ზემო სვანეთი: მუდმივი დაძაბულობის ადგილი (ლიტერატურის მიმოხილვა)

წინამდებარე ტექსტი მიზნად ისახავს აჩვენოს ზემო სვანეთში მიმდინარე პროცესების მრავალმხრივობა და კომპლექსურობა, რაც ამ რეგიონში ათწლეულების განმავლობაში დაგეგმილ განვითარების პროექტებსა და ადგილზე მიმდინარე სხვადასხვა პრაქტიკას უკავშირდება. ამასთან, ავტორი მიმოიხილავს იმ თეორიულ ჩარჩოს, რომელიც ხსნის, თუ რა ემართება სახელმწიფოს, მის სუვერენულობასა და ადგილობრივ პრაქტიკებს საბაზრო ძალებთან ურთიერთმიმართების დროს და როგორ ვლინდება ეს სვანეთში.

Stefan Applis (2020): The struggle of the villages against the water power and the threatening destruction of the familiar life
Teaser Image Caption
Stefan Applis (2020): The struggle of the villages against the water power and the threatening destruction of the familiar life

საბჭოთა მოდერნიზაციისას და მის შემდგომ, ზემო სვანეთი მუდმივად იყო განვითარების სხვადასხვა პროექტის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი ადგილი. 30 წელზე მეტია, ხაიშის, დაბა მესტიის, ჭუბერის, ნაკრასა და სხვა სოფლების მოსახლეობა მუდმივ წინააღმდეგობაშია ჩართული. 80-იან წლებში დაწყებული ხუდონჰესის პროექტის იდეა, ადგილობრივების, საზოგადოებრივი ჯგუფებისა და მეცნიერების ნაწილის წინააღმდეგობის შედეგად შეჩერდა. თუმცა, ზემო სვანეთში დიდი ჰიდროპროექტების განხორციელების იდეა 2000-იანი წლებიდან ხელახლა გაცოცხლდა. საპასუხოდ, ამავე პერიოდიდან განახლდა ადგილობრივების  წინააღმდეგობაც, რასაც 2013 წელს ხაიშში ერთობის ფიცის დადება[1] მოჰყვა. შედეგად, დიდი ენერგეტიკული პროექტების გაცოცხლების მეორე ტალღაც, ჰიდროპროექტების შეჩერებით დასრულდა. დღეის მდგომარეობით, ზემო სვანეთში დაგეგმილ ათეულობით მცირე და საშუალო ჰიდროპროექტთან ერთად, ხელისუფლების დღის წესრიგში კვლავ დგას ისეთი დიდი სიმძლავრის ენერგეტიკული პროექტების მშენებლობა, როგორიცაა ხუდონი, ნენსკრა, დიზი და კვანჭიანარი.[2]

ენერგეტიკული საინვესტიციო პროექტების შექმნის პარალელურად, უკანასკნელი 15 წელია, ზემო სვანეთში აქტიურად ვითარდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც უმეტესად დაბა მესტიასა და უშგულს შეეხო. ტურიზმის განვითარებამ მნიშვნელოვნად გარდაქმნა ზემო სვანეთის ერთი ნაწილი და ის ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად აქცია. თუმცა, ტურიზმის განვითარების ეს პროექტი არ შეხებია ზემო სვანეთის სოფლებ, რომელთაც დიდი ჰესების პროექტები დატბორვით ემუქრება.

