ბაქო და მასშტაბური ღონისძიებებით განპირობებული საქალაქო ცვლილებები

Კითხვის დრო: 8 წუთი

პოსტ-ინდუსტრიულ ეპოქაში, როდესაც  მსოფლიოს გარშემო ქალაქები ქალაქის ტერიტორიული განვითარებისთვის სამეწარმეო მიდგომას ირჩევენ, საქალაქო პოლიტიკაში მასშტაბურ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს მნიშვნელოვანი როლი ენიჭებათ (Harvey, 1989). ზამთრისა და ზაფხულის ოლიმპიადა, ფორმულა-1-ის რბოლა, მსოფლიო ექსპოზიცია (EXPO) და სხვა, ეს არის მხოლოდ რამდენიმე საერთაშორისო მნიშვნელობის სპორტული და კულტურული ღონისძიების მაგალითი, რომელსაც გლობალური მედიის საშუალებით დიდი რაოდენობით სტუმარი და მაყურებელი ჰყავს. ბიუჯეტიდან  დაფინანსებულ ამ მასობრივ მასშტაბურ ღონისძიებებს ხშირად მაღალ ღირებულებთან ერთად მისი მასპინძლის საქალაქო ლანდშაფტზე მნიშვნელოვანი ეფექტი ახლავს. მიუხედავად ამ ღონისძიებათა პოპულარობისა წლების მანძილზე მათი მასპინძლობა ‘დასავლური სამყაროს’ ქალაქების ექსკლუზიური პრეროგატივა იყო და მხოლოდ უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში  გახდა მათი გეოგრაფია უფრო მრავალფეროვანი. ბაქო (აზერბაიჯანი) ერთ-ერთი ყველაზე ახალი დანამატია ამ ქალაქების სიაში.

პოლიტიკა და ქალაქგანვითარება

1991 წელს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღდგენასა და ქვეყნის საბაზრო ეკონომიკურ მოდელზე გადასვლას ბაქოს საქალაქო გარემოში დიდი ცვლილებები მოჰყვა, რომლის ძირითადი მამოძრავებელი ძალა ქვეყანაში არსებული გაზისა და ნავთობის ექსპორტიდან მიღებული სახელმწიფო შემოსავლები იყო. მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, რომელიც ნავთობის მრეწველობის განვითარებას მოჰყვა, ასევე ძლიერდებოდა აზერბაიჯანის მმართველი პოლიტიკური რეჟიმი, რომელსაც ხშირად აკრიტიკებენ ავტორიტარული და კორუფციული ხასიათის გამო (Freedom House, 2015; Hughes & Marriott, 2015; Transparency International, 2016). მიუხედავად იმისა, რომ ბაქოს ქალაქის მერი და 12 უბნის გამგებელი მართავს, ისინი ამავდროულად ამ თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ არიან დანიშნული და მის წინაშე პასუხისმგებელი (Valiyev, 2014) არიან, შედეგად ძალაუფლება  ამ უკანასკნელის ხელშია კონცენტრირებული. მეტიც, აზერბაიჯანის სასამართლო სისტემა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელზე (პრეზიდენტზე), რის გამოც ვერ ხდება ქვეყანაში ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევის წინააღმდეგ ამ რესურსის გამოყენება (Buchanan, 2012, p. 24). მსგავსი პოლიტიკური გარემო დიდ გავლენას ახდენს ბაქოს ქალაქგანვითარების პროცესებზე. სხვადასხვა საქალაქო პროექტი, რომელიც ინიცირებულია ცენტრალურ ხელისუფლებაში მყოფი მმართველი ელიტის მიერ ხშირად ინერგება ადგილობრივ დონეზე გამჭვირვალე დისკუსიისა და მოკვლევის გარეშე. მოქალაქეების ჩართულობა ამ გადაწყვეტილებების მიღებაში ფაქტობრივად ნულის ტოლია. ბაქოს ზოგადი მიდგომა მასშტაბური ღონისძიებების მასპინძლობის კუთხით კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რეჟიმის ავტორიტარულ ხასიათს. მაგალითად, ფორმულა1-ის მასპინძლობის იდეა ფართო საზოგადოებისთვის წარმოდგენილია როგორც პრეზიდენტ ალიევის პირდაპირი ინიციატივა და როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა ‘ყველა ბრწყინვალე იდეა მის (პრეზიდენტის) თავში იბადება (Sovsport.ru, 2016).’

