Rioni Valley haindpainted illustration

რიონის ხეობის ბრძოლა პოლიტიკური და სამოქალაქო საზოგადოების ველში

სადავო ინფრასტრუქტურები და განვითარების პოლიტიკა

რედაქტორის წინასიტყვაობა

წინამდებარე ნაშრომი წელიწად-ნახევრის განმავლობაში მიმდინარე უწყვეტი ბრძოლის, ყოველდღიური, რუტინული შრომისა და იმ ჯერ ისევ დაუსრულებელი შინაგანი ტრანსფორმაციის ამოძახილია, რომელიც ნაშრომის ავტორთან, ლელა რეხვიაშვილთან ერთად, მე და სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის გაერთიანებულმა, ჩვენი კოლექტივის სხვა წევრებმა რიონის ხეობის გადარჩენისთვის დაწყებულ მოძრაობაში გამოვიარეთ. თუმცა, ის ამავდროულად მტკიცე და მუხლჩაუხრელი ინდივიდუალური ძალისხმევის შედეგიცაა, როგორც მნიშვნელოვანი საავტორო ნაშრომი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამჟამად გაჩენილი, წარსული თუ მომავალი სოციალური მოძრაობების პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი პოზიციონირების; ბრძოლის, როგორც მეთოდის; წარმატებისა თუ დამარცხებების გრძელვადიანი თუ მოკლევადიანი შესაძლებლობებისა თუ ლიმიტების გამორკვევის შესახებ.

მართალია, ნაშრომი კოლექტიური შრომის, ყოველდღიური საერთო ბრძოლის გამოცდილებაზე დგას და სწორედ ამ კუთხით, ის ვერ ჩაითვლება მხოლოდ თეორიულ, აკადემიურ ან სამეცნიერო რეფლექსიის მცდელობად კონკრეტულ ბრძოლასა თუ მოძრაობაზე, კვლევის ღია და ექსპერიმენტული მეთოდოლოგია და უნიკალური საავტორო პრაქტიკა, რაც ფაქტობრივად შლის საზღვარს კვლევასა და მონაწილეობას შორის იმგვარად, რომ თან ბოლომდე შეინარჩუნოს (თვით)კრიტიკული მიდგომა; ასევე, ნაშრომში მოცემული ავტორისეული თეორიული განაზრებები და დაშვებები, რომლებიც იქამდე არსებული წინააღმდეგობის გამოცდილებების, არსებული მოლოდინისა თუ აღქმის ჩარჩოს, ფაქტობრივად, პრაქტიკაში მიმდინარე, რეალურად ხელშესახებ პროცესში ჩართვით მიუახლოვდება, გამოცდის და გადაამოწმებს, როგორც ცოცხალ, უტყუარ გამოცდილებას, განსაკუთრებით აქტუალური და მნიშვნელოვანია დღევანდელ საქართველოში უკვე არსებული თუ მომავალი – მარგინალიზებული, დღის წესრიგიდან უკვე გარიყული თუ მომავალში გარდაუვლად გარიყვადი – სოციალური მოძრაობების მტკიცე მხარდაჭერისა და მათთვის ერთგვარი პრაქტიკული სახელმძღვანელოს შექმნის მცდელობის
თვალსაზრისით – რაც, ამ შემთხვევაში, რიონის ხეობის გადარჩენისთვის დაწყებული და წარმატებით დასრულებული უპრეცედენტო ბრძოლის მრავალმხრივი პროცესის ანალიზის მაგალითზე გახდა შესაძლებელი.

ამიტომ, ეს წიგნი – რომელიც ღია კითხვას სვამს ადგილობრივ კონტექსტსა თუ რეგიონულ მსგავსი პოლიტეკონომიური წესრიგების კონტექსტში წინააღმდეგობის პოლიტიკის ბედზე, მის განხორციელებადობასა და წარმატების/მარცხის კონკრეტულ შესაძლებლობებსა თუ დაბრკოლებებზე, დიალოგის საფუძველი უნდა გახდეს იმ თეორიული ჩიხებისთვისაც, რომლებიც, უკვე ათწლეულებია, პერიფერიულ კაპიტალისტურ ქვეყნებში წინააღმდეგობის პოლიტიკას ბოლომდე პესიმისტურ განაჩენს გამოუტანენ ან არაადეკვატურად ოპტიმისტურ, მხოლოდ თეორიაში შესაძლებელ, რეალობასთან დაშორებულ მოთხოვნებსა და სტრატეგიას დაუდგენენ ან წაუყენებენ.