ბოლო წლებში განვითარებული ახალი პრაქტიკა, კრიპტოვალუტის მოპოვების მიზნით ციფრული ინფრასტრუქტურის შექმნას გულისხმობს, რაშიც ადგილობრივების გარკვეული ნაწილიცაა ჩართული. სვანეთი კრიპტოვალუტის მოპოვების თვალსაზრისით, განსაკუთრებულად საინტერესო ადგილად იქცა, რასაც ხელს უწყობს ორი მნიშვნელოვანი გარემოება: სახელმწიფოს მიერ ელექტროენერგიის სუბსიდირების პოლიტიკა და სვანეთში არსებული ცივი კლიმატი, რაც მოპოვების ინფრასტრუქტურის (ე.წ. მაინერების) გაგრილებისთვის ხელსაყრელ ბუნებრივ პირობებს ქმნის. ბოლო პერიოდია, თემის შიგნით ჩანს გაურკვევლობა, დაძაბულობა და კრიპტოვალუტის მოპოვების/გამომუშავების პროცესში მონაწილეობაზე უარის თქმის სურვილიც. ეს საერთო ნება 2021 წელს ერთობის ფიცის ფორმით გაფორმდა დაბა მესტიაში, რაც მის ყველა მონაწილეს კრიპტოვალუტის მოპოვების შეწყვეტას ავალდებულებდა და ადგილობრივებს შორის დარღვეული ნდობის აღდგენის მიზანსაც ემსახურებოდა. ამ კოლექტიური ძალისხმევის მიუხედავად, კრიპტოვალუტის მოპოვება კვლავ მნიშვნელოვანი საკითხია სვანეთში და ადგილობრივების ვარაუდით, ის კიდევ უფრო ინტენსიურ ფორმებს მომავალში მიიღებს (რეხვიაშვილი, 2022).

ზემო სვანეთი განვითარებისა და კეთილდღეობის არაერთი პროექტის თუ სხვადასხვა პრაქტიკის შეხვედრის ადგილია, რომლებიც განსხვავებული ეკონომიკური და სოციალური ამოცანებით, სახელმწიფოს განსხვავებული როლით, სხვადასხვა საბაზრო ლოგიკითა და კეთილდღეობის დაპირებით იჭრებიან ადგილობრივ კონტექსტში და მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევენ. ადგილობრივ საზოგადოებაში მიმდინარე ეს მრავალმხრივი და წინააღმდეგობრივი პროცესები, მასში სახელმწიფო ინსტიტუტების ჩართულობისა თუ მათი გაუჩინარების საკითხები, საინტერესო და მნიშვნელოვანია დასაკვირვებლად, რამაც არსებითად განსაზღვრა ჩემი კვლევის ინტერესი ამ რეგიონის მიმართ. თუმცა, ამ მუდმივ და მრავალმხრივ დინამიკაში, ჩემი სადოქტორო კვლევის  ფოკუსი დიდ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მიემართება. ამდენადკვლევის ფარგლებში შესწავლილი იქნება ის ცვლილებები, რომელიც ზემო სვანეთში დაგეგმილ ამ ენერგეტიკულ პროექტებთან კავშირში, ეროვნულ  და ადგილობრივ დონეზე მიმდინარეობს. კვლევის ინტერესი მიემართება დღეს ამ თვალსაზრისით ზემო სვანეთში მიმდინარე პროცესებს, თუმცა, ასევე მნიშვნელოვანი იქნება ამ პროექტების მრავალწლიანი ისტორია და მისი გავლენა ზემო სვანეთის დღევანდელობაზე. კვლევა მიზნად ისახავს პასუხის გაცემას კითხვაზე, თუ როგორ გავლენას ახდენს პოლიტიკურ ხელისუფლებაზე ეკონომიკური ძალაუფლების დომინაცია, რამდენადაც ეკონომიკური ინტერესი მუდმივად თან სდევს დიდ ენერგეტიკულ საინვესტიციო პროექტებს და, მეორე მხრივ, ეს პროცესები როგორ ზემოქმედებს ზემო სვანეთში მიმდინარე პროცესებზე

