მოქალაქეობისა და სახელმწიფოების მიჯნაზე: ჩეჩნეთიდან ლტოლვილები პანკისში

სტატია მოკლედ მიმოიხილავს 90-იანი წლების ბოლოდან საქართველოში ჩამოსული ჩეჩენი და ქისტი ლტოლვილების ისტორიას, გამოცდილებას და ჩეჩნეთიდან ლტოლვილების მიმართ პოლიტიკას 2000-იანი წლებიდან დღემდე. დღეს პანკისის ხეობაში დაახლოებით ასამდე ადამიანია, ვისაც ამ დრომდე ლტოლვილის სტატუსი აქვს და საქართველოს მოქალაქეობის მიღებას ვერ ახერხებს. მათი სრული უმრავლესობა საქართველოშია დაბადებული ან ათწლეულებია საქართველოში ცხოვრობს და მუშაობს. ავტორი აღწერს 2015 წლიდან პოლიტიკის იმ აშკარა შემოტრიალებას, რაც მოქალაქეობის მიღებისას ლტოლვილებს გადაულახავ ბარიერებს უქმნის.

პანკისელი ქალები
Teaser Image Caption
თაკო რობაქიძის ფოტო

სტატიის მასალა ემყარება 2021-2023 წლებში პანკისში ჩატარებულ ექვსთვიან საველე კვლევას, 2019-2023 წლებში ჩატარებულ ორმოცამდე ოფიციალურ ინტერვიუს და უამრავ არაფორმალურ საუბარს ქისტ აქტივისტებსა და მეგობრებთან. ლტოლვილების საკითხებთან დაკავშირებით განსაკუთრებული დახმარება გამიწიეს KRDF-ის თანამშრომლებმა.

2023 წლის მარტში მე და მალიქა[1] პანკისის ერთ-ერთი სოფლის სკოლის დერეფანში ვსხედვართ. მალიქა თემში აქტიური ქალია, შუახნის სკოლის მასწავლებელი, რომელიც ჩეჩნეთის მეორე ომის დროს ჩეჩნეთიდან პანკისში ჩამოსვლის ისტორიას და ლტოლვილობის გამოცდილებას მიზიარებს: „მე და ჩემს შვილებს დღემდე ლტოლვილის სტატუსი და საქართველოში დროებითი ბინადრობის უფლება გვაქვს. ჩემი შვილები, რომლიდან ორი აქ დაბადებულია, საქართველოს მოქალაქეები არ არიან და მხოლოდ დროებითი ბინადრობის უფლება აქვთ. რამდენიმე წლის წინ მე და ჩემმა გოგომ მოქალაქეობაზე განაცხადი შევიტანეთ. გამოცდაზე ოცდაათიდან ოცდაათივე კითხვას სწორად ვუპასუხე, მაგრამ მოქალაქეობის მიღებაზე მაინც უარი მოგვივიდა. ჩემთვის ქართული მესამე ენაა, მაგრამ სრულყოფილად ვისწავლე და ქართულ ენაზე ვასწავლი. ათწლეულებია საქართველოში ვცხოვრობ, აქ ვმუშაობ. ერთი პერიოდი ბევრს აძლევდნენ მოქალაქეობას, ჩემმა ქმარმაც მაშინ მიიღო მოქალაქეობა. მე მასწავლებლად ორ სმენაზე ვმუშაობდი და 170 ლარი მქონდა ხელფასი. ალბათ იმ პერიოდში ის მიზერული ლტოლვილის დანამატიც, 28 ლარიც, დიდი თანხა იყო, ვერ შეველიე და მაშინ მე და ჩემს შვილებს განაცხადი არ შეგვიტანია. ახლა – უარი მივიღე. პანკისში სულ რამდენიმე ოჯახი შემოვრჩით, ვინც მოქალაქეობა ვერ მიიღო. უარის მიღების მერე მოტივაცია აღარ მაქვს, ხელმეორედ შევიტანო. თან მოქალაქეობაზე შესატანი გადასახადი ისე გაიზარდა, ვეღარ გავწვდები ერთ ოჯახის წევრზე 400-500 ლარს“. ადგილობრივი ორგანიზაციის, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის (KRDF) მონაცემების მიხედვით, მალიქას ოჯახის მსგავსად, დღემდე პანკისის ხეობაში დაახლოებით ასი ადამიანი ცხოვრობს, ვისაც ლტოლვილის სტატუსი აქვს და საქართველოს მოქალაქეობის მიღებას ვერ ახერხებს. ათამდე ადამიანს კი საერთოდ არანაირი საბუთი არ გააჩნია.

