემთხვევა გარემოსდაცვითი მართვისა და პოლიტიკის ერთ ცენტრალურ პრობლემაზე მიუთითებს – საქართველოში მიმდინარე გარემოსდაცვითი კონფლიქტებისა და უთანხმოების შემთხვევები შეიცავენ, ავლენენ და ქმნიან ეკოლოგიასა და ბუნებრივ გარემოსთან დაკავშირებული ინფორმაციის ღრმა და მწვავე ღიობებს. ინფორმაციის ეს დეფიციტი გარკვეულ შემთხვევებში თავად ხდება გარემოსდაცვითი კრიზისების გამომწვევი ფაქტორი, სხვა შემთხვევებში კი ართულებს გაჩენილ პრობლემებზე, საწუხარსა და ეჭვებზე რეაგირებას, როგორც ეს ფოთის და ითხვისის შემთხვევაში ხდება.
ქვეყანაში მიმდინარე გარემოსდაცვითი ბრძოლები ფუნდამენტური გარემოსდაცვითი ინფორმაციის არქონას ირეკლავენ და ეხმაურებიან. მონაცემების შეგროვებისა და გასაჯაროების, კვლევების ჩატარებისა და გამოქვეყნების მოთხოვნა მიმდინარე გარემოსდაცვითი კონფლიქტებისა თუ მოძრაობების უმრავლესობის, უმთავრესი თუ არა, ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა. შედეგად, გარემოსდაცვითი ბრძოლები, მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც ეპისტემიურ ბრძოლებად იქცევა – ანუ კონფლიქტებად ცოდნის, კომპეტენციის, ინფორმაციისა და მათი სისრულისა თუ სრულყოფილების შესახებ. ასეთი იყო ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური მწვანე წინააღმდეგობა ნამახვანჰესის გარშემო, როცა უთანხმოების ერთ-ერთი ძირითადი ხაზი მომზადებული კვლევების ხარისხს, სავალდებულო კვლევების არარსებობას, პროექტის სუსტ დასაბუთებას, ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და სისრულეს ეხებოდა. რუსთავში, ბოლო წლების ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა მწვანე მოძრაობამ „გავიგუდეთ“, რომელიც სუფთა ჰაერისთვის იბრძვის, ჰაერის ხარისხის შესწავლა ერთ-ერთ ცენტრალურ მოთხოვნად აქცია. ამასთან, დამოუკიდებლად და სახელმწიფოს მიერ შეგროვებული მონაცემების ხელმისაწვდომ ფორმატებში გასაჯაროებით მათ გარემოსდაცვითი ინფორმაცია მობილიზების ინსტრუმენტადაც გამოიყენეს. ამით შექმნეს იმის თვალსაჩინო მაგალითი, რომ გარემოსდაცვითი მოძრაობებისთვის ეკოლოგიური ინფორმაციის შეგროვება დღეს ერთდროულად მიზანიცაა და ბრძოლისა თუ ადვოკატირების ინსტრუმენტიც.
გარემოსდაცვითი ინფორმაციის დეფიციტი
აშკარაა, რომ არსებული გარემოსდაცვითი თუ მწვანე პოლიტიკური ველის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი – ის სტრუქტურული ფაქტორი, რასაც ის ერგება, ეხმაურება და რასთან გამკლავებაც უწევს – ეკოლოგიური ინფორმაციის არარსებობაა. თავისთავად ამ დეფიციტს ერთმანეთთან დაკავშირებული სტრუქტურული, პოლიტიკური და ტექნიკური მიზეზები აქვს – მათი გააზრება და არტიკულირება (და იქნებ, მათი გარემოსდაცვითი ბრძოლის ფოკუსად ქცევაც), შესაძლოა, ქართული მწვანე პოლიტიკური ველისთვის მნიშვნელოვანი და სასარგებლო დაკვირვებების საფუძველი გახდეს. თუმცა, სანამ ამ ფაქტორების განხილვაზე გადავალთ, მნიშვნელოვანია უფრო მკაფიოდ განვმარტოთ, რას გულისხმობს გარემოსდაცვითი ინფორმაციის დეფიციტი და ზუსტად რის დანაკლისზე ვსაუბრობთ, როცა ამ დეფიციტზე მივუთითებთ.