ამ ეტაპზე ჩემი სადოქტორო კვლევის მთავარი დაშვებაა, რომ წლების, ზოგიერთ შემთხვევაში კი ათწლეულების განმავლობაში, განვითარების/კეთილდღეობის სახელით მიმდინარე პროცესები მნიშვნელოვნად გარდაქმნიან ზემო სვანეთის ყოველდღიურობას და ზემოქმედებას ახდენენ სოციალურ პრაქტიკებზე, ცვლიან ეკონომიკურ და სოციალურ ურთიერთობებს, ტრადიციული წარმოების ფორმებს, კეთილდღეობის ხარისხსა და ეკონომიკურ მიმართებებს სვანეთის სოფლებს შორის, იწვევენ დილემებსა და შეპირისპირებას ადგილობრივებს შორის, ზემოქმედებენ ნდობის/უნდობლობის შექმნის თუ რღვევის, სოლიდარობის ქსელების თუ წინააღმდეგობის წარმოქმნის, განმტკიცების თუ დასუსტების პოტენციალზე, ადგილობრივი ადათის და სამართლის გამოყენების პრაქტიკაზე და გავლენას ახდენენ ზემო სვანეთის მომავლის წარმოსახვის პროცესზე.

კრიზისის სივრცე

ზემო სვანეთი, რომელიც ერთი მხრივ სხვადასხვა დროს ხელისუფლებების მიერ ენერგორესურსების ათვისებისთვის და, მეორე მხრივ, ადგილობრივების მიერ რესურსების დაცვისთვის ბრძოლის მთავარი სივრცეა, მნიშვნელოვანი ცოდნით თუ გამოცდილებით არის გაჯერებული. შესაბამისად, ზემო სვანეთში ყველაზე კარგად შეიძლება იკითხებოდეს ათწლეულების განმავლობაში პოლიტიკური თუ ეკონომიკური ძალაუფლების სუბიექტების მოქმედების ლოგიკა და სტრატეგიები, რომლებიც ამ რეგიონში განხორციელებულ თუ განუხორციელებელ დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს უკავშირდება (პატარაია, 2013).

აკადემიური ლიტერატურა დაძაბულობის/კრიზისის შესახებ

ზემო სვანეთში მიმდინარე რთული და კომპლექსური პროცესების გასააზრებლად  მნიშვნელოვანია ის აკადემიური ლიტერატურა, რომელიც იკვლევს გლობალური ბაზრების/კაპიტალის მოქმედების ლოგიკას და ცდილობს აღწეროს ის კონფლიქტები თუ კრიზისები, რასაც კაპიტალისტური ეკონომიკური მოდელი და მისი სტრუქტურული მახასიათებლები განსაზღვრავს. კერძოდ, აკადემიური ლიტერატურის ნაწილი ამ ტიპის წესრიგში არსებული კონფლიქტის მიზეზებს და საფუძვლებს სწავლობს და მის წყაროს თავად ეკონომიკური სისტემის შიგნით იხელთებს. ხოლო, მეორე მხრივ, ავტორების ნაწილი ამ კონფლიქტს ეკონომიკური სისტემის გარეთ, საბაზრო ეკონომიკისა და საზოგადოების დაპირისპირებაში ხედავს (Polanyi, 2001; Harvey, 2003; Fraser, 2017).