ჩემი სადოქტორო კვლევა პანკისში მოქალაქეობის საკითხებს ეხება. მისი მიზანია, აღწეროს, თუ რა მიმართებები არსებობს პანკისის ხეობაში სახელმწიფოსადმი და რა გავლენა ჰქონდა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში პანკისის მიმართ პოლიტიკას ადგილობრივთა შეხედულებაზე სახელმწიფოს შესახებ. სადოქტორო კვლევის პროცესში მალევე აშკარა გახდა, რომ პანკისელები ხეობის ერთ-ერთ ყველაზე გარდამტეხ მოვლენად 1999-2000 წლებში ლტოლვილების ჩამოსვლას ასახელებდნენ. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ფართოდ, ქართულ ცნობიერებაში პანკისის წარმოჩენა საშიშ ადგილად, რომლის კვალი დღესაც ემჩნევა პანკისსქისტებს მუდმივად უწევთ საქართველოს მიმართ საკუთარი ერთგულების მტკიცება. ისინი იძულებულები არიან დანარჩენი საქართველო დაარწმუნონ, რომ ხეობაში მშვიდობა სუფევს. როგორც დუისში ჩამოსული ტურისტები ჰყვებიან, თბილისში ბევრი ტაქსის მძღოლი მათ პანკისში წასვლაზე უარს ეუბნება და არწმუნებს, რომ იქ ჩასვლა საშიშია. ეს წარმოდგენები მხოლოდ სტერეოტიპები არ არის, ის სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილიცაა. წლებია, საქართველოს სახელმწიფო ხეობას უსაფრთხოების პრიზმიდან უყურებს, რამაც პანკისში მრავალი ტრავმა გამოიწვია. ეს პოლიტიკა უამრავი ადამიანის ბედსა და ყოველდღიურობას განსაზღვრავს ბევრმა ახალგაზრდამ საქართველო დატოვა, ხოლო ასამდე ადამიანი მოქალაქეობის მიღმა რჩება. ამ პოლიტიკისა და წარმოდგენების გადასააზრებლად კი, პირველ რიგში, იმ მოსახლეობის ხმები უნდა ისმოდეს, ვინც პანკისში ცხოვრობს და იმ პრობლემებზე დაიწეროს, რაც პანკისელებს აწუხებთ.