რიონის ხეობის გადარჩენა მასში აქტიურად ჩართული ათასობით ადამიანისთვის არ ყოფილა მხოლოდ რესურსების, საარსებო გარემოს, ამ გარემოში არსებული კულტურული ღირებულებებისა და საგანძურის შენარჩუნების სამუშაო; არამედ, სწორედ იმიტომ, რომ ათასობით ადამიანისთვის თანამედროვე საქართველოში ის გახდა, ასევე, პოლიტეკონომიური თვითგამორკვევის, ძალაუფლების რეალური ვექტორების – ჩვენი ქვეყნის კოლონიური ყოფისა და აქ მიმდინარე ველური-საბაზრო ბატალიების აღმოჩენისა და თანმიმდევრული გამოაშკარავების, მხილების საფუძველი; გარკვეულ დროს ის იქცა ადამიანებში შიგანაგად დაწყებული ტრანსფორმაციის, საკუთარ თავთან შეპირისპირებისა თუ დაჯახების ნაპერწკლადაც, რომელმაც იქამდე ათწლეულების განმავლობაში მიჩქმალული ფუნდამენტური – შედარებით ზედაპირული და მანიპულაციური შინაარსებითა და დაპირისპირებებით გადაფარული – უსამართლობის სურათი და მისი სიცხადე სახალხო ტრიბუნაზე გამოიტანა. სწორედ ამიტომ, ამ პროცესში, ჩვენ ყველას მოგვიწია მწვავე, კრიტიკული და ხშირად მტკივნეული კითხვების დასმა საკუთარი თავებისადმი, საკუთარი აზროვნებისა თუ ერთმანეთისადმი დამოკიდებულებისადმი, ერთმანეთის მხარდაჭერის, ერთმანეთის გარიყვისა თუ განსჯის ჩვენში ფესვგადგმული პრაქტიკებისადმი, რომლებმაც ამ ცოცხალ პროცესში საკუთარი არაერთი სიმცდარე, სწორხაზოვნება თუ ჩაკეტილობა აჩვენა.

ამიტომაც, ეს პროცესი ტრანსფორმაციული იყო არა მხოლოდ მასში ჩართული ათასობით ადამიანისთვის, არამედ რიგითი პოლიციელების, სპეცრაზმელების, ჟურნალისტების, ორგანიზაციების, ინტელექტუალებისა თუ მოძრაობებისთვისაც; ისევე, როგორც ძალაუფლების ვექტორებისთვის – რომელთაც არაერთხელ მოუწიათ უკან დახევა, საკუთარ ლოგიკაში გაჭედვა, მორალური უპირატესობის დაკარგვა და რომლებსაც, შესაბამისად, მსგავს წინააღმდეგობებთან გასამკლავებლად მომავალში კიდევ უფრო დახვეწილი სტრატეგიების შემუშავება მოუწევთ.