ჩემი სადოქტორო კვლევის მიზნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლანის მთავარი დაკვირვებების მიმოხილვა. პოლანის მტკიცებით, ფეოდალური საზოგადოების დასასრულამდე ეკონომიკური ცხოვრება ყოველთვის საზოგადოებრივი ცხოვრების ნაწილად მოიაზრებოდა. მისი აზრით, საზოგადოებრივისა და ეკონომიკურის სწორედ ეს მიმართება შეცვალა საბაზრო მოდელის განვითარებამ (Polanyi, 2001). პოლანის მტკიცებით, ინდუსტრიულმა წარმოებამ მოითხოვა წარმოების პროცესის მისი მთავარი ელემენტებით უწყვეტი მომარაგებისთვის მყარი გარანტიების შექმნა. შედეგად, ამ უწყვეტობის გარანტიამ, რაც ბაზრის ფუნქციონირებისთვის გადამწყვეტია, ადამიანი (რომელიც შრომას განასახიერებს) და გარემო (რომელიც მიწას განასახიერებს), როგორც პოლანი უწოდებს,ფიქტიურ საქონლადაქცია და სხვა საქონლის მსგავსად ჩართო ყიდვა-გაყიდვის პროცესში (Polanyi, 2001). სწორედ აქ ხდება პოლანისთვის მთავარი გარდაქმნა, რაც გულისხმობს თვითრეგულირებადი ბაზრის მიერ ადამიანის და მისი სასიცოცხლო გარემოს სრულ დაქვემდებარებას და, შესაბამისად, მისი მოხმარების თუ განადგურების შესაძლებლობას (Polanyi, 2001). პოლანის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი წინააღმდეგობის, დაძაბულობის გამოწვევისა და თვითრეგულირებადი ბაზრის კრიზისის შესახებ, სწორედ ბაზრის მიერ ადამიანისა და ბუნების დაქვემდებარების და ამ მიმართების ფორმირებისას წარმოიქმნება. კერძოდ, ბაზრის მოქმედების ლოგიკა და აუცილებლობა, რომელიც ბაზარს უქვემდებარებს არასაბაზრო ელემენტებს და მოიხმარს მას, არღვევს სოციალურ ქსოვილს, იწვევს დაძაბულობას და, საბოლოო ჯამში, თვითრეგულირებადი ბაზრის მუშაობის დესტაბილიზაციას განაპირობებს (Polanyi, 2001).

ფრეიზერი პოლანის დუალისტური მოდელისგან განსხვავებით, გვთავაზობს წინააღმდეგობის სამ განზომილებას: (1) ეკონომიკური წარმოების გამოცალკევება სოციალური რეპროდუქციისგან (ქარხნისგან – ოჯახის, სამუშაოსგანზრუნვის გამოყოფა), (2) ეკონომიკურის პოლიტიკურისგან გამოცალკევება (ბაზრის სახელმწიფოსგან, კერძო სუბიექტების ძალაუფლების მთავრობის საჯარო ძალაუფლებისგან) და (3) კულტურის ბუნებისგან გამოცალკევება. შედეგად, ფრეიზერი აჩვენებს, რომ კაპიტალიზმი უნდა დავინახოთ როგორცსოციალური წესრიგი, რომელიც აგებულია ინსტიტუციურ გამოცალკევებებზე/გამიჯვნებზე, რაც საზოგადოებას მუდმივი კრიზისისკენ უბიძგებს“ (Fraser, 2017, p. 5).

ეკონომიკურის მიმართება პოლიტიკურთან

დღეს არაერთი მკვლევარი საუბრობს დემოკრატიის კრიზისის თუ დემოკრატიის შინაარსისგან დაცლის შესახებ, რომელსაც არაერთი ახსნა შეიძლება ჰქონდეს, თუმცა, მისი გააზრება შეუძლებელია ეკონომიკური ფაქტორის დანახვის გარეშე.

პოლიტიკური თეორიის და დემოკრატიის მკვლევარი ვენდი ბრაუნი სვამს კითხვას, თუ როგორ მოხდა, რომ ხალხი არცერთი გაგებით აღარ მონაწილეობს კოლექტიური მმართველობის პროცესში. ის კითხვაზე საპასუხოდ უთითებს ბოლო ათწლეულების მნიშვნელოვან ტენდენციას, სახელმწიფო ძალაუფლების ურცხვ მონაწილეობას კაპიტალის დაგროვების პროცესში საგადასახადო, გარემოსდაცვითი, ენერგეტიკული, შრომის, სოციალური და სხვა პოლიტიკების კუთხით, რომელიც პირდაპირ ემსახურება კაპიტალის ინტერესებს (Brown, 2011). შედეგად, ვიღებთ მმართველობის თუ საზოგადოებრივი ცხოვრების იმგვარ ტრანსფორმაციას, რაც სახელმწიფოს სახალხო ძალაუფლებიდან ბიზნესის ადმინისტრირების სააგენტოდ, დემოკრატიულ პრინციპებს კი  სამეწარმეო პრინციპებად გარდაქმნის, რაც დემოსს განდევნის დემოკრატიიდან და ამ უკანასკნელსსაბაზრო დემოკრატიად აქცევს“ (Brown, 2011, p. 48). ამ თეორიული ჩარჩოს მიხედვით, ნეოლიბერალური რაციონალობა თავს ესხმის ლიბერალური დემოკრატიის ფუნდამენტებს და მის მთავარ პრინციპებს (კონსტიტუციონალიზმი, პოლიტიკური ავტონომია და სხვა) საბაზრო კრიტერიუმებით (ხარჯი/მოგება, მომგებიანობა, ეფექტიანობა) ანაცვალებს (Brown, 2011). შედეგად, დემოკრატიის მთავარი მახასიათებლების პოლიტიკური შინაარსი ეკონომიკურით იცვლება, რაც აუქმებს (undoing) დემოკრატიას (Brown, 2015).