ლტოლვილობის დასაწყისი

ჩეჩენი ლტოლვილების ისტორია საქართველოში ჩეჩნეთის მეორე ომთან ერთად იწყება. ქისტები იხსენებენ, რომ საბჭოთა კავშირის ბოლო წლებიდან ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყებამდე, 80-90-იან წლებში საქართველოში ეკონომიკის ჩამოშლის ფონზე, პანკისი ქისტების დიდმა ნაწილმა დატოვა. საქართველოში მცხოვრები ქისტების უმრავლესობა სამშობლოდ ჩეჩნეთსა და საქართველოს ერთნაირად მიიჩნევს, რადგან ქისტები, ინგუშები და ჩეჩნები ეთნიკურად ერთ, ვაინახურ ჯგუფს მიეკუთვნებიან. სწორედ ამიტომ, ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად, ქისტების ნაწილმა წასვლა სწორედ ჩეჩნეთში გადაწყვიტა. ბევრი მათგანი სეზონურად დადიოდა დროებით სამუშაოზე, თუმცა მრავალი ქისტური ოჯახი პანკისიდან ჩეჩნეთში მუდმივ მცხოვრებლად გადავიდა. სოფელ დუისში 2023 წლის გაზაფხულზე ჭინჭრის ხაჭაპურის მზადებისას ადგილობრივი დიასახლისი არაფორმალურ საუბარში საკუთარ ახალგაზრდობაზე მიყვება და იხსენებს: „90-იანებში დაცლილი იყო ხეობა. ქუჩაში რომ გავივლიდი, მეგონა, მხოლოდ მე და მოხუცები დავრჩით. ვფიქრობ, ომი რომ არ მომხდარიყო, საერთოდ დაიცლებოდა პანკისი და ახლა აქ თითქმის აღარავინ იქნებოდა“. პანკისის დაცარიელება ეკონომიკური პრობლემების გარდა კიდევ ერთმა ფაქტორმა განაპირობა 1991 წელს ჩეჩნეთში დამოუკიდებლობა გამოცხადდა და შეიქმნა დე ფაქტო ჩეჩნეთის რესპუბლიკა (მოგვიანებით, ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკა). რამდენიმეწლიანი დაძაბულობის შემდეგ რუსეთის სახელმწიფოსა და ჩეჩნებს შორის შეიარაღებული მოქმედებები 1994 წელს ომში გადაიზარდა, თუმცა ჩეჩნეთის პირველი ომი ორი წლის შემდეგ ჩეჩნების გამარჯვებით დასრულდა. ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისა და მისი გამარჯვების პერიოდში პანკისიდან ჩეჩნეთში ქისტები სასწავლებლად ან სამუშაოდ მიდიოდნენ უკეთესი შემოსავლისა და მომავლის იმედად და ოჯახებიც თან მიჰყავდათ. ქისტების ნაწილი ჩეჩნეთის პირველ ომშიც იბრძოდა. პირველი ომის დაწყებისა და დასრულების შემდეგაც უკან, პანკისში ქისტების მხოლოდ მცირე ნაწილი დაბრუნდა.

1999 წელს ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყების შემდეგ ჩეჩნეთში სიტუაცია უკიდურესად დამძიმდა, ამიტომ ის ქისტები და ჩეჩნები, ვისაც პანკისის ხეობაში ნათესავები ჰყავდათ, საქართველოსკენ დაიძრნენ. მათთან ერთად პანკისის ხეობაში ის ჩეჩნებიც ჩამოვიდნენ, ვინც მანამდე პანკისის ხეობის შესახებ ბევრი არაფერი იცოდა და ომისგან გადარჩენას ცდილობდა. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყების შემდეგ პანკისის ხეობაში 7000[2]-დან 12 000[3]-მდე ლტოლვილი იყო. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (გლუკი) წლიური სტატისტიკის მიხედვით, 1999-2001 წლებში 8000-მდე ლტოლვილი იყო აღრიცხული [4].

