პანდემია და ქართული სახელმწიფოებრიობის დაუსრულებელი პროექტი

დღეს, პანდემიის პირობებში, არა მხოლოდ ინტელექტუალები, არამედ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პოლიტიკოსები ლაპარაკობენ სახელმწიფოს, მისი სოციალური ფუნდამენტის დაბრუნების აუცილებლობაზე. სახელმწიფოსი, რომელიც საყოველთაო კეთილდღეობის პრინციპს დაეფუძნება და პრივილეგირებული უმცირესობის კიდევ უფრო მეტად გამდიდრებას არ მოემსახურება.

Women praying in Georgian Church, Jvari
Teaser Image Caption
© Maurice Wolf

პანდემია, როგორც ლაკმუსის ქაღალდი

მსოფლიოს ინტელექტუალების ერთი ნაწილი მომავლის პროგნოზირებითაა დაკავებული, რომელიც COVID-19-ის პანდემიის შემდეგ უნდა დადგეს. ეს ჟანრი დღეს იმდენად პოპულარულია, იმდენ შიშსა და იმედს მოიცავს, რომ ადვილად ჩრდილავს არცთუ ისე მიმზიდველ აწმყოს, რომელმაც მსოფლიოს მრავალი სახელმწიფოს მთავრობები აიძულა ეღიარებინათ, რომ უახლოეს წარსულში მსგავსი, თითქმის ერთი და იგივე შეცდომები იქნა დაშვებული, თანაც არა მხოლოდ პოლიტიკის რომელიმე ცალკეულ სფეროში, არამედ თავად სახელმწიფოს, როგორც საყოველთაო კეთილდღეობისა და უსაფრთხოების გარანტის, მისი სოციალური ფუნდამენტის მიმართ.

პანდემია ლაკმუსის ქაღალდი აღმოჩნდა თანამედროვე სახელმწიფოებისა და პოლიტიკური სისტემებისათვის დიაგნოზის დასასმელად. საგანგებო მდგომარეობა, რომელიც პანდემიამ საერთაშორისო მასშტაბის მოვლენად აქცია, ისეთი გამომამჟღავნებლის ფუნქციასაც ასრულებს, რომლის პირობებშიც მთელი სამყაროს პოლიტიკური და სოციალური რეალობა შეულამაზებელი სახით ჩნდება, რაც ნორმალურ ვითარებაში შეუძლებელი იყო. გერმანელი სამართალმცოდნის, საგანგებო მდგომარეობის ყველაზე ცნობილი თეორეტიკოსის, კარლ შმიტის (1888-1985) მიხედვით, რომელიც პანდემიასთან ერთად ისევ ხშირად ციტირებადი ავტორი გახდა, საგანგებო მდგომარეობის დროს, პირველ რიგში, სუვერენული ძალაუფლება ხილვადდება: „სუვერენი არის ის, ვინც საგანგებო მდგომარეობაზე გადაწყვეტილებას იღებს“. საგანგებო მდგომარეობაში თავად სუვერენული ძალაუფლების აუცილებლობაც მჟღავნდება, ანუ იმ ძალისა, რომელსაც ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღებისა და აღსრულების უნარი აქვს, რაც „ქაოსის“ აღკვეთის და ნორმალიზაციასთან დაბრუნების ფაქტობრივად ერთადერთი საშუალებაა.