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ფრეიზერი სხვადასხვა შეპირისპირებულობას შორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს ანიჭებს სტრუქტურულ დაძაბულობას ეკონომიკასა და პოლიტიკურ ძალაუფლებას შორის. მისი აზრით, კაპიტალის მიერ შექმნილი წესრიგი ლიმიტებს უწესებს გადაწყვეტილების დემოკრატიულად მიღების შესაძლებლობას, კოლექტიურ მოქმედებას თუ საჯარო კონტროლს, რაც ზღუდავს და ასუსტებს დემოკრატიას. შესაბამისად, კაპიტალი ახერხებს სახელმწიფოს დისციპლინირებას, რის შედეგადაც სახელმწიფო ინსტიტუტები ვეღარ ახერხებენ უპასუხონ საზოგადოების პრობლემებს და გადაჭრან მათი საჭიროებები (Fraser, 2022). შედეგად, ეკონომიკურისა და პოლიტიკურის ეს მიმართება პოლიტიკური კრიზისის წარმოქმნის თუ პოლიტიკურის გამოშიგვნის საფუძველს ქმნის და ამ აზრით მის დესტაბილიზაციასაც იწვევს (Fraser, 2022).

პოლიტიკურ ძალაუფლებაზე ეკონომიკური გავლენის გაზრდის პროცესში, დემოკრატიასთან ერთად, გადასინჯვას ექვემდებარება სუვერენულობის ცნებაც, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსურიმოუხელთებელი და სამართლისა და პოლიტიკურის მიჯნაზე მდგომი ცნებაა (Humphrey, 2004). თუ სუვერენულობას მისი ზოგადი შინაარსით გავიგებთ, რაც კონკრეტულ ტერიტორიაზე გარეშე შეზღუდვების მიღმა საკუთარი გადაწყვეტილებების/ქცევის განსაზღვრის უფლებამოსილებას გულისხმობს, მკვლევრები სუვერენულობის და, შესაბამისად, სახელმწიფოს დასუსტების ტენდენციაზე მიუთითებენ, რაც გულისხმობს არასუვერენული ძალების (მაგალითად, ბაზრების/ინვესტორების) მიერ სახელმწიფოების დისციპლინირების პრაქტიკებს. ეს ტენდენცია სახელმწიფოებს გლობალურ კონკურენციაში შესვლისა და მის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამტკიცებისკენ უბიძგებს, რაც გულისხმობს კონკრეტული პოლიტიკების გატარებას (Gill, 2000).