საქართველოში ჩეჩნეთიდან ჩამოსულთა აღრიცხვის პროცესში არსებობდა ბევრი ხარვეზი და სირთულე. ამ და სხვა მიზეზებით, პანკისში ჩამოსულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია. აღრიცხვას ისიც ართულებდა, რომ ჩეჩენ ლტოლვილებთან ერთად პანკისში დაბრუნდნენ ის ქისტებიც, ვინც ჩეჩნეთში წლების განმავლობაში ცხოვრობდა და ისინიც, ვინც სეზონურად იყო სამუშაოდ წასული. ქისტების ნაწილს ასევე მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი იმის გამო, რომ ჩეჩნეთში წლების განმავლობაში ცხოვრობდა და ჩეჩნეთის საბუთები ჰქონდა, მაგრამ ზოგი მათგანი პანკისში საქართველოს მოქალაქის სტატუსით დაბრუნდა. აღსანიშნია, რომ ლტოლვილების მცირე ნაწილს თავიდან მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი მოგვიანებით ჩამოერთვა. ლტოლვილის სტატუსის მქონე პირები საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ჰუმანიტარულ დახმარებას იღებდნენ. ქვეყანასა და პანკისის ხეობაში ღრმა ეკონომიკური კრიზისის დროს ჰუმანიტარული პროდუქტების ყუთები ბევრი ადამიანისთვის შიმშილისგან გადარჩენის ტოლფასი იყო. ხეობაში ჩამოვიდნენ ჩეჩნეთის ომში მებრძოლებიც. ბევრი მათგანი დროებით იმყოფებოდა პანკისში და მათი აღრიცხვა რთული იყო. ამასთან, 2000 წელს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ლტოლვილების აღრიცხვის პროცესი რამდენიმე თვით შეჩერდა. შესაბამისად, სხვადასხვა წყარო ჩეჩნეთის ომის შემდეგ ჩამოსულთა სხვადასხვა რაოდენობას ასახელებს.

ლტოლვილების ყოფა 2000-იანი წლების პანკისში

ჩეჩნეთიდან საქართველოში ჩამოსული ლტოლვილების სრული უმეტესობა პანკისში დასახლდა. ჩეჩენი ლტოლვილები სკოლების, საავადმყოფოების, ინტერნატების შენობებში შეასახლეს. თუმცა, რადგან მათი რაოდენობა პანკისში მცხოვრებ ქისტ მოსახლეობას უთანაბრდებოდა (ან აღემატებოდა კიდეც), ქისტები და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები იმასაც ხშირად იხსენებენ, რომ არ არსებობდა ადგილობრივი ოჯახი, ვინმე არ შეეკედლებინა. სოფელ ჯოყოლოში ინტერვიუს დროს თანამოსაუბრე კაცი მიყვება: „კარგად მოწყობილი ოთახები, ჩვენთვის რაც გვენანებოდა და არ ვიყენებდით, ლტოლვილებისთვის არ დაგვნანებია და მათ დავუთმეთ“. ქისტები მათთვის სრულიად უცნობ ადამიანებს უსასყიდლოდ თვეების ან წლების განმავლობაში იფარებდნენ.

ქისტი და ჩეჩენი ლტოლვილების ჩამოსვლასთან ერთად, პანკისის ხეობაში მუშაობა დაიწყეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა  და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ, რომლებიც ლტოლვილების აღრიცხვას აწარმოებდნენ და მათ განსახლებას უზრუნველყოფდნენ. საერთაშორისო ორგანიზაციებმა ქისტ და ჩეჩენ ლტოლვილებს მესამე ქვეყნებში გასვლაშიც შეუწყვეს ხელი. რამდენიმე წელიწადში რუსეთის ფედერაციის ჩართულობით ჩეჩენი ლტოლვილების დიდი ნაწილი ჩეჩნეთში დაბრუნდა. რუსეთის სახელმწიფო ლტოლვილებს უსაფრთხოებას ჰპირდებოდა, მათ შორის მათაც, ვინც რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძოდა ან უპირისპირდებოდა. თუმცა მას შემდეგ, რაც ჩეჩნეთის ომში მებრძოლს რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოებას შეჰპირდა და ამის მიუხედავად, ჩეჩნეთში დაბრუნებისთანავე დააპატიმრა, რუსეთისადმი ყველაზე კრიტიკულად განწყობილ და მასთან დაპირისპირებულ ლტოლვილებს აღარ ჰქონდათ იმის რწმენა, რომ სამშობლოში დაბრუნებას შეძლებდნენ. ამასთან, რუსეთი წლების განმავლობაში ცდილობდა საქართველოდან რამდენიმე ჩეჩენის რუსეთში ექსტრადიციას.[5] ამიტომ რუსეთის მიმართ დაპირისპირებული ლტოლვილების ნაწილი მესამე ქვეყნებში გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო მცირე ნაწილი პანკისის ხეობაში დარჩა. ზოგმა ლტოლვილმა საქართველოს მოქალაქეობის მიღება მოახერხა, განსაკუთრებით მათ, ვინც საქართველოში დაიბადა და გაიზარდა და ჩეჩნეთში მოზრდილ ასაკში წავიდა. KRDF-ის მონაცემებით, 2009 წლისთვის პანკისის ხეობაში იყო დაახლოებით 860 ლტოლვილის სტატუსის მქონე ადამიანი.

