ანტიგენდერული მოძრაობები და საქართველო 

სტატიაში აღწერილია ანტიგენდერული მობილიზების სხვადასხვა მაგალითი გლობალურად დემოკრატიის კრიზისის და მემარჯვენე პოპულისტური ავტორიტარიზმების გაძლიერების კონტექსტში. ავტორი ყურადღებას ამახვილებს ანტილიბერალური, ანტიდემოკრატიული დისკურსების შინაარსზე, ისეთ კონტექსტებში, როგორიცაა უნგრეთი, პოლონეთი და საქართველო.

8 მარტი შრომის უფლებებისთვის

საქართველოში ჰომოფობიური და ანტიგენდერული დისკურსის გავრცელებას მკვლევრები ათწლეულზე მეტია აკვირდებიან. ის სხვადასხვა სიმძაფრეს და შინაარსს იძენდა წლების განმავლობაში, რაც, ერთი მხრივ, ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებით იყო განპირობებული, მაგრამ ასევე უკავშირდება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მემარჯვენე პოპულიზმის აღზევებას და პოპულისტური ავტორიტარიზმების გაძლიერებას. ამ ჩარჩოში თავსდება საქართველოს მმართველი ხელისუფლების ლიდერების მხრიდან ანტილიბერალური გზავნილების გავრცელება და ღიად ჰომოფობიური რიტორიკის გამოყენება.

ადგილობრივ კონტექსტზე დაკვირვებისას შეუძლებელია ყურადღების მიღმა დაგვრჩეს ის მსგავსება, რაც ბოლო წლებია (განსაკუთრებით კი 2022 წელს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ) არსებობს მმართველი პოლიტიკური კლასის რიტორიკასა და კონსერვატიული ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ გავრცელებულ გზავნილებს  შორის.  მმართველი ძალა ამ ტაქტიკას ბოლო პერიოდში უფრო აქტიურად ძალაუფლების შენარჩუნებისა და მხარდამჭერთა მობილიზებისთვის ეყრდნობა.   

საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებშიც, ულტრამემარჯვენე ჯგუფების დისკურსის ცენტრალური თემებია ქალთა უფლებები, ტრადიციები, რელიგიური ღირებულებები, ბავშვთა უფლებები, გენდერული იდენტობისა და სექსუალობის საკითხები.

თუმცა სანამ ამ კუთხით უშუალოდ ადგილობრივი კონტექსტის ნიუანსებზე შევჩერდები, ვეცდები, ანტიგენდერული დისკურსის, ჰომოფობიური რიტორიკის გაძლიერება დემოკრატიის კრიზისთან კავშირში განვიხილო, ვინაიდან ბოლო პერიოდისთვის დამახასიათებელი დემოკრატიის გადაგვარების ტენდენციების თანმდევია ულტრაკონსერვატიული, მემარჯვენე ჯგუფების გაძლიერებაც. ასევე მნიშვნელოვანია, არ განვიხილოთ ადგილობრივი პროცესები იზოლირებულად, არამედ გავაანალიზოთ  დანარჩენ ანტილიბერალურ, პოპულისტურ ავტორიტარულ რეჟიმებთან კავშირში, იმისათვის, რომ სხვადასხვა კონტექსტში ანტიდემოკრატიულ რეჟიმებსა და ულტრაკონსერვატიულ ჯგუფებს შორის ტრანსნაციონალური ქსელები და ალიანსები უფრო ცხადი გახდეს.

დემოკრატიის უკუსვლა და მემარჯვენე პოპულიზმი

პოლიტიკის ფილოსოფოსი, ჩარლზ ტეილორი, 1975 წლიდან დაწყებული დემოკრატიის გადაგვარების პროცესის აღწერისას, სამ ღერძზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის მიმართაც დემოკრატია განსაკუთრებით მოწყვლადია, ესენია: მოქალაქეთა გავლენის დაქვეითება, კონკრეტული ჯგუფების გარიყვის პოლიტიკა და საზოგადოების ძლიერი პოლარიზება. თანამედროვე პოპულისტურ რეჟიმებში კი ეს ტალღები ერთმანეთს მარტივად ერწყმიან ხოლმე და ერთმანეთს აძლიერებენ კიდევაც (ტეილორი, 2022). დემოკრატიის კრიზისის თანმდევი პოპულიზმის აღზევების განხილვისას ტეილორი მის რამდენიმე სახეს აღწერს, მათ შორის ისეთ პოპულიზმს, რომელიც რიყავს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს (მაგ. მეორეხარისხოვან მოქალაქეებად მიჩნეული ემიგრანტები ან ახლად ჩამოსულები, ან საზოგადოების დიდი ხნის წევრები, თუმცა მაინც „უცხოდ“ აღქმული ჯგუფები). გარიყვის პროცესი საზოგადოებას პირველ და მეორეხარისხოვან მოქალაქეებად ყოფს და დემოკრატიულ საზოგადოებებს იმდენად ღრმად ხლეჩს, რომ მის პარალიზებას ახდენს. ეს ეტაპი ლოგიკურად აგრძელებს დემოკრატიის გადაგვარების პირველ ღერძს – მოქალაქეთა გავლენის დაქვეითების ტენდენციას. გამრიყავი, „ცუდი“[1] პოპულიზმი, რომელიც ჯგუფების ექსკლუზიას ეყრდნობა, მოქალაქეთა სოციო-ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებული სამართლიანი გულისწყრომის ინსტრუმენტალიზებას ახდენს და იყენებს მას მათში უპირატესობის განცდების გასაღვივებლად. რაც ხდება იმის ფონზე, როდესაც პოპულისტური მთავრობები თავად ვერ ახერხებენ მოქალაქეების კეთილდღეობის უზრუნველყოფას და მათ მხარდაჭერას, ხშირად განგრძობითი კრიზისების დროს.