სუვერენულობის კრიზისი და მისი საფუძვლები

პირველივე რამ, რაც საქართველოში 21 მარტს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე გამოჩნდა, ესაა სახელმწიფოს ავტორიტეტის, სუვერენული ძალაუფლების დეფიციტი: ხელისუფლება ვერ ახერხებს საკუთარი იურისდიქციის გავრცელებას საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე. საპატრიარქომ არც ზიარების წესი შეცვალა დროებით, არც ჯვრისა და ხატების ამბორი, არც ხალხმრავალი ღვთისმსახურებები შეაჩერა, მიუხედავად იმისა, რომ ამით ის საგანგებო მდგომარეობასა და გამკაცრებულ საკარანტინო ნორმებთან სრულ შეუსაბამობაში აღმოჩნდა. სახელმწიფომ ვერ შეძლო ვერც ეკლესიის გადარწმუნება და ვერ სამართლებრივი ბერკეტებით მისი იძულება. მას ასეთი ბერკეტები უბრალოდ არ აღმოაჩნდა. ამ ფაქტმა გამოამჟღავნა არა მხოლოდ ეკლესიის კანონზე მაღლა მდგომი ავტორიტეტი, არამედ სახელმწიფოს უძლურებაც, რაც არა მხოლოდ ეკლესიასთან მიმართებით ვლინდება: დიდწილად კერძო საკუთრებაში მყოფი სამედიცინო სისტემა არ ფლობს საკმარის ტექნიკურ და საკადრო რესურსებს, რითაც, პანდემიის აფეთქების შემთხვევაში, შექმნილი ვითარებისთვის თავის გართმევა შეეძლებოდა. ქვეყანა, რომლის ეკონომიკის მინისტრი 2020 წლის დასაწყისში აცხადებდა, რომ მისი სურვილი ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის სამინისტროდ ქცევაა, დახურული საზღვრების პირობებში ეკონომიკური კოლაფსის პირას იმყოფება. სახელმწიფოს არ შეუძლია ზეგავლენა იქონიოს არც ფასების ზრდაზე, არც ბანკებზე, რომლების სესხებითაც არსებობს მოსახლეობის თითქმის ნახევარი. საკრალურ ხელშეუხებლობამდე აღზევებული ბიზნესი, რომელიც პანდემიის პირობებშიც საკუთარ სარგებელსა და მოგებაზე მუშაობს, სახელმწიფოსგან სრულიად უმართავი რჩება, რაც დამატებით ტვირთად აწვება ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილ მოსახლეობას.  

სუვერენული ძალაუფლების და სახელმწიფო ავტორიტეტის ასეთ სისუსტეს ღრმა საფუძვლები აქვს და მიზეზები, პირველ რიგში, იმ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემაშია საძიებელი, რომელიც უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში საქართველოში ჩამოყალიბდა. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ეს სისტემა არა მხოლოდ საკონსტიტუციო-სამართლებრივ წყობაზე აისახება, არამედ, უფრო მეტად, არაფორმალური ალიანსის სახით ვლინდება, რომელიც სახელმწიფოს სუვერენულობისგან შიგნავს და უუნარო ბუტაფორიად აქცევს.

კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა, რომელშიც ძალაუფლება გადანაწილებულია აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებებს შორის. ხელისუფლების სამივე შტოს დღეს მთლიანად აკონტროლებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომელსაც 2019 წლამდე პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავდა. მათივე კანდიდატურაა უპარტიო პრეზიდენტი. მიუხედავად იმისა, რომ მმართველ პარტიას ხელთ უპყრია ხელისუფლების ყველა ბერკეტი, ის მაინც არ წარმოადგენს სუვერენულ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც დამოუკიდებლად შეეძლებოდა გადაწყვეტილების მიღება. ამის მიზეზი თავად  „ქართული ოცნების“ დამაარსებელი და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია, რომელსაც არანაირი სახელმწიფო თანამდებობა არ უკავია, თავისუფალია ყოველგვარი კონსტიტუციური პასუხისმგებლობისგან, მაგრამ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს. ის ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრებს და მთავრობის სხვა წევრებს. ხელისუფლების ლეგიტიმური ორგანოები საქართველოში ძალაუფლების ფორმალური მხარეა, საკუთარი თავის თავადვე მართვის უნარის გარეშე.

2013 წლიდან, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შემდეგ, ივანიშვილი არაფორმალური მმართველობის დამყარებას შეუდგა, რომელიც თანდათანობით აუქმებს და შთანთქავს პოლიტიკურ სფეროს და მას მთლიანად კაპიტალის ინტერესებს უქვემდებარებს. თუკი 2016 წლამდე „ქართული ოცნება“ კოალიცია იყო და მრავალპარტიული მართვის ელემენტებს შეიცავდა, პოლიტიკურ ხელისუფლებასაც მეტ-ნაკლები სუვერენულობა ჯერ კიდევ შემორჩენოდა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ერთპარტიული მმართველობა დამყარდა. არაფორმალურმა მმართველობამ და ოლიგარქიამ საქართველოში გააქრო პოლიტიკური სუვერენულობა. არც მთავრობა, არც პარლამენტი პოლიტიკური ძალაუფლების ორგანოები აღარ არიან, ყოველგვარ პოლიტიკურ წონას მოკლებული პრემიერ-მინისტრი და მთელი მინისტრთა კაბინეტიც სათამაშო ფიგურებს ჰგვანან. მათი უმეტესობა ივანიშვილის კერძო ბიზნესის ხელქვეითია, ყველა სახელმწიფო ორგანო ერთი ადამიანის ახირებებისა და ნება-სურვილის გამხმოვანებელია. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო მხოლოდ ოლიგარქიის კანონმდებელია, მის კეთილდღეობასა და უსაზღვროდ გამდიდრებას საკანონმდებლო ბაზით უზრუნველყოფს. კანონმდებლობა არა ქვეყანას და მის ხალხს, არამედ კერძო ინტერესებს ემსახურება.