ის, რასაც აქამდე „ინფორმაციას“ ვუწოდებდით, შეგვიძლია, პირობითად, სამ მიმართულებად დავყოთ – მონაცემები, კომპეტენცია და გამჭვირვალობა. „მონაცემებში“ მოიაზრება გეოლოგიური, კლიმატური, ბიოლოგიური, ჰიდროლოგიური და სხვა ინფორმაცია, რომელიც ბუნებრივი გარემოს შესახებ შეიძლება შეგროვდეს. ამ ტიპის მონაცემების შეგროვებას სჭირდება შესაბამისი ტექნიკური ინფრასტრუქტურა და მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი ინსტიტუტები. ამ ინსტიტუტთა ნაწილი საჯარო და სახელმწიფო უწყებებში იყრის თავს, ნაწილი კი მის მიღმა, მაგალითად, აკადემიაში. მგრძნობიარე, ინფორმირებულ და კომპეტენტურ გარემოსდაცვით პოლიტიკას, რომელიც ახერხებს ბუნებრივ გარემოზე დაკვირვებას, შესაძლო რისკების ამოცნობასა და შეფასებას, ისევე როგორც ანთროპოგენული თუ ბუნებრივი ცვლილებებისთვის თვალის მიდევნებას, მრავალფეროვანი და ზუსტი მონაცემები სჭირდება. კვლევა, პოლიტიკის შემუშავება და რეგიონული თუ ეროვნული ინტერვენციები ამ მონაცემებს უნდა დაეყრდნოს.
სწორედ ამ ტიპის ინფორმაციის დანაკლისს უსვამს ხაზს გაეროს მიერ მომზადებული წინასწარი მოკვლევა, რომელიც განიხილავს საქართველოს უნარს, შეაფასოს და გაუმკლავდეს ბუნებრივ კატაკლიზმებს: „საქართველოს აქვს ჰიდრომეტეოროლოგიისა და გეოლოგიური მონიტორინგის ხანგრძლივი ტრადიცია და სამეცნიერო-ტექნიკური მომზადება. თუმცა საბჭოთა კავშირის შემდეგ გაჩენილი ფინანსური და ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული შეზღუდვები, ისევე როგორც უკიდურესად შემცირებული მონიტორინგის ქსელი, ამცირებენ მნიშვნელოვანი ცვლადებისა და პარამეტრებისთვის თვალის მიდევნებს უნარს [...] საქართველოში არ არსებობს ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხის, რისკისა და მოწყვლადობის რუკა; ისევე როგორც არ არსებობს ასეთი რუკის შექმნისთვის აუცილებელი ტექნიკური და ფინანსური რესურსები“. ამავე მოკვლევის მიხედვით, 2017 წელს კატაკლიზმებთან გამკლავების უნარის მიხედვით, საქართველო 191 ქვეყანას შორის 139-ე ადგილს იკავებდა[4].
2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობა თბილისში მონაცემებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გარემოსდაცვითი დაგეგმარების არქონის პირდაპირი შედეგია. კატასტროფის გამომწვევი მიზეზების კვლევაში ვკითხულობთ, რომ 13 ივნისს დამდგარი კატასტროფული შედეგის მთავარი მიზეზი „ტერიტორიების წინდაუხედავი, დასაბუთებას მოკლებული, ინტენსიური სამეურნეო ათვისებაა“. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ვაკე-საბურთალოს მაგისტრალთან ინფრასტრუქტურა რომ წყალმოვარდნის მაქსიმალური ხარჯის შესაბამისი ყოფილიყო, „თავიდან იქნებოდა აცილებული გ. სვანიძის ქუჩის ტრაგედია“. თუმცა 2015 წელს მომზადებული კვლევა მიუთითებდა, რომ „მდ. ვერეს აუზში მეტეოროლოგიური სადგურები არც წარსულში ფუნქციონირებდა და არც ახლა ფუნქციონირებს“[5].