ტეილორი ევროპის ისეთი ქვეყნების დემოკრატიებს, როგორიცაა მაგალითად უნგრეთი და პოლონეთი, „გაყალბებულ დემოკრატიას“ უწოდებს, ასევე მოჰყავს რუსეთის, თურქეთის, ირანის მაგალითები. „გაყალბებული“ ამ ქვეყნების დემოკრატია იმდენადაა, რამდენადაც მათი რეჟიმების მთავარი განზრახვა ოპოზიციური ძალისთვის ძალაუფლების არდათმობა, მუდმივ გამარჯვებასა და ხელისუფლებაში დარჩენაზე სწორებაა (ტეილორი, 2022, გვ. 34-36).

დემოკრატიის გადაგვარების მესამე და მოცემული სტატიის ალბათ ყველაზე საყურადღებო ღერძია დემოკრატიის, როგორც „უმრავლესობის მმართველობად“ განსაზღვრა, რომლის დროსაც უკიდურესად მძაფრია გამრიყავი პოლარიზება, როდესაც „უმცირესობად“ მონიშნულ ჯგუფებს საზოგადოების სრულფასოვან წევრებად არ მიიჩნევენ.

განსხვავებების მუდმივი გაზვიადება, საზოგადოების დაყოფა „ნამდვილ“ და დანარჩენ ხალხად, დაპირისპირების მთელ საზოგადოებაზე განვრცობა – ეს სტრატეგიები და ტექნიკები ავტორიტარულ, მემარჯვენე პოპულისტურ რეჟიმებს ძალაუფლების უწყვეტად შენარჩუნებისთვის სჭირდებათ. პოლარიზების ამგვარ დესტრუქციულ პროცესს ტეილორი აღწერს, როგორც უსისხლო სამოქალაქო ომს, თუმცა დასძენს, რომ შესაძლოა ის იარაღის ხელში აღებითაც განვითარდეს (იქვე, გვ. 38-39).

ამრიგად, დემოკრატიის უკუსვლის ტალღების შერწყმა შემდეგნაირად შეგვიძლია შევაჯამოთ: მოქალაქეთა გავლენის შემცირებამ ე.წ. აუტსაიდერების გამოვლენა და მათი მზარდი დისკრიმინაცია გამოიწვია, ეს ეტაპი კი საზოგადოებაში უკიდურესად მძაფრ პოლარიზაციაში გადაიზარდა. ამ კრიზისების დაძლევის და გამოწვევებთან გამკლავების გზად ავტორი არსებული განხეთქილებების მიღმა ახალი სოლიდარობის შრეების შექმნას ხედავს (ტეილორი, 2022).

ანტიგენდერული დისკურსი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში

ბოლო წლების განმავლობაში გლობალური ანტიგენდერული მოძრაობების შესწავლისას განსაკუთრებით საინტერესოა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების მაგალითები და მათი მობილიზების ტრანსნაციონალური კავშირები. ევროპული საპარლამენტო ფორუმის (European Parliamentary Forum) 2021 წლის ანგარიში[2] ბოლო წლებში ევროპის მასშტაბით ანტიგენდერული, ულტრაკონსერვატიული აქტორების მზარდი მობილიზებისთვის საჭირო დაფინანსების სისტემას ააშკარავებს, რომლის მიხედვითაც მკაფიოდ ჩანს დაფინანსების სისტემის ტრანსნაციონალური სქემა, რაც ევროპაში ანტიგენდერული აქტორების მხრიდან ადამიანის უფლებებზე მიზანმიმართულად თავდასხმის სტრატეგიების შემუშავებას უჭერს მხარს. მოცემული ანგარიშის მიხედვით, 2009-2018 წლებში ანტიგენდერული ინიციატივების განხორციელებისთვის დახარჯული ფინანსების ოდენობა 707 მილიონ დოლარს აღწევდა. ამ წლებში ამ ღონისძიებების დაფინანსების მთავარი წყაროები იყვნენ რუსეთი, აშშ და ევროპის ისეთი ქვეყნები, როგორიცაა – საფრანგეთი, იტალია, პოლონეთი, გერმანია, ესპანეთი, ავსტრია.

მკვლევრები აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების კონტექსტებში ცდილობენ ახსნან მემარჯვენე პოპულისტურ ძალებსა და ანტიგენდერულ აქტორებს შორის მჭიდრო კავშირები, სხვადასხვა ქვეყანაში ანტიგენდერულ მოძრაობებს შორის მსგავსებები და ადგილობრივი სპეციფიკაც. აქვე დავძენ, რომ მიმდინარე წელს საქართველოს მმართველი გუნდის მხრიდან უნგრეთის ხელისუფლებასთან დაახლოებისკენ გადადგმული ნაბიჯების კვალდაკვალ, განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის უნგრეთში კონსერვატიულ ფორუმში მონაწილეობის ფონზე, უნგრეთის გამოცდილება ჩვენი კონტექსტისთვის განსაკუთრებით საყურადღებოა[3]. თუმცა, თავდაპირველად საჭიროა, უფრო მკაფიოდ ავხსნათ ის, თუ რას მოიაზრებენ მკვლევრები ანტიგენდერულ დისკურსსა და მოძრაობაში, რა სპეციფიკა და კონფიგურაციები ახასიათებს მას სხვადასხვა კონტექსტში. ცხადია, მოცემული სტატია შეზღუდული მიმოხილვის შესაძლებლობას მომცემს, თუმცა ვეცდები, რამდენიმე საკვანძო ცნებასა და დაკვირვებაზე შევჩერდე.

