კლიმაქსი – მენოპაუზის შესახებ დოკუმენტური ფილმის მოსამზადებელი წარმოება (საქდოკ ფილმი, 2023)

Კითხვის დრო: 1 წუთი
sakdok

დოკუმენტური ფილმი „კლიმაქსის“ რეჟისორია თამარ მაღრაძე, ხოლო ფილმის მოსამზადებელ წარმოებას ახორციელებს „საქდოკ ფილმი“. პროექტის მიზანია, მოიპოვოს და შექმნას ძირითადი მასალა დოკუმენტური ფილმისთვის, რომელიც, თავის მხრივ, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საბჭოთა და თანამედროვე საქართველოს კონტექსტში ქალის სექსუალობაზე არსებულ დისკურსებში და მათ ანალიზში.

ისტორიულად, ქალის სხეული მრავალმხრივი პატრიარქალური დომინაციის ქვეშ იმყოფება. მრავალი საზოგადოება ქალთა ღირებულებასა და პროდუქტიულობას მათი ნაყოფიერების ასაკის მიხედვით აფასებდა თუ აფასებს. ამ თვალსაზრისით, მენოპაუზა აღნიშნავს რეპროდუქციული ასაკის დასასრულს და ცხოვრების განსხვავებულ, თუმცა ხშირად ნაკლებად პატივცემულ ეტაპზე გადასვლას. არაერთ საზოგადოებაში მენოპაუზა კვლავ სტიგმატიზებული და ტაბუდადებული საკითხია, რაც განსხვავებულად ვლინდება კულტურებს შორის და უშუალოდ მათ შიგნით, მათ შორის საქართველოშიც.

პროექტის ფარგლებში, თამარ მაღრაძემ ჩაატარა სექსუალობისა და მენოპაუზის შესახებ საბჭოთა საქართველოს ლიტერატურის საარქივო კვლევა. კვლევის შედეგების საფუძველზე საქდოკმა და თამარმა შექმნეს ექსპერიმენტული დოკუმენტური ფილმი „კლიმაქსის“ პირველი თავის თიზერი და სცენარის საკონსულტაციო მიმოხილვა („თრითმენთი“).