ბაქოს ღონისძიებებით აღსავსე შემობრუნება

2010 წლიდან, აზერბაიჯანის ხელისუფლება მიზანმიმართულად ახორციელებდა ეროვნული, ნავთობზე ძლიერ დამოკიდებული, ეკონომიკის დივერსიფიკაციას, რომლის მიღწევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გზად სამხრეთ კავკასიის რეგიონში ბაქოს ეკონომიკურ და ტურისტულ ცენტრად ქცევა მიიჩნეოდა (Valiyev, 2016). სხვადასხვა მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიების მასპინძლობა ამ სტრატეგიის განუყოფელ ნაწილად მოიაზრებოდა. 2012 წელს ბაქოში პირველი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა - ევროვიზიის სიმღერის კონკურსი - რომელშიც 43 ქვეყანა მონაწილეობდა და 150 მილიონზე მეტი მაყურებელი ადევნებდა თვალს. ქალაქში წარმატებულად ჩატარებულ კონკურსს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიარდობით დოლარის ინვესტიცია მოჰყვა საქალაქო ინფრასტრუქტურასა და მასშტაბური ღონისძიებების სამასპინძლოდ განკუთვნილ სხვადასხვა დაწესებულებებში. ეს მიზანმიმართული ინვესტიცია ბაქოს ‘ურბანული პროფილის’ გაუმჯობესებას ემსახურებოდა, რომელიც ზაფხულის ოლიმპიადის (2016 და 2020 წლები) მასპინძლობისთვის იბრძოდა. წარუმატებლი ცდის მიუხედავად მალე ბაქო არჩეული იქნა პირველი, ნაკლებად ცნობილი, ევროპული თამაშების (2015) მასპინძელ ქალაქად. ამ ღონისძიების მასპინძლობას ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი 10 მილიარდი დოლარი მოხმარდა და მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაში 6 ათას სპორტსმენი მონაწილეობდა მას ძალზედ ცოტა სტუმარი და მაყურებელი ჰყავდა (De Waal, 2015; Mayer, Arnegger, & Soltanova, 2016).

2014 წელს, ბაქომ ასევე მოიპოვა ფორმულა1-ის რბოლის მასპინძლობის ათ წლიანი კონტრაქტი. დროებითი ავტოტრასა, რომელიც სპეციალურად ბაქოსთვის შეიქმნა ბაქოს (საჯარო) ქუჩათა ქსელზე ქალაქის ცენტრში, ბაქოს წყლისპირა ბულვარის გასწვრივ და ძველი ქალაქის (იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი) ირგვლივ (BCC, 2016) განთავსდა. ბაქო მომავალში კიდევ არა ერთ მასშტაბურ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებას უმასპინძლებს. მათ შორის კვლავ იქნება ფორმულა1-ის რბოლა, ისლამური სოლიდარობის თამაშები 2017, უეფას ევროპის ჩემპიონატი 2020 და მრავალი სხვა ფართომასშტაბიანი სიმპოზიუმი და გამოფენა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში არაერთი ტექსტი დაიწერა ამ ახალ ტენდენციაზე, ავტორები ძირითადად ყურადღებას ამახვილებენ აზერბაიჯანში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე და ადამიანის უფლებების დარღვევების შემთხვევებზე და ის არ შეესაბამება საერთაშორისო ღონისძიებების მასპინძელი ქვეყნის სახეს და რომ  ამ ღონისძიებებს იყენებენ  ავტორიტარული პოლიტიკური მმართველობისა და მისი შედეგების გადასაფარად (De Waal, 2015; Recknagel & Geybullayeva, 2016). ამასთან ერთად მნიშვნელოვანია განვიხილოთ ის ცვლილებები, რომელიც მრავალი მასშტაბიანი ღონისძიების მასპინძლობის შედეგად და პარალელურად მიმდინარეობს საქალაქო გარემოშიდა ხანგრძლივ გავლენას და კვალს ტოვებს ქალაქზე.