პეტო და გრზებალსკა (2021) სტატიაშიანტილიბერალური ტრანსფორმაციის გენდერირებული სამოქმედო გზები უნგრეთსა და პოლონეთშიაღწერენ იმ გამოწვევებს, რის წინაშეც აღმოჩნდა ფემინისტური სამოქალაქო საზოგადოება და ემანსიპატორული პოლიტიკა უნგრეთსა და პოლონეთში. ავტორები ამტკიცებენ, რომ შეუძლებელია ცეტრალური ევროპის ქვეყნებში ანტილიბერალური ტრანსფორმაციის შესწავლა გენდერის პოლიტიკის გაუანალიზებლად, ვინაიდან დიდწილად სწორედ გენდერის პოლიტიკას ეყრდნობოდა ეს პროცესი და რეჟიმების ცვლილების გააზრება მხოლოდ ფემინისტური ანალიზის საფუძველზეა შესაძლებელი.

მემარჯვენე, ტრანსნაციონალური სოციალური მოძრაობები, რომლებიც საგრძნობლად მომძლავრდნენ ბოლო წლების განმავლობაში, ადამიანის უფლებების და თანასწორობის სხვადასხვა საკითხს უპირისპირდებიან და საერთო მტრის – „გენდერის იდეოლოგიის“ წინააღმდეგ იბრძვიან. მკვლევრები თანხმდებიან, რომ გენდერის იდეოლოგიისწინააღმდეგ მობილიზაცია არა ადგილობრივი, არამედ ტრანსნაციონალური ფენომენია და მან ფეხი მოიკიდა როგორც რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში, ასევე ამერიკაში. მიუხედავად იმისა, რომ მათი დღის წესრიგი გარკვეულწილად განსხვავდებაზოგი უფრო ნაციონალისტურია, ან ღიად ჰომოფობიური და რასისტული, ზოგი კი ოჯახური ღირებულებების და ბავშვების უფლებების დაცვის სახელით ებრძვის .. გენდერიზაციას (genderisation), ან გენდერიზმს (genderism), მათ ყველას აერთიანებთ კონსერვატიული და ანტილიბერალური დღის წესრიგი დაგენდერის იდეოლოგიის“ საფრთხედ მონიშვნა; მათი ინტერპრეტაციით,გენდერის იდეოლოგია“ არა მხოლოდ ბავშვების კეთილდღეობას და ოჯახს, არამედ მთლიანად საზოგადოებას და ქრისტიანულ ცივილიზაციასაც კი ემუქრება“ (კოროლჩუკი, 2015, გვ. 46). კონსერვატიულ აქტორებს რაც შეეხება, მაგალითად, პოლონეთში ამ ორგანიზაციების სპექტრი საკმაოდ მრავალფეროვანია, ესენი არიან როგორც ტრანსნაციონალური, ასევე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიების საპარლამენტო კომიტეტები, ქვემოდან წამოსული (grassroots) ჯგუფები, რომლებიც მშობლების გაერთიანებებს წარმოადგენენ, ვებგვერდები, ონლაინპლატფორმები, რომლებიც შესაბამის ინფორმაციას, ლიტერატურას ავრცელებენ, პეტიციებზე ხელმოწერებს აგროვებენ და საპროტესტო გამოსვლებს უწევენ ორგანიზებას.