პოლიტიკურის გაუჩინარებისა და სუვერენულობის დათრგუნვის/შებოჭვის კვალდაკვალ, მკვლევრები სწავლობენ ზემოაღწერილი ურთიერთობების მატრიცაში პოლიტიკური ძალაუფლების რეპრესიული გამოვლინებების წინაპირობებს. ლიტერატურის ერთი ნაწილი ეხება ნეოლიბერალური სახელმწიფოების იმ შრეს, რომლითაც ისინიმცირე სახელმწიფოსმანტრას პასუხობენ პრივატიზაციით, საჯარო ინტერესების დათმობით, დერეგულაციით და სხვა. თუმცა, მეორე მხრივ, ავტორების ნაწილი ამ მახასიათებლის კვალდაკვალ სწავლობს კარცერული სახელმწიფოების წარმოქმნის გამოცდილებას, რომლებიც მათივე მტკიცებით ნეოლიბერალური ეკონომიკური სისტემის შიგნით ყალიბდებიან, აღიჭურვებიან ძლიერი პოლიციით, ციხით და სხვა რეპრესიული მექანიზმებით, რომლებიც ძლიერ, მეტიც, სადამსჯელო სახელმწიფოებად ყალიბდებიან  (Wacquant, 2009; Chomsky, 1999; Harvey, 2005).

განვითარების პროექტებთან კავშირში ზემო სვანეთის მაგალითზე შესაძლებელია ჩანდეს პოლიტიკურისა და ეკონომიკურის იმგვარი მიმართება, რაც კრიზისს არა მხოლოდ ადგილზე, არამედ პოლიტიკური ხელისუფლებისთვისაც წარმოქმნის და ეჭვქვეშ აყენებს მის სუვერენულობას. ამასთანავე, ზემო სვანეთში მიმდინარე მრავალშრიან პროცესებში, ერთი მხრივ, ჩანს სახელმწიფო, რომელიც კერძო ინტერესს და საბაზრო პრინციპებს მიანდობს საჯარო ინტერესს ან სრულიად გაუჩინარებულია ამ ველიდან, რაც ასუსტებს მის სუვერებულობას და, საბოლოოდ, კრიზისში შეჰყავს თავად პოლიტიკური ძალაუფლება. ხოლო, მეორე მხრივ, ვხედავთ სახელმწიფოს (მაგალითად, ჰესებთან დაკავშირებით წარმოებული წინააღმდეგობების შეკავების პროცესებში), რომელიც  მძლავრად არის წარმოდგენილი ადგილზე უმეტესად მისი სადამსჯელო და რეპრესიული ფორმით.

კულტურის მიმართება ბუნებასთან 

ეკონომიკურისა და პოლიტიკურის ურთიერთმიმართების გარდა, ერთ-ერთ მნიშვნელოვან შეპირისპირებად ასევე მოიაზრება კულტურის გამიჯვნა ბუნებისგან (Fraser, 2017). ეს მიდგომა ცდილობს აჩვენოს ეკოლოგიური წინააღმდეგობის სტრუქტურა და აღწეროს, ამგამოცალკევებისკვალდაკვალ, სინამდვილეში, პოლიტიკური ძალაუფლებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მსგავსად, როგორ მოიხმარს ბაზარი ბუნებას და რესურსებს მისთვისღირებულებისმიუნიჭებლად (Fraser, 2022). ამ აზრით, „ეკოლოგიური წინააღმდეგობა კაპიტალისტური საზოგადოების გულშია მოთავსებული, რამდენადაც ის ადგენს ადამიანისა და ბუნების ურთიერთკავშირის წესს“ (Fraser, 2022, p. 87).