ვერეს ხეობა 2015 წლის წყალმოვარდნის შემდეგ ადრეული გაფრთხილების სისტემით აღიჭურვა, მაგრამ თუ მთლიანად ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურების ისტორიას უფრო ღრმად ჩავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ მასში მთლიანად გარემოსდაცვითი მონაცემების შეგროვების ინსტიტუციური ისტორია იკითხება. მსოფლიო ბანკის დახმარებით მომზადებული გზამკვლევის მიხედვით, „1980 წელს ჰიდროლოგიურ ქსელს წყლის დონისა და ხარჯისთვის სადგურების მაქსიმალური რაოდენობა გააჩნდა, 152 ჰიდროლოგიური მზომი ხელსაწყოთი. მომდევნო პერიოდში აღნიშნული რაოდენობა 105 სადგურამდე შემცირდა და 2007 წელს, მინიმალურ დონეზე, 21-მდე ჩამოვიდა“[6]. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტი გეგმის მიხედვით გააფართოებს სადგურთა ქსელს, 2025 წელსაც კი სადგურების რაოდენობა ისტორიული მაქსიმუმის მხოლოდ ორ მესამედს მიაღწევს.
ამ სტატიაში გარემოსდაცვით მონაცემებზე ვკონცენტრირდებით, თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გარემოსდაცვითი ინფორმაციის ეკოსისტემა ამით არ ამოიწურება და, რომ აქ მნიშვნელოვან როლს თამაშობს გარემოსდაცვითი კომპეტენცია და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხები.
„კომპეტენცია“ გულისხმობს იმ ინსტიტუციური, სამეცნიერო და საზოგადოებრივი ცოდნის, კვალიფიკაციისა და უნარების ერთობლიობას, რაც ბუნებრივი გარემოს შესწავლას და მართვას სჭირდება. აქ იგულისხმება როგორც სამეცნიერო კომპეტენცია, ისე ცოდნა გარემოსდაცვითი პოლიტიკის წარმართვის შესახებ. გარემოს მეცნიერება სხვა მეცნიერებების გადაკვეთაზე წარმოქმნილი სფეროა და არა მკაცრად დამოუკიდებელი საბუნებისმეტყველო მეცნიერება. მას ასაზრდოებს ეკოლოგია, ბიოლოგია, ფიზიკა, ქიმია, გეოლოგია და სხვა არაერთი დარგი. შესაბამისად, გარემოს მეცნიერება იმდენადაა ძლიერი, რამდენადაც ამის საშუალებას მისი მომიჯავე მეცნიერებების სიძლიერე იძლევა. შესაბამისად, გარემოსდაცვითი კომპეტენციის კუთხით, უშუალოდ გარემოსდაცვითი კვალიფიკაციის მიღების საშუალებების და გარემოსდაცვითი კლევების სიმწირეს მომიჯნავე საბუნებისმეტყველო დარგებში არსებული პრობლემებიც ამწვავებს.
„გამჭვირვალობის“ კატეგორიაში მოიაზრება იმ ნორმებისა და პრაქტიკების ერთობლიობა, რომელიც გარემოსდაცვითი მონაცემების და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უნდა უზრუნველყოფდეს. შეიძლება არსებობდეს მონაცემები და ინსტიტუციური კომპეტენცია, მაგრამ ეს ყველაფერი დახურული კარის თუ კარადის მიღმა რჩებოდეს. ამ ტიპის გარემოსდაცვითი მიდგომები გვხვდება კორპორაციულ სამყაროსა და დახურულ, გაუმჭვირვალე სახელმწიფოებში – ეს გარემოსდაცვითი ცოდნა თუ კომპეტენცია საჯარო მოხმარებისთვის განკუთვნილი არ არის.