ღონისძიებებით წარმართული საქალაქო განახლება?

მასშტაბური ღონისძიებები ხშირად გვევლინება საქალაქო ტრანსფორმაციის მრავალფეროვანი პროცესის უშუალო კატალიზატორად. ეს განსაკუთრებით ხილვადია ახალბედა ეკონომიკებში (Hall, 2006), როგორიცაა აზერბაიჯანი სადაც მსგავსი ღონისძიების ეფექტები გაცილებით დიდია სხვადასხვა ინფრასტრუქტურის (სპორტული, სატრანსპორტო, უსაფრთხოების) ნაკლებობის ან არარსებობის გამო და შესაბამისად ამ ღონისძიების მასპინძლობა ხშირად ქალაქის გარემოში მასშტაბურ, ხისტ და სწრაფ ჩარევას მოითხოვს. აზერბაიჯანის მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიარდები დახარჯა სხვადასხვა ღონისძიებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურისა და დაწესებულებების დროულად გასამართად. მათ შორისაა Baku Crystal Hall (საკონცერტო დარბაზი), 68 ათასი მაყურებლისთვის განსაზღვრული ოლიმპიური სტადიონი, მსოფლიო დონის საცურაო ცენტრი, ტანვარჯიშის არენა და ბევრი სხვა. გაიხსნა მრავალი ელიტარული და ძვირად ღირებული სასტუმრო, რომელიც ნაწილობრივ ასახავს ბაქოს ახალ მდიდრულ სახეს და ხშირად მასპინძლობს ბაქოში ღონისძიებებზე დასასწრებად ჩამოსულ სტუმრებს. ეს პროექტები, შეიძლება დანახული იქნას როგორც დადებითი ცვლილება ქალაქში, მაგრამ მათ უკან ხშირად იმალება სიღრმისეული პრობლემური საკითხები რაც არ ჩანს ღონისძიების საზეიმო გახსნისა და მიმდინარეობის დროს და ხშირად ასევე შეუმჩნეველი რჩება სპორტსემენების, სტუმრებისა და მედიისათვის. მას შემდეგ რაც ღონისძიება სრულდება ბევრი ქალაქი, მათ შორის ბაქოც, ვერ ახერხებს ქალაქში ღონისძიებებისთვის აგებული შენობების და ინფრასტრუქტურის ფუნქციურ, ინტენსიურ გამოყენებას. ეს ქმნის ეგრეთწოდებული ‘თეთრი სპილოების’ ფენომენს ანუ ნაგებობებს, რომელის არსებობა და შენარჩუნება ქალაქისთვის ძლიერი ფინანსური წნეხია, მათი შენარჩუნება ძვირი ჯდება და ძალიან იშვიათად არის გამოყენებული. გარდა ამისა, ეს მასშტაბური ღონისძიებები ხასიათდება ალტერნატიული ხარჯებით რაც მიმართულებას უცვლის უკვე დაგეგმილ სამთავრობო დანახარჯებს. რომ არა ეს მეგა-პროექტები, თანხები შეიძლებოდა სხვა ადგილობრივად უფრო შესაფერის და მნიშვნელოვან პროექტებზე დახარჯულიყო, როგორიცაა განათლება ან ჯანდაცვა. ხშირად ფინანსური რესურსების მსგავსი გადამისამართებით ყველაზე მეტად ზარალდება სოციალურად ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები.

მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიებებისთვის მზადებამ ასევე დააჩქარა ცენტრალური ბაქოს განაშენიანებული გარემოს გარდაქმნის პროცესი. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს წარმოადგენდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ წამოწყებული უფრო ფართო მოდერნიზაციის და საქალაქო განახლების კამპანიის ნაწილს. საერთაშორისო მასშტაბური ღონისძიების მასპინძლის სტატუსმა ეს პროცესი ბაქოში საგრძნობლად დააჩქარა. თუმცა აქტივობები ძირითადად ვერ გასცდა შენობების ფასადების გალამაზებას (beautification) და არ აისახა საცხოვრისთან დაკავშირებული უფრო მწვავე პრობლემების გადაჭრაზე. ზოგიერთ შემთხვევაში ფასადების გაუმჯობესებამ დააზიანა კიდეც არსებული შენობების სტრუქტურა (Grant, 2014). ამ პროცესის ფარგლებში ასევე აშენდა ‘ხილვადობის შემამცირებელი’ კონსტრუქციები - მაღალი და გრძელი კედლები რომელიც მაგისტრალებისა და მნიშვნელოვანი გზების გასწვრივ განლაგდა და სტუმრების მზერისგან დაფარა არაფორმალური დასახლებები ან ავარიული საცხოვრებელი სახლები. ამ მარტივმა კონსტრუქციამ მრავალი დასახლების მაცხოვრებელი და მათი საცხოვრებელი სივრცე  ხელისუფლების მიერ შექმნილი ახალი ბაქოს იმიჯისგან გარიყა.