ამ პერიოდში ჩეჩნეთიდან ლტოლვილების მიმართ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მანდატი ამოიწურა და გაიცა რეკომენდაცია საქართველოს სახელმწიფოს მიმართ, რომ მას 860-მდე ლტოლვილის სამოქალაქო სტატუსის გარკვევისთვის გრძელვადიანი გზა გამოენახა. 2008-2009 წლებიდან სახელმწიფომ ჩეჩნეთიდან ლტოლვილების ინტეგრაციის პოლიტიკა აირჩია, რომლის კურსი მიმართული იყო იქითკენ, რომ პანკისში დარჩენილი ლტოლვილები საქართველოს მოქალაქეები გამხდარიყვნენ. 2009 წელს პანკისში დარჩენილი ლტოლვილების დიდი უმრავლესობა წარმოშობით ქისტები ან მათი ოჯახები იყვნენ. ისინი საბჭოთა პერიოდიდან ან 90-იანი წლებიდან ცხოვრობდნენ ჩეჩნეთში, თუმცა საქართველოსთან ისტორიულად, კულტურულად იყვნენ დაკავშირებული და პანკისში ახლო ნათესავები ჰყავდათ, ან თავად იყვნენ პანკისში დაბადებული. ლტოლვილთა მცირე ნაწილს კი ის ჩეჩნები წარმოადგენდნენ, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ, ან ეშინოდათ, რომ რუსეთის ფედერაციაში დაბრუნების შემდეგ მძიმე სასჯელი ელოდათ და ვერც მესამე ქვეყანაში გასვლა მოახერხეს.

2009 წლიდან ჩეჩნეთიდან ჩამოსული ლტოლვილებისთვის მოქალაქეობის მიღება გამარტივდა და დარჩენილი ლტოლვილების დიდმა ნაწილმა მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიიღო. მოქალაქეობის მიღების საგამონაკლისო წესი, ძირითადად, ინვესტორებისთვის ან საქართველოს მიმართ სპეციალური დამსახურების მქონე პირებისთვის იყო განკუთვნილი. თუმცა საქართველოს სახელმწიფომ მხარი დაუჭირა პოლიტიკას, რომ ამ წესით მოქალაქეობა ლტოლვილებსაც მიეღოთ და ორმაგი მოქალაქეები გამხდარიყვნენ. ამ პოლიტიკის ფარგლებში დაახლოებით 530-მა ადამიანმა მოახერხა ორმაგი მოქალაქეობის მიღება, ნაწილმა კი საქართველო დატოვა. მოქალაქეობა იმ პირებმაც მიიღეს, ვინც რუსეთის მიმართ განსაკუთრებული კრიტიკით გამოირჩეოდა.