არაფორმალური, ოლიგარქიული მმართველობა ლოგიკური შედეგია იმ პოლიტიკისა, რომელიც საქართველოში სოციალისტური, გეგმური ეკონომიკიდან საბაზროზე გადასვლისთანავე დაიწყო. ეს პროცესი 1991-1993 წლებში სახელმწიფო გადატრიალების, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში საომარი კონფლიქტების, სამოქალაქო ომისა და სახელმწიფოს ინსტიტუციების სრული კოლაფსის ფონზე მიმდინარეობდა, რისი შედეგიც სახელმწიფო ქონების (ძირითადად, ინდუსტრიული თუ სავაჭრო ობიექტების) დატაცება, მრეწველობის ფაქტობრივად სრული განადგურება და საყოველთაო სიღატაკე იყო. ეკონომიკის სტაბილიზება 1995 წლიდან, ბანდფორმირებების განადგურებით, უცხოური ინვესტიციების შემოტანითა და ლარის შემოღებით დაიწყო. ამავე წელს ხელი მოეწერა საქართველოს ახალ კონსტიტუციას, რომელმაც საპრეზიდენტო მმართველობა განამტკიცა.

საქართველოში შეიქმნა ცენტრალიზებული ხელისუფლება, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობით შეუდგა ქვეყნის მართვას. ამ პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილიზაციისა და სახელმწიფო ინსტიტუტების გაჩენის ფასი კი უმასშტაბო კორუფცია აღმოჩნდა: მსოფლიო ბანკის 2002 წლის მონაცემებით, საქართველო მსოფლიოს ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა იყო. კორუფცია ეკონომიკურ განვითარებასაც აფერხებდა და სახელმწიფო ინსტიტუციებსაც ყოველგვარ ავტორიტეტს უკარგავდა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა ის სტრატეგიული პროექტი, – საქართველოს ევროინტეგრაცია, რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა, ნატოსკენ სწრაფვა, ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ანაკლიის პორტი, – რომელზეც თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობა დგას, სწორედ საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროსაა (1995-2003) შექმნილი, ბოლომდე გაურკვეველი რჩებოდა სახელმწიფოებრიობისა და საზოგადოებრივი მოწყობის მოდელი, რომელიც საქართველოში შენდებოდა. ფორმალურად, მმართველი პარტია (საქართველოს მოქალაქეთა კავშირი) 1998 წლიდან სოციალისტური ინტერნაციონალის წევრიც იყო, თუმცა კორუმპირებული სახელმწიფო აპარატი პოლიტიკური სისტემის განსაზღვრასაც კი შეუძლებელს ხდიდა.

ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა 2004 წლიდან, ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მოსვლის შემდეგ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამავე წელს საქართველოს მთავრობაში კახა ბენდუქიძის მოყვანა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გატარებული რადიკალურად ნეოლიბერალური ეკონომიკური რეფორმების მეთაური გახდა. სახელმწიფო რეგულაციების მინიმალიზაციითა და დაჩქარებული პრივატიზაციით, 2007 წლისთვის ოთხჯერ გაიზარდა სახელმწიფოს ბიუჯეტი, ხოლო უცხოურმა ინვესტიციებმა 2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. სახელმწიფომ შეკვეცა სოციალური ვალდებულებები, მაქსიმალური თავისუფლება მისცა დამსაქმებელს და ხელი გაუხსნა დასაქმებულების უკონტროლო ყვლეფას. ნეოლიბერალური პოლიტიკის დაგვირგვინება იყო 2010 წელს მიღებული კონსტიტუციის 94-ე მუხლის ახალი რედაქცია, რომელიც კრძალავს ახალი გადასახადის შემოღებას და არსებულის ზედა ზღვრის გაზრდას რეფერენდუმის გარეშე. ამით სახელმწიფომ უარი თქვა ეკონომიკური პროცესების დარეგულირების მთავარ ბერკეტზე. აქვე გამოიკვეთა ეკონომიკური პრიორიტეტები: მშენებლობა, ტურიზმი, ტრანზიტი, საბანკო კაპიტალი, აზარტული თამაშები, მომსახურების სფერო. ადგილობრივ მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში მხოლოდ ღვინის წარმოება განვითარდა, რომელიც ფაქტობრივად ერთადერთ ქართულ საექსპორტო პროდუქტად იქცა.