ნეოლიბერალიზმი და სტრატეგიული არცოდნა
„გარემოსდაცვით პოლიტიკაში ცოდნა ძალაა, – წერს ლორი პარსონსი, – თუმცა საპირისპიროც სიმართლეა. მართული არცოდნაც შეიძლება ინსტრუმენტად იქცეს, რომელიც ამა თუ იმ პოლიტიკური შედეგის მისაღწევად ან თავიდან ასაცილებლად, შესანიღბად ან წარმოსაჩენად გამოიყენება სხვადასხვა პოლიტიკური, პირადი თუ ინსტიტუციური მიზნის მისაღწევად“[7]. გარემოსდაცვით მართვაში მრავალი ინსტიტუტი, ბიუროკრატიული აპარატი და სხვადასხვა მასშტაბისა და უფლებამოსილების მქონე საჯარო და კომერციული აქტორი მონაწილეობს. ამ ინსტიტუციურ ნაკადებში გარემოსდაცვითი ინფორმაცია იკრიბება ან იკარგება, იწარმოება ან იმალება, ვრცელდება ან კონცენტრირდება – „ბიუროკრატიული ნაკადების უნარი, უგულებელყონ ან თვალი აარიდონ გარკვეული გარემოსდაცვითი ცოდნის წარმოებას, გაზიარებას ან გავრცელებას, მნიშვნელოვან როლს თამაშობს გარემოსდაცვითი ნარატივების მართვაში და, შესაბამისიად, გარემოსდაცვითი პოლიტიკის ჩამოყალიბებაში“[8]/
გარემოსდაცვითი ინფორმაციის მიზანმიმართულ უგულებელყოფას და ეკოლოგიური მონაცემების გარკვეული მიზნით არშეგროვებას „სტრატეგიულ არცოდნას“ (strategic ignorance) უწოდებენ. ლინსი მაკგოი, სტატიაში „სტრატეგიული არცოდნის ლოგიკა“, ამ ფენომენს ასე აჯამებს: „ცოდნასა და არცოდნას ხშირად განიხილავენ როგორც საპირისპირო მოვლენებს. ცოდნა ძალაუფლების წყაროა, არცოდნა კი ხელს უშლის პოლიტიკური და კორპორაციული ძალაუფლების გამყარებას [...] [თუმცა ხშირად] არცოდნა სასარგებლოა – ის ინდივიდებსა და ინსტიტუტებს რესურსების განკარგვაში და, კრიზისებისას, სამართლებრივი პასუხისმგებლობის არიდებაში ეხმარება“[9]. მაკგოი წერს იმაზეც, რომ პოლიტიკურად, სამართლებრივად და კომერციულად ზოგჯერ უმჯობესია არა იმის მტკიცება, რომ ყველაზე მეტი იცი, არამედ იმის, რომ ყველაზე ნაკლები ინფორმაცია გქონდა. ასეთ შემთხვევებში არცოდნა და არაინფორმირებულობა არა დანაკლისი, არამედ სტრატეგიული არჩევანია.
ამასთან, მეცნიერების გამოფიტვა – როგორც ინსტიტუციური, ისე ფინანსური და ტექნიკური დანაკლისი – ნეოლიბერალური პოლიტიკის პირდაპირი შედეგია. თუ ბუნებრივი რესურსები თავისუფალი ბაზრის პრინციპებით უნდა იმართებოდეს, ამ პროცესში აუცილებელი მხოლოდ ის ინფორმაციაა, რაც კომერციულ სუბიექტებს – დეველოპერებს, მომპოვებლებს, ინვესტორებს – სჭირდებათ. ნეოლიბერალიზმს მრავალმხრივი ზეგავლენა აქვს გარემოსდაცვითი ცოდნის წარმოებასა და განაწილებაზე და ის მხოლოდ ფუნდამენტური სამეცნიერო ინსტიტუტების გამოფიტვით არ ამოიწურება. ამ ზეგავლენის ნაწილია ისიც, რომ გარემოსდაცვითი კომპეტენციისა და ინფორმაციის დიდი ნაწილი, ნეოლიბერალური პოლიტიკის პირობებში, კომერციულ სამყაროში იყრის თავს. ამ უთანასწორობას ირეკლავს ის შემთხვევები, როცა სახელმწიფოს წარმომადგენლები ამა თუ იმ განვითარების პროექტის უსაფრთხოების დასადასტურებლად არა საკუთარი უწყებების, არამედ შემსრულებელი კომპანიის გამოცდილებასა და კომპეტენციაზე მიუთითებენ.
ცოდნის წარმოების ნეოლიბერალური რეჟიმი არა მხოლოდ ინფორმაციის განაწილებას განაპირობებს, არამედ თავისთავად გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის ბუნებასაც[10]. ინფორმაცია თუ ცოდნა, რომელიც კომერციული მიზნით გროვდება, განსხვავდება ინფორმაციისგან, რომელსაც სამეცნიერო ან სახელმწიფო ინსტიტუტი აგროვებს. ჰიდროლოგი, რომელიც აკადემიურ სტატიას ამზადებს და მისი კოლეგა, რომელიც ჰიდროენერგეტიკულ კორპორაციაში მუშაობს, ერთსა და იმავე მდინარეს განსხვავებულად ხედავენ, იკვლევენ და აფასებენ.
