ყდა

საქართველოს ენერგეტიკული ტრანზიცია

დღეს მთელ მსოფლიოში ენერგეტიკის პოლიტიკა კლიმატის ცვლილების კონტექსტში განიხილება. გახშირებული ბუნებრივი კატასტროფები და ექსტრემალური მოვლენები ქვეყნებს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს, რის გამოც მსოფლიო ლიდერები თანხმდებიან ადამიანების საქმიანობით გამოწვეული კლიმატის ცვლილების შერბილებაზე (პარიზის შეთანხმება, 2015). კლიმატის ცვლილების შერბილების მთავარი ინსტრუმენტი ენერგეტიკული ტრანზიციაა (ენერგეტიკული გადასვლა, გარდაქმნა). ეს კონცეფცია გულისხმობს წიაღისეული საწვავის (ქვანახშირი, ნავთობი, ბუნებრივი გაზი) ჩანაცვლებას ენერგიის განახლებადი წყაროებით (მზის, ქარის, თანამედროვე ბიოსაწვავის, ჰიდრო და სხვა), რომლებიც ნაკლები სათბურის აირების გაფრქვევას განაპირობებენ და ნაკლებად მონაწილეობენ კლიმატის ცვლილებაში. სათბურის აირების გაფრქვევის 50%-ზე მეტი ენერგეტიკის სექტორზე მოდის, ამიტომ მისი გარდაქმნა „მწვანე განვითარების“ საკვანძო ნაწილია.

ენერგეტიკული გარდაქმნა არის ევროკავშირის ენერგეტიკული პოლიტიკის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორიც. ენერგეტიკული გარდაქმნის ხედვა დეკლარირებულია ევროპის მწვანე შეთანხმებაში, რომლის მიხედვითაც, 2050 წლისთვის ევროპა უნდა გახდეს პირველი კლიმატნეიტრალური კონტინენტი (ევროპის მწვანე შეთანხება, 2019). მწვანე ენერგიაზე გადასვლა ევროკავშირის ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების ინტერესიცაა. 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად წარმოქმნილმა ენერგეტიკულმა კრიზისმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირება და მიწოდების წყაროების დივერსიფიკაცია არის ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებელი პირობა. ეს აისახა 2022 წლის მაისში ევროკომისიის მიერ შემუშავებულ გეგმაშიც (RePowerEU), სადაც პრიორიტეტულად დასახელდა სუფთა ენერგიაზე გადასვლის დაჩქარება, ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესება და ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია (ევროპული კომისია, 2022).

2023 წლის 20 ნოემბერს ძალაში შევიდა ევროკავშირის ახალი დირექტივა ენერგიის განახლებადი წყაროების შესახებ, სადაც განახლებადი ენერგიების სავალდებულო წილი მთლიან ენერგომოხმარებაში 2030 წლისთვის სულ მცირე 42.5%-ით განისაზღვრა (2021 წლის მაჩვენებელი 22%). 9%-დან 11.7%-მდე გაიზარდა ენერგოეფექტიანობის სამიზნე მაჩვენებელიც, ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციის კუთხით კი დაიდო შეთანხმებები ცალკეულ ქვეყნებთან მილსადენებით გაზის მიწოდების შესახებ (მათ შორის, აზერბაიჯანი, ეგვიპტე, ისრაელი), განხორციელდა ინვესტირება გათხევადებული ბუნებრივი გაზის (LNG) საერთო შესყიდვაში, ჩამოყალიბდა სტრატეგიული პარტნიორობა ქვეყნებთან განახლებადი წყალბადის მიწოდებასთან დაკავშირებით და სხვა. შედეგად, ომიდან ერთი წლის თავზე ევროკავშირში მილსადენებით მოწოდებული რუსული გაზის მოცულობა 80%-ით შემცირდა, ხოლო ელექტროენერგიის 40%-მდე ენერგიის განახლებადი წყაროებიდან იქნა მიღებული.

მწვანე ენერგიაზე გადასვლა არის საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრალური ნაწილიც, რადგან ქვეყანას თითქმის არ გააჩნია წიაღისეული რესურსები და გარე წყაროებზეა დამოკიდებული. ადგილობრივი განახლებადი ენერგიების განვითარება და ენერგოეფექტიანობა ქვეყანას საშუალებას მისცემს, გახდეს უფრო დამოუკიდებელი და შექმნას ძლიერი ენერგეტიკული სისტემა.

საქართველოს ენერგეტიკის სექტორი რეფორმის აქტიურ ფაზაშია. რეფორმის ძირითადი ჩარჩო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და ენერგეტიკული გაერთიანების წევრობაა. რეფორმის საბოლოო მიზანი ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, რაც, საქართველოს შემთხვევაში, სრულ შესაბამისობაშია მწვანე განვითარების ძირითად ტენდენციებთან.

რას ნიშნავს ენერგეტიკული ტრანზიცია 21-ე საუკუნეში? სად არის საქართველოს ადგილი მიმდინარე პროცესებში? რამდენად მზად არის ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის სექტორი გარდაქმნისთვის და რატომ არის მნიშვნელოვანი ყველა ადამიანის მონაწილეობა ამ პროცესში? ამ კითხვებზე მსჯელობით შევეცდებით, აღვწეროთ საქართველოში ენერგეტიკული ტრანზიციის ძირითადი მიმართულებები და გამოწვევები. დოკუმენტის მიზანი არ არის დაგეგმილი პოლიტიკის ღონისძიებების ეფექტიანობის შეფასება და ანალიზი. დოკუმენტი განკუთვნილია დაინტერესებული მკითხველების ფართო წრისთვის, რათა გამოკვეთოს ენერგეტიკულ ტრანზიციის საკვანძო საკითხები და წაახალისოს დისკუსია ამ მიმართულებით.

Product details
Date of Publication
2023
Publisher
Heinrich Boell Foundation South Caucasus
Number of Pages
16
Licence
All rights reserved
Language of publication
English
Table of contents

სარჩევი

შესავალი  3

ენერგეტიკული ტრანზიცია – გზა მწვანე განვითარებისკენ  5

საქართველოს ენერგეტიკის სექტორი  7

ენერგეტიკული ტრანზიცია საქართველოში: 10

ხედვა, პირველი ნაბიჯები და გამოწვევები 10

ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარება  10

ენერგოეფექტიანობა 13

შეჯამება და რეკომენდაციები  15

ბიბლიოგრაფია 17

ავტორები 19