ამ რეფორმების შედეგად საქართველოში ახალი სოციალური კლასი გაჩნდა: მდიდართა და წარმატებულთა მცირერიცხოვანი ფენა, ლიბერალური შეხედულებებით და ინდივიდუალისტური სტილით. ამ „ინდივიდუალიზმის“ ძირითადი გამოვლინებები კი პირადი სფეროს გაფეტიშებაა, საჯარო სივრცის განადგურების და სოლიდარობის მოსპობის ხარჯზე. ამის შედეგად გაღრმავდა სოციალური და კულტურული უფსკრული ახალ ელიტასა და მოსახლეობის ფართო ფენებს შორის, რომელიც ამ აღმშენებლობაში დამარცხებული და დეკლასირებული აღმოჩნდა. 2006 წლიდან სააკაშვილის ინიცირებული „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა კი ძალადობისა და ძალმომრეობის ინსტრუმენტად იქცა, რომელსაც სააკაშვილი თანაბარი წარმატებით იყენებდა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგაც, მსხვილ ბიზნესზე ზეწოლისთვისაც და სოციალური მღელვარებების გასანეიტრალებლადაც. ასეთ ვითარებაში ერთგვარი სამართლებრივ-პოლიტიკური პარადოქსიც კი შეიქმნა, როდესაც, ერთი მხრივ, სახელმწიფო ეკონომიკური პროცესების დარეგულირების მექანიზმებს თმობს და ქვეყნის განვითარებას ბაზრის თვითრეგულირებადობას ანდობს, მეორე მხრივ კი, არაფორმალურ ძალაუფლებას იყენებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებზე. ამიტომაც არ ყოფილა შემთხვევითი, რომ 2012 წელს სოციალურად უკმაყოფილო მასების მობილიზება ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა შეძლო. ამ საქმეში მისი მოკავშირე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღმოჩნდა, რომელიც სახელმწიფოს დაკნინების ხარჯზე ყველაზე მაღალავტორიტეტულ ინსტიტუციად იქცა და საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებას შეუდგა.

ეკლესიის აღზევება, როგორც პოლიტიკური დიაგნოზი

ეკლესიის აღზევება პირდაპირ კავშირშია სახელმწიფოს ავტორიტეტის დაუძლურებასთან. ეკლესიის უმასშტაბო გაძლიერება რამდენიმე ფაქტორითაა გამოწვეული, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად ხელისუფლებების მხრიდან ხელშეწყობის და ეკლესიის სათავისოდ გამოყენების შედეგია. ეკლესიამ დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე სახელმწიფოსგან მთელი რიგი პრივილეგიები მიიღო, როგორებიცაა გადასახადებისგან გათავისუფლება, უძრავი ქონების უკონტროლოდ გადაცემა, მის სამეწარმეო საქმიანობაში ჩაურევლობა და ა.შ. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკურ პროცესებში ეკლესიის ჩართვა აღმოჩნდა. 1995 წელს ედუარდ შევარდნაძემ, საკუთარი ლეგიტიმაციის გამყარების მიზნით, საპრეზიდენტო ინაუგურაცია სვეტიცხოველში ჩაატარა. ამით საფუძველი ჩაეყარა სახელმწიფოსა და ეკლესიის მანკიერ ალიანსს, რომელიც 2002 წელს საკონსტიტუციო შეთანხმებით განმტკიცდა. მას შემდეგ, ჩვეულებად იქცა სახელმწიფოს უმაღლესი ეშელონის საეკლესიო ღვთისმსახურებებზე დასწრება, ხოლო სააკაშვილიდან მოყოლებული, პატრიარქის წინაშე მუხლმორთხმისა თუ ხელზე ამბორის ჟესტებმა პოლიტიკური რიტუალის სავალდებულო ფორმა მიიღო. თუ შევარდნაძის მიმართ საპატრიარქო სრულიად ლოიალური იყო და მისი ხელისუფლების ერთ-ერთ არაფორმალურ შტოს წარმოადგენდა, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ძალაუფლების ახალ ცენტრად ჩამოყალიბდა.