ქალაქის ფასადური გაუმჯობესების კამპანიმ, საქალაქო განახლების პროცესმა და ეგრეთწოდებული ‘თეთრი სპილოების’ მშენებლობამ მრავალჯერ გამოიწვია სხვადასხვა საცხოვრებელი სახლიდან ან დასახლებიდან მაცხოვრებელთა  გამოსახლება და გადასახლება. ეს ხშირად ხდებოდა იმ ადგილებზე, რომელიც შედიოდა ქალაქის განახლების პროექტის არეალში ან შერჩეული იყო სამომავლო ღონისძიებისთვის ინფრასტრუქტურის მშენებლობის ან დაწესებულების ასაგებად. 2012 წლის ევროვიზიის წინ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ათასობით მაცხოვრებელს ჩამოართვეს მათი უძრავი ქონება და გამოასახლეს სახლიდან, რომ გამოეთავისუფლებინათ სივრცე ბაქოს ბულვარის გაფართოვების მიზნით და მის სიახლოვეს Baku Crystal Hall-ის ასაშენებლად. ასეთივე ბედი ეწია და შედეგად ბაქოს ლანდშაფტიდან გაქრა ნახევრად ფორმალური დასახლება რომელიც განლაგებული იყო მომავალი ოლიმპიური სტადიონის ადგილზე. 2010 წლიდან დღემდე სხვადასხვა გათვლებით 80 ათასზე მეტი ადამიანი იძულებით გამოასახლეს საკუთარი საცხოვრებლიდან (Burger, 2010; Grant, 2014). ხშირად გამოსახლებულთა იძულებითი მიგრაცია ხდებოდა ქალაქის ცენტრიდან პერიფერიებისკენ. სანაცვლოდ მათ მიიღეს ფულადი კომპენსაცია, რომელიც საგრძნობლად ჩამოუვარდებოდა ყოფილი საცხოვრისის საბაზრო ღირებულებას და ძალზედ მწირი საშუალება დაუტოვეს საკუთარი მდგომარეობის სასამართლოში გასაჩივრებისთვის (Buchanan, 2012; Human Rights Watch, 2012, p. 3). მსგავსი ტიპის იძულებითი გადაადგილება ხშირად იწვევს ადგილობრივი თემის დაშლას, კონტაქტების გაწყვეტას და აჩენს სირთულეებს სამსახურის შენარჩუნების თვალსაზრისით, რაც ხშირად ზრდის ფინანსურად მოწყვლადი ჯგუფების რაოდენობას. ამასთან ერთად გამოსახლებით გამოწვეული იძულებითი გადაადგილება ხშირ შემთხვევაში არის მოსახლეობის სეგრეგაციის გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი. აზერბაიჯანში  არსებული პოლიტიკური რეალობა ბაქოს მაცხოვრებელთათვის ფაქტიურად შეუძლებელს ხდის, მათი ქონების ექსპროპრიაციის, გამოსახლებისა და სანაცვლოდ მიღებული არაადეკვატური კომპენსაციის გააპროტესტებისა  და სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას.