ამ ნორმატიულ, დუალისტურ მიმართებაზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია ლატურისა და დესკოლას მიერ შემოთავაზებული თეორიული ჩარჩო მოდერნულობის კრიტიკის და სხვადასხვა ონტოლოგიური მიმართების შესახებ (Descola, 2013; ლატური, 2014). თავის ბოლოდროინდელ ნაშრომში ლატური ცდილობს დაგვანახვოს ის მძიმე შედეგები, რომელსაც ადამიანისა და ბუნების დაპირისპირებულობა და შედეგად, ადამიანის მიერ ბუნების დაქვემდებარება წარმოქმნის, რაც მას დღევანდელობის მთავარ კრიზისად მიაჩნია (Latour, 2018). ლატურის მტკიცებით, მოდერნის კონსტიტუცია, რომელიც ადამიანების და არაადამიანების დაყოფის მკაცრ ონტოლოგიურ ზონებს ქმნის, სინამდვილეში არ არსებობს (ლატური, 2014). მისი აზრით, მოდერნულებმა რამდენიმე სხვადასხვა რეპერტუარი განავითარეს, რომლებიც ერთმანეთისგან გამიჯნულად არსებობს. თუმცა, ლატური ამტკიცებს, რომ პრაქტიკაში ყველანი არათუ დამოუკიდებლად, არამედ იმგვარად არსებობენ, რომ შეუძლებელიც კია მათი ერთმანეთისგან განცალკევება. ნაცვლად იმისა, რომ ისინი ერთმანეთთან მიმართებაში, გადაჯაჭვულობასა და კომპლექსურობაში დავინახოთ, მოდერნი მათ ერთმანეთთან დაპირისპირებულ და დაუკავშირებელ ზონებად წარმოაჩენს და, ამასთან, ამით აჩვენებს განსხვავებულობას (და გამარჯვებასაც) ყველა დანარჩენზე (ლატური, 2014).

როგორც სვანეთში, ისე საქართველოს სხვა რეგიონებში, ყველა ხელისუფლების მიერ  ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დაპირება, პროგრესის და განვითარების სახელით ხდება, რასაც ახლავს დისკურსი და ენა განვითარების ამ გზის უნივერსალურობის, რაციონალურობისა და უალტერნატივობის შესახებ (რეხვიაშვილი, 2022; ნახუცრიშვილი, 2019; ქებურია & ჭუბაბრია, 2017). ეს მიდგომა თუ დისკურსი თავის თავში ადამიანის ბუნებაზე ბატონობის, მისი ექსპლუატაციის, გამოყენების, ათვისების თუ დაქვემდებარების ლოგიკაზე, ადამიანის ბუნებაზე პრიმატის დაშვებაზე დგას, რაც მოდერნული, დასავლური  ონტოლოგიური ჩარჩოთი შეიძლება აღიწეროს და დახასიათდეს. ჩემი სადოქტორო კვლევისთვის ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ლიტერატურა, რომელიც კრიტიკულად იაზრებს განვითარების როგორც დისკურსის (და პროექტის) ძალაუფლებრივ ბუნებას, რაც განვითარების უნივერსალურობასთან, გარდუვალობასა და ბუნებრიობასთან შეპირისპირებაში, ადგილობრივებს რეგრესულ ძალებად მონიშნავს და მარტივად ახერხებს ამ დისკურსის პრაქტიკაში გარდაქმნას ადგილობრივების მოთვინიერების, კონტროლისა და რეპრესირების გამოსადეგ იარაღად (Santos, 2004; Escobar, 2007; Latour, 2018).

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის - სამხრეთ კავკასიის რეგიონის შეხედულებებს.

გამოყენებული ლიტერატურა:

ლატური, ბ. (2014). არასოდეს ვყოფილვართ მოდერნულები. თბილისი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.

ნახუცრიშვილი, ლ. (2019, July 12). ფიცის სიმტკიცე და მოხეტიალე კონსტიტუცია - ხაიშელები სახელმწიფოს პირისპირ. Retrieved from https://socialjustice.org.ge: https://socialjustice.org.ge/ka/products/fitsis-simtkitse-da-mokhetiale-konstitutsia-khaishelebi-sakhelmtsifos-pirispir.

პატარაია, თ. (2013). მწვანეთა მოძრაობა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და მწვანეთა მოძრაობის თავისებურებები საქართველოში (1987-1992). In საქართველო: მწვანე პოლიტიკის ისტორია. თბილისი: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო.

რეხვიაშვილი, თ. (2022). კრიპტოვალუტის წარმოების გავლენა ზემო სვანეთის სოციალურ ქსოვილზე. თბილისი.