როგორც აღინიშნა, ანტიგენდერული დისკურსის საკვანძო ცნებააგენდერიდა მასთან დაპირისპირებისას სამიზნედ იღებენ სხვადასხვა ან რამდენიმე საკითხს თანადროულადქალთა უფლებებს, სხვადასხვა ფემინისტურ ინიციატივას, გენდერული თანასწორობის პოლიტიკას, სექსუალურ და რეპროდუქციულ უფლებებს, ტრანსგენდერი ადამიანების უფლებებს, და . . მაგრამ აქვე ასევე მნიშვნელოვანია გენდერის ცნებასთან, როგორც მთავარ საფრთხესთან დაპირისპირება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გენდერის კვლევების, როგორც აკადემიური დისციპლინის, ლეგიტიმურობას არ აღიარებენ. ამ მოძრაობის აქტორების მტკიცებით, გენდერის პოსტტრუქტურალისტური თეორია ეჭვქვეშ აყენებს საზოგადოების მეტად „კომფორტულად“ დაყოფას კაცებად და ქალებად, შესაბამისად კი, მთლიანი საზოგადოების ჰარმონიული ფუნქციონირებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.  ანტიგენდერული მოძრაობების აქტორები ჯუდით ბატლერის, სიმონ დე ბოვუარის თეორიებს უპირისპირდებიან. მათი მტკიცებით, გენდერის იდეა საფრთხეს უქმნის როგორც საზოგადოებისბუნებრივმოწყობას, ასევე ჰეტეროსექსუალური ოჯახების ერთობას (რეხვიაშვილი, 2022). რეხვიაშვილი აღნიშნავს, რომ გენდერის ცნების ირგვლივ მიმდინარე დისკუსიები ანტიგენდერულ მოძრაობებში არის სწორედ ის იარაღი, რომელსაც წარმატებით იყენებდა მაგ. უნგრეთის ანტიგენდერული მოძრაობა. მოძრაობამ კარგად ორგანიზებული ანტიგენდერული კამპანია აწარმოა, მწყობრი, თანმიმდევრული არგუმენტებით; მას გენდერის იდეოლოგია კაცობრიობის გადარჩენისთვის მთავარ საფრთხედ და ერის მტრად ჰყავდა დასახული და, რაც მთავარია, ეს იყო ხელისუფლების ანტიგენდერული დისკურსის ცენტრალური ნაწილიც. სხვა სიტყვებით, ანტიგენდერული პოლიტიკა სახელმწიფო პოლიტიკის და პრაქტიკების განუყოფელი ნაწილი გახდა.[4] ანტიგენდერული მოძრაობების რიტორიკის მთავარი აქცენტები და ცნებები ყურადსაღებია იმდენად, რამდენადაც ის განსაზღვრავს მასთან დაპირისპირებისას წარმოებული აქტივიზმის კონფიგურაციებსაც. მაგალითად, უნგრეთის შემთხვევაში, ფემინისტი აქტორები, რომლებიც მძლავრი ანტიგენდერული მოძრაობის თავდასხმების პირისპირ აღმოჩნდნენ, მათ წინააღმდეგ მიმართული ბრალდებების გასაქარწყლებლად კონკრეტული სახის ფემინისტურ აქტივობებში ჩაებნენ. ავტორის თანახმად, მტრულ გარემოში გადარჩენისათვის ფემინისტმა აქტორებმა გამოიმუშავეს სტრატეგიები, რამაც წარმოქმნა კონკრეტული დომინანტური დისკურსი, რომელსაც ის ანტიგენდერულ ფემინიზმს უწოდებს. ანტიგენდერული ფემინიზმის მთავარი მახასიათებელი გენდერის[5] კონსტრუქტივისტული გაგების კრიტიკაა  (რეხვიაშვილი, 2023, გვ. 17-18).

გრაფი და კოროლჩუკი (2022) პოლონეთის ანტიგენდერულ მოძრაობას 2016 წელს აბორტის წინააღმდეგ მიღებული კანონმდებლობის კონტექსტში შეისწავლიან. ავტორები რეპროდუქციული უფლებების დასაცავად აგორებული მძლავრი საპროტესტო ტალღის, ე.წ. შავი პროტესტების ისტორიას აღწერენ და უპრეცედენტო მასშტაბის ფემინისტური მობილიზებისას გამომუშავებულ სტრატეგიებს აკვირდებიან. პოლონურ მობილიზებაისინი არ განიხილავენ, როგორც მხოლოდ მასობრივ რეაქციას აბორტის სრულ აკრძალვაზე, არამედ მას აღწერენ, როგორც მემარჯვენე პოპულიზმის წინააღმდეგ მიმართული ფართო ბრძოლის ნაწილს. ავტორები მას მოიხსენიებენ, როგორც „პოპულისტურ ფემინიზმს“, იმ მარკერების იდენტიფიცირების საფუძველზე, რომლითაც ფემინისტი აქტივისტები იმეორებდნენ ბინარულობას ხალხი ელიტის წინააღმდეგ“, რაც სწორედ პოპულისტური მობილიზაციისთვის არის დამახასიათებელი (გრაფი და კოროლჩუკი, 2022).

ულტრამემარჯვენე/ ანტიგენდერული  პოლიტიკა  და  საქართველო

დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, საქართველო ჰიბრიდული რეჟიმის მქონე სახელმწიფოთა რიგებში რჩება[6]. ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომქართული ოცნებისხელისუფლება შეიძლება შეფასდეს, როგორც ჰიბრიდული ავტორიტარიზმი, რომელიცძალაუფლების კონსოლიდაციის, ეკონომიკური რესურსების პოლიტიკური აკუმულირების და პოპულიზმის ლოგიკაზე დგას“[7].

საქართველოს შემთხვევაში ანტიგენდერული პოლიტიკის გარკვეული  კონტურები შეგვიძლია მოვხაზოთ დაახლოებით ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ულტრამემარჯვენე, ანტიგენდერული აქტორების დღის წესრიგის, მათი ჰომოფობიური რიტორიკისა და ანტიფემინისტური დისკურსის დაკვირვებისას[8]. ზოგი ავტორი ანტიემანსიპატორული პოლიტიკის აღმასვლასპროგრესული ნეოლიბერალიზმისკონტექსტში ათავსებს. ბარქაიას (2018) აზრით, 90-იანი წლებიდან უფრო ნელი ტემპით, ხოლო 2000-იანებიდან დაჩქარებით დამკვიდრებულ ნეოლიბერალურ წესრიგს, საზოგადოების ატომიზებურ ინდივიდებად დაშლა, სოციალური ქსოვილის რღვევა და სოლიდარობის დეფიციტი მოჰყვა, რამაც მოქალაქეები ერთმანეთისგან გათიშა. საქართველოში დამკვიდრებულმა ეკონომიკურმა წესრიგმა და პოლიტიკურმა იდეოლოგიამ, რამაც უთანასწორობა და მატერიალური დეპრივაცია გააღრმავა, ნიადაგი შექმნა ულტრამემარჯვენე პოლიტიკის მხარდამჭერთა გააქტიურებისთვის. ავტორის თანახმად, ქვეყანაში ნეოლიბერალური განვითარების მოდელი, ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები და კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა ერთიანი კომპლექტის სახით შემოვიდა, რომლიდანაც სოციალური და ეკონომიკური უფლებები გამორიცხული იყო. ამ თვალსაზრისით, მზარდი ანტიემანსიპატორული განწყობები შესაძლოა გავიგოთ, როგორც რეაქცია ამპროგრესული ნეოლიბერალიზმისკომპლექტზე (ბარქაია, 2018).