ფოთისა და ითხვისის შემთხვევები სტრატეგიული არცოდნის ლოგიკას ირეკლავენ. ამასთან, ისინი ააშკარავებენ იმ ღიობებს, რაც სამეცნიერო ინფრასტრუქტურის გამოფიტვამ შექმნა. ეს აუცილებლად იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე კონკრეტული საჯარო უწყება ცალმხრივად და პირდაპირ უშლის ხელს გარკვეული ინფორმაციის შეგროვებას. სტრატეგიული არცოდნა სისტემურ მოწყობაში ვლინდება – სისტემაში, რომელიც აწარმოებს არა კომპეტენციას და ეკოლოგიურ მონაცემებს, არამედ ინფორმაციისა და ცოდნის დეფიციტს. ეს დანაკლისი კი პრობლემების უგულებელყოფას აადვილებს, მათ შორის – სამართლებრივად.
რას იწვევს გარემოსდაცვითი ინფორმაციის ვაკუუმი
გარემოსდაცვითი ინფორმაციის ვაკუუმი ეკოლოგიური პრობლემების და მათთან დაკავშირებული ხარჯების უგულებელყოფას აადვილებს. ადვილია იმის უარყოფა, რაც არ ჩანს, რაც არ აისახება ფინანსურ ზარალსა თუ კონკრეტულ ზიანში. გარემოსთვის მიყენებული ზიანის დიდი ნაწილი – და, შესაბამისად, ადამიანებისთვის მიყენებული ზიანის დიდი ნაწილი – ასე ხდება უხილავი. ზიანი, ხარჯი, ზარალი, რომელსაც ეკოლოგიური საფუძველი აქვს, ხდება უჩინარი პოლიტიკური თუ ეკონომიკური სისტემისთვის, რაც კომფორტულია მისთვის, ვისთვისაც მწვანე პოლიტიკა საფრთხისშემცველია. მაგალითად, გარემოსდაცვითი რეგულაციების შემოღების ან გამკაცრების საწინააღმდეგო არგუმენტად ბიზნესის წარმომადგენლები ხშირად მიუთითებენ რეგულაციებთან დაკავშირებულ ხარჯებზე. ცხადია, რეგულაციის შესრულება ხშირად უკავშირდება ხარჯებს და ამ ხარჯმა შესაძლოა პროდუქტიც გააძვიროს. მაგრამ ეს განტოლება არ ითვალისწინებს ხოლმე იმ ფაქტს, რომ ხარჯი ახლავს არა მხოლოდ რეგულაციას, არამედ რეგულაციის არქონასაც. ფასი აქვს არა მხოლოდ ფილტრს, რომლის დამონტაჟებაც, რეგულაციის შემოღების შემთხვევაში, შეიძლება საწარმოს მოუწიოს, არამედ ამ ფილტრის არქონასაც. ამ ბუღალტრულად „უხილავ“ ფასს ხშირად დასაქმებულები, ადგილობრივი მოსახლეობა და მთლიანად საზოგადოება იხდის – გაიაფებული ქონების, ცხოვრების დონის დაქვეითების, ჯანდაცვის ხარჯების სახით. სტრატეგიული არცოდნის პოლიტიკა განტოლების ერთ მხარეს აუჩინარებს, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ რეგულაცია ძვირია, ფუფუნებაც კი, დერეგულაცია კი – უფასო და მომგებიანი.