ბაქოში მასობრივი ღონისძიებისთვის შექმნილი სტადიონები, საკონცერტო დარბაზები და ამავე მიზეზით წამოწყებული ქალაქის განახლების პროექტები ხშირად უარყოფითად მოქმედებს საზოგადოებრივი სივრცეების ხელმისაწვდომობაზე. მსგავს პროცესებს შეიძლება ჰქონდეს დროებითი (ღონისძიების საჯარო სივრცეში გამართვის გამო) ან მუდმივი (საზოგადოებრივი სივრცე სულ უფრო მეტადარის გამოყენებული ახალი დაწესებულებების ასაშენებლად და გარეშემო ტერიტორია ხდება მკაცრად დაცული და პოლიციის მიერ კონტროლირებადი) ხასიათი. ამის კარგი მაგალითია 2016 წლის ივნისში ბაქოს ცენტრში პირველად გამართული ფორმულა-1-ის რბოლა. ყოველ წლიურად, სულ მცირე ათი დღით, და ხშირად უფრო ხანგრძლივი დროით, რბოლისთვის გამოყოფილი ტერიტორია და მის სიახლოვეს არსებული სივრცეები (მათ შორის გზები, ტროტუარები, სკვერები და პარკები) იხურება და ხელმიუწვდომელი ხდება ღონისძიებისთვის მზადებისა და მისი მიმდინარეობის გამო. ეს დღემდე ბაქოში ჩატარებული ყველაზე დისკრიმინაციული და ექსკლუზიური ღონისძიებაა მიუხედავად იმისა, რომ  იგი იმართება საჯარო ინფრასტრუქტურის გამოყენებით და სრულად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამის მიუხედავად იგი არის მკაცრად შეზღუდული და ხელმისაწვდომია მხოლოდ პოლიტიკური და კორპორატიული ელიტისთვის, შეძლებული ადგილობრივებისა და ძვირადღირებული ბილეთების (90-იდან 665 დოლარამდე)[1] მქონე ტურისტებისათვის.

რა ელის ბაქოს?

ბაქოს ჩართვამ მასობრივი ღონისძიებების ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოუტანა ქალაქის ფიზიკურ და სოციალურ ლადნშაფტს. მიუხედავდ იმისა, რომ სახეზეა ზოგიერთი დადებითი ეფექტი და სიახლე, ცვლილებები რომელიც საქალაქო გარემოში ამ პროცესებმა მოიტანა არ უნდა დარჩეს კრიტიკული შეფასების მიღმა და ქალაქგანვითარებაში მიმდინარე  პროცესების მიმართ კრიტიკული განსჯის უნარი არ უნდა დავკარგოთ. ღონისძიებებთან პირდაპირ და ირიბად დაკავშირებულ ინფრასტურქტურასა და დაწესებულებებში მასიურმა ინვესტიციებმა ქალაქში შექმნა ძვირადღირებული ნაგებობების შენარჩუნების აუცილებლობა, რამაც ამავდროულად გამოიწვია ათასობით ოჯახის გამოსახლება და იძულებითი გადაადგილება. მიუხედავად იმისა, რომ ბაქოს განახლებისა და ფასადური გალამაზების პროექტებმა გააუმჯობესა ზოგიერთ უბნის ვიზუალური მხარე, იგივე პროცესებმა მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში გამოიწვია მაცხოვრებლების სამოსახლო პირობების გაუმჯობესება და მეტიც ხშირად მათი საცხოვრისის დაზიანების მიზეზადაც კი იქცა. ვინაიდან ახლო მომავალში ბაქო კვლავ იქნება მრავალი მსგავსი ღონისძიების მასპინძელი, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ეს პროცესები განმეორდება. ამ განვითარების პრევენციისთვის აუცილებელია, ცენტრალური ხელისუფლების და მმართველი ელიტის გადაწყვეტილებას მეტი კრიტიკა და წინააღმდეგობა დახვდეს ადგილობრივ დონეზე და  მსგავსი ღონისძიებების მასპინძელი საერთაშორისო ორგანიზაციები  (მაგალითად,UEFA და Formula 1 Management) უფრო აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში.

 

[1]თუ გავითვალისწინებთ აზერბაიჯანში მდიდრებსა და ღარიბებს შორის არსებულ სხვაობას და იმას, რომ ყოველთვიური საშუალო ხელფასი ვერ სცდება 250 ამერიკულ დოლარს ფორმულა1-ზე დასწრება ფაქტიურად მიუწვდომელია ბაქოსა და აზერბაიჯანის მაცხოვრებელთა უმრავლესობისთვის.