მკვლევრების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოში ულტრამემარჯვენე ჯგუფებს ორგანიზებული, მკვეთრად განსაზღვრული დღის წესრიგი და მწყობრი ანტიგენდერული რიტორიკა არ გააჩნიათ. ეს ჯგუფები მეტწილადპოლიტიკურად ჰომოფობები არიან, იმეორებენ ანტილგბტ პროპაგანდას, არიან რადიკალურად მემარჯვენეები და [...] გარკვეული სიხშირით უტევენ ფემინისტებსაც“ (გოგბერაშვილი და კარაპეტიანი, 2023, გვ. 17).  

ვფიქრობ, რთულია ზუსტი სახელდების მოხელთება ულტრამემარჯვენე აქტორების კამპანიების მეტ-ნაკლებად ეპიზოდური გამოვლინებების და დღის წესრიგის გამო, რაც შეიძლება განპირობებული იყოს იმით, რომ ის არ ჰგავს ქვემოდან წამოსულ პროცესს: მისი გაძლიერება ხშირად მჭიდრო კავშირშია ხელისუფლების მიერ წარმოებულ პოლიტიკურ ჰომოფობიასა და სახელისუფლებო პროპაგანდისტული მედიის გააქტიურებასთან. თუ უნგრეთის შემთხვევაში ანტიგენდერული მოძრაობის სამიზნე უშუალოდ გენდერის ცნება და თეორიებია, პოლონეთში – რეპროდუქციული უფლებები, ქართულ კონტექსტში მისი ძირითადი მახასიათებელი ჰომოფობიური რიტორიკაა და, როგორც აღვნიშნე, მეტწილად  ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკური ჰომოფობიის კვალდაკვალ აქტიურდება.  შესაძლებელია მომავალში საქართველოში ანტიგენდერული დისკურსის ეს მახასიათებელი შეიცვალოს, გამრავალფეროვნდეს და დროთა განმავლობაში დაიხვეწოს, ამიტომ ვფიქრობ, მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ულტრამემარჯვენე ჯგუფების დისკურსების ნიუანსებს, რა სახით იცვლება და რომელ ჯგუფს ან თემას იღებს ის თავდასხმის სამიზნედ. 

ხელისუფლების სწრაფი კონსერვატიული შემობრუნება 

ანტიგენდერული მობილიზების კონტექსტში განსაკუთრებით ყურადსაღები ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებული განცხადებებია. „ქართული ოცნების“ ლიდერების ოფიციალური რიტორიკა, განსაკუთრებით ღარიბაშვილის 2021 წელს ხელახლა გაპრემიერების შემდეგ, მკაფიოდ ჰომოფობიური გახდა. მოცემულ სტატიაში დისკურსის შინაარსის ყველა შრეს ვერ მოვიცავ, ვინაიდან ეს საკითხი მეტ დაკვირვებას, სიღრმისეულ კვლევასა და ანალიზს საჭიროებს, თუმცა საილუსტრაციოდ ბოლო პერიოდიდან რამდენიმე მაგალითის მოხმობას შევძლებ. 2023 წლის მაისში ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო კონსერვატიულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.[9] პრემიერის მიერ წარმოთქმული სიტყვა უხვად შეიცავდა ულტრაკონსერვატიულ, პოპულისტურ, ანტიგენდერულ შინაარსს[10]. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ანტილგბტ[11], პოპულისტური რიტორიკა მან ღიად 2021 წელსაც გამოიყენა[12], როდესაც 5 ივლისს დაგეგმილ „ღირსების მარშზე“ საუბრისას განაცხადა, რომ ეს იყო პროპაგანდისტული აღლუმი, რომელსაც მოსახლეობის 95% ეწინააღმდეგებოდა და, შესაბამისად, უმრავლესობის ნებას უნდა დამორჩილებოდნენ. ულტრაკონსერვატიულ საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეობით და უფრო „დახვეწილი“ ანტიგენდერული, პოპულისტური  რიტორიკით, ამჯერად ღიად გაცხადდა მმართველი ძალის ულტრამემარჯვენე, პოპულისტურ ძალად პოზიციონირება და მისი კავშირები ტრანსნაციონალურ აქტორებთან.