საქართველოს პოლიტიკის ცვლილება

2015 წლიდან საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების პოლიტიკა რადიკალურად შეიცვალა ქისტებისა და ჩეჩნებისთვის საგამონაკლისო გზით მოქალაქეობის მიღების საშუალება გაუქმდა. თუმცა პოლიტიკის ცვლილება ლტოლვილების მიმართ 2012 წლიდან დაიწყო და 2015 წლამდე მოქალაქეობის მინიჭება ინერციით გაგრძელდა. ხოლო ის ლტოლვილები, ვისაც მოქალაქეობაზე სტანდარტული წესით შეაქვთ განაცხადი, უარს იღებენ. საქართველოს მოქალაქეობაზე განაცხადის სტანდარტული წესით შეტანისას საქართველოს სახელმწიფო ლტოლვილებისგან ითხოვს რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის მოწმობას. ეს პრობლემას ქმნის რამდენიმე მიზეზის გამო. ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ისაა, რომ ბევრ ლტოლვილს ოფიციალურად რუსეთის მოქალაქეობა არც აქვს. მათ 90-იან წლებში ჩეჩნეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დოკუმენტები აქვთ, რომელთაც რუსეთი ლეგიტიმურად არ მიიჩნევს. შესაბამისად, რუსეთის სახელმწიფო მათ რუსეთის მოქალაქეებად არ აღიარებს. 90-იანი წლების დე ფაქტო იჩქერიას ოფიციალურად არც საქართველო ცნობს, ამიტომ ჩეჩნეთის დოკუმენტების მქონე ლტოლვილებიც რუსეთის მოქალაქეებად მიიჩნევიან საქართველოს სახელმწიფოს მიერ. ეს შეუსაბამობა თავიდანვე გზას უჭრის ლტოლვილების ნაწილს, მოქალაქეობისთვის საჭირო დოკუმენტაციები წარმოადგინოს. თუმცა ხისტი მიდგომის გამო საქართველოს სახელმწიფო ამ ფაქტორს მხედველობაში არ იღებს. მეორე მიზეზი ისაა, რომ რუსეთის სახელმწიფო მოქალაქეობაზე უარის თქმის ცნობას მხოლოდ რუსეთში ჩასულ მოქალაქეებზე გასცემს. შესაბამისად, ადამიანებს, რომლებსაც რუსეთის სახელმწიფოსგან შესაძლოა საფრთხე ემუქრებოდეთ, საქართველო საფრთხის შემქმნელ სახელმწიფოში ჩასვლას ავალებს.

იმ შემთხვევაშიც, როცა ადამიანებს ეს ბარიერი არ უდგათ, პანკისში მცხოვრები რესპონდენტებისა და KRDF-ის ცნობით, ჩეჩნეთიდან ლტოლვილების უმრავლესობა მოქალაქეობაზე უარს იღებს. KRDF სწორედ ის ორგანიზაციაა, რომელიც პანკისში ჩამოსულ ლტოლვილებს მოქალაქეობის აპლიკაციების შევსებაში ეხმარება და ამ რეგიონში მოქალაქეობის მიღების პროცესებს უშუალოდ აკვირდება. აშკარაა, რომ ჩეჩნეთიდან საქართველოში ლტოლვილების საკითხი სპეციალურ მექანიზმს და პოლიტიკას საჭიროებს, თუმცა საქართველოს სახელმწიფო 2015 წლიდან ლტოლვილების უგულებელყოფის პოლიტიკას ირჩევს. ბოლო წლებში არ არსებობს ცხადი პოლიტიკა, რომელიც საქართველოში დარჩენილი ლტოლვილების სტატუსის საბოლოოდ გარკვევას უზრუნველყოფდა. ლტოლვილები იძულებულები არიან, ან მესამე ქვეყანაში მოითხოვონ თავშესაფარი, ან საქართველოში დროებითი ბინადრობის უფლებას დასჯერდნენ. მოქალაქეობაზე ლტოლვილებისთვის მასობრივად უარის თქმა კი იმის ნიშანია, რომ ამჟამად სახელმწიფო პოლიტიკა ლტოლვილების სტატუსის გარკვევისკენ არაა მიმართული. ეს მაშინ, როდესაც პანკისში დარჩენილი ლტოლვილების უმრავლესობას ის ადამიანები წარმოადგენენ, ვისაც პანკისსა და დანარჩენ საქართველოსთან ღრმა კავშირები აქვთ. მოქალაქეობაზე უარის თქმით სახელმწიფო მათ უზღუდავს პოლიტიკურ მონაწილეობას, ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და სხვა კეთილდღეობებზე წვდომას.