ლელა რეხვიაშვილის ეს ნაშრომი ჩემთვის, როგორც არა ამ ბრძოლაში ასევე ჩართული ადამიანისთვის, არამედ, ამ შემთხვევაში, როგორც კონკრეტული წიგნის რედაქტორისთვის – თავდაუზოგავი ბრძოლისა და თეორიული (თვით)კრიტიკულობის იშვიათი მაგალითია თანამედროვე, პოსტსაბჭოთა საქართველოს აქტივისტური თუ აკადემიური წრეებისთვის.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით თაკო ანთიძეს ბიოლის ფონდიდან, რომლის მხარდაჭერაც ფასდაუდებელი იყო ნაშრომის შექმნისთვის; ჩვენს მეგობრებს რიონის ხეობის მოძრაობიდან: ვარლამ გოლეთიანს, მარიტა მუსელიანს, მაკა სულაძეს, კახა ასათიანს, ირაკლი ივანეიშვილს და ხეობის სხვა მცველებს, რომლებიც მუდამ მზად იყვნენ, ჩვენთან ერთად დაუსრულებლად ემსჯელათ წიგნის თითოეულ პარაგრაფში მოცემულ საკითხზე. მადლობას ვუხდით ჩვენს კოლექტივს „სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის, განსაკუთრებით ნინო გოგუას, ირინე ჯორჯაძეს, ლუკა ნახუცრიშვილს; დანარჩენ წევრებს – კოტე ერისთავს, თეონა რეხვიაშვილს, მარიამ პაიჭაძეს, ანა ბერიას, ანანო ნიქაბაძეს მხარდაჭერისთვის და წიგნში წყაროებად გამოყენებული მასალების ფაქტობრივად, შექმნისთვის – მათზე კოლექტიურად მუშაობისთვის. ასევე, ლინა ღვინიანიძეს, ბექა ნაცვლიშვილს, თათული ჭუბაბრიას; ლიკა ჯალაღანიასა და თამთა ხალვაშს კომენტარებისა და რჩევებისთვის. მადლობას ვუხდით მოძრაობაში ჩართულ უამრავ ადამიანს, ჯგუფს თუ ორგანიზაციას, რომელთა სიაც გრძელი და ჩამოუთვლელია, თუმცა, არაერთხელ ვასახელებთ თავად წიგნში. სწორედ მათ დაუღალავ შრომას, მუდმივ ფიქრსა და დიალოგში ყოფნას ეყრდნობა როგორც თავად ბრძოლისას დაბადებული ახალი გამოცდილებები, ისე ნაშრომში მოყვანილი ფაქტობრივი მონაცემები თუ ანალიტიკური მიდგომები.

დაბოლოს, ვინაიდან მოცემული ნაშრომი პირველი მცდელობაა ამ უზარმაზარი პროცესისა და უნიკალური გამოცდილების ანალიზისა, მას გთავაზობთ, როგორც დასაწყისს მომავალი განაზრებებისთვის, როგორც გამხსნელ ტექსტს ნაშრომში დასმულ, – როგორც ცალკე საქართველოს კონტექსტისთვის, ისე, მთელი პოსტსაბჭოთა სივრცისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის პოლიტიკურად მუდამ აქტუალურ თეორიულ კითხვებზე პრაქტიკაში გამოცდილი და სამომავლოდ გამოსაცდელი პასუხების ძებნისა და გაცემისთვის.
                                           

                                                                                                  ალექსანდრა აროშვილი

Product details
Date of Publication
2022
Publisher
© ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი, 2022 © ლელა რეხვიაშვილი, 2022
Number of Pages
133
Licence
All rights reserved
Language of publication
ქართული
Table of contents

რედაქტორის წინასიტყვაობა - 6
შესავალი - 9
1. კვლევის მეთოდოლოგია: მონაწილის დაკვირვება - 19
2. ვინ შეეწინააღმდეგება კაპიტალიზმს? სუბალტერნული წინააღმდეგობის
თეორიზება სამოქალაქო და პოლიტიკური საზოგადოების ველს შორის - 27
3. პრეისტორია და უწყვეტი პროტესტის დაწყება - 33
4. სახელმწიფოს გააქტიურება საჯარო დისკურსში: არგუმენტების ომის დასაწყისი
(14 ნოემბერი – 30 იანვარი) - 41
5. გრძელვადიანი ომი: პროტესტის აღმასვლა და გაფართოება რეპრესიისა
და მოლაპარაკების ცრუ მცდელობების წინააღმდეგ (30 იანვარი – 24 აპრილი) - 53
6. სოლიდარობის და პოლიტიკური ნარატივის გაფართოება დისკრედიტაციის
მანქანის ამუშავების ფონზე (24 აპრილი – 5 ივლისი) - 86
7. რიონის ხეობის მოძრაობისა და ხელისუფლების მარცხი და მიღწევები:
„პრაიდი“, მედიაცია და „ენკას“ გასვლა (5 ივლისი – 25 ოქტომბერი) - 100
დასკვნა: სუბალტერნული ბრძოლა პოლიტიკურ და სამოქალაქო საზოგადოების ველს შორის - 115
ბიბლიოგრაფია - 123

Struggle for the Rioni Valley in between political and civil society terrains: contested infrastructures and development politics - 125