ამ კუთხით ასევე საინტერესოა 2023 წლის მარტში „უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ კანონის“ წინააღმდეგ ორგანიზებული მასობრივი პროტესტების მონაწილეთა მიმართ ხელისუფლების მიერ გამოყენებული ლექსიკა, როდესაც მმართველმა პარტიამ კანონის გამოყენება მის მიუღებლად დაიწყო. ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიხმოთ მარტის საპროტესტო აქციების მონაწილე ახალგაზრდების დემონიზება, როდესაც მათ სატანისტებად, რადიკალებად, გაურკვეველი ორიენტაციის ახალგაზრდებად მოიხსენიებდნენ როგორც პრემიერი, ასევე მმართველი პარტიის თავმჯდომარეც[13]

ამავე კონტექსტში არ უნდა გამოგვრჩეს საკანონმდებლო ინიციატივებიც[14], მაგალითად, პროსამთავრობო პარტიისევროპელი სოციალისტებისმხრიდან, რომლითაც .. ლგბტ  პროპაგანდის აკრძალვას ითხოვდნენ[15]. „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ამ კანონპროექტს თავდაპირველად მხარი დაუჭირა და აღნიშნა, რომ „ლგბტ პროპაგანდის“ შედეგად სხვა ქვეყნებშიც იზრდება კონკრეტული ჯგუფის რაოდენობა. ამ განცხადებებს წინ უძღოდა პროსამთავრობო მედიების მხრიდან ანტილგბტ, ანტიდასავლური შინაარსის პროპაგანდისტული სიუჟეტების მომზადება. მაგალითად, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში[16]. მოგვიანებით მდინარაძემ დააზუსტა, რომ ხელისუფლება არ გეგმავს ამ კანონპროექტის მიღებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული პრორუსული პოლიტიკური პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის“ და ტელეკომპანიაალტ-ინფოს" წამყვანების მიერ მომზადებული კანონპროექტთა პაკეტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულია, „რომლის მიხედვითაც  შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებკანონში დაგეგმილი შესწორებით, „სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდაიკრძალება“[17]. გარდა ამისა, 2023 წლის ზაფხულში საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა, „გირჩმაშეიმუშავა კანონპროექტი, რომლის მიზანი საკანონმდებლო სივრციდან ტერმინ გენდერის გაქრობაა. ის ასევე ითვალისწინებს ანტიდისკრიმინაციული და გენდერული თანასწორობის შესახებ კანონების გაუქმებას[18].

მმართველი პარტიის კონსერვატიული შემობრუნების და ღიად ჰომოფობიური რიტორიკის ლოგიკური გაგრძელება იყო 2023 წლის მარტში მთავრობის მიერ დაგვიანებით მიღებული 2022-2030 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია, რომელიც არ მოიცავს სექსუალური უმცირესობების საკითხებს და ლგბტ() ადამიანების უფლებები დოკუმენტში საერთოდ არ არის ნახსენები[19].

შეჯამება:

ანტიგენდერული მობილიზება და ულტრამემარჯვენე პოპულისტი აქტორების გაძლიერება ბოლო პერიოდში მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა ფემინისტური და ქვიარ მოძრაობებისთვის მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. მკაფიოა მოძრაობის ტრანსნაციონალური ბუნება და მსგავსებები სხვადასხვა კონტექსტში ანტიგენდერული მოძრაობისთვის დამახასიათებელ შინაარსებს შორის. ეს ფენომენი დემოკრატიის ეროზიის/კრიზისის თანმდევია, რომელიც შედეგია კონკრეტული ჯგუფების გარიყვის პოლიტიკის და საზოგადოების მძაფრი პოლარიზებისა. ავტორიტარული პოპულისტური რეჟიმები ძალაუფლების უწყვეტად შენარჩუნებისთვის სწორედ პოლარიზების ამ დესტრუქციულ პროცესს ეყრდნობიან, რომელიც წარმოქმნის „ნამდვილ“ და დანარჩენ ხალხს. ქართული მაგალითიც გვიჩვენებს, რომ ხელისუფლება სწორედ ამ გამრიყავი პოლარიზებით ცდილობს მხარდამჭერთა მობილიზებას. ბოლო პერიოდში შესამჩნევია ხელისუფლების სწრაფი კონსერვატიული შემობრუნება, როდესაც მმართველი ძალის ლიდერების ანტიგენდერული დისკურსი და პოლიტიკური ჰომოფობია სულ უფრო დაემსგავსა კონსერვატიული ულტრამემარჯვენე  ჯგუფების ლექსიკას.

ამ კონტექსტში ადგილობრივი ფემინისტური და ქვიარ მოძრაობები მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ. თუმცა აუცილებელია, რომ ეს გამოწვევა არ იქცეს უიმედობის წყაროდ. ამის საპირისპიროდ, მიმდინარე კრიზისის ფონზე, ქვიარ,  ფემინისტურმა აქტივისტურმა ჯგუფებმა უნდა გამონახონ სივრცე ახალი სოლიდარობის შენებისთვის და ახალი მოკავშირეები შეიძინონ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთაც, გაითვალისწინონ პოპულისტური რეჟიმების ქვეყნებში ფემინისტური მოძრაობების მიერ გამომუშავებული ტაქტიკები. ამ მოძრაობების გამოცდილება მათ ხელს შეუწყობს ახალი, ქმედითი სტრატეგიის და მიდგომების შემუშავებაში, რომლითაც ეფექტიანად შეეწინააღმდეგებიან პოპულისტურ ძალებს.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის შეხედულებებს.

გამოყენებული წყაროები:

ბარქაია (2018). პროგრესული ნეოლიბერალიზმი და ულტრამემარჯვენე პოლიტიკა: რატომ უნდა ვეძებოთ ემანსიპაციის და სამართლიანობის სხვა გზა?! 

გოგბერაშვილი, ა. & კარაპეტიანი, გ.  (2023). გენდერის კვლევის მნიშვნელობა ანტიგენდერული დისკურსის კვალდაკვალ საქართველოში.

მიქელაძე, თამთა (2023). დემოკრატიის ეროზია თუ საგარეო-პოლიტიკური შემობრუნება?!