თუ გარემოსდაცვითი ინფორმაციის არარსებობა ხშირად კომფორტულია დამაბინძურებლისთვის ან მისთვის, ვინც პასუხისმგებელია ბუნებრივი გარემოს მდგომარეობაზე, ეს დეფიციტი პრაქტიკული, ყოველდღიური პრობლემაა გარემოსდაცვითი ორგანიზაციებისთვის. სტრატეგიული სამართალწარმოებისთვის – მათ შორის ფოთში ან ითხვისში – მნიშვნელოვანია მიზეზშედეგობრივი კავშირების დადგენა დამაბინძურებელსა და დაბინძურებას, დაბინძურებასა და ზიანს შორის. ამ კავშირების დადგენას კი ძვირადღირებული კვლევა, მაღალკვალიფიციური ექსპერტები და ხშირად დიდი დრო სჭირდება. მეორე მხარე, მომპოვებლები თუ მეწარმეები, ხშირად და წარმატებით იყენებენ ექსპერტული და სამეცნიერო მტკიცებულებების სიმწირეს, რათა საკუთარი პასუხისმგებლობა შეამცირონ ან გამორიცხონ. მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენისთვის საჭირო მტკიცებულებების მიღმაც, გარემოსდაცვით ორგანიზაციებს ხშირად უჭირთ ალტერნატიული ექსპერტული მოსაზრების მობილიზებაც. დამოუკიდებელი და სანდო ექსპერტული ცოდნის წარმოებას სჭირდება დამოუკიდებელი და სანდო სამეცნიერო ინსტიტუტები. რადგან გარემოს მეცნიერებების დარგში ასეთი ინსტიტუტები ფაქტობრივად არ არსებობს, სამეცნიერო რესურსი ან ქვეყნიდან გაედინება, ან კორპორაციულ სამყაროში იყრის თავს.
მწვანე ორგანიზაციებსა და აქტივისტებს ინფორმაციისა თუ ცოდნის ნაკლებობა მძიმე ტვირთად აწვება ადვოკატირებისასაც. ხშირია ისეთი შემთხვევები, როცა მოპასუხე მხარე თუ მედია ნეგატიური გარემოსდაცვითი ზეგავლენის დამტკიცების ტვირთს აქტივისტებს ან ადგილობრივ მოსახლეობას აკისრებს. ანუ იმის მაგივრად, რომ დეველოპერმა პროექტის უსაფრთხოება დაამტკიცოს, პროექტთან დაკავშირებული ნეგატიური ზეგავლენის დამტკიცება უფლებადამცველებს და ადგილობრივებს უწევთ. ამ გზით, სიცხადის ტვირთი მოპასუხე მხარეზე გადმოდის, დეველოპერი ან ინვესტორი კი მისგან თავისუფლდება.
***
1980-იანი წლებიდან – და განსაკუთრებით ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ – ორმა სოციოლოგმა, ენტონი გიდენსმა და ულრიხ ბეკმა, დაიწყო წერა იმაზე, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები, წარმოების და მოხმარების გლობალური ჯაჭვები და მოდერნული პოლიტიკური წესრიგი ქმნიდნენ სამყაროს, რომელშიც უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდებოდა ახალი და მასშტაბური ანთროპოგენური საფრთხეები. ისინი მიუთითებდნენ იმაზე, რომ ტექნოლოგიასა და ფინანსებთან, ეკოლოგიასა და ინდუსტრიასთან დაკავშირებული საფრთხეები – ფინანსური და პოლიტიკური კრიზისები, აფეთქებები, სისტემური ავარიები, ანთროპოგენური ან ანთროპოგენურად გამძაფრებული სტიქიები – უფრო და უფრო ინტენსიურად იჭრებოდნენ ადამიანების ყოველდღიურობაში და უფრო და უფრო მეტად განსაზღვრავდნენ მას. საზოგადოებას, რომელიც ასეთ სამყაროში ყალიბდებდა, ისინი „რისკის საზოგადოებას“ უწოდებდნენ. „მოდერნული საზოგადოება, – წერდა ბეკი, – რისკის საზოგადოება გახდა იმ გაგებით, რომ ის სულ უფრო და უფრო მეტ დროს უთმობს იმ რისკების განხილვას, პრევენციასა და მართვას, რომელიც თვითონვე წარმოშვა“[11].