ხშირად მოქალაქეობის უარის მიზეზად „სახელმწიფოს უსაფრთხოება“ წერია. ეს ლტოლვილებში აჩენს განცდას, რომ მოქალაქეობის მიღებისას სახელმწიფოს უშიშროების სამსახური უქმნით ბარიერებს. ეს მათ აგრძნობინებს, რომ სახელმწიფო კვლავ იმ პოლიტიკას ატარებს, რომლის მიხედვითაც მთელი თემი, ქისტები და ჩეჩნები, საფრთხედ მოინიშნებიან. აღსანიშნია, რომ ამ მიდგომის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ადგილობრივ და საერთაშორისო მედიასაც ჰქონდა. ეს მიდგომა პრობლემურია ბევრი მიზეზით. მათ შორის იმით, რომ ინტეგრაციის ნაცვლად ის აუცხოებს ქისტებსა და ჩეჩნებს, რომლებსაც საქართველოს სახელმწიფოსთან ახლო მიკუთვნებულობის განცდა აქვთ. მათ ნაწილს ეს პოლიტიკა აფიქრებინებს, რომ მათი სახელმწიფოსთან მიკუთვნებულობა ცალმხრივია.

არსებული უსაფრთხოების პრიზმის გამო ხშირად ცალკეული ადამიანების ქცევა განზოგადდება მთლიან თემზე. ეს მიდგომა ცალკეული ადამიანების ქმედების პასუხისმგებლობას მთლიანად პანკისის ხეობის მოსახლეობას აკისრებს. ამ დომინანტური პარადიგმის მიხედვით, ყველა პანკისელი პოტენციური საფრთხეა და მათ ყოველ ნაბიჯზე საკუთარი უდანაშაულობა უნდა ამტკიცონ. მაგალითად, პანკისელები მკაცრად მოწმდებიან საქართველოს საზღვარზეც და ქისტების პოლიტიკური აქტიურობაც უსაფრთხოების საკითხად წარმოჩინდება. ეს კი პანკისელებს ბაზისურ უფლებებზე თავისუფლად წვდომას უზღუდავს.

ლტოლვილები დღეს

ხეობაში რჩებიან ადამიანებიც, რომლებსაც არც ლტოლვილის სტატუსი აქვთ და არც საქართველოს მოქალაქეობა, რადგან მათი ლტოლვილის სტატუსი ოჯახის სხვა წევრს იყო მიბმული. მას შემდეგ, რაც წარსულში მათი ოჯახის წევრებმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღეს, ისინი ლტოლვილის სტატუსის გარეშე დარჩენილები აღმოჩნდნენ და კიდევ უფრო მოწყვლადები არიან, ვიდრე ლტოლვილის სტატუსის მქონე ადამიანები.

საუბარში ქისტები ხშირად წუხან ლტოლვილი ახლობლების ბედზე. სოფელ დუისში ერთ-ერთი ადგილობრივი ორგანიზაციის დამფუძნებელი დანანებით ამბობს: „ჩემი მეზობელი აქ დაბადებული და გაზრდილია. საქართველოს მოქალაქეობას ვერ იღებს. რუსეთში არასდროს ყოფილა. აქ დაამთავრა სასწავლებელი, მაგრამ მაინც არც ერთი ქვეყნის მოქალაქე არ არის. ვის უნდა მიმართოს?!“ ლტოლვილის სტატუსს ჩეჩნეთიდან ჩამოსული ადამიანების საქართველოში დაბადებული ბავშვებიც მემკვიდრეობით იღებდნენ, ამიტომ ხეობაში არიან ლტოლვილები, ვინც საქართველოს გარდა არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა, საქართველოში გაიზარდა და მაინც ვერ იღებს საქართველოს მოქალაქეობას.