ქართული ოცნებისძალაუფლების შენარჩუნების 10 ინსტრუმენტი; https://ostwest.space/articles/georgia/79-the-erosion-of-democracy-or-t…  

პეტო, ა. & გრზებალსკა, ვ. (2021).ანტილიბერალური ტრანსფორმაციის გენდერირებული სამოქმედო გზები უნგრეთსა და პოლონეთში“. თარგმანი ხელმისაწვდომია: https://socialjustice.org.ge/ka/products/antiliberaluri-transformatsiis…

ტეილორი, . (2022). დემოკრატიის გადაგვარების გზები. თარგმანი ხელმისაწვდომია: https://socialjustice.org.ge/ka/products/demokratiis-gadagvarebis-gzebi, თავი I წიგნიდან: Calhoun,C., Gaonkar,D.P. and  Taylor, C. (2022). Degenerations of Democracy. Harvard University Press.

Graff, A. & Korolczuk, E.(2021) Anti-Gender Politics in the Populist Moment.

Korolczuk, E. (2015) “The War on Gender” from a Transnational Perspective – Lessons for Feminist Strategising, In Anti-Gender Movements on the Rise? Strategising for Gender Equality in Central and Eastern Europe. Edited by the Heinrich Böll Foundation.Heinrich Boell Foundation. Volume 38. https://feminism-boell.org/sites/default/files/endf_anti-gender-movemen…

Rekhviashvili, A. (2022) Feminist Responses to the Right-wing Governance in Hungary: The Emergence of Anti-gender Feminism. https://yorkspace.library.yorku.ca/server/api/core/bitstreams/703c90fe-…

[1] ავტორი „ცუდს“ უწოდებს გამრიყავ პოპულიზმს, ამის საპირისპიროდ კი მაგალითად მოჰყავს პოპულიზმი, რომელიც კონკრეტული ჯგუფების ექსკლუზიის პოლიტიკის ნაცვლად, უკლებლივ ყველა ჯგუფის ინკლუზიას ახდენს (მაგ. ბერნი სანდერსის პოპულიზმი) (ტეილორი, 2022, გვ. 30).

[2] European Parliamentary Forum for Sexual and Reproductive Rights (2021). Tip of the Iceberg: Religious Extremist Funders against Human Rights for Sexuality & Reproductive Health in Europe. https://www.epfweb.org/node/837

[3] ამა წლის 10 ოქტომბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მეუღლესთან ერთად ეწვია. უნგრეთისა და საქართველოს მთავრობების ერთობლივი შეხვედრის შესახებ გადაწყვეტილება გასული წლის ოქტომბერში უნგრეთში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, ოფიციალური ვიზიტის დროს მიიღეს, რა დროსაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. წყარო: რადიო თავისუფლება (ოქტომბერი 10, 2023), უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოს ეწვია. https://www.radiotavisupleba.ge/a/32631181.htm

[4] აკადემიურ სივრცეში გენდერის პროგრამის დახურვის გარდა, უნგრეთის ხელისუფლებამ უარი თქვა სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებაზე, სწორედ იმიტომ, რომ მასში ნახსენები იყო გენდერის ცნება, რაც ხელისუფლების მტკიცებით უნგრეთის სახელმწიფოებრიობას საფრთხეს უქმნიდა. 2021 წელს უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც აკრძალა არასრულწლოვნებისთვის ლგბტქ შინაარსის ლიტერატურის გავრცელება და ასევე, ტრანსთემს სამართლებრივად აეკრძალა გენდერის შეცვლა იმ საფუძვლით, რომ გენდერი არ არსობებობს და ბიოლოგიური სქესი უცვლელია (რეხვიაშვილი, 2022, გვ. 4).

[5]  მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან გენდერის ცნება მყარად დამკვიდრდა, როგორც სქესთა შორის სოციალურად კონსტრურებული განსხვავებების შესატყვისი, რომლებიც ისტორიულად და გეოგრაფიულად ცვალებადია და რომელთაც ადამიანი სოციალიზაციის პროცესში იძენს. შესაბამისად, სულ უფრო გაძლიერდა თვალსაზრისიც, რომ გენდერი აუცილებლად ბინარული (ქალი ან კაცი) არ არის, რომ სხვადასხვა საზოგადოებაში არსებობს (ან შეიძლება არსებობდეს) ორზე მეტი გენდერი. გენდერის ეს თანამედროვე მნიშვნელობა დამკვიდრდა ქალურობისა და მამაკაცურობის სოციალურ-კულტურული, ბიოლოგიური სქესისაგან განსხვავებული, კონსტრუქტის აღსანიშნავად. წყარო: ლექსიკონი-ცნობარი სოციალურ მეცნიერებებში. http://dictionary.css.ge/content/gender

[6]  Freedom House.  Nations in Transit 2023 (2023): Georgia. https://freedomhouse.org/country/georgia/nations-transit/2023; Economist Intelligence Unit (2023). Democracy Index 2022: https://pages.eiu.com/rs/753-RIQ-438/images/DI-final-version-report.pdf

[7] მიქელაძე, . (21 ივლისი, 2023). დემოკრატიის ეროზია, თუ საგარეო პოლიტიკური შემობრუნება?! „ქართული ოცნების“ ძალაუფლების შენარჩუნების 10 ინსტრუმენტი. OstWest Monitoring. https://ostwest.space/articles/georgia/79-the-erosion-of-democracy-or-the-pivoting-of-foreign-policy-ge