გადამწყვეტი ფაქტორი, რამაც ეკლესია სუვერენულ ძალაუფლების ცენტრად აქცია, ის ობიექტური მოცემულობა აღმოჩნდა, რომელიც ნეოლიბერალურმა სახელმწიფო პოლიტიკამ განაპირობა. ესაა სამოქალაქო სფეროში საჯარო სივრცის გაქრობა და ინდივიდუალიზმად წოდებული იდეოლოგიის ქვეშ კოლექტიური იდენტობისა და ერთობის მოშლა. ეკლესია ერთადერთი ადგილი, „საჯარო სივრცე“ აღმოჩნდა, სადაც კოლექტიური სხეულის რეპროდუქცია იყო შესაძლებელი, რომელიც სამღვდელოების, როგორც სუვერენული ძალაუფლების მიერ იმართებოდა. ამ როლის შესრულება უავტორიტეტო და მოძალადე სახელმწიფოს აღარ შეეძლო. „მრევლი“ – კოლექტიური იდენტობის ეს ახალი, სოციალურად სრულიად ჰეტეროგენული ფორმა – ერთობის ბევრად უფრო მყარი და ადვილად მართვადი სახეობა გამოდგა, ვიდრე ნეოლიბერალური „ინდივიდუალიზმი“. ეკლესიამ ეს უზარმაზარი ძალა, რომელსაც ის უკვე თითქმის ორი ათწლეულია სახელმწიფოზე ზეწოლისთვის იყენებს, სრულიად მატერიალისტურ მიზნებად გადაახურდავა და სახელმწიფოსგან თუ ბიზნესისგან ქონების გამოძალვის ინსტრუმენტად გარდაქმნა. როგორც ყველაზე მდიდარი ინსტიტუცია, რომელიც სუფთა მოგებაზე მუშაობს და გადასახადების სახით ქვეყანას არაფერს უბრუნებს, თავადვე იქცა ნეოლიბერალური სისტემის ერთ-ერთ მთავარ ღერძად და ამ სისტემის კარიკატურულ სახედაც: დიდ მეწარმედ, რომელსაც ყველაფრის მატერიალურ დოვლათად გარდაქმნა შეუძლია, თანაც ისე, რომ საკუთარი მოგება არავის გაუნაწილოს. ეკლესიის ზესახელმწიფოებრივ ძალად აღზევების შემზარავი შედეგები ჯერ 2013 წლის 17 მაისმა აჩვენა, როდესაც სახელმწიფო უძლური აღმოჩნდა, წინააღმდეგობა გაეწია ეკლესიის მიერ ორგანიზებული ძალადობრივი და ანტიკონსტიტუციური ქმედებისთვის, 2020 წლის პანდემიის დროს კი სახელმწიფოსადმი სიურჩით დაგვირგვინდა.

ძალაუფლების მანკიერი ალიანსი და მისი შედეგები

ერთი მხრივ, ეკლესიის ზეკანონიერ ძალად ქცევამ, მეორე მხრივ, „ბიზნესომბუდსმენმა“ ნეოლიბერალურმა სისტემამ, რომლის ლოგიკური დაგვირგვინებაცაა ოლიგარქიის არაფორმალური მმართველობა, შთანთქა პოლიტიკური სფერო და სახელმწიფო ისეთივე დეკორაციად დააკნინა, როგორიც ყოველგვარი ავტორიტეტისაგან დაცლილი პრეზიდენტის ინსტიტუტია. „ქართულმა ოცნებამ“, რომლის პოლიტიკური ბირთვიც ძირითადად ივანიშვილის დაარსებული ქართუ ბანკის მენეჯერებისგან შედგება, ნეოლიბერალური პროექტი გაათავისუფლა ბიზნესზე სახელმწიფოს მხრიდან არაფორმალური ზეწოლისგან (როგორც ამას სააკაშვილი ახორციელებდა) და სახელმწიფო მთლიანად ბიზნესის არაფორმალურ ძალაუფლებას დაუქვემდებარა. ძალაუფლება, რომელიც დღევანდელ საქართველოში „უხილავია“, რამდენადაც ლეგიტიმური სახელისუფლებო ორგანოების არათანაზომადია, არა რაიმე ტრანსცენდენტული ძალაა, არამედ სრულიად მიწიერი და მიწიერ ფასეულობებზე ორიენტირებული ალიანსი, რომელიც საზოგადოებასთან მიმართებით არაპროპორციულად ძლიერი და გავლენიანი სამი ძალის კავშირისგან შედგება: ესენია მმართველი პოლიტიკური ელიტები, მსხვილი ბიზნესი და ეკლესია. ეს სამთა კავშირი ქმნის იმ ძალაუფლებრივ ღერძს, რომლის მეშვეობითაც ყველა პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული პროცესი იმართება. სახელმწიფო ამ ალიანსის სამსახურშია და მის უსაფრთხოებას იცავს.