სკოლაში საუბრისას მალიქას პანკისში დარჩენის შესახებ ვეკითხები, ის ოპტიმიზმს არ კარგავს და მპასუხობს, რომ მაინც ბედნიერია, საქართველო რომ აირჩია: „ჩემი დედმამიშვილები ევროპაში წავიდნენ. მე გადავწყვიტე აქ დავრჩენილიყავი. მძიმე პერიოდი გავიარეთ, უშუქობა, სიღარიბე. მოვიშუშეთ ჭრილობები. მე სწრაფვა მაქვს, პროფესიულად გავიზარდო და ჩემს გამოცდილებას უამრავ სხვა მასწავლებელს ვუზიარებ. ჩემმა ორმა შვილმა იმდენად კარგად ჩააბარეს აქ უმაღლესებში, რომ სასწავლებლად დამატებითი დაფინანსებებიც კი მოიპოვეს, თუმცა მოქალაქეობას ისინიც ვერ იღებენ“. მალიქა და სხვა ლტოლვილები იმედს არ კარგავენ, რომ არსებული პოლიტიკა შეიცვლება და საქართველოს მოქალაქეობას მომავალში მაინც მოიპოვებენ.

ჩემს სადოქტორო კვლევაში ადგილს იკავებს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებული სირთულეები, რადგან ის ააშკარავებს უსაფრთხოების პოლიტიკის გავლენას ადამიანებზე. ქართულ პოლიტიკაში რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობების მიმართ დღემდე უსაფრთხოების პრიზმა დომინირებს. როგორც ჩეჩნეთიდან ლტოლვილების მაგალითიც აჩვენებს, უსაფრთხოების პოლიტიკას სიღრმისეული გავლენა აქვს სხვადასხვა თემის ყოველდღიურობაზე, თუმცა ხშირად კრიტიკისა და რეფლექსიის გარეშეა გატარებული. ასევე ნიშანდობლივია, რომ ბოლო წლებში რეგიონებში შესამჩნევია „განვითარების“ იმგვარი პოლიტიკის დომინაციაც, რომელიც რეგიონებს ხედავს როგორც კაპიტალის მომტან რესურსს. ამ პოლიტიკის ფარგლებში სახელმწიფო ცდილობს მოსახლეობასთან შეუთანხმებლად რეგიონებისთვის მნიშვნელოვანი რესურსებისა და სივრცეების გასხვისებას ან ისეთი სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რაც შეიძლება ამ რეგიონებისთვის სხვადასხვა სახის ზიანის მომტანი აღმოჩნდეს. ჩემი სადოქტორო კვლევის მიზანია, საზოგადოებისთვის უფრო ნათელი გახადოს ის ყოფა და შედეგები, რაც სახელმწიფოს ამგვარ ხედვებს მოაქვს. შესაბამისად, იგი მიზნად ისახავს უსაფრთხოებისა და განვითარების შესახებ სახელმწიფო პოლიტიკის კრიტიკულად გააზრებასაც. სადოქტორო პროექტი არის მცდელობა, რეგიონებში მცხოვრები არადომინანტური რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების საწუხარი თუ მოსაზრებები გაახმოვანოს და, შეძლებისდაგვარად, მათ ხედვებზე დაფუძნებული ცოდნა შექმნას.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრეები ეკუთვნის ავტორს და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის შეხედულებებს


[1] ანონიმურობის დაცვის მიზნით, სტატიაში ნახსენები ყველა სახელი შეცვლილია.

[2] თამარ კეკელიძე, პანკისი პრესის ფურცლებზე. (თბილისი: კავკასიის ხალხთა საერთაშირუსი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, 2007), 11.

[3] ამ რიცხვს ასახელებენ ხეობაში მცხოვრები ქისტი რესპონდენტები და KRDF-ის თანამშრომლები.

[5]   ბრაიან სელსი და ჯეკ ზიბელი, დუმილი კლავს: ჩეჩენ ლტოლვილთა უფლებების შელახვა საქართველოში. (თბილისი: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC), 2006).