[8] მედიის განვითარების ფონდის მიმდინარე წლის კვლევა, რომელიც საქართველოში ანტიგენდერულ, ანტილიბერალურ მობილიზებას და  მის მთავარ აქტორებს იკვლევს, ანტიგენდერულ შინაარსებში გამოკვეთს ძირითადად ჰომოფობიური ხასიათის დისკრიმინაციულ ლექსიკას, ასევე სექსისტურ სიძულვილის ენას, მიზოგინიას და ქალთა მიმართ შეურაცხმყოფელ ლექსიკას, რაც ხშირად მათ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდება. წყარო: მედიის განვითარების ფონდი (2023). ანტიგენდერული და ანტილგბტქი მობილიზება საქართველოში. https://www.mdfgeorgia.ge/geo/view-library/239  

[9] CPACყველაზე მასშტაბური კონსერვატიულ-პოლიტიკური სამოქმედო კონფერენციაა, რომელიც აშშ-ის მემარჯვენე ფრთასა და ვიქტორ ორბანის მთავრობას შორის კავშირების გაღრმავებას ისახავს მიზნად. წყარო: Civil Georgia (27 აპრილი, 2023), პრემიერი უნგრეთში კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. https://civil.ge/ka/archives/539126

[10] რამდენიმე ამონარიდი კონფერენციაზე წარმოთქმული სიტყვიდან: „როგორ ცდილობენ ძალები, რომლებიც თავისუფლებას, სიმართლეს უპირისპირდებიან, საკუთარ მიზნებს მიაღწიონ? სწორედ ტრადიციული, ოჯახური ფასეულობების ნგრევით და ყალბი თავისუფლების თავს მოხვევითლგბტ პროპაგანდით, არასრულწლოვანი ბავშვებისათვის მშობლების გვერდის ავლით სქესის შეცვლის დაკანონების მცდელობით, ასეთი ეგრეთ წოდებულისიახლეებისიძულებით, რომელიც ადამიანს საკუთარ ფესვებს, ოჯახს, საკუთარ ტრადიციას, კულტურას, ისტორიას მოწყვეტს; ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც განუხრელად იცავს თითოეული მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს. [...] მაგრამ ჩვენ ასევე ვიცავთ უმრავლესობის უფლებებს, რომელთათვის ოჯახი ქალსა და მამაკაცს შორის ერთობაა, დედა ქალია, მამა კი კაცი; წყარო: პირველი არხი (4 მაისი, 2023), ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე. https://1tv.ge/news/irakli-gharibashvilis-sityvit-gamosvla-konservatiul…

[11] ადგილობრივ მედიასა და პოპულარულ დისკურსში ხშირად ლგბტ  აბრევიატურას იყენებენ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების აღსანიშნად. სტატიაში უპირატესობას ვანიჭებ უფრო ფართო ქოლგა ტერმინს – ლგბტ(ქ)ი,  რომელიც მოიცავს ქვიარ და ინტერსექს ადამიანებსაც.

[12] წყარო: Civil Georgia (12 ივლისი, 2021), პრემიერი „ღირსების მარშზე“: „მოსახლეობის 95% არის წინააღმდეგი  პროპაგანდისტული მარშის“. https://civil.ge/ka/archives/431681

[13] წყარო: Civil Georgia (1 აპრილი, 2023), ფოტოამბავი: „ლაზარეს თავისუფლებისთვის“ – აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან https://civil.ge/ka/archives/534840  

[14] „პარლამენტში რეგისტრირებული საკანონმდებლო ინიციატივებიდან, რომლებიც 8 მოქმედ კანონში ცვლილებების შეტანას შეეხებოდა, 1 აბორტს უკავშირდებოდა, 1 – რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას, 6 კი გენდერული და სექსუალური იდენტობის ნიშნით ამ ჯგუფების უფლებების ხელყოფას ითვალისწინებდა; განხილული საკანონმდებლო ინიციატივების ავტორებად კრემლისტური პარტიები და ორგანიზაციები, ანტილიბერალური აქტორები და ინდივიდუალური პარლამენტის წევრები გვევლინებიან“. მედიის განვითარების ფონდი, 2023: https://www.mdfgeorgia.ge/geo/view-library/239

[15] წყარო: OC Media (2 May, 2023) Queer ‘propaganda’ bill to be submitted to Georgian parliament . https://oc-media.org/queer-propaganda-bill-to-be-submitted-to-georgian-…

[17] წყარო: რადიო თავისუფლება (3 მაისი, 2023) „ქართულ ოცნებაში ასეთი კანონპროექტის მიღება არ განიხილება“ – მდინარაძელგბტ პროპაგანდის“ შეზღუდვის ინიციატივაზე. https://www.radiotavisupleba.ge/a/32391625.html

[16] წყარო: იმედი. (12 ივნისი) „მცირეწლოვანი ბავშვები „ლგბტქი+“ მხარდამჭერ მსვლელობაზე“. https://www.imedi.ge/ge/video/129646/mtsiretslovani-bavshvebi-lgbtqi-mk…

[18] წყარო: პუბლიკა (11 ივლისი, 2023) გირჩსანტიდისკრიმინაციული და გენდერული თანასწორობის კანონების გაუქმების ინიციატივა აქვს. https://publika.ge/girchs-antidiskriminaciuli-da-genderuli-tanasworobis…

[19] წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის (2022−2030 წლებისთვის)“ დამტკიცების შესახებ.  https://matsne.gov.ge/ka/document/view/5757268?publication=0