ურბანული განვითარების თემატიკა და საზოგადოების დაინტერესება ამ საკითხებით, მიწათმოწყობის გენერალური გეგმა, მისი შედგენის ახლებური პრინციპები, გენგეგმა და მისი მონაწილეები, საზოგადოების ჩართულობის საკითხი, საკანონმდებლო ნორმატიული ბაზა, რომელიც არეგულირებს ურბანულ საკითხებს საქართველოში, ინსტიტუციური მოწყობის საკითხი - ამ თემებზე გაამახვილეს ყურადღება 17 ნოემბერს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში გამართული საჯარო დისკუსიის მონაწილეებმა.
რით განსხვავდება ახალი გენერალური გეგმა ძველისგან, როგორი მიიღება გდაწყვეტილებები, შეიცავს თუ არა საფრთხეებს ახალი მშენებლობები და არის თუ არა გათვალისწინებული ეს რისკები, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას შეჩერებულ მშენებლობებზე, კვლავ აქტუალურია თუ არა ქალაქის მეორე ცენტრის მშენებლობის საკითხი, ხომ არ შეუცვლის "ბუდა-ბარის" მშენებლობა რიყეს იერსახეს, რამდენად იჩენს აქტიურობას საზოგადოება და ითვალისწინებს თუ არა ქალაქის ხელმძღვანელობა მოსახლეობიდან შესულ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს, მოსალოდნელია თუ არა სუბურბანიზაციის პროცესის დაწყება, რამდენად ვარგისია არსებული საკანონმდებლო ჩარჩო თბილისის სამართავად - ეს კითხვები დაისვა მომხსენებელთა მოსმენის შემდეგ.
დისკუსიის პირველმა მომხსენებელმა ლადო ვარდოსანიძემ აქცენტი ურბანული განვითარების თემატიკის მიმართ საზოგადოების დაინტერესების გაზრდაზე გააკეთა, რაც ბოლო წლების განმავლობაში შეინიშნება. მანვე ისაუბრა ქალაქის მიწათმოწყობის გენერალურ გეგმაზე, როგორც უფრო მოქნილ და ინტერაქტიულ დოკუმენტზე, წინანდელთან შედარებით.
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის წამყვანმა სპეციალისტმა პაპუნა ძიძიგურმა აღნიშნა, რომ დღევანდელი გენერალური გეგმა მონაწილეთა თვალსაზრისით მრავალსუბიექტიანია. ხელისუფლებამ, ურბანისტებმა, მიწის მეპატრონეებმა, დეველოპერებმა, დამპროექტებლებმა და მთელმა საზოგადოებამ შესაბამისობაში უნდა მოიყვანონ და დაარეგულირონ ქალაქის მოწყობასთან დაკავშირებული პრობლემები. მისივე თქმით, ასეთი მიდგომით ეს გეგმა ვერ გახდებოდა დასრულებული დოკუმენტი, რომელიც ყველა კითხვას გასცემდა პასუხს და სადაც ერთხელ და სამუდამოდ იქნებოდა განსაზღვრული ყველა საკითხი.
ვინ იკვლევს თბილისის მოსახლეობის აზრს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი, ან როგორ წარმოუდგენია თბილისის მოსახლეობას მისი ურბანული განვითარება, შესაძლებელია თუ არა საუბარი საზოგადოებაში არსებულ განწყობებსა და დამოკიდებულებებზე, რას ნიშნავს უსაფრთხო ქალაქი და როგორი უნდა იყოს ის გლობალური ან რეგიონული მასშტაბით, როგორ უნდა გაუწიოს კონკურენცია, ან როგორ უნდა ითანამშრომლოს სხვა ქალაქებთან - ამ თემებზე ისაუბრა იოსებ სალუქვაძემ.
დებატების ვრცელი მიმოხილვა ქართულ ენაზე (pdf, 184 კბ)