2011 წლის 12 ოქტომბერი
ძირითადი მომხსენებლები:
ნიკა შავიშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის არქიტექტურის ისტორიისა და თეორიის მიმართულების ხელმძღვანელი; სრული პროფესორი; კომპანია "კიდ არქიტექტურის" დამფუძნებელი და დირექტორი;
გია აბულაძე - არქიტექტორი;
ალექსანდრე ელისაშვილი - "ტფილისის ჰამქრის" ხელმძღვანელი;
ლადო ვარდოსანიძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის ექსპერტი.
მოდერაცია: გოგი გვახარია
ურბანისტიკა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სფეროს წარმოადგენს, აღნიშნა დისკუსიის დასაწყისში მოდერატორმა გოგი გვახარიამ. ამ თემაზე დისკუსია ბიოლის ფონდში მართლაც არა ერთხელ გამართულა, თუმცა 12 ოქტომბერს გამართული დებატები განსაკუთრებით ინფორმაციული აღმოჩნდა. მართალია, მას ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლები არ დასწრებიან, მაგრამ შეკრებილ საზოგადოებას იმის საშუალება მიეცა, რომ კონკრეტულ პროექტებზე ინფორმაცია უშუალოდ მათი ავტორებისაგან და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებისაგან მიეღო.
"ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე'', მაგისტრალი ვერეს ხეობაში, აღმაშენებლის გამზირის რეკონსტრუქცია, მირზა შაფის ქუჩის ისტორია, შეცვლილი რიყე, "იმელის" ბედი - ეს თემები ბოლო ხანებში თბილისის მაცხოვრებელთა დიდ ინტერესს იწვევს, მაგრამ როგორც დისკუსიაზე აღინიშნა, უმეტესად მხოლოდ პროექტის დასრულების ან ბულდოზერების ამუშავების შემდეგ ხდება მათ შესახებ ცნობილი.
"დისკუსიის სათაური ჩემი და ჩემი მეგობრების ოცნებაა", - ამბობს ალეკო ელისაშვილი, "ტფილისის ჰამქრის" ხელმძღვანელი, მაგრამ მისივე თქმით, ეს ჯერჯერობით მიუღწეველია. ალეკო ელისაშვილის თქმით, მერიის დახურულ და გაუმჭვირვალე რეჟიმს ფეხი სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებმაც აუბეს.
არქიტექტორ-ურბანისტ ლადო ვარდოსანიძეს მიაჩნია, რომ ქალაქგანვითარების თვალსაზრისით ბოლო ხანებში სასიკეთო ძვრები შეინიშნება. როგორც მან აღნიშნა, 2012 წლიდან თბილისის მერია ურბანული ინდიკატორების შეგროვებას დაიწყებს და ეს გასაგებს გახდის, რა მიმართულებით ვითარდება პროცესები. მანვე ქალაქგანვითარებაში მოქალაქეთა თანამონაწილეობის იდეის წარმოშობის ისტორიასა და გამოცდილებაზეც ისაუბრა - "ამ იდეას საფუძველი ასიოდე წლის წინ დაედო შოტლანდიელი ურბანისტის, პატრიკ გედესის მიერ. მას შემდეგ ევროპული და შეერთებული შტატების ქალაქგეგმარება მოქალაქეთა თანამონაწილეობის გარეშე წარმოუდგენელია".
"რას ნიშნავს საზოგადოებრივი განხილვა ან არის თუ არა საზოგადოება მონდომებული ქალაქის განვითარებაში აქტიური მონაწილეობის მისაღებად?", - იკითხა მოდერატორმა გოგი გვახარიამ. "სამწუხაროდ, არა", - პასუხობს ლადო ვარდოსანიძე. მისი აზრით, დღესაც არსებობს ჰომოსოვეტიკუსების სინდრომი, გარემოსგან გაუცხოება საქართველოში ჯერ კიდევ ჩვეული სურათია.
ლადო ვარდოსანიძემ ასევე ისაუბრა კოდექსზე, რომელიც ამჟამად მუშავდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. მისი დასახელებაა "სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი". "მისი 24-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს სივრცითი დაგეგმარების მიზნების ფორმირების, დოკუმენტების, პროექტების შემუშავებისა და განხილვის პროცესის საჯაროობას, ძალიან მწირი და ნაკლული მუხლია", - ამბობს იგი და დასძენს, რომ ამ ეტაპზე ავტორები აგროვებენ შენიშვნებს და ყველას შეუძლია საკუთარი ინიციატივის შეთავაზება.