ამ კონტექსტში საქართველო საკვანძო ეკოლოგიური კომპეტენციისა და ინფორმაციის გარეშე განსაკუთრებით მძიმე ისტრიულ მომენტში დარჩა. დღეს, ჭარბი ანთროპოგენული რისკების სამყაროში, როცა გლობალური კლიმატის ცვლილება ახალ და მასშტაბურ საფრთხეებს აჩენს, გარემოსდაცვითი კომპეტენციისა თუ ინფორმაციის ნაკლებობა განსაკუთრებით საგანგაშოა. გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩოკონვენციისთვის საქართველოს მიერ წარდგენილი უახლესი ეროვნული შეტყობინება მიუთითებს, რომ ბოლო სამი დეკადის განმავლობაში საქართველოში საშუალო ტემპერატურა 0.47 გრადუსით უკვე გაიზარდა; დასავლეთ საქართველოში იმატა ნალექიანობამ, აღმოსავლეთ საქართველოში კი ნალექები შემცირდა. დოკუმენტი ვარაუდობს, რომ კლიმატის ცვლილების რეგიონული და გლობალური ზეგავლენის შედეგად მოსალოდნელია წყალდიდობების, წყალმოვარდნების, მეწყრებისა და ღვარცოფების ინტენსივობის ზრდა; გვალვიანობის ზრდა, „სიცხის ტალღების“ გაძლიერება და გახშირება, ექსტრემალური ტემპერატურების, ტყის ხანძრების გახშირება; მყინვარების დნობა, სეზონების წანაცვლება, ნიადაგის ეროზია და სხვა[12].
კლიმატის ცვლილების შესაძლო ზეგავლენის გაუთვალისწინებლობა ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებას მრავალმხრივი წნეხის ქვეშ აქცევს. ის, თუ რამდენად გაუმკლავდება პოლიტიკური თუ ეკონომიკური სისტემა მოსალოდნელ ცვლილებებს, მისი ადაპტაციისა და პრევენციის უნარებზეა დამოკიდებული. ამ უნარებში კი, პირველ რიგში, ბუნებრივი გარემოს მიმართ მგრძნობელობა, მასზე დაკვირვება და მიმდინარე ცვლილებებისთვის თვალის მიდევნება იგულისხმება. სტრატეგიული არცოდნა შესაძლოა გარკვეულ სამართლებრივ უპირატესობას ანიჭებდეს მას, ვინც არცოდნის მომიზეზებით პასუხისმგებლობას ისხლეტს, მაგრამ ეს უპირატესობა ფერმკრთალდება იმ საფრთხის წინაშე, რომელსაც გარემოსდაცვითი ცოდნისა და კომპეტენციის დეფიციტი მთლიანად საზოგადოებისთვის წარმოშობს კლიმატის ცვლილების ეპოქაში.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის შეხედულებებს.
[1] გარემოს ეროვნული სააგენტოს პასუხი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაზე, N21/318. 2022.
[2] 2022 წლის მარტის თვეში ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში განვითარებული გეოდინამიკური პროცესების გამომწვევი მიზეზების დადგენისა და სტიქიის არეალში მოქცეული საკარმიდამო ნაკვეთებისა და საცხოვრებელი სახლების იდენტიფიცირების მიზნით საქართველოს მთავრობის 2022 წლის 10 ივნისის N1016 განკარგულებით შექმნილი კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში. 10 ოქტომბერი, 2022.
[3] დასკვნის გეოლოგიური და გეოფიზიკური ნაკლოვანებების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ დისკუსია.
[4] Scaling-up Multi-Hazard Early Warning System and the Use of Climate Information in Georgia; Green Climate Fund. UNDP. 2017.
[5] მდინარე ვერეს 2015 წლის 13 ივნისის წყალმოვარდნა. Austrian Development Cooperation & CENN. თბილისი. 2015. [მოგვიანებით ვერეს ხეობის ამ მონაკვეთზე ადრეული გაფრთხილების სისტემა დამონტაჟდა.]
[6] ჰიდრომეტეოროლოგიური და ადრეული შეტყობინების სისტემების და სერვისების გაძლიერება საქართველოში – გზამკვლევი. World Bank & GFDRR. 2019.
[7] Parsons, Laurie. "Strategic environmental ignorance: Antipolitical knowledge gaps from drought measurement to adaptation in Cambodia." Environmental Science & Policy 136 (2022): 261-269. Harvard
[8] იქვე.
[9] McGoey, Linsey. "The logic of strategic ignorance." The British journal of sociology 63, no. 3 (2012): 533-576.
[10] Lave, Rebecca. "Neoliberalism and the production of environmental knowledge." Environment and Society 3, no. 1 (2012): 19-38.
[11] Beck, Ulrich, and Brian Wynne. Risk society: Towards a new modernity. Vol. 17. sage, 1992.
[12] საქართველოს მეოთხე ეროვნული შეტყობინება. UNFCCC. 2021