რეხვიაშვილი, ლ. (2022). რიონის ხეობის ბრძოლა პოლიტიკური და სამოქალაქო საზოგადოების ველში: სადავო ინფრასტრუქტურები და განვითარების პოლიტიკა. თბილისი: ჰაინჰრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი.

ქებურია, თ., & ჭუბაბრია, თ. (2017). წინააღმდეგობის პოლიტიკა: გამოცდილება და პერსპექტივები. თბილისი: სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

Brown, W. (2015). Undoing the Demos: Neoliberalism’s Stealth Revolution . New York: Zone Books.

Brown, W. (2011). "We Are All Democrats Now...". In A. Allen, Democracy in What State? New York: Columbia University Press

Chomsky, N. (1999). Profit Over People: Neoliberalism and Global Order. New York; Toronto; London: Seven Stories Press.

Descola, P. (2013). Beyond Nature and Culture . London: The University of Chicago Press.

Escobar, A. (2007). ‘Post-development' as concept and social practice. In A. Ziai, Exploring Post-Development Theory and Practice, Problems and Perspectives. London: Routledge.

Gill, S. T. (2000). The Constitution of Global Capitalism. Los Angeles : Paper presented at the panel: The Capitalist World, Past and Present at the International Studies Association Annual Convention.

Harvey, D. (2005). A Brief History of Neoliberalism. New York: Oxford University Press.

Harvey, D. (2003). The New Imperialism. New York: Oxford University Press.

Humphrey, C. (2004). Sovereignty. In D. Nugent, & J. Vincent, A Companion to the Anthropology of Politics. Malted, Oxford, Carlton: Blackwell Publishing

Fraser, N. (2022). Cannibal Capitalism: How are system is devouring democracy, care and the Planet- And what we can do about it. London, New York: Verso.

Fraser, N. (2017). Why Two Karls are Better than One: Integrating Polanyi and Marx in a Critical Theory of the Current Crisis. Working Paper der DFG-Kollegforscher_innengruppe Postwachstumsgesellschaften, Nr. 1.

Latour, B. (2018). Down to Earth, Politics in the New Climate Regime. Cambridge : Polity Press.

Polanyi, K. (2001). The Great Transformation: The Political and Economic Origins of Our Time. Boston: Beacon Press.

Santos, B. d. (2004). The World Social Forum: Towards a Counter-Hegemonic Globalization . In Globalizing Resistance The State of Struggle. London: Pluto Press.

Wacquant, L. (2009). Punishing the Poor: The Neoliberal Government of Social Insecurity . Durham and London: Duke University Press.

 

 

[1] ფიცის დადება სვანური ტრადიციული სამართლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. სვანური ტრადიციული სამართალი თუ ადგილობრივი პრაქტიკა ფიცის დადების რამდენიმე სახეს იცნობს, რომლებიც ერთმანეთისგან ფორმით და მიზნით განსხვავდება. მათ შორის ერთ-ერთია ერთობის ფიცი, რომლის დროსაც სოფლის მცხოვრებლები იკრიბებიან ეკლესიაში ან სამლოცველოში და დებენ აღთქმას ერთმანეთის მიმართ დადებული პირობის თუ ვალდებულების შესრულების შესახებ (Stéphane Voell, Natia Jalabadze, Lavrenti Janiashvili, Elke Kamm (2016), Traditional Law as Social Practice and Cultural Narrative: Introduction in S. Voell Traditional Law in the Caucasus Local Legal Practices in the Georgian Lowlands, Curupira, Bamberg, p. 41-42).

[2] საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მიერ შემუშავებული საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის (სამუშაო ვერსია) მიხედვით (2022), სვანეთში დაგეგმილი დიდი ჰესების ((ხუდონი (702 მგვტ), ნენსკრა (280 მგვტ), დიზი (250 მგვტ) და კვანჭიანარი (230 მგვტ)) ჯამური სიმძლავრე დაახლოებით 1400 მგვტ-ს შეადგენს (გვ. 448-449).