მმართველი პოლიტიკური ელიტის მიერ შექმნილი საგადასახადო სისტემა და სარეგულაციო მექანიზმების მინიმალიზაცია მთლიანად საშუალო და მსხვილი ბიზნესის ინტერესების სამსახურშია. სამთავრობო თუ ოპოზიციურ პარტიათა გადამწყვეტი უმრავლესობა მდიდარი უმცირესობის ინტერესების დამცველია. პოლიტიკური ელიტის ბიზნესელიტასთან გადაჯაჭვულობა მსხვილ ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, მინიმალური დანაკარგით – დაბალი ხელფასებით, სოციალური პასუხისმგებლობის მოხსნით, დასაქმებულთა უსაფრთხოების დაცვისგან თავისუფლებით – მაქსიმალური მოგება მიიღოს.

რამდენადაც საქართველო არაა ინდუსტრიული ქვეყანა, საკუთარი პროდუქტის მხოლოდ მინიმუმს აწარმოებს, რომელიც პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვისაც არ ყოფნის, ამიტომ, მნიშვნელოვანწილად, იმპორტსა და მომწოდებელ ქვეყნებზეა დამოკიდებული, რაც პანდემიით გამოწვეული საერთაშორისო ეკონომიკური კრიზისის პირობებში ახალი სერიოზული საფრთხეა. ამგვარი საფრთხეები კი იმ ეკონომიკური სისტემის სიმცდარეს აშიშვლებს, რომელიც 2004 წლიდან საქართველოში გეგმაზომიერად შენდება. ტურიზმზე ორიენტირებული ეკონომიკური სტრატეგია, რისი გამოხატულებაცაა საქართველოში ფეშენებელური სასტუმროებისა და კაზინოების სიმრავლე, ქვეყანას ეკონომიკურ პარაზიტად აქცევს, რომელიც არაფერს არ აწარმოებს და მთლიანად მდიდარი ტურისტის დანატოვარი ფულით არსებობს. ტურიზმი, როგორც დასაქმების მთავარი სფერო, ლეგალური და არალეგალური სერვისების გაზრდა-გაფართოებას გულისხმობს. ფულიან ტურისტს, სასტუმროს სერვისებთან ერთად, აზარტული თამაშებითა და „ეროტიკული მასაჟით“ გართობაც ესაჭიროება, რაც საქართველოს არა მხოლოდ ტურიზმისა და კაზინოების, არამედ პროსტიტუციის სფეროშიც მოწინავედ აქცევს რეგიონში. ამგვარი სერვისებით უზრუნველსაყოფად აუცილებელი ხდება დიდი რაოდენობით მომსახურე კადრების შექმნა. ასეთი საარსებო პირობები და სამუშაო პერსპექტივები არათუ შეუძლებელს ხდის ფუნდამენტური განათლების მიღებას, არამედ ზედმეტ და უსარგებლო დროის კარგვად აქცევს. ეს კი, საბოლოო ჯამში, არა მხოლოდ განათლების დონის კატასტროფულ ვარდნას იწვევს, არამედ გონებრივი უმწეობის მდგომარეობაში აყენებს მოსახლეობას, რომელიც ცხოვრების უელემენტარულეს გამოწვევებსაც ვეღარ უმკლავდება.

დღეს, პანდემიის პირობებში, არა მხოლოდ ინტელექტუალები, არამედ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პოლიტიკოსები ლაპარაკობენ სახელმწიფოს, მისი სოციალური ფუნდამენტის დაბრუნების აუცილებლობაზე. სახელმწიფოსი, რომელიც საყოველთაო კეთილდღეობის პრინციპს დაეფუძნება და პრივილეგირებული უმცირესობის კიდევ უფრო მეტად გამდიდრებას არ მოემსახურება. სხვაგვარად, ადამიანის, როგორც ბიოლოგიური სახეობის გადარჩენა სათუო ხდება. ძნელად წარმოსადგენია, ქართულმა პოლიტიკურმა ელიტებმა, რომლებსაც ნეოლიბერალური იდეოლოგია რელიგიური დოგმებივით აქვთ შესისხლხორცებული, ფეხი აუბან თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს. შესაბამისად, ქართული სახელმწიფოებრიობის პროექტის დასრულებაში მათი თანამონაწილეობა მოსალოდნელი ვეღარ იქნება.

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის - სამხრეთ კავკასიის რეგიონის შეხედულებებს.