არქიტექტორმა ნიკა შავიშვილმა მოქალაქეთა თანამონაწილეობის ევროპის ქვეყნებში არსებულ პრაქტიკასა და მექანიზმებზე ისაუბრა. საერთაშორისო ან ადგილობრივი კონკურსები და საზოგადოებრივი განხილვები ევროპაში ნებისმიერი მნიშვნელოვანი პროექტის განხილვისას სავალდებულო წესია. მისი აზრით საქართველოში სწორედ მსგავსი მექანიზმები უნდა დაინერგოს და ამოქმედდეს, იმიტომ რომ საზოგადოების ცალკეული ჯგუფების მიერ გამართული აქციები, როგორი კეთილშობილურიც არ უნდა იყოს მათი მიზანი, ხშირად მაინც უშედეგოა.
დისკუსიის კიდევ ერთი მონაწილე, არქიტექტორი გია აბულაძე მიიჩნევს, რომ დიალოგი, რომელიც უნდა არსებობდეს სამთავრობო სტრუქტურებს, პრაქტიკოსებსა და საზოგადოებას შორის, მართლაც არის დემოკრატიის ერთ-ერთი გამოხატულება, მაგრამ მისთვის ქალაქგეგმარებით საკითხებში საზოგადოების მონაწილეობა დღეს ძნელი წარმოსადგენია.
იგეგმება თუ არა საქართველოში სამშენებლო კოდების დამკვიდრება, როგორ და რა შემთხვევაში უნდა ჩაერთოს საზოგადოება, ვისი აზრი უნდა იყოს გათვალისწინებული, პროფესიონალების თუ იმ კონკრეტული უბნის მაცხოვრებლების, ან მთელი ქალაქის, სადაც რომელიმე პროექტის განხორციელება იგეგმება, არის თუ არა საქართველო გაწევრიანებული რომელიმე ურბანულ საერთაშორისო ორგანიზაციაში, არქიტექტორი მხოლოდ თავისი საქმის შემოქმედია თუ სოციალურად აქტიური საზოგადო მოღვაწე უნდა იყოს - კითხულობენ არქიტექტორები და ამ საკითხებით დაინტერესებული ადამიანები. მაგრამ გარდა ამ თეორიული საკითხებისა, დისკუსია ისეთ კონკრეტულ თემებსაც შეეხო, როგორიც მირზა შაფის ქუჩის დანგრევაა. ამ საკითხზე არქიტექტორმა გიორგი ბერიძემ ვრცლად ისაუბრა. კლდის მოჭრასა და ქუჩის დანგრევაზე არქიტექტორების თანხმობა არ ყოფილა, აცხადებენ არქიტექტორები.
"მსჯელობას და დისკუსიას ფასი მაშინ აქვს, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჩვენი ორგანიზაციის მიზანია, ოდესმე ისეთ ქალაქში ვცხოვრობდეთ, სადაც ქალაქის ხელმძღვანელი იქნება თუ დეველოპერი, პატივს სცემს ქალაქს და მის მოქალაქეებს და ყველგან და განსაკუთრებით, ქალაქის ისტორიულ ნაწილში, პროექტის დამტკიცებამდე, ბულდოზერების ამუშავებამდე აუხსნის მათ, თუ რის გაკეთებას აპირებენ. იმას კი, სად ხალხს დავეკითხოთ და სად - პროფესიონალს, კანონი უნდა არეგულირდებდეს", - ამბობს ალეკო ელისაშვილი.
დისკუსია "ტფილისის ჰამქრის" ხელმძღვანელსა და დისკუსიაში მონაწილე დეველოპერული ფირმების წარმომადგენლების შეთანხმებით დასრულდა, რომ გამოიძებნოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების დეველოპერული პროექტების დაგეგმვაში მონაწილეობის მექანიზმები. ვფიქრობთ, აღნიშნული შეთანხმება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ ჩატარებული საჯარო დისკუსიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია.
- დებატების სრული ტექსტი (pdf, 256 კბ)
- რადიო "თავისუფლება"